თუ „იეჰოვას მოწმეები“ მართლები არიან…
დიაკონი ანდრეი კურაევი
თითქმის ყველა შეხვედრია კარის ზღურბლთან ან ქუჩაში ადამიანთა მცირე ჯგუფს, რომლებიც ავრცელებენ ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ და მასთან ერთად ბრუშურებს სათაურით „შენ შეგიძლია მარად იცხოვრო სამოთხეში დედამიწაზე“. ეს ადამიანები არიან „იეჰოვას მოწმეების“ სექტიდან. ამ აბეზარი სექტის მაგალითზე ნათლად ჩანს, თუ რა ადვილია ქრისტიანობის ხელახალი განმარტებით მისი სულის შეუმჩნეველი სიკვდილი. მათ თავი ქრისტეანებად მიაჩნიათ, აღიარებენ ახალ აღთქმას, მაგრამ ამასთან უარყოფენ ყოვლადწმიდა სამების დოგმატს და ამბობენ, რომ ქრისტე – წინასწარმეტყველია, მაგრამ არა ღმერთიო.
არ დავიწყებ მათი არგუმენტების განხილვას. უბრალოდ ვეცდები დავეთანხო მათ და ვაღიარო, რომ ქრისტე არ არის ღმერთი. ქრისტე – მოძღვარია, წინასწარმეტყველი, მქადაგებელი. მაგრამ არა ღმერთი.
მსგავს თვალსაზრისს გამოხატავს ბევრი ადამიანი, რომელთაც არავითარი შეხება არ აქვთ „იეჰოვას მოწმეების“ სექტასთან. მეტიც, ვიტყოდი, რომ ეს არის რიგითი და გავრცელებული შეხედულება. ქრისტეში ღვთის შესაცნობად რწმენის გმირობა გვჭირდება. მასში მოგზაური გალილეველი ფილოსოფოსის დასანახად კი არანაირი ძალისხმევა, სულიერი ხედვის არავითარი სიმახვილე არ არის საჭირო. ასეთი აღქმა დამახასიათებელია ადამიანური განსჯისთვის და გავრცელებულია.
შეიძლება სახარების მიღება ქრისტეს ღვთაებრიობის აღიარების გარეშე? თუ სახარებას წავიკითხავთ რელიგიური ადამიანის თვალით, მაგრამ არა მორწმუნის ყოვლადწმიდა სამებისა -რას ვიხილავთ წმიდა წერილში?
თუ „იეჰოვას მოწმეები“ მართლები არიან, მაშინ არ არსებობს იმაზე საშინელი რელიგია, ვიდრე რელიგია სახარებისა. ქრისტიანობა ხომ ამბობს – „ღმერთი სიყვარულია“. ის კი, ვინც გოლგოთაზე აღესრულა, გამოდის, სულაც არ არის ღმერთი. და რა გამოდის? თუ ქრისტე არ არის ღმერთი, მაშინ მამაზეციერი, რომელსაც ქრისტე ევედრება მწარე სასმისის არიდებას, ემსგავსება ამხანაგ ჟდანოვს, რომელიც ლენინგრადელებს მოუწოდებდა ვაჟკაცურად გადაეტანათ ბლოკადის სიმძიმე და მოთმინებით მიეღოთ შემცირებული ულუფა, მაშინ, როდესაც თავად არ განიცდიდა არც სიცივესა და არც შიმშილს. უცნაურია ღმერთი, რომელიც მოითხოვს მოიხსენებდნენ
სიყვარულად, მაგრამ თავად არ მიიღებს სიყვარულის უმაღლეს მსახურებას, ავალებს რა სხვას – ქრისტეს.
თუ ღმერთი თავად არ იტანჯა გოლგოთაზე – რატომ და რისთვის უნდა ვმადლობდეთ მას, როდესაც ჯვარცმული ღვთისმშობლის შვილია? ძველი აღთქმის ღმერთი ბრძანებს „დიდებაჲ ჩემი სხუასა არა მივსცე“ (ეს. 42,8). ხომ არ მიიტაცა სხვისი დიდება? ხომ არ დაისაკუთრა ის კაცობრივი მადლიერება, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეტანა გალილეველი მქადაგებლის საფლავთან?
აწ ვისღა ვმადლობდე? მეთაურს, რომელმაც, თავად უსაფრთხოდ მყოფმა , გასცა ბრძანება სამხედრო ოპერაციაზე, თუ რიგით ჯარისკაცს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად გამომიხსნა ტერორისტების ტყვეობიდან?
წერილი მოწმობს: „ხოლო გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილ-ღა ვიყვენით, ქრისტე ჩუენთჳს მოკუდა.“ (რომ. 5,8). თუ ქრისტე ღმერთი არ არის, მაშინ როგორ დაამტკიცებს სხვისი სიკვდილი საღვთო სიყვარულს? დავუშვათ მესამე სართულზე მცხოვრები ივანე გარდაიცვალა, მეორე სართულზე მცხოვრები ალექსეის გადარჩენისთვის. ამტიკებს კი ივანეს მსხვერპლი, რომ მეხუთე სართულზე მცხოვრებმა ალექსანდრემ ამაში მეორე სართულზე მცხოვრები ალექსისადმი სიყვარული გამოავლინა?
სახარება გვასწავლის, არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, რომ სიცოცხლე დადო მოყვასისთვის. მაგრამ „იეჰოვას მოწმეების“ აზრით, უფალი, რომელმაც ეს მცნებად დაგვიდო სხვაგვარად იქცევა. საკუთარ თავს კი არ წირავს ადამიანებისთვის, არამედ თავად ადამიანების სიცოცხლეს – მათ შორის ყველაზე საუკეთესოს უარესებისთვის. სხვათა ტანჯვით უფალი გამოისყიდის სხვათა ცოდვებს. ხედავს რა ქრისტეს მსხვერპლს ღმერთი ცხრება ადამიანებზე რისხვისაგან. ქრისტეს სისხლი არ აძლევს მას საშუალებას დაინახოს უსჯულოებანი და ყველაფერს პატიობს მათ. ღმერთი ღვრის სხვის სისხლს, რათა შეცვალოს დამოკიდებულება ადამიანების მიმართ.
თუ ქრისტე ღმერთი არ არის, არამედ მხოლოდ „მასწავლებელი“ და „წინასწარმეტყველი“, მაშინ ღმრთსათვის იესო არ აღემატება ცხოვარს, რომლის სისხლი ადამიანებმა უნდა დაღვარონ, რათა წყალობა გამოითხოვონ მისგან, რომლის ყოვლისმჭვრეტელ თვალთა წინაშე დაიღვარა შესაწირავი ზვარაკის სისხლი. თუ ქრისტე ღმერთი არ არის, მაშინ არ არსებობს სახარებაზე მეტად ზნეობის შეურაცხმყოფელი წიგნი. ადამიანები დიდხანს და „ტკბილად“ სცოდავდნენ და ღმერთი მათზე ბრაზდებოდა. საბოლოოდ მათ ჩაიდინეს ყველაზე დიდი საშინელება, რისი გაკეთებაც შეეძლოთ – მოკლეს დედამიწაზე ერთადერთი ნათელი ადამიანი. ამ დანაშაულზე პასუხად კი მოციქულებმა რატომღაც განაცხადეს, რომ ქრისტეს მკვლელობის შემდეგ უფალი აღარ მრისხანებს ადამიანებზე, ჩვენი ცოდვები ჩამორეცხილია ქრისტეს სისხლით.
უფალი იესო ქრისტე „იეჰოვას მოწმეებისთვის“ არსებაა, რომელიც სხვათა ცოდვებისთვის იტანჯება და ამას იყენებს ორი მხარე ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევისთვის. ღმერთი მრისხანებს ადამიანებზე, რადგან მათ მისი მცნებები დაარღვიეს. ძველი აღთქმის კაცობრიობა წირავს სისხლიან მსხვერპლს და უფლის რისხვაც გადადის. გამოდის, ახალ აღთქმაშიც უფალს ადამიანებთან ურთიერთობის შესაცვლელად სჭირდება, რომ მათ ნება მისცეს მოკლან რომელიმე ხორცშესხმული ანგელოზი.
„იეჰოვას მოწმეთა“ ღმერთმა ქმნილებას მხრებზე დაადო ჯვარი. ქრისტიანთა, ყოვლადწმიდა სამების მორწმუნეთა ღმერთმა კი საკუთარი მხრებით იტვირთა ჯვარი.
თუ ქრისტე ჩვენთვის მოკვდა, გამოავლინა ის სიყვარული, რომელზე აღმატებულიც არ არსებობს და ამავე დროს თუ ის არ არის ღმერთი – ორიდან ერთია: ან ქრისტიანი, ანუ ის რომელმაც ჭეშმარიტად შეიყვარა ღმერთი, უნდა გახდეს ათეისტი- ის თაყვანს სცემს ქრისტეს, რომლის სიყვარული მან დაინახა და შეიმეცნა, მაგრამ არაფრის ცოდნა არ სურს ღმერთზე, რომელმაც არ გამოავლინა მისი სიყვარული ადამიანებისადმი. ან ის თაყვანს უნდა სცემდეს ღმერთს იმისათვის, რომ ნება დართო მოეკლათ ადამიანთაგან საუკეთესო…
თუ ქრისტე ჩემთვის მოკვდა, რატომ უნდა მიყვარდეს ამისთვის ღმერთი? თუ ქრისტე ღმერთი არაა, რისთვის ვმადლობდე ღმერთს? ქრისტემ გვიხსნა სიკვდილისაგან, ღმერთმა კი მხოლოდ ნება დართო, სიყარულით ემოქმედა. მამას კი არ უნდა ვმადლობდეთ, არამედ მხოლოდ ქრისტეს. ჩვენ გადავრჩით ქმნილების მიერ და არა შემომქმედის. ესე იგი „იეჰოვას მოწმეთა“ ლოგიკით, ქრისტე მისი ღვაწლით საფრთხის ქვეშ აყენებს მონოთეიზმის დედააზრს. იგი იმდენად აღიბეჭდა ადამიანთა მეხსიერებაში, რომ დაჩრდილა იეჰოვა. ბუნებრივია, იეჰოვას სახელი დავიწყებას მიეცა გადარჩენილ ადამიანებში. არ შეიძლებოდა ღმერთს ეს წინასწარ არ სცოდნოდა. მაშ, რატომ აირჩია გამოხსნის ის საშუალება, რომელმაც გარდაუვალად მიიყვანა ადამიანები ცრუ ღმერთების თაყვანისცემამდე, ესე იგი წარმართობის ტყვეობაში? უფალი ყოველთვის ზრუნავდა, რომ ისრაელიანებს გადაჭარბებული პატივი არ მიეგოთ მათი გმირების, მასწავლებლებისა (მოსეს საფლავი დაფარულ იქნა ერისთვის) და სიწმიდეებისთვის (სპილენძის გველის განადგურება). და უეცრად – ასეთი შეცდომა…
თუ კი „იეჰოვას მოწმეები“ მართლები არიან, შემიძლია მივულოცო მათ განსაცვიფრებელი აღმოჩენა: გამოდის, დედამიწაზე ერთ–ერთი პირველი ათეისტი იყო… მოციქული პავლე. სწორედ მან თქვა ერთხელ: „რამეთუ არარაჲ სხუაჲ დავიდევ გულსა ჩემსა უწყებად თქუენდა, გარნა ქრისტე იესუ და ესეცა ჯუარ-ცუმული“ (1 კორ. 2,2). თუ ქრისტე ღმერთი არაა, მაშინ პავლემ, რომელმაც თქვა, რომ ქრისტეს გარდა არავის და არაფრის ცოდნა არ სურს, ამით დაამოწმა, რომ არ სურს იცოდეს ღმერთი. ქრისტემ ჯვრით ზეცა დაჩრდილა. ასეთ შემთხვევაში მან მამა კი არ განგვიცხადა, არამედ დაგვიფარა.
თუ არ შევიცანით, რომ ქრისტეში განგვიცხადა „ აღსარებულად, დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ; ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა“ (1ტიმ. 3,16), მაშინ ქრისტეზე მოციქულებრივი ქადაგება აღმოჩნდება ნატიფი ათეისტური პროპაგანდა. მოციქულები ხომ ქადაგებენ: „ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ საკიდურთა“ (საქმ. 4,11). თუ ქრისტე ღმერთი არაა და მხოლოდ „მოვლინებული“, „მასწავლებელი“ მხოლოდ ადამიანია, თუ ძე და მამა არ არიან ერთნი, მაშინ ჩვენს წინაშე ათეიზმის ქადაგებაა. ღმერთს არ გადავურჩენივართ და არ გადაგვარჩენს. ხსნა მხოლოდ ადამიანში, იესოშია. მაგრამ მოციქულები ნამდვილად არ არიან ათეისტები. მათ სწამთ შემომქმედი და ძალიან კარგად ესმით „რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა?“ (მთ. 16,26). თუ გადარჩენა მხოლოდ ღმერთშია და მხოლოდ ქრისტეში – ამ ორი რწმენის აღმსარებლობის შეთავსება მხოლოდ ყოვლადწმიდა სამების შესახებ სწავლებით შეიძლება.
მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შევძლებთ რელიგიური და ზნეობრივი კრძალულებით შევიმეცნოთ ახალი აღთქმის ქადაგება: თუ ძალამიხდილ გოლგოთის ტანჯულში შევიცნობთ მას, ვინც შექმნა ცანი და ქუეყანაჲ.
ამრიგად, თავად არსი მონოთეისტური რელიგიისა მოითხოვს ყოვლადწმიდა სამების აღიარებას. მოითხოვს ჯვარცმულ ქრისტეში შევიცნოთ დაუსაბამო ძე, ჭეშმარიტი ღმერთი. „იეჰოვას მოწმეების“ მიმართაა სიტყვები, რომელიც ჯერ კიდევ მე–IV საუკუნეში წარმოთქვა წმ.გრიგოლ ნოსელმა არიანელების სამხილებლად, რომელნიც ასევე უარყოფდნენ ქრისტეს ღვთაებრივობას. „რატომ არ მადლობ ჩვენი გადარჩენისთვის მამას, რომელმაც აღასრულა კაცთა გამოხსნა სიკვდილისაგან მისი ძალმოსილებით, რომელიც არის ქრისტე?“[1]
[1] წმ. გრიგოლ ნოსელი. ევნომის წინააღმდეგ. 6,3. // თხზულებანი. ნ. 6. – მ., 1863. გვ. 52.
წყარო: teodore.ge