ხრისტოს იანარასი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რელიგიური მოაზროვნე და ღვთისმეტყველია თანამედროვე საბერძნეთში. დაიბადა ათენში 1935 წელს. საუნივერსიტეტო განათლება მიიღო საბერძნეთში და საზღვარგარეთ, ბონსა და პარიზში. დოქტორის ხარისხი დაიცვა თესალონიკის საღვთისმეტყველო სკოლაში და სორბონაში, Faculte des Lettres (წმინდა წერილის ფაკულ;ტეტზე). ასწავლიდა ჟენევის უნივერსიტეტში, ახლა კი არის ფილოსოფიის პროფესორი ათენის პანტაიოსის უნივერსიტეტში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ხრისტოს იანარასი არაჩვეულებრივად ნაყოფიერი მწერალია. მას დაწერილი აქვს ოცამდე წიგნი და უამრავი სტატია, რომელთა უმრავლესობა გამოქვეყნებულია ათენის წამყვან გაზეთში „ტო ვიმა“. მისი წიგნები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე.
პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ რწმენის ამგვარ გაგებას არაფერი აქვს საერთო ამ სიტყვის იუდაურ-ქრისტიანულ ტრადიციაში დამკვიდრებულ მნიშვნელობასთან. იუდეველებისა და ქრისტიანებისთვის „რწმენა“ იმ შინაარსს როდი გამოხატავას, რომელსაც მას მებრძოლო იდეოლოგები მიაწერენ. იგი ერთგვარ კრედიტს, წინაპირობას წარმოადგენს. როცა ესა თუ ის ბიზმესმენი კრედიტით სარგებლობს, ეს ნიშნავს, რომ მოცემული ადამიანი თავის კომპანიონებში ნდობას იმსახურებს; მას ყველა იცნობს, იცნობენ საქმის წარმოების მისეულ მეთოდსა და სტილს, აღებული ვალდებულებების შესრულებისას გამოვლენილ თანმიმდევრულობას. თუ ერთ დღეს მას ფინანსური დახმარება დასჭირდა, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან, ხელს გაუწვდიან. შესაძლოა, მას ხელწერილიც კი არ მოსთხოვონ, ვინაიდან სუფთა რეპუტაციის მქონე საქმიანი ადამიანის სიტყვა საკმარის გარანტიად, ჩაითვლება.
იუდაურ-ქრისტიანულ ტრადიციაში რწმენის სწორედ ამგვარი გაგება ცოცხლობდა ყოველთვის. მოცემულ შემთხვევაში რწმენის ობიექტს არ წარმოადგენს აბსტრაქტული იდეების კრებული. რწმენის ობიექტი არის ადამიანი, ცოცხალი და კონკრეტული პიროვნება, რომელიც ჩვენს ნდობას იმსახურებს და ეს ნდობა მასთან ურთიერთობის უშუალო გამოცდილებას ეფუძნება.
რწმენას საფუძვლად უდევს მიმართება, რომელიც პირდაპირიც შეიძლება იყოს და ირიბიც. მწამს გარკვეული პიროვნების და სრულად ვენდობი, ვინაიდან კარგად ვიცნობ მას. მაგრამ არანაკლებ ნდობას ხანდახან ჩემთვის უცნობი ადამიანის მიმართაც ვგრძნობ, რადგან ისინი, ვისაც ვენდობი და ჩემს დასაყრდენს წარმოადგენენ, მისი შეულახავი წესიერების მოწმენი არიან. ასევე, ღრმა ნდობით ვიმსჭვალები მხატვრისა და მწერლის მიმართ, რომლებიც არასდროს მინახავს, მაგრამ მათი შემოქმედება ადამიანური ღირსების რწმენასა და მათი პიროვნებით აღფრთოვანებს მინერგავს.
ამრიგად, რწმენის სხვადასხვა ხარისხი არსებობს: ჩვენ შეგვიძლია, ზედაპირული რწმენიდან უფრო ღრმა, უსიტყვო რწმენამდეც მივიდეთ. ამ მოძრაობას დასასრული არ გააჩნია. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ რწმენის უმაღლეს მწვერვალს მივაღწიეთ, მაგრამ მოულოდნელად ის კიდევ უფრო გვშორდება, ან უკვალოდ ქრება. რწმენა ხომ „მიუწვდომელი სრულყოფილებისკენ“ დინამიკური და უწყვეტი სწრაფვაა. განზოგადებული სახით რწმენა შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ: ის იწყება იმით, რომ ადამიანის კარგ სახელს ვენდობით, მყარდება და იზრდება მისი საქმეებისა და ქმედებების ახლოს გაცნობის შესაბამისად. ბოლოს, პირადი შეხვედრის, უშუალო ურთიერთობის დამყარების დროს ადამიანი დარწმუნდება თავისი დამოკიდებულების სისწორეში. რწმენა მთელ ჩვენს არსებას მოიცავს და სრულ დარწმუნებულობაში გადაიზრდება. როცა ადამიანებს შორის სიყვარული და ერთმანეთისადმი დაუოკებელი სწრაფვა იჩენს თავს, მაშინ, ის, რაც დასაწყისში მხოლოდ ნდობასა და სიმპატიას წარმოადგენდა, თავგანწირვის გრძნობაში გარდაისახება. რაც უფრო ძლიერია სიყვარული, მით უფრო ახლოს ეცნობი სხვას, უფრო მეტად ენდობი მას და ჭეშმარიტად გიყვარდება. ნამდვილ სიყვარულზე დაგფუძნებული ნდობა ამოუწურავია. აღფრთოვანებული გაკვირვების მდგომარეობას ამყარებს საყვარელ ადამიანში ახალ-ახალი აღმოჩენები. რწმენა მუდმივი სრბოლაა, პიროვნების პიროვნებასთან შერწყმის დამოუკიდებელი წყურვილია.
ყოველივე ზემოაღნიშნული რელიგიურ რწმენას ეხება. იგი ღვთის შემმეცნებელთა (რომლებმაც ღმერთთან ერთობას მიაღწიეს და მისი სახის ნახვის ღირსნი შეიქნენ) მოწმობისადმი უბრალო ნდობაში, წმინდანთა წინაპრების – წინასწარმეტყველების, მოციქულების – მოწმობებისადმი ნდობაში აისახება. შემდეგ რწმენა იზრდება და ღვთაებრივ სიყვარულს ეზიარება, რომელიც მის ქმნილებაში, მის მიერ კაცობრიობის ისტორიაში გამოვლენილ ქმედებებში, ჩვენთვის ჭეშმარიტების სამეფოს დასამკვიდრებლად განხორციელებულ მის სიტყვაში გამჟღავნდა. ვგრძნობთ, რომ ჩვენს პიროვნებასა და ღმერთს შორის არსებული კავშირი თანდათან მჭიდროვდება. მისი ხელთუქმნელი მშვენიერება და მისი დიდების დამაბრმავებელი ნათელი სულ უფრო ხელშესახებია სულიერი ხედვისთვის. ჩვენს გულში ჩასახული ღვთაებრივი ეროსი ჩვენს რწმენას „დიდებიდან დიდებაში“ [1] გარდასახავს, დროის ძალაუფლებისგან თავისუფალი გამოცხადების საიდუმლოებისადმი მარადიული აღფრთოვანების გრძნობას გვანიჭებს.
რწმენა განვითარების ნებისმიერ სტადიაზე და ნებისმიერ საფეხურზე პიროვნული მიმართების გამოცდილებას ემყარებნა. რა შორსაა ეს გზა ინტელექტის ლოგიკური დასკვნებისგან, „ობიექტური“ ცოდნის გზისგან! ბიბლიური ღმერთის, ეკლესიის ღმერთის ძიებაში ჩვენი მისწრაფებების შესაბამისი რწმენის გზას უნდა მივსდიოთ. ღვთის არსებობის მტკიცებულებანი, აპოლოგეტიკის „ობიექტური“ დასკვნები, ქრისტიანული წყაროების ნამდვილობის ისტორიული დამტკიცება – ყოველივე ეს მნიშვნელოვნად გვეხმარება რელიგიური რწმენის მოთხოვნილების გაღვივებაში, მაგრამ ისინი თავისთავად რწმენას ვერ ჩაენაცვლებიან და ვერც რწმენამდე მიიყვანენ ადამიანს.
როცა ეკლესია თავის წიაღში დაუნჯებულ ჭეშმარიტებასთან ზიარებისაკენ მოგვიწოდებს, არ იგულისხმება თეორიული მხარე, რომელსაც ყოველგვარი განსჯის გარეშე, პირდაპირ უნდა დავეთანხმოთ. ის, რასაც გვთავაზობენ, პიროვნული დამოკიდებულების სფეროს წარმოადგენს. ეს ცხოვრების გარკვეული სახეა, რომელიც ღმერთთან პირად კავშირს ემყარება, ან ასეთი ცოცხალი კავშირის თანმიმდევრობით დამყარებას უწყობს ხელს. ჩვენი ცხოვრების წესის ცვლილების შედეგად ის აღარ წარმოადგენს ინდივიდუალურ ბრძოლას „მზის ქვეშ ადგილის“ მოსაპოვებლად იძენს სხვა ყოფიერებასთან მიმართებით. ეკლესია ურთიერთობის სხეულს წარმოადგენს. მისი წევრები ცხოვრობენ არა საკუთარი თავისთვის, არამედ იმავე სხეულის სხვა წევრებთან და მის თავთან, ქრისტესთან, სიყვარულის განუყოფელ ერთობაში. ეკლესიის ჭეშამრიტების რწმენით მიღება მისი შემკვრელი „სიყვარულის ძაფების“ შემადგენელ ნაწილად გადაქცევას, ღვთისა და წმინდანების სიყვარულისთვის თავის მთლიანად მიძღვნას ნიშნავს.
ამრიგად, მივეახლებით არა გარკვეული აზრების, არამედ გარკვეული ცხოვრების გზით. ზრდისა და მომწიფების ყოველგავრი ბუნებითი პროცესი ცხოვრების წესს გულისხმობს. საიდან აღმოცენდება, რა საფუძველი აქვს დედისა და მამისადმი მიჯაჭვულობას? ბავშვის გულში დაბადებიდანვე, მშობლების პირველი ალერსისა და ზრუნვის შეგრძნებიდან მათი სიყვარულის გაცნობიერებულ მიღებამდე შეუმჩნევლად მტკიცდება დედისა და მამის რწმენა. მშობლებისა და ბავშვის შემაკავშირებელი სიყვარული არ საჭიროებს არც ლოგიკურ დასკვნებს, არც რაიმე სხვა გარანტიას. მტკიცება მხოლოდ მაშინ ხდება აუცილებელი, როცა ეს კავშირი დარღვეულია და გონების არგუმენტები ცხოვრებისეული რეალობის ჩანაცვლებას ცდილობს.
წყარო: ჟურნალი ზღვარი