გთავაზობთ XX საუკუნის ძალიან საინტერესო ღვთისმეტყველისა და ლიტურგისტის პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანის წიგნს: „ ევქარისტია – სასუფევლის საიდუმლო “.
წიგნს საიტზე განვათავსებთ ეტაპობრივად, კვირაში ერთხელ შემოგთავაზებთ თითო თავს წიგნიდან.
დიდ მადლობას ვუხდით ბატონებს: ოთარ ზოიძეს და ფრიდონ საყვარელიძეს მათ მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი ამ და მამა ალექსანდრეს სხვა წიგნების (რომელთა გაცნობის საშუალებაც უახლოეს მომავალში გექნებათ ჩვენს საიტზე), ჩვენთვის უსასყიდლოდ გადმოცემისათვის.
გთავაზობთ მთარგმნელთა წინასიტყვაობასა და მამა ალექსანდრეს მოკლე ბიოგარფიულ ცნობებს
„ევქარისტია” მეოცე საუკუნის დიდი საეკლესიო მოღვაწისა და ღვთისმეტყველის – პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის ცხოვრების წიგნია. შეიძლება ითქვას, რომ მას ავტორი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე წერდა. უმძიმესი სენით დაავადებული მამა ალექსანდრე ღმერთს ევედრებოდა, მოესწრო „ევქარისტიის” დასრულება. გარდაცვალებამდე (1983 წლის 13 დეკემბერი) ორი კვირით ადრე მან საკურთხეველში ერთ-ერთ თავის სულიერ შვილს – ალექსანდრე დვორკინს უთხრა: “მადლობა ღმერთს, წიგნი დავასრულე, ბოლო წერტილი დავსვი”.
ამ წიგნს ასწავლიან ყველა მართლმადიდებლურ სემინარიასა თუ აკადემიაში. მას გვერდს ვერ უვლიან ვერც სხვა დენომინაციის ქრისტიანული სასწავლებლები, თუ საერო უნივერსიტეტები.
„ევქარისტიის” – მთელი მისი ცხოვრების, მთელი მისი ლიტურგიკული და სამოძღვრო გამოცდილების წიგნის…… – უპირველესი მიზანია, აღადგინოს ლიტურგიის ჭეშმარიტი სახე, რომელიც ძალიან ხშირად დაბინდულია მისი ვერგაგებითა და მის მიმართ არასწორი მიდგომით. მამა ალექსანდრემ ლიტურგიის მიმართ შეასრულა ის, რასაც რესტავრატორები აკეთებენ ხატების მიმართ: ასუფთავებენ საუკუნეების დანაშრევების, დროის ჭვარტლისა და მის მიმართ მეტისმეტად საკრალური მიდგომისაგან. მაგრამ, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, „ევქარისტია” არანაკლებადაა წიგნი რწმენის შესახებ. ევქარისტია შეიძლება (და უნდა) შესრულდეს წესების დაცვით, ყველა დამსწრეს შეუძლია (და უნდა) სრულად მონაწილეობდეს მასში, მაგრამ ამით რეალურად ჯერ კიდევ არაფერი შეიცვლება, თუ ქრისტიანის ცხოვრება არ გახდება თვით „ევქარისტია”, ესე იგი ერთდროულად მსხვერპლი ერთმანეთისა და ღმერთისადმი, და მუდმივი მადლიერება მამა ღმერთისგან ბოძებული ცხოვრების ძღვენისთვის, ძე ღმერთის მიერ აღსრულებული ხსნის ძღვენისთვის, სულიწმინდის მიერ მონიჭებული სიხარულის ძღვენისთვის”[1] .
ბედნიერები ვართ, რომ „ევქარისტია” უკვე ქართულადაც შეიძლება წაიკითხოს დაინტერესებულმა მკითხველმა. წიგნი ვთარგმნეთ რუსული გამოცემიდან: Протоиерей Александр Шмеман, Евхаристия. Таиство Царства. Паломник. Москва. 2007 (გამოცემა დასაბეჭდად რეკომენდირებულია მოსკოვის საპატრიარქოს რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის განყოფილების მიერ). თარგმანს დავურთეთ სქოლიოები. წმინდა წერილის ტექსტს ვიმოწმებთ მთაწმინდელებისეული რედაქციიდან, რომელიც ლიტურგიაში გამოიყენება. ამასთანავე, სქოლიოში მოცემულია დაბადების (შექმნის წიგნის) და წმინდა სახარების ტექსტების ახალქართულ ენაზე თარგმანის შესატყვისი ადგილები. „შექმნის წიგნიდან” ტექსტს ვიმოწმებთ შემდეგი გამოცემიდან: წიგნი შექმნისა, თბილისი, 2006 წ. ახალქართულ ენაზე მთარგმნელი: საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ბიბლიის თარგმნის ჯგუფი, ხელმძღვანელი პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი (ამჟამად მიტროპოლიტი იოანე), ხოლო წმინდა ოთხთავიდან ტექსტს ვიმოწმებთ შემდეგი გამოცემიდან: წმიდა სახარება, ახალქართულ ენაზე თარგმნილი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ბიბლიის თარგმნის ჯგუფის მიერ (ხელმძღვანელი რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი). თბილისი, 2011. იმ შემთხვევაში, როცა ავტორისეულ ტექსტში არ არის მითითებული ციტატების წყაროები, სქოლიოში მითითებულია ჩვენ მიერ დაძებნილი წყაროები.
ჩვენთვის – მთარგმნელებისათვის პასუხისმგებლობასთან ერთად უდიდესი სიხარული იყო “ევქარისტიის” თარგმანზე მუშაობა.
ვმადლობთ ყველას, ვისი დახმარებითაც შესაძლებელი გახდა წინამდებარე თარგმანის წარდგენა მკითხველისათვის:
– ბატონ სერგეი შმემანს, მამა ალექსანდრეს შვილს, რომელმაც უსასყიდლოდ მოგვანიჭა მამა ალექსანდრეს შრომების თარგმნისა და გამოცემის ექსკლუზიური უფლება საქართველოში;
– ბატონ რევაზ ვაშაკიძეს, რომლის ფინანსური შემწეობითაც გამოდის წიგნი და რომლის სურვილითაც წიგნის ტირაჟის უდიდესი ნაწილი უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს.
– ქალბატონ დალი ნადიბაიძეს, ამ გამოცემის რედაქტორს;
– ფერისცვალების დედათა მონასტრის (თბილისი) მონაზვნებსა და თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტს იოანე შაიშმელაშვილს, ლიტურგიკული ტექსტების შესატყვისების დაძებნაში დახმარებისათვის;
მკითხველს ვთხოვთ შენდობას უნებლიე შეცდომებისათვის. ყოველ შენიშვნას გულისხმიერებით მივიღებთ(მოგვწერეთ მისამართზე: otarzoidze@gmail.com;fsakvarelidze@yahoo.com) და მომდევნო გამოცემებში გავითვალისწინებთ.
მამა ალექსანდრე შმემანის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები
მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი მოღვაწე და ღვთისმეტყველი, მღვდელი, პროფესორი, მქადაგებელი, ალექსანდრე შმემანი დაიბადა 1921 წლის 13 სექტემბერს რეველში (ესტონეთი), სადაც მისი ოჯახი აღმოჩნდა 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ. მისი ბაბუა იყო რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი, მამა – სემიონოვსკის პოლკის ლეიბ-გვარდიის ოფიცერი, დედა – კოსტრომის მემამულის ქალიშვილი. ოციანი წლების დასაწყისში შმემანების ოჯახი გადავიდა პარიზში. თავდაპირველად ალექსანდრე შმემანი მიაბარეს კადეტთა კორპუსში, საიდანაც იგი გადავიდა ფრანგულ ლიცეუმში. ლიცეუმის დასრულების შემდეგ 1940 წელს შმემანმა სწავლა გააგრძელა პარიზის წმინდა სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. 1944 წელს ალექსანდრე შმემანი გახდა საპროფესორო სტიპენდიანტი პროფესორ ა. კარტაშევის ხელმძღვანელობით. მომდევნო წელს ალექსანდრე შმემანს მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი და მან დაიწყო ძველი და ბიზანტიური ეკლესიების ისტორიის კურსის კითხვა. მისი პირველი ლექციის მოსმენის შემდეგ მისმა ხელმძღვანელმა მოხუცებულმა ისტორიკოსმა კარტაშევმა წარმოთქვა: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო…” ეკლესიის ისტორიაში მუშაობის ნაყოფი იყო ალექსანდრე შმემანის წიგნი: „მართლმადიდებლობის ისტორიული გზა.” 1946 წელს ალექსანდრე შმემანი მღვდლად აკურთხეს. მამა ალექსანდრე ასწავლიდა წმინდა სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. 1951 წელს მამა გიორგი ფლოროვსკიმ მამა ალექსანდრე მიიწვია ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმერის სახელობის სემინარიაში. მამა ალექსანდრე მეუღლესთან (იულიანა ოსორგინა) და სამ შვილთან ერთად საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. 1959 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებაში (შემდგომში სადისერტაციო ნაშრომი დაიბეჭდა წიგნად „შესავალი ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებაში”). წლების განმავლობაში ქადაგებდა რადიო „თავისუფლების” რუსულ რედაქციაში (სამი ათასამდე ქადაგება), 1962 წლიდან გარდაცვალებამდე იყო წმ. ვლადიმერის სახელობის სემინარიის რექტორი, ბევრი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. მამა ალექსანდრეს დიდი ღვაწლით ამერიკის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსი.
მამა ალექსანდრეს ძირითადი ნაშრომებია: „მართლმადიდებლობის ისტორიული გზა”, „შესავალი ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებაში” „ევქარისტია”, „წყლითა და სულით”, „ქვეყნიერების ცხოვრებისათვის”, „დიდი მარხვა”, „წმიდათა წმიდა”[2] . მისი შრომები ფართოდ გამოიყენება ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამ რამდენიმე წლის წინ აშშ-ს მთავრობამ არმიისათვის „დიდი მარხვის” რამდენიმე ათასი ეგზემპლარი დაუკვეთა… მამა ალექსანდრეს გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ აღმოაჩინეს მისი დღიურები, რომელიც უკვე რამდენიმე ენაზე ითარგმნა და გამოიცა.
მამა ალექსანდრე გარდაიცვალა 1983 წლის 13 დეკემბერს, წმ. გერმანე ალიასკელის[3] ხსენების დღეს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. იგი გარდაიცვალა ღვთისადმი უდიდესი მადლიერებით აღვსილი. აი, მისი უკანასკნელი ქადაგება, წარმოთქმული 1983 წლის 24 ნოემბერს, ლიტურგიის დასასრულს:
„ყოველი, ვისაც აქვს მადლიერების უნარი, ღირსია ხსნისა და მარადიული სიხარულისა.
გმადლობთ შენ, უფალო, რომ ინებე მიღება ამ მსახურებისა – ევქარისტიის, რომელიც შეიწირვის წმინდა სამებისადმი – მამისა და ძისა და სულისა წმინდისადმი და რომელიც ჩვენს გულებს აღავსებს სიხარულით, მშვიდობითა და სიმართლით სულიწმინდაში[4]
გმადლობთ შენ, უფალო, რომ განგვიცხადე თავი შენი და მოგვეცი შენი სასუფევლის გემოსხილვის შესაძლებლობა.
გმადლობთ შენ, უფალო, რომ გაგვაერთიანე შენსა და შენი წმინდა ეკლესიის მსახურებაში.
გმადლობთ შენ, უფალო, რომ დაგვეხმარე ყველა სიძნელის, დაძაბულობის, ვნებისა და ცთუნების დაძლევაში და აღადგინე ჩვენ შორის მშვიდობა, ურთიერთსიყვარული და სიხარული სულიწმინდასთან ზიარებაში.
გმადლობთ შენ, უფალო, ჩვენთვის მოვლენილი ტანჯვისათვის, რადგან ის გვწმენდს თვითნებობისაგან და გვახსენებს ,,ერთისაჲ არს სახმარ”-სა [5] და შენს მარადიულ სასუფეველს.
გმადლობთ შენ, უფალო, რომ მოგვეცი ეს ქვეყანა , სადაც შეგვიძლია თავისუფლად გმსახურებდეთ შენ.
გმადლობთ შენ, უფალო, ამ სკოლისათვის[6] , სადაც აღევლინება სახელი ღვთისა.
გმადლობთ შენ, უფალო, ჩვენი ოჯახებისათვის: ქმრებისა და ცოლებისათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის, რომლებიც გვასწავლიან, როგორ ვადიდოთ შენი წმინდა სახელი სიხარულში, მოძრაობასა და წმინდა ფუსფუსში.
გმადლობთ შენ, უფალო, ყველასათვის და ყველაფრისათვის. დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და არ არსებობს შენი საკვირველების ღირსი მადიდებელი სიტყვები!
„უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ”.
ამ ქადაგების ბოლო ფრაზაში მამა ალექსანდრემ თაბორის მთაზე ფერისცვალების ნათლის სიხარულით აღვსილი პეტრე მოციქულის სიტყვები გაიმეორა, რათა კვლავ და კვლავ შეეწირა მადლობა უფლისათვის, რადგან, როგორც თვითონვე გვასწავლის, სწორედ ღვთის მყოფობის გამო სიხარულსა და ღვთისადმი მადლიერებაშია ჭეშმარიტი ადამიანური მოწოდება.