You are currently viewing არ დააგვიანოთ ღმერთთან შერიგება…

არ დააგვიანოთ ღმერთთან შერიგება…

Download article eBook

    ერთ ადამიანს ვიცნობდი საბჭოთა დროში და მან სამწუხარო ისტორია მიამბო. მას ჰყავდა ძმა, სახელად ნიკოლოზი, თვითონ ამ ადამიანს კი სერაფიმე ერქვა. სერაფიმე მორწმუნე იყო, ტაძარში დადიოდა. ნიკოლოზი ურწმუნო იყო, დადიოდა დისკოთეკებზე და ერთობოდა; რელიგიას პატივს სცემდა, მაგრამ გულგრილად ეკიდებოდა. როგორც სერაფიმემ მიამბო, ერთხელ მოხდა ასეთი რამ: „ვუახლოვდები ჩემს ძმას, ზურგიდან თითქოს ქარმა დამიბერა და ჩემდაუნებურად სიტყვები აღმომხდა: შენ ეკლესიაში უნდა იარო. მან კი მიპასუხა: აი, როცა ვიქნები ასაკოვანი, როგორც ჩვენი მშობლები, გპირდები, სიმა, რომ ვივლი ეკლესიაში, ვილოცებ, მსახურებებს დავესწრები, ვიმარხულებ, ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა. და ისევ თითქოს ქარმა დამიბერა ზურგიდან და კვლავ ჩემდაუნებურად მათქმევინა: კოლია, ფრთხილად იყავი, არ დაგაგვიანდეს“.

სერაფიმე მეხანძრედ მუშაობდა. მას ერთი დღის შემდეგ სამსახურში დაურეკეს: „თქვენი ძმაა ესა და ეს? ის პასუხობს: დიახ. ჩვენ ბლოკნოტში ვიპოვეთ თქვენი ნომერი, წერია, რომ ძმა ხართ, სასწრაფოდ წამოდით, ის ავარიაში მოჰყვა, ხერხემლის მრავლობითი მოტეხილობები აქვს. სერაფიმე წავიდა. ოპერაცია მიმდინარეობდა, ზის, ელოდება, სხვა ნათესავებიც მოვიდნენ. გამოდის ექიმი და ამბობს: ჩვენ ვეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა, თქვენი ძმა გარდაიცვალა“.

ტრადიციული ფაციფუცი ატყდა. შემდეგ ცხედრის გადასვენება მოხერხდა, მოასვენეს სახლში, დაასვენეს. და ისევ ამაო ფაციფუცი გარდაცვლილის გარშემო, იქ სამზარეულოში რაღაცას ამზადებენ, სხვადასხვა სუნი დგას, იქ კოსტუმი მოიტანეს, ყველაფერი გააკეთეს, როგორც საჭიროა. და მხოლოდ დილის ოთხ საათზე ოთახებში სიწყნარე ჩამოვარდა. ქალები დასაძინებლად დაწვნენ, სადაც მოხერხდა.

სერაფიმე კი დაჯდა ძმის ახლოს, გადაწყვიტა მასთან დარჩენა. „და როცა სავარძელში ჩავჯექი, – ჰყვებოდა იგი, – მაშინვე ჩავვარდი თითქოსდა რაღაც ხილვაში, და დავინახე: გაიღო კარი და შემოვიდა ჩემი ძმა, ყველა მოტეხილობის გარეშე სახესა და თავის ქალაზე, ლამაზი, ახალგაზრდა, კარგ პერანგში. წამოვიდა პირდაპირ ჩემკენ, დაიხარა, მის სუნთქვას ვგრძნობდი, და ხმამაღლა მითხრა თავისი ხმით: სიმა, სიმა, გესმის, მე დავაგვიანე“.  ადამიანი სამსახურში თუ დააგვიანებს, შეიძლება ახსნა-განმარტება დაწეროს. თუ სხვა ადამიანთან შეხვედრაზე დააგვიანებს, შეუძლია ბოდიშის მოხდა. მაგრამ ღმერთთან შერიგების დაგვიანება არის ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში. და როცა ჩვენ, მღვდლებს, გვეკითხებიან: სად არის ზღვარი, ბოლო წერტილი, სადაც ყველაფერი მთავრდება და ადამიანი ღმერთს უკვე ვეღარ უბრუნდება, ჩვენ ვპასუხობთ: ხორციელი სიკვდილი. ეს არის ბოლო წერტილი. მაგრამ სანამ ხორციელად ცოცხალი ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთს ჯერ კიდევ რაღაც განზრახვა აქვს შენზე. და ადამიანის ცხოვრების ბედნიერება იმაშია, რომ ამოიცნოს, თუ რა განზრახვა აქვს მასზე ღმერთს.

არ დააგვიანოთ ღმერთთან შერიგება!!!

დეკანოზი ოლეგ სტენიაევი

თარგმნა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა
წყარო