You are currently viewing გრიგორიუს მონასტრის წერილი ათონის წმინდა მთის კინოტს, წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით

გრიგორიუს მონასტრის წერილი ათონის წმინდა მთის კინოტს, წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით

Download article eBook

 ათონის წმინდა მთის პატივცემულ წმინდა კინოტს მივიღეთ თქვენს მიერ გადმოგზავნილი წმინდა და დიდი კრების დოკუმენტების პროექტები. მათი გაცნობისას დავრწმუნდით, რომ არსებობს: დოგმატიკური შინაარსის ტექსტები („მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან”); სამოძღვრო შინაარსის ტექსტები, დოგმატიკური წინაპირობებითა და შედეგებით (როგორიცაა: „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები”) და ასევე კანონიკური ხასიათის ტექსტები.

ჩვენთვის ცნობილია ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგატთა კეთილსინდისიერი მცდელობისა და დიდი ჯაფის შესახებ, რათა დოკუმენტებს მათი დღევანდელი სახე მიეღოთ. მინდობილნი ვართ რა სულიწმინდის მადლზე, რომელიც ყოველივეს წარმართავს ეკლესიაში, გვჯერა, რომ ეკლესიის სხეულის სინოდალური მოქმედებანი სულიწმინდისეულ ნაყოფს გამოიღებენ. ამასთან, მართლმადიდებელ წინამძღოლთა შეკრებაზე გადაწყდა დოკუმენტების პროექტების გამოქვეყნება, რათა მორწმუნე მრევლს მისცემოდა მათი გაცნობისა და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება. ჩვენც ვსარგებლობთ აღნიშნული უფლებით და მოგახსენებთ ჩვენს აზრებს.

წმინდა კინოტი ყოველთვის მგრძნობიარე გახლდათ დოგმატური საკითხების მიმართ, რის გამოც წარსულში ბევრჯერ გამოუქვეყნებია სათანადო დადგენილებები ან უმოქმედია შესაბამისად, რათა ხაზი გაესვა წმინდა მამათა გარდამოცემისათვის, რომელიც მიღებული გვაქვს ჩვენი წმინდა კტიტორებისა და წინამორბედი მამებისაგან.

მიგვაჩნია, რომ წმინდა კინოტს, რომელსაც გააჩნია საერთომართლმადიდებლური ავტორიტეტი, შესწევს ძალა, რომ ხელი შეუწყოს დოკუმენტების პროექტებთან დაკავშირებული დოგმატური პრობლემების გამოსწორებას.

დავრწმუნდით ორი პრობლემის არსებობაში დოკუმენტში: „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან”:

1) არ ხდება ტერმინ „ეკლესიის” ზუსტი მნიშვნელობით გამოყენება. ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია არ აცხადებს კატეგორიულად, რომ მხოლოდ იგია ერთი, წმინდა და სამოციქულო ეკლესია. არადა, არამართლმადიდებელი „ეკლესიებისა” და აღმსარებლობები იჩემებენ ერთი, წმინდა და სამოციქულო ეკლესის სახელწოდებასა და თვისებებს;

2) დოკუმენტში მოცემულია დიალოგთა ხასიათი და წარმოების გზები, მეთოდოლოგია და მიზნები, მაგარამ საერთოდ უგულველყოფილია წმინდა კინოტის, საერთომართლმადიდებლური აღიარების მქონე მაღალყოვლადუსამღვდელოესი მღვდელმთავრების, ათონის მთის ხუცესებისა და მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების მიერ მიმდინარე დიალოგთა შედეგებისა და მათზე მიღწეული შეთანხმებების შესახებ საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებები (მაგალითად, ანტიქალკედონელებთან გაკეთებულ ერთობლივ განცხდებაზე, კათოლიკებთან ბალამანდის დოკუმენტზე და ა.შ), მით უფრო, რომ ზოგიერთი მათგანი, სწორედ რომ დიალოგთა წარმოების მეთოდებს, ტაქტიკასა და პერსპექტივებს ეხება.

აღნიშნულთან დაკავშირებით გთავაზობთ, რომ მხედველობაში იქნას მიღებული წმინდა კინოტის მიერ გამოთქმული პოზიცია და დოკუმენტიდან ამოღებულ იქნას იმგვარი გამოთქმები, რომლებიც ეკლესიის გარეთ მყოფ ადამიანებს უქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს ისინი არ უნდა ეძიებდნენ დაბრუნებას ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში, რომელიც გახლავთ მართლმადიდებელი ეკლესია.

დოკუმენტში: „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები”, მიუხედავად თეოლოგიურად სწორი და ნამდვილად სულიერი შესავლისა, ვხდებით „ნათლობის თეორიის” დაკანონებასა და შემოღებას ე.წ. იკონომიის სახით შერეული ქორწინებების კურთხევის გზით. შემოგვაქვს წინადადება, რომ წმინდა და დიდი კრების მიერ შერეული ქორწინებების საკითხი იმგვარად იქნას გადაჭრილი, როგორც ამას განსაზღვრავენ წმინდა კანონები, რათა არ მოხდეს ეკლესიის დოგმატიკური სწავლების ცვლილება.

რაც შეეხება დოკუმენტს: „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანმედროვე მსოფლიოში”, აქ, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, გარე სამყაროს წინაშე მოწმობისას, არამართლმადიდებელ „ეკლესიებთან” გაიგივებულადაა წარმოჩენილი. არადა, მართლმადიდებლობასა და არამართლმადიდებლობაში სრულიად განსხვავებული წარმოდგენები არსებობს მშვიდობაზე, სამართლიანობასა და შერიგებაზე. ამგვარი გიაიგივებისაკენ მივყავართ აგრეთვე თანამედროვე ღვთისმეტყველთა: „პიროვნების შესახებ სწავლებასაც” [„პერსონალიზმს”], რომლის თეოლოგიური საწყისები მოსჩანს კიდეც აღნიშნული დოკუმენტის ცალკეულ ფრაზებში. ასე რომ, აუცილებლად მიგვაჩნია ცვლილებების შეტანა, რათა თავიდან იქნას აცილებული მართლმადიდებელი ეკლესიის გარე სამყაროსადმი მოწმობის არასწორი გაგება.

კრება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომლითაც ხდება მისი თვითშეგნების გამოხატვა. ეს კი ნიშნავს, რომ იქ მიღებული გადაწყვეტილებები, ყოველგვარი სიახლის შემოღების გარეშე, უნდა გამოხატავდნენ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სწავლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება სქიზმათა წარმოშობა, რასაც მოჰყვება უკვდავ სულთა წარწყმედა, რომელთათვისაც ქრისტემ სიკვდილი ინება. ნაგემი გვაქვს და დღემდე ვიმკით სქიზმათა მწარე ნაყოფებს მართლმადიდებელ ეკლესიაში და ვლოცულობთ ახლების თავიდან აცილებისათვის.

გვჯერა, რომ წმინდა მთის მიერ საკუთარი პოზიცის დროულად დაფიქსირება ღვთისმორწმუნე ერის მიერ აღქმული იქნება ნუგეშისმიმცემ ცნობად, რომ ათონი, როგორც მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და გარდამოცემის ერთგული მცველი, ამ გამიწიერებისა და საცდურის განმრავლების ეპოქაში, აქტიურად არის ჩართული საერთომართლმადიდებლური გადაწყვეტილებების მიღებაში.

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით,
გრიგორიუს მონასტრის წინამძღვარი ქრისტეფორე საძმოსთან ერთად
22 მარტი 2016 წელი

 წყარო: www.scribd.com