ალბანეთის კულტურის მინისტრი: „ეკლესია – შესანიშნავი ადგილია კონცერტების, გამოფენებისა და ფორუმების გასამართავად“
ალბანეთის კულტურის მინისტრმა, ქალბატონმა კუმბარომ, გაზეთ „Gazeta Shqiptare” – თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო რიგ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს კერძო პირებს გადასცემს, რადგან არ ძალუძს მათი შენახვისა და აღდგენის ხარჯების გაღება. ჟურნალისტების კითხვაზე – თუ რა ბედი ელის ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებსა და მონასტრებს, რომლებიც, ამჟამად, სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფება, მინისტრმა უპასუხა: „მე მოვუწოდებ რელიგიურ გაერთიანებებს, მონაწილეობა მიიღონ ძეგლთა აღდგენაში. ამასთან, ვთვლი, რომ ეკლესია – შესანიშნავი ადგილია კულტურული და საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებისთვის: კონცერტების, გამოფენებისა და ფორუმების გასამართავად“. ამავდროულად, ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მთავარეპისკოპოსმა ანასტასიმ, დააფიქსირა თავისი აზრი, რომ „ალბანეთის ეკლესია კვლავ რჩება ხელისუფლების მიერ დევნილად, რადგან სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია ეკლესიისთვის ის წმინდა ადგილები, რომლებიც ათეისტური რეჟიმის დროს იქნა ჩამორთმეული, რომელთა რიცხვშიც მრავალი მონასტერია… ამასთან, პოლიტიკური ხელისუფლების საქმე არ არის იმის განსაზღვრა, თუ რა არის სიწმინდე და რა – არა“.
2016 წლის მარტში, ქალაქ დურესში, სასულეირო პირთა და ერისკაცთა კრება გაიმართა, რომელსაც, დაახლოებით, სამასი ადამიანი ესწრებოდა. კრებაზე გადაწყვიტეს, თხოვნით მიემართათ ხელისუფლებისთვის, ეკლესია-მონასტრებისა და საეკლესიო ნივთების ალბანეთის ეკლესიისთვის დაბრუნების თაობაზე.
კრების ჩატარების მიზეზი გახდა, ინტერნეტში ახალგაზრდა მოდელების მიერ გამოქვეყნებული ფოტოები, რომლებიც ქალაქ ბერატისა და ელბასანის ტაძრებში საქორწილო კაბების რეკლამირებას ახდენდნენ. მოდელები საკურთხევლისა და ხატების წინ პროვოკაციულ პოზებში იყვნენ გადაღებულები.
კრების მონაწილეებმა გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ადგილები, კვლავ, სახელმწიფოს მფლობელობაშია, რის გამოც, შესაძლებელი ხდება მათი შეურაცხყოფა. „ჩვენ ვითხოვთ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცეს ის რაც მას ეკუთვნის: ტაძრები და მონასტრები, წმინდა რელიკვიები, ხატები და სამღვდელო ჭურჭელი, რომლებიც წარმოადგენს წმინდა ნივთებს მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელთათვის“. ალბანეთის კულტურის მინისტრის განცხადება, ტაძრების საკონცერტო დარბაზებად და სხვა ღონისძიებებისთვის გამოყენების შესახებ, ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა მხრიდან დიდი აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ალბანეთის რესპუბლიკას ოფიციალური რელიგია არ აქვს. ქვეყნის კონსტიტუცია რელიგიური ორგანიზაციების თანასწორობას აღიარებს.
სახელმწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებებს შორის ურთიერთობას ალბანეთის კულტურის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო კომიტეტი არეგულირებს.
ალბანეთში მუსლიმების რაოდენობა 58%-ია; ქრისტიანების – 17%, აქედან კათოლიკები – 10%, მართლმადიდებლები – 6,75%, ევანგელისტები – 0,14%.
მოამზადა: ალექსანდრე აღლაძემ
წყარო: agionoros.ru