ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) საკუთარ facebook-ის გვერდზე სულიერი შვილებისადმი წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ქრისტესმიერ სულიერო შვილებო
ეკლესიაში ეპისკოპოსი დადგენილია, რათა ზედმიწევნით ადევნოს თვალყური თავისი სამწყსოს სარწმუნოების სიწმინდეს, მართლმადიდებლობას. და მე არ შემიძლია რეაგირების გარეშე დავტოვო ის საკითხები, რომლებიც ადამიანებს აშორებს ჭეშმარიტებას და დაღუპვის გზაზე აყენებს მათ.
ეკლესიის ისტორიაში მრავლად ყოფილა შემთხვევა, როცა სასულიერო პირი, თუ დაჯგუფება ავრცელებდა არასწორ სწავლებას და ეკლესიის წიაღს აშორებდა ადამიანებს.
საღმრთო წერილი არაეთგზის გვაფრთხილებს : „იყვნეს ცრუ-წინასწარმრტყველნი ერსა შორის, ვითარცა იგი თქვენ შორის-ცა ყოფად არიან ცრუ-მოძღუარნი. რომელთა შემოიღონ წვალებაი წარწყმედისაი და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უარჰყოფენ და მოიზიდავენ თავისა მათისთვის მსთუად წარწყმედასა. და მრავალნი შეუდგებიან მას არაწმინდებასა“ (2 პეტრე 2-1,2). „ხოლო თქვენ საყუარელნო, წმიდასა მას სარწმუნოებასა თქუენსა ზედა აღაშენებდეთ თავთა თქუენთა, სულითა წმინდითა ილოცევდით“ (იუდა 1.20).
რამოდენიმე ხნის წინ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის სასულიერო პირებს მე მივეცი კურთხევა, რომ წმინდა ზიარებიდან განაყენონ ყველა ის ადამიანი, ვინც იზიარებს, ან მიმდევარია მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზ მაქარაშვილის (იგივე ბერი ნიკოლოზი) და აწ გარდაცვლილი, მღვდელი გიორგი ბასილაძის სწავლებების. არა დასასჯელად, არამედ რათა გონს მოეგოს ეს ხალხი და გაიაზრონ, თუ რამდენად საზიანო და მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატთა საწინააღმდეგო სწავლებებს შეიცავენ ბერი ნიკოლოზისა და მღვდელი გიორგი ბასილაძის წერილები და მათ მიერ წარმოთქმული ქადაგებები.
ზოგიერთ ქართულ ტელეგადაცემასაც მიუძღვის გარკვეული „წვლილი“ მცდარ სწავლებათა გავრცელებაში: ეთერს უთმობენ ისეთ ადამიენებს, რომელთაც შესაბამისი არც განათლება გააჩნიათ და არც პირადი სულიერი მდგომარეობა აქვთ მოწესრიგებული. ისინიც გამოდიან და მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით „განმარტავენ“ სახარებას და „მოძღვრავენ“ ხალხს…
ამჯერად ერთ კონკრეტულ ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას. ამ რამოდენიმე ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა სატელევიზიო გადაცემის ვიდეოჩანაწერი, სადაც ეთერში შეკითხვით რეკავს მე-11-ე კლასელი ახალგაზრდა და რჩევას ითხოვს ID ბარათის აღებასთან დაკავშირებით. რომლის გარეშეც მას გამოცდაზე არ დაუშვენებ. დავით გიორგობიანი არ აძლევს „უფლებას“, რომ აიღოს ID ბარათი და რჩევას აძლევს კურთხევის ასაღებად ის წავიდეს ბერ ნიკოლოზთან. გადაცემის წამყვანი კი, საკუთარ თავზე იღებს ამ „ცოდვას“ და მოუწოდებს ახალგაზრდას, რომ აიღოს ID ბარათი.
ეს ყოველივე მიუღებელია ეკლესიისთვის! არც ერთ ადამიანს არ აქვთ უფლება საკუთარი შეხედულებები და წამოდგენები თავს მოახვიოს სხვას, ან ისაუბროს ეკლესიის სახელით.
ID ბარათების საკითხზე, საქართველოს ეკლესიას თავისი პოზიცია უკვე აქვს დაფიქსირებული. გთავაზობთ ამონარიდს წმინდა სინოდის კრების ოქმიდან :
„ახალი ტიპის პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით წმინდა სინოდი აცხადებს: სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია“ (5 ივლისი, 2012 წ. პუნქტი 4. )
ბერ ნიკოლოზს, ვისთანაც გიორგობიანი იმ ახალგაზდრას გზავნის, ფსიქიური პრობლემების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება. ახლახან გახდა ცნობილი, რომ მან მეზობელს ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა.
სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს მის შეშლილობას; ექომაგებიან და ამართლებენ მის ნებისმიერ საქციელს. რახან ის წმინდა მამა გაბრიელის მოწაფე იყო, მასაც “წმინდად” მიიჩნევენ. მაგრამ ავიწყდებათ, რომ იუდა იესო ქრისტეს მოწაფე იყო და მარტოოდენ მოწაფეობა არ არის საკმარისი წმინდანობისთვის. ეკლესიის სწავლებით არც მკაცრი მარხვისა თუ მდუმარების „ღვაწლი“ არ არის კრიტერიუმი პიროვნების წმინდანობასა.
დღეს მოგმართავთ, არა მარტო ჩემი ეპარქიის მრევლს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავს მიიჩნევთ ერთი, წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიის შვილებად: განერიდეთ მღვდელ-მონაზონ ნიკოლოზ მაქარაშვილის და მღვდელი გიორგი ბასილაძის სწავლებებს! ისინი თქვენ ქრისტეს გაშორებენ!
წმინდა მოციქული პავლე გვაფრთხილებს: „არამედ დაღაცათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ შეჩვენებულ იყავნ! ვითარცა წინასწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყვი: უკეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ!“ (გალატ 1,8-9)
მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამებმა ანათემას გადასცეს-ყოველგვარი სიახლე და ქმედება, საეკლესიო გადმოცემებისა და წმიდა და ნეტარხსენებული მამების სწავლებისა და განწესებათა წინააღმდეგ.
მე მტკივა და ვლოცულობ თვითეული ადამიანისათვის: რომ ჭეშმარიტების გზაზე მდგარნი, განმტკიცდნენ რწმენასა და სათნოებებში, ხოლო ისინი ვინც გზააბნეულნი არიან, მალე დაბრუნებულიყვნენ ეკლესიის წიაღში.
ღმერთისთვის ყოველი ადამიანი ძვირფასია!
მარადის ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა! ამინ!
ქრისტესმიერი სიყვარულით
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა