საცდელ-საკონსტრუქტორო ბიურო „იმპულსის“ წამყვანი კონსტრუქტორი ვლადიმერ გრიგორის ძე ეფრემოვი მოულოდნელად გარდაიცვალა, ხველა დაიწყო, მერე დაეშვა დივანზე და გაჩუმდა. ნათესავები თავიდან ვერ მიხვდნენ, რომ მოხდა საშინელება.
იფიქრეს, რომ დასასვენებლად ჩამოჯდა.
ნატალია პირველი მოვიდა გონს. ძმას მხარზე შეეხო
– ვალოდია, რა მოგივიდა?
ეფრემოვი უღონოდ გადავარდა გვერდზე. ნატალია შეეცადა პულსი გაესინჯა მისთვის. გული არ ძგერდა! მან დაიწყო ხელოვნური სუნთქვის კეთება, მაგრამ უშედეგოდ, ძმა არ სუნთქავდა.
ნატალია, თვითონ მედიკოსია, იცოდა, რომ გადარჩენის შანსი ყოველ წუთს მცირდებოდა. ცდილობდა გულის «დაქოქვას», მკერდის მასაჟის მეშვეობით.
გული ჩაირთო. ეფრემოვმა დაიწყო სუნთქვა.
– ცოცხალი ხარ! – ჩაეხუტა მას და. – ჩვენ კი ვიფიქრეთ, რომ გარდაიცვალე. რომ ყველაფერი დასრულდა, ეს არის ბოლო!
– ბოლო არ არსებობს, – ჩაიჩურჩულა ვლადიმერ გრიგორის ძემ. – იქაც სიცოცხლეა. ოღონდ სხვა. უკეთესი… ეფრემოვმა დაწვრილებით ჩაიწერა ყველაფერი რაც კლინიკური სიკვდილის დროს განიცადა. მისი მოწმობა ფასდაუდებელია. ეს, მეცნიერის მიერ, საიქიო ცხოვრების პირველი მეცნიერული კვლევაა. რომელმაც თვითონ განიცადა სიკვდილი. თავისი დაკვირვებები მან გამოაქვეყნა ჟურნალში «სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერულ-ტექნიკური სიახლენი»
მისი ანგარიში საიქიო ცხოვრების შესახებ სენსაციად იქცა.
– ამის გამოგონება შეუძლებელია! – განაცხადა მეცნიერთა საერთაშორისო კლუბის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ანატოლი სმირნოვმა.
გადასვლა
ეფრემოვის რეპუტაცია სამეცნიერო წრეებში წუნდაუდებელია.
ის ძლიერი სპეციალისტია ხელოვნური ინტელექტის სფეროში, დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა საცდელ-საკონსტრუქტორო «ბიურო იმპულსში». მონაწილეობდა გაგარინის კოსმოსში გაშვების საქმეში. თავისი წვლილი შეიტანა უახლესი სარაკეტო სისტემების შემუშავებაში. მისი სამეცნიერო კოლექტივი ოთხჯერ დააჯილდოვეს სახელმწიფო პრემიით.
– კლინიკურ სიკვდილამდე თავს აბსოლუტურ ათეისტად ვთვლიდი, – გვიამბობს ვლადიმერ გრიგორის ძე, – ვენდობოდი მხოლოდ ფაქტებს. ყველანაირი მსჯელობა საიქიო ცხოვრების შესახებ მიმაჩნდა რელიგიურ თრობად. გულწრფელად რომ ვთქვა, სიკვდილზე მაშინ არც კი ვფიქრობდი. სამსახურში იმდენი საქმე მქონდა, მათ დასასრულებლად ათი ცხოვრებაც არ მეყოფოდა. შემდეგ მკურნალობისთვისაც არ მქონდა დრო – გული ცელქობდა, ქრონიკულმა ბრონქიტმა გამაწამა, სხვა მსგავსი ჩივილებიც მაბეზრებდა თავს.
12 მარტს დის, ნატალიას სახლში, ხველის შეტევა დამემართა. ვიგრძენი, რომ ვიხრჩობოდი.ფილტვები არ მემორჩილებოდა, ჩასუნთქვას ვცდილობდი – და არ შემეძლო! სხეული ბამბასავით გახდა, გული გაჩერდა, ფილტვებიდან ხრიალით და ქაფით გამოვიდა ბოლო ჰაერი. ტვინში გამიელვა აზრმა იმის შესახებ, რომ ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო წამია. მაგრამ გონება რატომღაც არ დამიკარგავს. უცებ გამიჩნდა უჩვეულო სიმსუბუქის შეგრძნება. უკვე აღარაფერი აღარ მტკიოდა – არც ყელი, არც გული, არც კუჭი. ასე კომფორტულად თავს მხოლოდ ბავშვობაში ვგრძნობდი. საკუთარ სხეულს ვერ ვგრძნობდი და ვერ ვხედავდი. მაგრამ ყველა ჩემი გრძნობა და მოგონება ჩემთან იყო. სადღაც მივფრინავდი გიგანტური მილით. ფრენის შეგრძნება ნაცნობი მეჩვენა – მსგავსი ადრე სიზმარში განმიცდია. აზრობრივად შევეცადე შემენელებინა ფრენა, შემეცვალა მისი მიმართულება, გამომივიდა! შიში არ იყო, იყო მხოლოდ ნეტარება. შევეცადე მომხდარის გაანალიზებას. დასკვნები მყისიერად გავაკეთე. სამყარო, რომელშიც მოვხვდი არსებობს. მე ვაზროვნებ, მაშასადამე მეც ვარსებობ. და ჩემს ფიქრს გააჩნია მიზეზობრიობა, რაკი შეუძლია ჩემი ფრენის მიმართულების და სიჩქარის შეცვლა.
მილი
– ყველაფერი ახალი, ნათელი და საინტერესო იყო, – აგრძელებს თხრობას ეფრემოვი, — ჩემი ცნობიერება ადრინდელთან შედარებით სულ სხვაგვარად მუშაობდა. ის ყველაფერს სწვდებოდა მყისიერად, ერთდროულად, მისთვის არ არსებობდა არც დრო, არც მანძილი. ვტკბებოდი გარემომცველი სამყაროთი. ის თითქოს მილივით იყო დახვეული. მზეს ვერ ვხედავდი, ყველგან თანაბარი სინათლე იყო, მას ჩრდილი არ ჰქონდა. მილის კედლებზე ჩანდა რაღაც არაერთგვაროვანი სტრუქტურები, რომელიც რელიეფს ჰგავდა. ვერ გაარჩევდი სად იყო ზევით, სად ქვევით.
შევეცადე დამემახსოვრებინა ადგილი, რომლის თავზეც მივფრინავდი. ეს რომელიღაც მთებს ჰგავდა.
ლანდშაფტი დამამახსოვრდა ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ჩემი მეხსიერების მოცულობა მართლაც უსაზღვრო იყო. შევეცადე დავბრუნებოდი იმ ადგილს, რომელსაც უკვე გადავუფრინე, აზრობრივად წარმოვიდგინე. ყველაფერი გამოვიდა! ეს ტელეპორტაციას ჰგავდა.
ტელევიზორი
– გამიჩნდა გიჟური აზრი, – აგრძელებს თხრობას ეფრემოვი, – რა დონემდე შეიძლება გარემომცველ სამყაროზე ზემოქმედება? და შეიძლება თუ არა ადრინდელ ცხოვრებას დავუბრუნდე? აზრობრივად წარმოვიდგინე ძველი გაფუჭებული ტელევიზორი ჩემი ბინიდან. და დავინახე ის ერთდროულად ყველა მხრიდან. მე საიდანღაც ყველაფერი ვიცოდი მის შესახებ. როგორ და სად იყო ის აწყობილი. ვიცოდი, სად იყო მოპოვებული მადანი, რომლისგანაც გამოადნეს ლითონები, რომელიც გამოიყენეს კონსტრუქციაში. ვიცოდი, რომელი მეფოლადე აკეთებდა ამას. ვიცოდი, რომ ის (მეფოლადე) დაქორწინებულია, რომ მას სიდედრთან პრობლემები აქვს. ვხედავდი ყველაფერს, რაც ამ ტელევიზორს უკავშირდებოდა გლობალურად, ვიაზრებდი ყველა წვრილმანს. და ზუსტად ვიცოდი რომელი დეტალი იყო გაფუჭებული. შემდეგ, როცა მე «დავბრუნდი» გამოვცვალე ის ტრანზისტორი Т-350 და ტელევიზორი ამუშავდა…
აზრის ყოვლისშემძლეობის შეგრძნება მქონდა. ჩვენი საკონსტრუქტორო ბიურო ორი წელი უტრიალებდა ერთ ურთულეს ამოცანას, ფრთებიანი რაკეტების შესახებ. და უეცრად, წარმოვიდგინე რა ეს კონსტრუქცია, დავინახე პრობლემა მთელი თავისი მრავალწახნაგოვნებით. და გადამწყვეტი ალგორითმი თავისთავად მოვიდა.
შემდეგ ჩავწერე ის და ჩავნერგე…
ღმერთი
იმის შეცნობა, რომ ის იმქვეყნად მარტო არ არის ეფრემოვთან თანდათან მოვიდა.
– ჩემი ინფორმაციული ურთიერთქმედება გარემომცველ ვითარებაზე თანდათან კარგავდა ცალმხრივ ხასიათს, – გვიყვება ვლადიმერ გრიგორის ძე, – ჩემს ცნობიერებაში ფორმულირებულ კითხვაზე ჩნდებოდა პასუხი. თავიდან ასეთ პასუხებს აღვიქვამდი, როგორც ჩემი მსჯელობის ბუნებრივ შედეგს, მაგრამ შემდეგ, ინფორმაცია, რომელიც მომეწოდებოდა, გაცდა იმ ცოდნის საზღვრებს, რომელსაც სიცოცხლეში ვფლობდი. ცოდნა, რომელიც ამ მილში მივიღე, მნიშვნელოვნად აღემატებოდა ჩემს ადრინდელ ცოდნას.
მე გავაცნობიერე, რომ მივყავდი ვიღაცას, ვინც არის ყველგან მყოფი და არ აქვს საზღვრები, რომ ის ფლობს უსაზღვრო შესაძლებლობებს, ყოვლადძლიერია და სიყვარულით სავსე. ეს უხილავი, მაგრამ შეცნობადი მთელი ჩემი არსებით, ეს სუბიექტი აკეთებდა ყველაფერს, რომ არ შევეშინებინე. მივხვდი, რომ სწორედ ის მაჩვენებდა მოვლენებს და პრობლემებს მთელი მიზეზ-შედეგობრივი კავშირით. მე მას ვერ ვხედავდი, მაგრამ ძალიან მძაფრად ვგრძნობდი. და ვიცოდი, რომ ის ღმერთია…
უცებ შევამჩნიე, რომ რაღაც ხელს მიშლის. მე გარეთ მექაჩებოდნენ, როგორც სტაფილოს ნიადაგიდან. არ მინდოდა დაბრუნება, ყველაფერი კარგად იყო. ყველაფერი აციმციმდა, და მე დავინახე ჩემი და, ის შეშინებული იყო, მე კი აღტაცებისგან ვბრწყინავდი…
შედარება
ეფრემოვი თავის სამეცნიერო ნაშრომებში აღწერდა საიქიოს მათემატიკური და ფიზიკური ტერმინებით. ამ სტატიაში გადავწყვიტეთ თავი აგვერიდებინა ძნელად გასაგები ფორმულებისთვის. – ვლადიმერ გრიგორის ძევ, რას შეიძლება შევადაროთ სამყარო, რომელშიც მოხვდით სიკვდილის შემდეგ? – ნებისმიერი შედარება მცდარი იქნება. პროცესები იქ არ მიედინება სწორხაზოვნად, როგორც ჩვენთან. ისინი არ არის დროში გაწელილი. ისინი მიმდინარეობს ერთდროულად ყველა მხარეს. ობიექტები «იმქვეყნად» წარმოდგენილია ინფორმაციული ბლოკების სახით რომელთა შინაარსი განსაზღვრავს მათ ადგილმდებარეობას, ისინი ჩართულნი არიან ერთიან გლობალურ ინფორმაციულ სტრუქტურაში, რომელშიც ყველაფერი წამყვანი სუბიექტის – ღმერთის – კანონების შესაბამისად ხდება. მას ხელეწიფება ნებისმიერი ობიექტის, თვისების, პროცესის, მათ შორის დროის მდინარების გაჩენა, შეცვლა ან გაქრობა. – რამდენად თავისუფალია იქ ადამიანი თავის ქმედებებში, მისი ცნობიერება, სული? – ადამიანს როგორც ინფორმაციის წყაროს, შეუძლია მისთვის მისაწვდომ სფეროში მყოფ ობიექტებზე გავლენის მოხდენა. ჩემი სურვილით იცვლებოდა «მილის» რელიეფი, ჩნდებოდა მიწიერი ობიექტები. – ფილმებს ჰგავს „სოლარისი“ და „მატრიცა“… – და გიგანტურ კომპიუტერულ თამაშს. მაგრამ ორივე სამყარო, ჩვენიც და საიქიოც, რეალურია. ისინი განუწყვეტლივ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან, თუმცა გამოყოფილნი არიან ერთმანეთისგან და მმართველ სუბიექტთან – ღმერთთან -ერთობლიობაში ქმნიან გლობალურ ინტელექტუალურ სისტემას.
ჩვენი სამყარო უფრო მარტივია გასააზრებლად, მას აქვს მუდმივების უხეში კარკასი, რომელიც უზრუნველყოფს ბუნების კანონების ხელშეუხებლობას, მოვლენების დამაკავშირებელ საწყისად გვევლინება დრო.
იმ სამყაროში მუდმივები ან საერთოდ არ არის, ან მნიშვნელოვნად მცირეა ჩვენს სამყაროსთან შედარებით და ისინი შეიძლება შეიცვალონ. იმ სამყაროს მოწყობის საფუძველს შეადგენენ ინფორმაციული წარმონაქმნები, რომლებიც მოიცავენ, მატერიალური ობიექტების უკვე ცნობილი და ჯერ უცნობი თვისებების მთელ ერთობლიობას, ამ ობიექტების საერთოდ იქ ყოფნის გარეშე. ამიტომ საიქიოს აღწერა ადამიანთა მიერ, რომლებმაც განიცადეს სიკვდილი განსხვავებულია ერთმანეთისგან. მართალი ხედავს სამოთხეს, ცოდვილი – ჯოჯოხეთს…
ჩემთვის სიკვდილი იყო გამოუთქმელი სიხარული, რომელსაც დედამიწაზე ვერაფერს შევადარებ. ქალის სიყვარულიც კი იქ განცდილთან შედარებით – არაფერია.
ბიბლია
წმინდა წერილი ვლადიმერ გრიგორის ძემ წაიკითხა უკვე მისი «აღდგომის» შემდეგ. იქ მან იპოვა თავისი სიკვდილისშემდგომი გამოცდილების და სამყაროს ინფორმაციული არსის შესახებ თავისი აზრების დასტური. – „იოანეს სახარებაში ნათქვამია, რომ „პირველითგან იყო სიტყვაჲ“ – ბიბლიის ციტირებას ახდენს ეფრემოვი „და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი–რაჲ იქმნა“ (იოანე 1.1-3). ხომ არ არის ეს მინიშნება იმაზე, რომ წმიდა წერილში «სიტყვაში» იგულისხმება ერთგვარი გლობალური ინფორმაციული არსი, რომელიც ყოვლისმომცველი ინფორმაციის შემცველია?“ თავისი სიკვდილისშემდგომი გამოცდილება ეფრემოვმა პრაქტიკაში გამოიყენა. მრავალ რთულ ამოცანას, რომელთა გადაწყვეტაც მიწიერ ცხოვრებაში გვიხდება, ამ გამოცდილებით მოუძებნა გასაღები. – „ ყველა ადამიანის აზროვნებას აქვს მიზეზობრიობის თვისება, – ამბობს ეფრემოვი, – მაგრამ ცოტა ვინმე თუ ხვდება ამას. საკუთარ თავს და სხვებს ზიანი რომ არ მიაყენო, საჭიროა მისდიო რელიგიური ცხოვრების ნორმებს. წმინდა წიგნები ნაკარნახევია შემოქმედის მიერ, ეს არის კაცობრიობის უსაფრთხოების ტექნიკა“…
– ვლადიმერ ეფრემოვი: „ახლა ჩემთვის სიკვდილი საშიში არ არის. მე ვიცი, რომ ეს არის კარი სხვა სამყაროში“ თარგმნა: ლამარა რურუამ
წყარო