„ჰეზბოლას მებრძოლი ვიყავი, ახლა კი – ქრისტიანი ვარ“
იმის შესახებ, თუ როგორ გახდა ირანელი-მუსლიმი, აფშინ ჯავიდი ქრისტიანი
მას შეეძლო ისლამის ერთგულად დარჩენილიყო, მაგრამ არ დარჩა, შეეძლო წინაპრების ტრადიცია გაეგრძელებინა და ყურანის მასწავლებელი გამხდარიყო, მაგრამ არ გახდა, შეეძლო ისლამური ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ წევრად დარჩენილიყო და „ურწმუნოების“ წინააღმდეგ ებრძოლა, მაგრამ არც ეს მოხდა.
აფშინ ჯავიდის ისტორია რწმენის ცოცხალი მოწმობაა, რომელიც უმნიშვნელოვანესია მათთვის, რომლებიც ვერ გარკვეულან თუ რა განსხვავებაა ისლამსა და ქრისტიანობას შორის.
ის 1972 წელს, ირანის ჩრდილოეთ მხარეს, ერაყის საზღვართან მდებარე ქალაქ აბადანში მუსულმან-შიიტების ოჯახში დაიბადა.
17 წლის ასაკში აფშინი მალაიზიაში მოხვდა, სადაც ყალბი პასპორტების შენახვის ბრალდებით დააკავეს. სწორედ ამ მომენტიდან იწყება მისი გაქრისტიანების გასაოცარი ისტორია. ეს ისტორია, რომელიც 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, როგორც თავად აფშინი ამბობს, ფანტასტიკური ჟანრის ტელე-სერიალის სიუჟეტს ჰგავს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მისი ამბავი რეალობაა.
დავიბადე ირანის ჩრდილოეთ მხარეს მდებარე ქალაქ აბადანში, მუსლიმ-შიიტების ოჯახში. ჩემი ბაბუა მუსლიმური კრებულის წინამძღოლი იყო, მას 19 შვილი ჰყავდა და ახლა უკვე 84 შვილიშვილი. მეც ამ გზას უნდა გავყოლოდი და ჩემი შთამომავლობისთვის იგივე სულიერი ტრადიციები გადამეცა. საქმე იმაშია, რომ ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე სამწუხარო მოვლენა მოხვდა, რომლის შედეგადაც წესით უნდა მოვმკვდარიყავი, მაგრამ ყოველთვის როდესაც საფრთხე მემუქრებოდა, ჩემს წინ უცნობი ადამიანის გამოსახულება ჩნდებოდა. ის სავსებით რეალურად გამოიყურებოდა, მრცხვენოდა ამის შესახებ სხვებისთვის მომეყოლა. ბაბუაჩემი თვლიდა, რომ ეს ნიშანი იყო, რომ ის არის სული, რომელიც მიცავს და მფარველობს. ამიტომაც, სულ გვერდში ვყავდი და ცდილობდა, რომ მთელი თავისი სარწმუნოებრივი ცოდნა გადმოეცა. მოგვიანებით „ჰეზბოლას“ წევრი გავხდი, სადაც დაახლოებით 3 წელი დავყავი. ინტენსიურად ვსწავლობდი ყურანს. ბაბუაჩემი შთამაგომენდა აზრს. რომ ისლამი უბედურ და გზააბნეულ ქრისტიანებზეც უნდა გავრცელებულიყო.
ყალბი პასპორტები
რამდენიმე წლის შემდეგ მალაიზიაში გავემგზავრე. სადაც ყალბი პასპორტებით დამაკავეს. ციხეში ყურანის სწავლების გავრცელება დავიწყე, ყველას ვეუბნებოდი, რომ ალაჰი უნდა ერწმუნათ. ასე, ყოველდღიურად ამ რუტინას მივყვებოდი და, რა თქმა უნდა, დღეში ხუთჯერ ვლოცულობდი. საერთოდ, შიიტები დღეში სამჯერ ლოცულობდნენ, მაგრამ ჩემთვის ეს არ იყო საკმარისი, მინდოდა ღმერთთან რაც შეიძლება მეტხანს ვყოფილიყავი. ყოველდღე თავიდან ბოლომდე ვკითხულობდი ყურანს, ხოლო როდესაც ვამთავრებდი კვლავ ხელახლა ვიწყებდი. ერთ საღამოს როდესაც ყურანის ერთ მუხლზე ვფიქრობდი, ვილოცე და ღმერთს შევთხოვე, რომ რაღაც გზით ჩემთვის სახარება მოეწოდებინა
რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა საოცრება – ციხის მეორე ფრთიდან ერთი ადამიანი მოვიდა, მომცა წიგნი და მითხრა: „აი ის, რასაც ითხოვდი“.
ჩემს გამოცდილებას იმიტომ გიზიარებთ, რომ ხალხმა ცოცხალი ღმერთის შესახებ გაიგოს. არ ველოდები იმას, რომ ჩემი ისტორიის დახმარებით ვინმე ქრისტიანი გახდება, ჩემი ამბავი მხოლოდ ჩემთვის არის სასარგებლო, ღმერთი მხოლოდ იმას ეხსნება, ვინც ეძებს მას, მაგრამ მას მთელი სამყარო უყვარს. მაშინ რომ ეკითხათ ჩემთვის შეუძლია თუ არა ადამიანს გახდეს ღმერთი, მე ვუპასუხებდი: „რა თქმა უნდა, არა! ვერც ერთი ადამიანი ვერ გახდება ღმერთი!’’ მაგრამ ღმერთს შეუძლია გახდეს ადამიანი და გარდა ამისა, მე როგორც ყოფილმა მუსლიმმა, მინდა ყველას ვუთრა: ითხოვეთ და მოგეცემათ. მთელი გულით ითხოვეთ და ის მოგცემთ. მე მივიღე რასაც ვითხოვდი და მადლიერი ვარ ამის გამო.
ყურანზე ვფიქრობდი და უეცრად ვიგრძენი, რომ კამერა რაღაც ძალამ აღავსო, შიშმა შემიპყრო და მისგან იმ გზით გათავისუფლებას ვეცადე, რომელიც ისლამიდან ვიცოდი: „ალაჰის სახელით გიბრძნებ წახვიდე“. მაგრამ არაფერი გამოვიდა, სრულმა სასოწარკვეთილებამ მომიცვა და ვიგრძენი, რომ ეს ძალა მახრჩობდა, მკლავდა. ვიგრძენი რომ ვკვდებოდი და დავიყვირე: „ღმერთო, დამეხმარე!“ და უეცრად მომესმა ხმა. რომელიც მეუბნებოდა: „იესუს სახელი წარმოთქვი“. ვიხრჩობოდი.. როდესაც დასახრჩობად განწირულ ადამიანს თოკს გადაუგდებ ის არასოდეს იკითხავს თუ რა ფერის თოკია, ის მყისიერად ჩაეჭიდება მას. მეც სწორედ ასე მოვიქეცი: „იესუ, თუ ჭეშმარიტი ხარ, მეჩვენე!“. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ არ ვთქვი: „იესო, დამეხმარე!“. ფრაზის დასრულებაც ვერ მოვასწარი, რომ ყველაფერმა ჩაიარა.
ჩემი გაქრისტიანება ამ მოვლენამ არ განაპირობა, მაგრამ სერიოზულად დავფიქრდი თუ რატომ დამეხმარა ქრისტე მე – მუსლიმს? ყველაფერს ვაკეთებდი რაც შემეძლო, მთელი ძალებით ვცდილობდი ჩემი სიცოცხლე ალაჰისთვის მიმეძღვნა და მისთვის მოვმკვდარიყავი. ეს დანაღმულ ველზე სიარულს გავს. ირანის მთავრობა ძალიან აფასებდა სხვადასხვა სამხედრო ორგანიზაციის წევრებს, რომლებიც მზად იყვნენ ყურანისთვის თავი გაეწირათ. მონაწილეობას ვიღებდი სასიკვდილო განაჩენების აღსრულებაში, „ურწმუნოების“ წინააღმდეგ. ვაკეთებდი ყველაფერს რაც კი შემეძლო და ყველა შესაძლო საშუალებით ვცდილობდი სხვებისთვის ალაჰი მექადაგა. მიუხედავად იმისა, რომ ისლამის ჭეშმარიტებაში ეჭვი არ მეპარებოდა, ვხვდებოდი, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. მწამდა ალაჰის, მაგრამ ვერ ვხვდებოდი არასწორად რას ვაკეთებდი და ეს ყველაფერი მთრგუნავდა. მუდამ მაწუხებდა კითხვა თუ რატომ დამეხმარა მე, მუსლიმს ქრისტე? მე ხომ უკანასკნელი წინასწარმეტყველის – მუჰამედის მწამდა და ქრისტე რატომ მოვიდა ჩემს დასახმარებლად? დაახლოებით ორი კვირა გავატარე ასეთ ფიქრებში და საბოლოოდ მთლად დავიბენი.
ლოცვა
საკუთარ თავს ვუთხარი, რომ დავიწყებდი ლოცვას და მარხვას, შევთხოვდი ღმერთს ჩემთვის გზა ეჩვენებინა. ლოცვით და მარხვით, მთელი გულით ვეკითხებოდი ღმერთს: „რა გინდა, რომ გავაკეთო? რა გზით წავიდე?“
ორი კვირის განმავლობაში, ერთ ადგილას ვიჯექი, ვლოცულობდი და ვმარხულობდი. რაღაც მომენტში გაღიზიანებულმა საკუთარ თავს ვუთხარი: „შეწყვიტე! რას აკეთებ? შანსი არ გაქვს გაიგო რა უნდა მას“. მთელი ჩემი ცხოვრება ამაოდ გავატარე, საშინელებას მგვრიდა ის აზრი, რომ ღმერთმა, რომელსაც მთელი ჩემი სიცოცხლე შევწირე საბოლოოდ მიმატოვა! ეჭვის შეტანა ალაჰში და მისი წინასწარმეტყველის სიტყვებში ისლამში ყველაზე დიდ და მიუტევებელ ცოდვად ითვლება. სწორედ ეს ჩავიდინე მე… ისლამი ასწავლის, რომ ალაჰი არასდროს მიდის ადამიანთან და წესით ღმერთს უნდა გავენადგურებინე იმის გამო რაც ჩავიდინე. ავტირდი, რადგან არ მინდოდა სიკვდილი. ვიცოდი, რომ არანაირი შანსი არ მქონდა, ჩემი კამერის კუთხესთან მივვარდი და სასოწარკვეთილმა მთელი ხმით ვიყვირე: „ღმერთო, მაპატიე!“ ვტიროდი და უეცრად ვიგრძენი, რომ ღვთაებრივმა ძალამ აღავსო ჩემი კამერა და რომ ის ჩემს მხარს შეეხო და თქვა: „გპატიობ“. ამ მომენტში ფიზიკურადაც კი ვიგრძენი, რომ მაპატია. ვკითხე თუ ვინ იყო და მან მიპასუხა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“[1]. წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვები და ვინ იყო ის. „რა გქვია?’’ – ვკითხე მე, – „იესუ ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი“. – მიპასუხა მან. ამ სიტყვების მოსმენისთანავე ავტირდი.
მას შემდეგ 18 წელი გავიდა და ჯერ კიდევ ვერ ვივიწყებ მის სიყვარულს და მოწყალებას, რომელიც სასიცოცხლოდ მჭირდებოდა იმ დღეს, მე ხომ ასე ცხადად ვიგრძენი, რომ მან მე მაპატია. თავს მოტყუებულად ვგრძნობდი, რადგან ვისიც ადრე მწამდა ღმერთი არ იყო. ადრე მეუბნებოდნენ: „მოკალი ალაჰის სახელით!“ ხოლო იმ ღმერთს, რომელსაც შევხვდი ისეთი ვუყვარდი როგორიც ვიყავი, ჭეშმარიტი ღმერთი – სიყვარულია. ასე გავხდი ქრისტიანი. სპეციალურად გვერდისთვის თარგმნა: გიორგი გელაშვილმა
წყარო: pravoslavie.ru