You are currently viewing დეკანოზი ლევან მათეშვილი, თავის facebook გვერდზე, დიდ და წმინდა კრებას ეხმაურება

დეკანოზი ლევან მათეშვილი, თავის facebook გვერდზე, დიდ და წმინდა კრებას ეხმაურება

Download article eBook

 

 დეკანოზი ლევან მათეშვილი თავის facebook გვერდზე დიდ და წმინდა კრებას ეხმაურება:

 ისევ „დიდი კრების“ შესახებ 

საეკლესიო კრება ზოგადად არის ეკლესიის დროსა და სივრცეში რეგულაციის და წარმართვისთვის ინსტრუმენტი, რომელიც ერთის მხრივ, ეკლესიას ცოცხალ ორგანიზმად წარმოაჩენს, მეორის მხრივ კი ქმედითად. მე არ დავიწყებ რუსეთის ეკლესიის იმპერიალისტურ და კონსტანტინეპოლის ეკლესიის პოსტიმპერიალისტურ სინდრომების ანალიზს, რადგან ერთი და მეორე ეკლესიისგან საქართველოს ეკლესიამ ისტორიულ პერსპექტივაში არა ერთჯერ იგემა “ძმური” სიყვარული და ახლაც ორივე ეკლესიისგან შემცირებული დოზებით იღებს ინექციებს! მიუხედავად ამისა ზოგის ორიენტირი ხან ერთისკენ და ხან მეორისკენაა მიმართული – ეს მათი გემოვნების და ინტერესების პრობლემაა!  მე მინდა გამოვეხმაურო საეკლესიო საზოგადოების ისტერიულ აჟიოტაჟს “დიდი კრების” მიმართ, რომელიც პოლარიზებული და მაქსიმალისტურია! საეკლესიო ორგანიზმი საკმაოდ პლურალისტური და დემოკრატიულია. თითოეულ წევრს აქვს საკუთარი აზრის დემონსტრირების და არგუმენტირების უფლება, ასევე უფლება უკიდურესი პროტესტისა და კრების ბოიკოტირებისა! ეს არაა ნოვაცია, არამედ ისტორიული გამოცდილება! რა თქმა უნდა, დიდ კრებაზე მონაწილეობას თავისი პოზიტიური მხარეები გააჩნია, შესაძლოა უფრო ეფექტურად გამოჩენილიყო ჩვენი მხრიდან პროტესტი, ვეტო თუ სხვა რამ, თუკი არ გაითვალისწინებდნებ საქართველოს ეკლესიის არგუმენტაციას, მაგრამ წაუსვლელობასაც თავისი ხიბლი აქვს! ჩნდება შიშები ნუთუ მართლა სავალდებულო გახდება დიდ კრებაზე მიღებული დადგენილებები, როგორც ამას კონსტანტინეპოლი ახმიანებს, ჩვენი ეკლესიისთვის? მაგრამ ამგვარი პრაქტიკა ისტორიული რაკურსით ჯერ არ ყოფილა და ეს კი ამ საპატრიარქოსგანაა ნოვაცია! შეგახსენებთ, რომ დიდი კრება მსოფლიო კრება არაა და რომც ყოფილიყო, მაინც ეს შეუძლებელი იქნებოდა! – ავტომატური მოქმედება დადგენილებებისა თუკი რომელიმე ეკლესია არ იყო თანახმა ასეთ უნივერსალიზმს გამორიცხავს ძირშივე.  დიდ კრებაზე გატანილი საკითხები ცალკე საკითხია, გასაგებია, რომ არაა დოგმატური, მაგრამ მაინც აბსურდულია, ქორწინების საკითხის გარდა! დოგმატური საკითხების მქონე მსოფლიო კრებებზეც კი ავტომატიზმი არ იყო თუკი რომელიმე ეკლესია არ მონაწილეობდა კრებაზე. მაგალითად, მესამე მსოფლიო კრება, ეფესოში წმ. კირილე ალექსანდრიელის მიერ ორგანიზებული ვერ ჩაითვალა მსოფლიო კრებად და მისი დებულებები საყოველთაოდ, სანამ ორი წლის შემდეგ თანხმობა არ განაცხადა ანტიოქიის ეკლესიამ! (ამ მსოფლიო კრებაზე ანტიოქია არ იღებდა მონაწილეობა რიგი მიზეზების გამო). ასე, რომ ამ თემაზე სპეკულირება არ გამოვა!  ახლა დავუბრუნდეთ დიდ კრებაზე განსახილველ საკითხებს, ჩემთვის თუნდაც გაუგებარია ეკლესიების საერთო აზრის დაფიქსირება გარე სამყაროს მიმართ! რა ახალი ხედვები გაჩნდა? რა ეკლესიის მისია შეიცვალა? რა ეკლესიის მიზანი დაამოწმოს ჭეშმარიტება გარე სამყაროში შეიცვალა? თანამედროვე შეცვლილ სამყაროში ეკლესიას მარად ერთი მიზანი აქვს თუნდაც თანამედროვე მეთოდებით, მაგრამ ამის დაფიქსირების სურვილი, რაც ისედაც ცნობილია 2000 წელი ამისთვის უნდა შემდგარიყო დიდი კრება? 
სამაგიეროდ, ის პრობლემები და საკითხები რაც რეალურად არსებობს თანამედროვე მართლმადიდებლურ სამყაროში და კრებსით რეგულაცისა საჭიროებს,  საერთოდ არ განიხილება. მაგალითად:
1. ანტიოქიის ეკლესია აქვს პრობლემა იერუსალიმის ეკლესიასთან (კატარის პრობლემა);
2. იერუსალიმის ეკლესიას აქვს პრობლემა რუმინეთი ეკლესიასთან (იურისდიქციის საკითხი);
3. სერბეთის ეკლესია აქვს პრობლემა რუმინეთის ეკლესიასთან (რუმინეთი შეჭრილია სერბეთის კანონიკურ ტერიტორიაზე);
4. საქართველოს ეკლესიას აქვს პრობლემა კონსტანტინეპოლის და რუსეთის ეკლესიასთან (კონტანტინეპოლი აჯილდოვებს და ახალისებს საეკლესიო სეპარატისტების ჯგუფს აფხაზეთში, კერძოდ დოროთე დბარს ის არქიმანდრიტობას აძლევს, რუსეთი ცალკე ცდილობს აფხაზეთის საეკლესიო საქმეებში ჩარევას, ასევე ცხინვალის რეგიონში);
5. საქართველოს ეკლესიას პრეტენზია აქვს სერბეთის ეკლესიასთან (სერბეთი ეკლესია მომლოცველ ტურებს აწყობს ცხინვალის რეგიონიდან სერბეთში);
6. საქართველოს პრეტენზია აქვს ანტიოქიის ეკლესიასთან (ანტიოქიის პატრიარქის ტიტულატურაში მოხსენიებულია იგი როგორც ივერიის პატრიარქი);
7. პრობლემაა ამერიკის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის არსებობა (სლავური ეკლესიები და საქართველოს ეკლესიას აქვს მასთან ევქარისტიული კავშირი, შესაბამისად აღიარებენ მის ავტოკეფალიას, ბერძნული ეკლესიები კონსტანისტინეპოლის მეთაურობით მას არ სცნობენ):
8. პრობლემაა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.
9. დიპტიხის პრობლემა (საქართველომ გაიწვია საკუთარი პრეტენზიები საყოველთაო კონსენსუსის მიზნით, როგორ, ჩანს ამაოდ!);
10. ფინეთი ეკლესიის პრობლემა (კალენდარული საკითხი);
11. იაპონიის მართლმადიდებელი ავტონომიის პრობლემა(კონსტანტინეპოლი არ აღიარებს). 
ეს ჩამონათვალი არასრულია, ეკლესიაში რეალური პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დაუყოვნებელ რეგულირებას მოითხოვს! დოგმატური პრობლემებით გახლართულ მსოფლიო კრებებიც კი ამგვარ პრობლემებისთვის იცლიდა და არეგულირებდა. მაგალითად, მეოთხე მსოფლიო კრებაზე (ქალკედონის კრება), კვიპროსის ავტოკეფალურ ეკლესიას დაემუქრა ანტიოქიის საპატრიარქოს მხრიდან მის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრის და საერთოდ ავტოკეფალიის გაუქმების საშიშროება! მონოფიზიტური ერესის დამარცხებისთვის მოტივირებულმა და გადაღლილმა კრებამ გამონახა დრო და დაიცვა კვიპროსის ეკლესიის ავტოკეფალია!

დაბოლოს, რიტორიკული კითხვა, თუკი დიდი კრება ეკლესიისთვის მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემების გადაჭრისთვის არ იკრიბება, რისთვისაა საერთოდ ამგვარი კრების მოწვევა საჭირო, დიდი ფინანსების დახარჯვა, მით უფრო, რომ საქართველოს ეკლესიის დელეგატები წასვლის შემთხვევაშიც კი ვერ მოისმენდნენ კრების მსვლელობას ქართულ ენაზე, არადა საორგანიზაციო ხარჯებისთვის (მათ შორის თარჯიმნებისთვის), ყველა ეკლესიას 120 000 ევროს გადახდა უწევდა?… და კიდევ ერთხელ ბოლოს: თუკი ნებისმიერი პრობლემა არ უკავშირდება სოტეოროლოგიას (არადა ყველა დოგმატი პირდაპირ კავშირშია მასთან!) ე.ი. ეს პრობლემა მეორეხარისხოვანია, შესაბამისად, ამდენი ვნებათაღელვა არ არის საჭირო !!