You are currently viewing კრეტაზე შეკრებილი 10 ეკლესიის წინამძღოლი, კრებაზე არ წასულ 4 პატრიარქს სულთმოფენობის წირვაზე თანამსახურებისთვის იწვევს

კრეტაზე შეკრებილი 10 ეკლესიის წინამძღოლი, კრებაზე არ წასულ 4 პატრიარქს სულთმოფენობის წირვაზე თანამსახურებისთვის იწვევს

Download article eBook


17 ივნისს კუნძულ კრეტაზე გაიმართა წმინდა და დიდი კრების წინა სინაქსისი[*], რომელშიც მონაწილეობა ათი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მიიღო. ინტერნეტში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბეთის პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს, გუშინდელი მოწოდების კვალდაკვალ, გამოთქვა სურვილი მოიწვიონ კუნძულ კრეტაზე საქართველოს, ანტიოქიის, რუსეთისა და ბულგარეთის ეკლესიები, რასაც სინაქსის წევრები სიხარულით დასთანხმდენენ და გადაწყდა კიდეც შეედგინათ თხოვნის ტექსტი, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ სინაქსის მონაწილე პატრიარქები მდაბლად იწვევენ მოძმე პატრიარქებს კრებაზე, რომ კატარისა და ქორწინების დოკუმენტის გადაუწყვეტელ საკითხს არ შეუძლიათ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა განხეთქონ.

მონტენეგროს მიტროპოლიტმა ამფილოქემ წინადადებით მიმართა სინაქსისის თავმჯდომარეს, მსოფლიო პატრიარქს, რომ დროის დაკარგვის გარეშე პირდაპირ დაერეკა მის ყოვლადუწმინდესობას ოთხივე პატრიარქთან და მთელი სინაქსის სახელით ეთხოვა კვირას, სულთმოფენობის წირვაზე თანამსახურება, რაც მისმა ყოვლადუწმინდესობამ, სხვა ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების თანხმობით, სინაქსის მსვლელობისასვე განახორციელა.

როგორც რუმინეთის საპატრიარქოს პორტალი basilica.ro იუწყება, ამჟამად მიდის კრების დადგენილებათა ანალიზი, რათა კრებას, რომელიც ორშაბათს გაიხსნება, ყველა ეკლესია დაესწროს. მანამდე კი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინაქსი ყველა ადგილობრივი ეკლესიის მეთაურთ მოუწოდებს სულთმოფენობის წირვაზე კრეტის კათედრალში თანამსახურებისაკენ, რაც იქნება ნიშანი იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია უთანხმოებათა მიუხედავად ერთობით აგრძელებს ცხოვრებას.

წყარო: kreba2016.ge

P.s. შეგახსენებთ, რომ, ამ დრომდე, 15 ავტოკეფალური და 3 ავტონომიური ეკლესიიდან კრებაში მონაწილეობას მხოლოდ 10 ავტოკეფალური ეკლესია იღებს. კრებაში მონაწილეობას არ იღებს და მის გადადებას ითხოვს 4 მართლმადიდებელი ეკლესია (ანტიოქია, რუსეთი, საქართველო, ბულგარეთი).
კრებას  ოფიციალურად ვერ ესწრებიან მე-15 ავტოკეფალური ეკლესია – ამერიკა და ავტონომიური ეკლესიები (ამერიკის ავტოკეფალიას და იაპონიის ავტონომიას ავტოკეფალური ეკლესიების დიდი ნაწილი არ აღიარებს).