10 ნოემბერს, „სტუდენტური მოძრაობამ“, რომელშიც გაერთიანებულია „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტთა სანიციატივო ჯგუფები, ჩაატარა საპროტესტო აქცია მოთხოვნით – „შეწყდეს რელიგიური გრძნობებისა და სიწმინდეების შეურაცხყოფა“, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია, რაც წლების განმავლობაში ხდება ილიას უნივერსიტეტში და არა მხოლოდ.
გთავაზობთ სტუდენტთა განცხადებას:
„ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პოლიტიკა არის იდეოლოგიის რანგში აყვანილი ქრისტიანული რელიგიური ღირებულებების ანტიპროპაგანდა, რისი ერთ-ერთი გამოვლინება არის რამდენიმე დღის წინ, უნივერსიტეტის სივრცეში გამოფენილი მართლმადიდებლური ხატის (დირბის მიდგომილი ღვთისმშობელი) დამახინჯებულად და შეურაცხმყოფელად წარმოჩენა.
მსგავსი ფაქტები როგორც აღვნიშნეთ არ ხდება პირველად და არც მხოლოდ ილიას უნივერსიტეტში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღვნიშნავთ ილიას უნივერსიტეტში მომხდარ მოვლენებს, წლების განმავლობაში ხდებოდა და ხდება სტუდენტების დისკრიმინირება მათი ქრისტიანული აღმსარებლობის ნიშნით.
დავიწყოთ იმით, რომ ლექტორთა გარკვეული ჯგუფი შეურაცხყოფს და დასცინის სტუდენტთა რელიგიურ შეხედულებებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს. ეს რომ არ არის კონკრეტულ ლექტორთა პირადი შეხედულებებისამებრ მოქმედება, ამაზე მეტყველებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან ქრისტიანული რელიგიური თემებით მუდმივი მანიპულირება. მაგალითისთვის გავიხსენოთ რამდენიმე გახმაურებული ფაქტი; 2010 წელს უნივერსიტეტის სივრცეში ჩატარებული წიგნის პრეზენტაცია, რომლის სახელითაც და შინაარსითაც ავტორმა და მისი პრეზენტაციით თავად უნივერსიტეტის ადმინისტრაციამაც დასცინა ქრისტიანულ სარწმუნოებას.
ასევე, 2014 წელს კონკრეტული ქრისტიანი სასულიერო პირისადმი გამოვლენილი დისკრიმინაცია, როცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ყურიც არ ათხოვა 5000-მდე სტუდენტის ხელმოწერით დადასტურებული მოთხოვნას სასულიერო პირის მოწვევასთან დაკავშირებით, რომელიც ჩაატარებდა სტუდენტებისთვის საინტერესო, თავისუფალი დასწრების რეჟიმში შეხვედრებს. რექტორატმა თითიდან გამოწოვილი არგუმენტებით უგულებელყო სტუდენთა მოთხოვნა.
რამდენიმე დღის წინ კი დირბის ღვთისმშობლის ხატის დამახინჯებულად და შეურაცმყოფელად შესრულებული ნახატის გამოსაფენად უნივერსიტეტმა გამოყო საუნივერსიტეტო სივრცე და ამით ასი ათასობით მორწმუნის რელიგიურ გრძნობები იქნა შეურაცხყოფილი.
მიგვაჩნია, რომ ხატის ასე შეურაცხმყოფელად გამოფენა არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც მაპროვოცირებელია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში დაპირისპირებისა. ამიტომაც მივმართავთ ხელისუფლებას, რათა იზრუნოს თავისი ქვეყნის მოქალაქეებზე რათა თავიდან იქნეს აცილებული რელიგიური დაპირისპირება.
საინიციატივო ჯგუფი – „სტუდენტური მოძრაობა“ მხარს უჭერს ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის“ ინიციატივას, რომ პროვოკაციები რელიგიურ გრძნობებზე მანიპულირებით, უნდა დასრულდეს კანონის ძალით. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ზემდგომ ორგანოებს საკანონმდებლო სივრცეში დაარეგულირონ ჯერ კიდევ 2013 წელს, დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორის, ბატონი ზვიად ტომარაძის მიერ შემუშავებული კანონპროექტი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“, რომ არ შეიზღუდოს ჩვენი უფლებები, კანონპროექტი შემუშავებულია ევროპული კანონმდებლობის გამოცდილებაზე დაყრდნობით. პროექტის თანახმად, რელიგიური მრწამსის საჯაროდ შელახვა დასჯადი ქმედება უნდა იყოს, როგორც ეს ხდება მოწინავე ევროპულ ქვეყნებშიც. სამწუხაროდ, არ მოხერხდა კანონპროექტის რეალიზაცია, გარკვეული გაუმართლებელი მიზეზების გამო. ვფიქრობთ, დღესდღეობით არსებული მდგომარეობის გამო, როცა ასე გახშირდა რელიგიური თემებით მანიპულირება და ადამიანთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, აუცილებელია, ზემოთ ხსენებული კანონპროექტის სისრულეში მოყვანა პარლამენტის მიერ.