You are currently viewing „როგორ აღვზარდოთ ბავშვები ქრისტიანულად..“ სოფია კულომზინას წიგნი ჩვენს საიტზე…

„როგორ აღვზარდოთ ბავშვები ქრისტიანულად..“ სოფია კულომზინას წიგნი ჩვენს საიტზე…

Download article eBook

   კენოზისი წარმოგიდგენთ ცნობილი ფსიქოლოგის სოფია კულომზინას ძალიან საინტერესო წიგნს – „ჩვენი ეკლესია და ჩვენი ბავშვები“.
წიგნი დაიწერა ინგლისურ ენაზე და თარგმნილია მსოფლიოს რამდენიმე ენაზე, 
დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ირაკლი ლომოურს ამ, ძალიან საინტერესო წიგნის ქართულად თარგმნისა და ჩვენთვის უსასყიდლოდ გადმოცემისთვის.
წიგნი შედგება 6 თავისგან. კვირაში ერთხელ შემოგთავაზებთ თითო თავს.

ახლა კი გთავაზობთ ავტორის წინასიტყვობასა და წიგნის შესავალ ნაწილს.

წინათქმა

სოფია კულომზინა (1903—2000)

ეს წიგნი ბავშვთა ქრისტიანული აღზრდისა და განათლების სფეროში ჩემი მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარების მცდელობაა. ძირითადად, იგი ქრისტიანული პედაგოგიკის იმ კურსის შინაარსს წარმოადგენს, რომელსაც ნიუ-იორკში 1970-იან წლებში წმიდა ვლადიმერის სახელობის მართლმადიდებელ სემინარიაში მომავალ მოძღვრებს ვუკითხავდი.
 ჩემი წიგნი აკადემიური ნაშრომი არ გახლავთ, – ის უფრო ჩემს პირად პედაგოგიურ გამოცდილებას ასახავს, – გამოცდილებას დედისა, მასწავლებლისა და ბებიისა. ჩვენი დროის სეკულარიზებულ მსოფლიოსა და ჩვენს ოჯახებში ბავშვთა ქრისტიანული აღზრდის პრობლემა ესოდენ მძაფრად რომ არ იდგეს, მის გამოცემას ვერც გავბედავდი. ჩემი ეს მცდელობა, თუნდაც არასრულყოფილი, მაინც საჭიროა, რადგან მთავარია სათავე დაიდოს – ამ რთულ თემაზე ნაშრომები არ არსებობს. დაე, ჩემი წიგნი მოწოდებად იქცეს ახალი მართლმადიდებლური პედაგოგიკური შრომების შესაქმნელად.
ამ წიგნს ამერიკის მართლმადიდებლებისთვის ვწერდი მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, მაგრამ, მგონია, რომ ახლა ის რუსეთშიც (საქართველოსთვისაც. რედ.) შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. ჩვენს ამოცანებში, ჩვენს სიძნელეებსა და პრობლემებში ბევრია საერთო.

ს. ს. კულომზინა.
25.02.1994

შესავალი

როდესაც ვმსჯელობთ თანამედროვე ეკლესიურ ცხოვრებასა და მიღწევებზე ბავშვთა და მოზარდთა აღზრდის საქმეში, თვითკმაყოფილებისათვის არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია. გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენს ეპოქას ადრეული ქრისტიანობის ეპოქასთან რაღაც საერთო აქვს. ქრისტიანულ რწმენას, ანუ რწმენას იმისა, რომ იესო ქრისტე ღმერთკაცია, რომ ღმერთი სამებაა და რომ ეკლესია ქრისტეს ცოცხალი სხეულია, უმცირესობა აღიარებს, თანაც, ეს უმცირესობა დაყოფილია და დაქსაქსული. ქრისტიანულმა სიმბოლოებმა, დღესასწაულებმა და ტრადიციებმა მნიშვნელოვანწილად დაკარგეს სიცოცხლისუნარიანობა. ისინი ან ქრება ჩვენი ცხოვრებიდან, ან ვაჭრობის ობიექტად იქცევა, ან კულინარულ თუ ეროვნულ წეს-ჩვეულებებთან იგივდება, და ხშირად რაღაც სასიამოვნოზე, თუმცა არც მაინცდამაინც გასაგებზე დაიყვანება. ბევრ ქვეყანაში ადამიანს საკმაო გამბედაობა სჭირდება იმის აღიარებისათვის, რომ ქრისტიანია, მაგრამ იქაც კი, სადაც არ არის რელიგიისადმი მტრული დამოკიდებულება, კულტურა რელიგიისაგან განცალკევებულია. ძნელია ცხოვრებისეული ფასეულობების რამდენადმე ქრისტიანული გააზრება თუ გაგება იმ შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე, რასაც თანამედროვე ბავშვი იღებს შინ, სკოლაში, წიგნებისა და ჟურნალების კითხვისას, რეკლამის ყურებისას. ეს იმ ოჯახებსაც ეხება, რომლებიც ტაძარში სისტემატურად დადიან. ბავშვი დღეს იზრდება გარემოში, რომელიც რომის იმპერიის ეპოქას ძლიერ გვაგონებს,  ამასთან ერთად, ამ ეპოქებს შორის უდიდესი სხვაობა არსებობს, კერძოდ, დღეს წაშლილია მკვეთრი ზღვარი, რომელიც ქრისტიანულსა და არაქრისტიანულ მსოფლმხედველობას ერთმანეთისაგან ყოველთვის ყოფდა. რომის იმპერიაში სასკოლო განათლება სრულიად სეკულარული გახლდათ. გაბატონებული წარმოდგენები ქორწინებაზე, ოჯახური ურთიერთობის არსზე, ადამიანის პიროვნებაზე მკვეთრად განსხვავდებოდა ქრისტიანულისაგან – ქრისტიანი ბავშვი იზრდებოდა სახლში და ცხადად აცნობიერებდა: იყო ქრისტიანი, ნიშნავს განსხვავებოდე გარემომცველი საზოგადოებისგან, უარყოფდე მის ფასეულობებს. კომპრომისი ანდა „შეგუება“ გარესამყაროსთან წარმოუდგენელი იყო. დღეს ეს ზღვარი მორღვეულია. რას ნიშნავს “იყო ქრისტიანი”? ვინ უწოდებს დღეს თავს ქრისტიანს? საღვთისმეტყველო განსხვავებანი წაშლილია. სიტყვები „კონსერვატორი“, „დოქტრინიორი“ სალანძღავ გამოთქმებად იქცა. ასევე, გამქრალია ქრისტიანობის იმგვარი აღქმა, რაც 30 თუ 40 წლის წინათ ადამიანს საზოგადოების თვალში რესპექტაბელობას ანიჭებდა. ძნელია უსაყვედურო ახალგაზრდებს, რომლებიც ასეთი ქრისტიანობის ფარისევლობას უარყოფენ, თუმცა ამ აღქმაში მხოლოდდამხოლოდ ფარისევლობა არ ყოფილა. მრავალი ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს, აცხადებს, – ქრისტიანობას აღიქვამს, პირველ რიგში, როგორც ქადაგებას მთასა ზედა, რომლის არსი ადამიანებისადმი სიყვარულსა და პატივისცემაში, მშვიდობასა და კეთილგანწყობაში და, აგრეთვე, იმ საკმაოდ ბუნდოვანი შეგრძნების აღიარებაში მდგომარეობს, სამყაროში რაღაც ღვთიური ძალა რომ არსებობს. ეს მათ სავსებით აკმაყოფილებთ. რასაკვირველია, ამგვარი განცხადებების გულწრფელობასა და ღირებულებაზე კამათი არ ღირს. თუმცა კი, ჩვენ არა გვაქვს უფლება ვამტკიცოთ, – ეთიკური და მორალური ფასეულობები ქრისტიანობის განმასხვევებელი და განსაკუთრებული პრივილეგიაა. ეთიკური კოდექსები არა მხოლოდ რელიგიებს, თვით კომუნისზმსაც და ნაციზმსაც კი ჰქონდათ. კერძოდ, საკმაოდ მკაცრი მორალური კოდექსი, დაფუძნებული დისციპლინაზე, თავგანწირვაზე, ამხანაგობაზე, ხელისუფლებისადმი მორჩილებაზე. საბჭოთა კავშირში პედაგოგიური ინსტიტუტებისათვის გამოცემული ეთიკის სახელმძვღვანელო ქცევის ნორმებზე, მორჩილებაზე, პატიოსნებაზე, ურთიერთდახმარებაზე და ამგვარ საკითხებზე XIX საუკუნის სულისკვეთებით მოგვითხრობს. ამიტომ, თუკი ვამტკიცებთ, ქრისტიანული მორალი – ქრისტიანობის არსია, უნდა გავარკვიოთ, თუ რას წარმოადგენს ქრისტიანული მორალი და რითი განსხვავდება ზნეობისაგან მოარული გაგებით. აქ აშკარა პარადოქსთან გვაქვს საქმე: ქრისტიანობა თავისი მორალის, თავისი ეთიკური კანონის გარეშე წარმოუდგენელია, და მაინც, ეთიკური კანონი ცხოვრებაზე ქრისტიანული წარმოდგენებისგან სრულიად ავტონომიურად შეიძლება არსებობდეს და, შესაძლებელია, ქრისტიანული რწმენისადმი მტრულადაც კი იყოს განწყობილი. ამრიგად, როცა დღეს ბავშვებს ვზრდით, ვაწყდებით სიტუაციას, რომელსაც ეკლესია ადრეც შეხვედრია. თუმცა, საკმაო განსხვავებაც არსეობს. ჩვენ არ შეგვიძლია შუა საუკუნეების ადამიანის ღვთისმოსაობა უბრალოდ ვისესხოთ. სულიერი ფასეულობები და მოთხოვნილებები დღეს ჩვენი აზროვნების შემადგენელ ნაწილად იქცა. რწმენა ადამიანის თავისულებისა ღვთის მიერ შექმნილ სამყაროში, ადამიანის შემოქმედებითი დანიშნულებისა ამქვეყნად, ადამიანის პიროვნების პატივისცემა და შემწყნარებლობა წმიდანების და ღვთისმეტყველების პირად ცხოვრებაში ქრისტიანული აზროვნების განუყოფელ ნაწილს შეადგენდა ყოველთვის, მაგრამ საზოგადოების ცხოვრება თუ ყოფა ამით გამსჭვალული არ გახლდათ. ინკვიზიცია, რელიგიური დევნა და ომები, იძულებითი მორჩილება შინ და სკოლაში, შეუწყნარებლობა, – ეს ყველაფერი სულაც არ აიხსნებოდა “ადამიანური არასრულყოფილებით“. ეს ყველაფერი „სულთა ცხონების“ საყოველთაოდ მიღებული და აღიარებული სისტემის ნაწილი იყო. საუკუნეთა განმავლობაში აღზრდის ფილოსოფია (როგორც სამოქალაქო, ასევე ქრისტიანული) აქსიომად მიიჩნევდა, რომ ნებისმიერი ბავშვის სული „სუფთა დაფაა“, დაიცავით ბავშვი მავნე გავლენისაგან, დასაჯეთ, თუ დააშავებს, წაახალისეთ, თუ კარგად მოიქცევა – და საბოლო ჯამში კარგ ადამიანს მიიღებთ. მაგრამ, ამასთან ერთად, ქრისტიანული სულიერი აღზრდის ერთ-ერთი მთავარი თეზისი (რაც ჩანს, მაგალითად, „სათნოებათმოყვარეობიდან“) გვეუბნება, – ყოველი სული უნიკალურია და მოძღვრის ამოცანაა კონკრეტულად განსაზღვროს, თუ რა არის საჭირო ყოველი განუმეორებელი პიროვნების სულიერი ზრდისათვის. ბავშვის რელიგიურ აღზრდაში ამ მიდგომამ ასახვა ვერ ჰპოვა. მაღალი სულიერების მქონე ცალკეულ მოძღვრებსა და წმიდანებს განჭვრეტის არაჩვეულებრივი ნიჭი ჰქონდათ, სულიერი მზერით პიროვნების გულს სწვდებოდნენ, მაგრამ მთლიანობაში, ეკლესიური აღზრდის პროგრამა მასწავლებელს არ წარმართავდა იქითკენ, რომ შეეცნო ბავშვის ინდივიდუალობა, შეეწყო ხელი თანდაყოლილი ნიჭისა და თავისებურებების განვითარებისთვის, წაეხალისებინა შემოქმედებითი უნარი და თვითგამოხატვისაკენ სწრაფვა, დახმარებოდა საკუთარი ქცევის მიზეზთა უფრო ღრმად გაცნობიერებაში. ღვთის წინაშე ადამიანის თავისუფლების პრინციპი კაცობრიობის მიერ მხოლოდ უკანასკნელ ხანს იქნა გაცნობიერებული. თანამედროვე ანტიქრისტიანული ტოტალიტარული იდეოლოგიებისაგან სწორედ ეს კონცეფცია განგვასხვავებს. ქრისტიანული რწმენა – ესაა თავისუფალი აქტი, მასში არ არის თავსმოხვეული სიცხადე, რომელსაც ვერსად გაექცევი. ეს არის „ცხადყოფა უხილავისა“ (ებრ. 11.1[1]). თავისუფლების გარეშე რწმენა ვერ იარსებებს. მხოლოდ მაშინ შეძლებთ ჭეშმარიტად ირწმუნოთ, თუკი დაეჭვების უფლება შეგინარჩუნდებათ. ქრისტიანულ ღვთისმეტსყველებაში ეს ყოველთვის იგულისხმებოდა, მაგრამ საერთო საკაცობრიო ქრისტიანული ცნობიერების შემადგენელ ნაწილად უკანასკნელ ხანს იქცა. ქრისტიანული აღზრდის ზოგადი პრინციპების გაღრმავებისათვის ეს ყველაფერი უდიდეს მნიშვნელობას იძენს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ადამიანს წარმოვუჩინოთ მხოლოდ ის, რისიც გვწამს, წარმოვუჩინოთ რწმენის რეალობა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ არ შეგვიძლია ვინმე ვაიძულოთ სწამდეს და, მაშასადამე, ვერავის ვაიძულებთ სწამდეს სწორად. რწმენის უმაღლესი აქტი მოწოდებულია, ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატულება გახდეს. დღეს საყოველთაოდ აღიარებული სარწმუნოებრივი შემწყნარებლობის პრინციპი ამაზეა დაფუძნებული. ამის გამო რელიგიური აღზრდის ავტორიტარული მეთოდის გამოყენება არ შეგვიძლია. ეს არ ნიშნავს, თითქოს ჩვენ ავტორიტეტებს უარვყოფთ. ჩვენი რწმენის მნიშვნელოვანი ნაწილი, რა თქმა უნდა, ავტორიტეტებისადმი ნდობაზეა დაფუძნებული – წმიდანების, ეკლესიის, წმიდა წერილის ავტორიტეტისადმი. ოღონდ ეს ნდობა თავისუფალი არჩევანის შედეგია და თავს ვერავის მოვახვევთ. ავტორიტარულობა რელიგიური აღზრდის სფეროში ახლა აღარ ჭრის.Aჩვენ არ შეგვიძლია, ბავშვებს ჩავაგონოთ: „ასე და ასე უნდა გწამდეთ იმიტომ, რომ ასე გეუბნებით, ანდა იმიტომ, რომ ასე წერია კატეხიზმოში, ანდა იმიტომ, რომ ასე წერია ბიბლიაში”… მაგრამ ჩვენი შეგვიძლია და მოწოდებულნიც ვართ, ვუთხრათ: „მე მწამს…“ „ეკლესია გვასწავლის…“ „სახარებაში ნათქვამია…“ აღზრდა უნდა დაეფუძნოს იმის ცოდნას, რომ მოზარდსა თუ ახალგაზრდას მხოლოდ საკუთარი თავისუფალი არჩევანის წყალობით შეუძლია ირწმუნოს. აი, რატომაა მნიშვნელოვანი გვესმოდეს ჩვენი შვილებისა, ყურადღებით ვადევნებდეთ თვალს მათ გონებრივსა და ემოციურ განვითარებას, მათი მოქმედების მოტივებს. ძველი ტრადიციებისაგან განსხვავებით, ბავშვის აზროვნების წესი და მისი შემოქმედებითი წარმოსახვა დღეს ქრისტიანული აღზრდის ობიექტებად უნდა იქცეს. თანამედროვე მართლმადიდებელი ეკლესია გამოწვევის წინაშე დგას. რელიგიური აღზრდის სფეროში მან უნდა შეიმუშაოს მიდგომა, რომელიც ზოგადეკლესიურ ტრადიციაში იქნება ფესვგადგმული. ამ ცოცხალ ტრადიციაში ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ცოდნას ღმერთზე, არამედ მადლმოსილ ცხოვრებას ეკლესიის წიაღში, ადამიანებისადმი ძმურ დამოკიდებულებას. ამასთან ერთად, ქრისტიანული განათლება, უპირველესად, პოროვნებაზეა მიმართული. ჩვილი იქნება, ყრმა, მოზარდი თუ ახალგაზრდა, პედაგოგი მოწოდებულია, ყოველ მათგანთან პიროვნული მიდგომა გამონახოს მისი განვითარების დონის შესაბამისად: ელაპარაკოს გასაგებ ენზე, გაუგოს და გაიზიაროს მისი მოთხოვნები და საზრუნავი, უყვარდეს პიროვნება ისეთი, როგორიც არის. რელიგიური გამოცდილება ქმედითია მიუხედავად იმისა, თუ რა ასაკისაა ადამიანი, ანდა ინტელექტუალური სიმწიფის რომელ სტადიაზე იმყოფება; ქრისტიანული აღზრდის პროცესი წინსვლის, პირადი გამოცდილების დაგროვების, პიროვნების თანდათანობითი ფერისცვალების პროცესად უნდა იქცეს. ეს მიზანი და გამოწვევა იმდენად დიდმნიშვნელოვანია, რომ მისი განხორციელება, ამ გამოწვევაზე ღირსეული პასუხის გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი ეკლესიური ცხოვრების მთელი სისავსით ვიცხოვრებთ. ქრისტიანული აღზრდის მიზანი – მადლმოსილების, ქარიზმის, ეკლესიის, როგორც ერთიანი ორგანიზმის, განხორციელებაა. მართლმადიდებლობა და ეკლესიური ცხოვრება აბსტრაქტული კონცეფციები როდია. თავის სრულ გამოხატულებას ისინი სწავლებაში ანდა საღვთისმეტყველო შეხედულებებში ვერ ჰპოვებენ. „მცირე (საოჯახო) ეკლესიები“, რომლებიც ასე ხშირად იხსენიება მოციქულთა ეპისტოლეებში, ჭეშმარიტად ეკლესიის სხეულის ცოცხალ უჯრედებს წარმოადგენენ. „საოჯახო ეკლესიები“, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ყოველდღიურ ყოფაში, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებში რელიგიურ ფასეულობებსა და სარწმუნოებას ამკვიდრებენ. ოჯახი უფრო მეტია, ვიდრე მამა, დედა და შვილები. ოჯახი – ესაა მემკვიდრე ზნეობრივი და სულიერი ფასეულობებისა და ჩვეულებებისა, რომლებიც პაპების, პაპის პაპების, წინაპრების მიერაა დამკვიდრებული. ამას ჩვენ მუდმივად გვახსენებს მოთხრობები ბიბლიიდან ძველაღთქმისეული პატრიარქების შესახებ. ძალზე ძნელია შექმნა ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრების წესი სტერილურ ლაბორატორიულ გარემოში, რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი ტრადიციისაგან…  ამრიგად, რელიგიური აღზრდის სფეროში ეკლესიის ძალისხმევას სამი განზომილება აქვს: მრევლში სრულფასოვანი ლიტურგიკული ცხოვრების შექმნა, მჭიდრო ურთიერთობის დამყარება მშობლებსა და ოჯახებთან, ბავშვების რელიგიური აღზრდა-განათლება.  მართლმადიდებლობა და ეკლესიური ცხოვრება – ეს აბსტრაქტული კონცეფციები როდია, ისინი სრულ გამოხატულებას სწავლებებში ან საღმრთისმეტყველო შეხედულებეში ვერ პოულობენ. „მცირე (საოჯახო) ეკლესიები“ რომლებიც ასე ხშირად იხსენიება მოციქულთა ეპისტოლეებში, ჭეშმარიტად ეკლესიის სხეულის ცოცხალი უჯრედები არიან. „საოჯახო ეკლესიები“ თავისი ბუნებიდან გამომდინარე ყოველდღიურ ყოფაში, ურთიერთობაში, დღესასწაულებში, ლხინში და სხვა ტრადიციულ წეს-ჩვეულებებში რელიგიურ ფასეულობებსა და სარწმუნოებას ამკვიდრებენ. ოჯახი უფრო მეტია, ვიდრე მამა, დედა და შვილები. ოჯახი – ესაა მემკვიდრე ზნეობრივი და სულიერი ფასეულობებისა და ჩვეულებებისა, რომლებიც პაპების, პაპის პაპების, წინაპრების მიერაა შექმნილი. ამას ჩვენ მუდმივად გვახსენებს მოთხრობები ბიბლიიდან ძველაღთქმისეული პატრიარქების შესახებ. ძალზე ძნელია შექმნა ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრების წესი სტერილურ ლაბორატორიულ გარემოში, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ტრადიციისაგან…
ამრიგად, რელიგიური აღზრდის სფეროში ეკლესიის ძალისხმევას სამი განზომილება აქვს: 1. მრევლში სრულფასოვანი ლიტურგიკული ცხოვრების შექმნა, 2. მჭიდრო ურთიერთობის დამყარება მშობლებთან და 3. ოჯახებთან, ბავშვების რელიგიური აღზრდა-განათლება.

თავი I – „ქრისტიანული აღზრდის მიზანი“
თავი ΙΙ – „ჩვენი შვილები“ (ნაწილი I; ნაწილი II)
თავი III – „ქრისტიანული აღზრდა ოჯახში“
თავი IV – „მასწავლებელი“