You are currently viewing შეწყალება გარდაუვალია!

შეწყალება გარდაუვალია!

Download article eBook

  სიკვდილმისჯილთა შეწყალების კომისიის სხდომის მიყურადების ჩანაწერი
2074 წლის 1 სექტემბერი


 ფ ა ნ ტ ა ს ტ ი კ უ რ ი  მ ო თ ხ რ ო ბ ა


 წინათქმა

ამ ტექსტს ინტერნეტში წავაწყდი – სრულიად მოულოდნელად ამოყვინთა მონიტორის ეკრანზე… რა არის ეს – მისტიფიკაცია?.. მასხრობა?.. თუ?.. ვერ გეტყვით…
ინტერნეტი, მოგეხსენებათ, ვირტუალური ანუ ფაქტობრივი („VIRTUAL“ სწორედ “ფაქტობრივს” ნიშნავს ინგლისურად) განზომილებაა, ანუ იქ რაც გვხვდება, ერთი მხრივ, ნამდვილად არსებობს (ფაქტია და!), მეორე მხრივ კი, შეთხზული, არარეალური, უფრო სწორად კი, არამატერიალურია… ასე რომ, წინამდებარე ტექსტი მართლაც შეიძლება იყოს მისტიფიკაცია – თარიღი კი აზის დიდი ამბით: „2074 წლის 1 სექტემბერი“, მაგრამ მიდი და შეამოწმე, როდისაა დაწერილი!.. თუმცა არც ისაა გამორიცხული – რაღაც მანქანებით, დროთა კავშირის დარღვევისა თუ აღრევის გამო, 60 წლის შემდეგ დაწერილმა (თუ დასაწერმა!) ტექსტმა დღეს ამოყოს თავი ჩვენი მონიტორის ეკრანზე…
ასეთი შემთხვევები ბოლო დროს თურმე სულ უფრო ხშირადა ხდება…

. . .

კომისიის თავმჯდომარე – სიკვდილმისჯილთა შეწყალების კომისიის პირველ სხდომას განახლებული შემადგენლობით, გახსნილად ვაცხადებ. მდივანს ვთხოვ წარმოგვიდგინოს დღის წესრიგის პროექტი, რომელსაც კენჭს ვუყრით. კვორუმი არის?

მდივანი ქალი – კვორუმი არის. კომისიის პატივცემული თავმჯდომარე და სამი ახალი წევრი უფლებამოსილია კენჭი უყარონ პროექტს.

კომისიის თავმჯდომარე – წარმოგვიდგინეთ დღის წესრიგის პროექტი…

მდივანი ქალი – წარმოგიდგენთ დღის წესრიგის პროექტს, რომელიც შედგება ორი განსახილველი საკითხისაგან: „სიკვდილმისჯილთა კატეგორიებად დაყოფის კრიტერიუმთა შესაბამისობის გადახედვა, კორექტირება, შევსება, დამტკიცება“, და „იმ სიკვდილმისჯილთა საკითხი, რომლებიც უარს აცხადებენ შეწყალებაზე“.

კომისიის III წევრი – უარს აცხადებენ?.. კი მაგრამ, რატომ?!

კომისიის I წევრი – ავადმყოფები არიან?

კომისიის II წევრი – ავადმყოფები?.. სულით ავადმყოფები? ანუ არანორმალურები?

კომისიის I წევრი – დიახ, არანორმალურები. ანუ გიჟები, დარტყმულები, შეშლილები, შერეკილები, შექანებულებ…

კომისიის თავმჯდომარე (აწყვეტინებს) – საკმარისია!.. თქვენი აზრი გასაგებია… დიახ, სწორედ ეს უნდა განვსაზღვროთ დღეს… ანუ, რა სჭირთ ასეთი და რა ვუყოთ მომავალში…

კომისიის III წევრი – იქნებ ვაკუუმ-მუტანტები არიან?

კომისიის თავმჯდომარე (მდივანს) – სამედიცინო-საექსპერტო კომისიის დასკვნა მომზადებულია?

მდივანი ქალი – მომზადებულია. შემიძლია ახლავე წარმოგიდგინოთ.

კომისიის თავმჯდომარე – წარმოგვიდგინეთ!

მდივანი ქალი – წარმოგიდგენთ!

კომისიის თავმჯდომარე – ოღონდ მოკლედ! პარამეტრების მიხედვით!

მდივანი ქალი – პარამეტრების მიხედვით!

კომისიის III წევრი (აწყვეტინებს) – და რატომ ვიწყებთ მეორე საკითხით? პირველი ხომ შესაწყალებელი სიკვდილმისჯილების კატეგორიებად დაყოფის საკითხია?

კომისიის თავმჯდომარე – დღის წესრიგი ჩვენი დასამტკიცებელია. რომელი იქნება პირველი საკიხი და რომელი – მეორე, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ.

კომისიის III წევრი – მე მეგონა, რომ…

კომისიის თავმჯდომარე (აწყვეტინებს) – საკმარისია!.. ვაყენებ საკითხს კენჭისყრაზე! ვინ არის მომხრე, რომ პირველ ნომრად გამოვიტანოთ „შერეკილების“ საკითხი?

კომისიის III წევრი – „შერეკილების“? ასეთი ფორმულირება კატეგორიებში საერთოდ არ არის!.. მოვითხოვ, კატეგორიების გადახედვის საკითხით დავიწყოთ!

კომისიის I წევრი – სამაგიეროდ, არის კატეგორია „ფსიქიკურად დაავადებული“…

კომისიის II წევრი – „შეურაცხადიც“ ყოფილა! ეხლა ვიპოვე!

კომისიის III წევრი – ფორმულირება „ფსიქიკურად დაავადებული“, ჩემი აზრით, ბუნდოვანია და მეტისმეტად ზოგადი! მოვითხოვ დღის წესრიგის

პირველ ნომრად დავსვათ კატეგორიების გადახედვის საკითხი!

კომისიის თავმჯდომარე – რა არის აქ გაუგებარი თუ ბუნდოვანი?.. „ფსიქიკურად დაავადებული“ ანუ არანორმალური,..

კომისიის I წევრი (აგრძელებს) – გიჟი, დარტყმული, შეშ…

კომისიის თავმჯდომარე(აწყვეტინებს) – საკმარისია!.. მარტივად რომ ვთქვათ, არანორმალურია ადამიანი, რომელიც ვერ ანსხვავებს, რა არის კარგი და ცუდი პირადად მისთვის… გასაგებია?

კომისიის I წევრი – დიახ! სრულიად გასაგებია!

კომისიის II წევრი – ეს რა კარგად აგვიხსენით, ბატონო თავმჯდომარევ!

კომისიის თავმჯდომარე – დროს ვკარგავთ ტყუილად!. საკმარისია!.. ვატარებ კენჭისყრას!.. ვინ არის მომხრე, რომ პირველ ნომრად დავსვათ იმ სიკვდილმისჯილთა საკითხი, რომლებიც უარს აცხადებენ შეწყალებაზე? (მდივანს) ჩართეთ მენტალური კენჭისყრის რეჟიმი!

მდივანი ქალი – მენტალური კენჭისყრის რეჟიმი ჩართულია!

კომისიის თავმჯდომარე – აბა, ვნახოთ შედეგები… მაშ ასე, სამი მომხრე, ერთი – წინააღმდეგი… გასაგებია… გადაწყვეტილება მიღებულია! (მდივანს) თუ შეიძლება, წარმოგვიდგინეთ, ამ საკითხთან დაკავშირებით რა მასალებია მომზადებული… მხოლოდ სათაურები წაიკითხეთ.

მდივანი ქალი – მხოლოდ სათაურებს ვკითხულობ. დავიწყებ ზოგადი, საპროგრამო დოკუმენტებით: „სიკვდილმისჯილთა შეწყალების მსოფლიო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები“ (გაერო, 2070), „ევროაზიული ქარტია სიკდილმისჯილთა შეწყალების თაობაზე“ (ევროაზიული საპარლამენტო ასამბლეა, 2071), „შეწყალებაზე უარის მთქმელთა ფსიქოფიზიოლოგიურ-სომატური კვლევის შედეგები“ (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, 2072)… ახლა კი, უშუალოდ ჩვენთან მომზადებული დიკუმენტები: „თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში მცხოვრები „შუამელების“ ეთნოფსიქოლოფიური თავისებურებები“…

კომისიის III წევრი – „შუამელი“ რას ნიშნავს?

მდივანი ქალი – „შუამელი“ აბრევიატურაა: „შეწყალებაზე უარის მთქმელი“…

კომისიის თავმჯდომარე – განაგრძეთ!

მდივანი ქალი – ვაგრძელებ!.. ერთიღა დარჩა: „შუამელობა“ – მასობრივი ფსიქოზი თუ კარგად კონსპირირებული შეთქმულება?“

კომისიის თავმჯდომარე (მდივანს) – დაურიგეთ კომისიის წევრებს აღნიშნული დოკუმენტები!

მდივანი ქალი – ვურიგებ კომისიის წევრებს აღნიშნულ დოკუმენტებს!

კომისიის თავმჯდომარე – სამ წუთს გაძლევთ… მაშ ასე, გადახედეთ მასალებს?

კომისიის I წევრი – დიახ! სრულიად გასაგები, ამომწურავი, ყოვლისმომცველ…

კომისიის თავმჯდომარე (აწყვეტინებს) – საკმარისია!.. ახლა კი…

კომისიის III წევრი (აწყვეტინებს) – ერთი წუთით! დოკუმენტების გაცნობას დროს სჭირდება. ხომ არ შეიძლება, სხდომა რომ გადავდოთ? თუნდაც მხოლოდ ერთი დღით?

კომისიის თავმჯდომარე – გადავდოთ?.. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. დრო არ ითქმენს! საკითხის სიმწვავე და საერთო მდგომარეობის სიმძიმე გვაიძულებს გადაწყვეტილება უმოკლეს ხანში მივიღოთ!..

კომისიის III წევრი (ყოყმანით) – მაგრამ…

კომისიის თავმჯდომარე (აწყვეტინებს) – არავითარი მაგრამ!… თუმცა ჩვენ ეს გარემოებაც გავითვალისწინეთ და მოგიმზადეთ შემაჯამებელი დასკვნა, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სრულიად დასაბუთებული, მიზანშეწონილი გადაწეყვეტილება. (მდივანს) გააცანით დასკვნა!

მდივანი ქალი – ვაცნობ დასკვნას! “შეწყალებაზე უარის მთქმელთა კომპლექსური კვლევების შედეგებმა აჩვენა: ამ კატეგორიის მოსახლეობას ახასიათებს ალოგიკური, აკვიატებული ანუ მანიაკალური იდეები, თუმც კი „შუამელები“, ინტელექტუალური განვითარების თვალსაზრისით, ნორმის ფარგლებში არიან“.

კომისიის III წევრი – ეს როგორ გამოდის, ინტელექტუალურად ნორმაში არიან, ანუ ლოგიკურად აზროვნებენ, და თან აკვიატებული იდეები აქვთ?

კომისიის II წევრი – მივხვდი! შეურაცხადები არიან!

კომისიის I წევრი – არა, შეურაცხადი საერთოდ არ აზროვნებს ლოგიკურად, არ ფიქრობს, არ აანალიზ…

კომისიის თავმჯდომარე (აწყვეტინებს) – საკმარისია!.. სწორედ ეს უნდა განვსაზღვროთ დღეს, რა სჭირთ ასეთი უსაშველო ამ „შუამალებს“.. და რა ვუყოთ მომავალში… თუმცა შეურაცხადებიც რომ იყვნენ, მაინც ჰუმანურად უნდა მოვექცეთ! ჩვენ ხომ ყველაზე ჰუმანური ცივილიზაცია ვართ კაცობრიობის ისტორიაში!. ანუ, შეურაცხადიც ადამიანია!.. თუ არ უნდა რომ შევიწყალოთ, მაინც უნდა შევიწყალოთ!..

კომისიის II წევრი – ოქროს სიტყვებია! ოქროს!

კომისიის III წევრი – კი მაგრამ, უფრო ჰუმანური არ იქნება, შეწყალების გარეშე დავტოვოთ, თუ არ უნდათ, რომ შევიწყალოთ?.. არჩევანის თავისუფლება ხომ უპირველესი ჰუმანური პრინციპია!

კომისიის თავმჯდომარე – შეწყალება გარდაუვალია! ჩვენ ვერ დავტოვებთ სიკვდილმისჯილ ადამიანს შეწყალების გარეშე! მაინც შევიწყალებთ, უნდა თუ არა!

კომისიის III წევრი – თუ მაინც ყველა უნდა შევიწყალოთ, მაშინ სადაა პრობლემა, ვერ ვხვდები! შევიწყალოთ მასობრივად და მორჩა!

კომისიის თავმჯდომარე – ჩვენ გვსურს, თავად ითხოვონ შეწყალება, მაგრამ თუ ვერ ხვდებიან, რომ ეს მათ ინტერესებშია, უნდა დავარწმუნოთ…

კომისიის III წევრი – და თუ ვერ დავარწმუნებთ? არ ჯობია, იყვნენ თავისთვის?.. ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ!

კომისიის თავმჯდომარე – არავითარ შემთხვევაში! ჩვენი ჰუმანური ცივილიზაცია სიკვდილმისჯილ ადამიანს ვერ გაუშვებს ჯანდაბაში!.. თუ არ დათანხმდება შეწყალებაზე, გავუშვებთ მენტალურ დეზინტეგრატორში და მერე მაინც შევიწყალებთ!

კომისიის III წევრი (თავისთვის) – რა განსხვავებაა, ჯანდაბაში გაგიშვებენ თუ დეზინტეგრატორში…

კომისიის თავმჯდომარე – რა ბრძანეთ?

კომისიის III წევრი – არა, არაფერი…

კომისიის თავმჯდომარე – გირჩევთ, მთავარი სახელმწიფო პროგრამისტის ოფისს მიაკითხოთ… მენტალური რეფრეში არ გაწყენდათ, ახალგაზრდავ…

კომისიის II წევრი – ან სულაც, მენტალური რეპროგრამინგი!

კომისიის თავმჯდომარე – არა, ეს მეტისმეტი იქნებოდა… კარგი, დროს ნუ ვკარგავთ!.. წინადადება მაქვს, გავესუბროთ ამ კატეგორიის სუბიექტს და მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება! (მდივანს) შემოიყვანეთ შუამელ-სუბიექტი!

მდივანი ქალი – შემომყავს შუამელ-სუბიექტი!

კომისიის თავმჯდომარე – დაბრძანდით!

შუამელ-სუბიექტი – გმადლობთ.

კომისიის თავმჯდომარე – თქვენი პირადი ნომერი?

შუამელ-სუბიექტი – XL 19590412…

კომისიის თავმჯდომარე – კეთილი… იქსელს დაგიძახებთ

იქსელი – რაც გინდათ, ის დამიძახეთ… ჩემთვის სულერთია.

კომისიის თავმჯდომარე – ჩვენ თქვენი მგობრები ვართ, იქსელ, თქვენთვის კარგი გვსურს!

იქსელი (ირონიულად) – უპოზიტრონულესი მადლობა.

კომისიის თავმჯდომარე (ირონიას არ იმჩნევს) – მაშ, დავიწყოთ… იქსელ, იცით თუ არა, ვის წინაშე იმყოფებით?

იქსელი – ვიცი.

კომისიის II წევრი – თუ იცი, გვითხარი!.. შეურაცხადი თუ არ ხარ!

იქსელი – სიკვდილმისჯილთა შეწყალების კომისია ხართ, არა?

კომისიის თავმჯდომარე – დიახ… ის თუ იცით, რატომ გამოგიძახეთ?

იქსელი – ვხვდები…

კომისიის II წევრი – უპასუხე ბატონ თავმჯდომარეს! რას ხვდები?

იქსელი – ვხვდები იმას, რომ გაინტერესებთ, რატომ ვამბობ უარს ე.წ. „შეწყალებაზე“…

კომისიის თავმჯდომარე – რას ნიშნავს, „ე.წ.“?

იქსელი – იმას, რომ რაც ერთისთვის შეწყალებაა, მეორესთვის შეიძლება იყოს… წყევლა!

კომისიის თავმჯდომარე – რაო-რაო? წყევლაო?!

კომისიის II წევრი (აღშფოთებით) – როგორ ბედავთ!.. ეს ცილისწამებაა!

კომისიის I წევრი – დიახ, ეს ცილისწამებაა! ინსინუაციაა! მონაროშია! მონაჩმახ…

კომისიის თავმჯდომარე (აწყვეტინებს) – საკმარისია!.. სუბიექტო იქსელ! ჩვენ თქვენთვის სიკეთე გვსურს!.. სიკეთე!

იქსელი – რა არის სიკეთე?

კომისიის თავმჯდომარე – სიკეთე?.. სიკეთე ეს არის უსასრულო კმაყოფილება…

კომისიის II წევრი – როგორ ზუსტი განსაზღვრებაა! ოქროს სიტყვებია!

კომისიის I წევრი – დიახ, ზუსტი, ჩინებული, ბრძნული, ამომწურ…

კომისიის თავმჯდომარე (აწყვეტინებს) – საკმარისია!.. კიდევ, სიკეთე არის მარადიული სიამოვნება… ფიზიკური უკვდავება…

იქსელი – ფიზიკური უკვდავება? რის ხარჯზე?

კომისიის თავმჯდომარე – როგორ თუ რის ხარჯზე? ნანოტექნოლოგიური კიბერრევოლუციის ხარჯზე!

იქსელი – როდესაც ადამიანი იქცევა მექანიზმად… კიბორგად… რობოტად!

კომისიის თავმჯდომარე – რა სისულელეა!

კომისიის II წევრი – რა სიბნელეა!

კომისიის I წევრი – დიახ, სისულელეა! სიბნელეა! სიბრიყვეა! სიშლეგ…

კომისიის თავმჯდომარე (აწყვეტრინებს) – საკმარისია!.. თქვენ გგონიათ, ჩვენ რობოტები ვართ? დისტანციურად ვიმართებით?

იქსელი – პროგრამულად.

კომისიის III წევრი – არა, ჩვენ არა ვართ რობოტები! ყოველი ჩვენგანი ინდივიდუალური პიროვნებაა… განა ერთნაირები ვართ?.. ტვინში ვარიოსტატ-მოდულატორი მაქვს, ამიტომ არჩევანი ჩემზეა… ხოლო პოზიტრონული ბლოკი მაძლევს საშუალებას, უმარავი კომპიუტერული პროგრამა ისე გამოვიყენო, კომპიუტრეთან არც კი მივიდე…

იქსელი – რადგან კომპიუტერი თავში გაქვთ!

კომისიის III წევრი – მერე, ეს ხომ მშვენიერია! რამხელა უპირატესობას მაძლევს ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით! .. და რაც მთავარია, ჩემი პიროვნების ასლი-მატრიცა პოზიტრონულ ბლოკშია ჩაწერილი, დუბლირებული და მე პრაქტიკულად უკვდავი ვარ… რაღაც თუ მომივა ანდა რომელიმე ორგანო თუ დამიზანდება, შევიცვლი და გავაგრძელებ არსებობას… უსასარულოდ!

იქსელი – და ასე ნაწილ-ნაწილ იქცევით რობოტად!.. კიბერნეტიკულ ორგანიზმად!
კომისიის თავმჯდომარე (მენტორულად) – კიბერნეტიკულ ორგანიზმი, ანუ კიბორგი, ადამიანის ევოლუციის უმაღლესი საფეხურია! გარდაუვალი

საფეხური! ისევე გარდაუვალი, როგორ გარდაუვალია სიკვდილმისჯილის შეწყალება!

იქსელი – მე არ მჭირდება თქვენი შეწყალება… მე არ ვარ სიკვდილმისჯილი.

კომისიის II წევრი – რაო?!

კომისიის თავმჯდომარე – აბა, ვინა ხართ? ყველა ადამიანი სიკვდილმისჯილია, რადგან მოკვდავია!

იქსელი – სიკვდილი?.. სიკვდილი არ არსებობს…

კომისიის თავმჯდომარე – რას ნიშნავს, არ არსებობს?.. ხომ უნდა მოკვდეთ, ადრე თუ გვიან? ანუ შეწყვიტოთ ცხოველმყოფელობა?.. ესე იგი, არსებობს სიკვდილი! ესე იგი, ხართ სიკვდილმისჯილი! და, ესე იგი, ჩვენი ჰუმანური ვალია, შეგიწყალოთ, გინდა თუ არ გინდა… როცა ადამიანი მდინარეში იხრჩობა, ქეჩოში ხელს ჩაავლებენ ხოლმე და ნაპირზე ამოათრევენ, თუნდაც წინააღმდეგომას სწევდეს, ხელ-ფეხს იქნევდეს და უძალიანდებოდეს!

იქსელი – იქნებ მდინარეს მეორე ნაპირიც აქვს?.. საწინააღმდეგო?

კომისიის თავმჯდომარე – ნაპირი ნაპირია! მთავარია, გადაგარჩინოთ და ჩვენს ნაპირზე ამოგათრიოთ! სიკვდილს გადაგარჩინოთ!

იქსელი – იქნებ ადამიანში არსებობს რაღაც, რაც არ კვდება…

კომისიის თავმჯდომარე – არ არსებობს!.. სამყარო მატერიალურია, მორჩა და გათავდა!.. ხოლო რაზეც თქვენ ახლა იწყებთ ლაპარაკს, სუბიექტო, ეს კანონით აკრძალულია ჩვენს ჰუმანურსა და რაციონალურ ცივილიზაციაში, როგორ ცრურწმენისა და სიბნელის პროპაგანდა-აგიტაცია… თუ ასე გააგრძელებთ, მე იძულებული გავხდები ჩავრთო მიმართული მოქმედების აკუსტიკური ნეიტრალიზატორი და თქვენს ხმას ვეღარავინ გაიგებს…

იქსელი – მე მაინც ვიტყვი… თქვენ უყურებთ მდინარეს და ვერ ხედავთ დინებას, უყურებთ საათს და ვერ ხედავთ ჟამს, უყურებთ ვარსკვლავებს და ვერ ხედავთ შემოქმედ ღმ…
(იქსელის ხმა წყდება. ისმის ხმადაბალი ზუზუნი თუ წუილი)

კომისიის თავმჯდომარე – ხომ გაგაფრთხილეთ!..მე ვერ დავუშვებ სიბნელის ტირაჟირებას!.. ეს რა ფანატიზმია, მართლა და მართლა!
(ხანმოკლე პაუზის შემდეგ წუილი წყდება)

კომისიის თავმჯდომარე – იქსელ, ნეიტრალიზატორი გამოვრთე… მოდი, ახლა მთავარ კითხვაზე გვიპასუხეთ… ესე იგი, შეწყალებაზე საბოლოოდ ამბობთ უარს?

იქსელი – უარს ვამბობ.

კომისიის თავმჯდომარე – რატომ? შეიძლება აგვიხსნათ?

იქსელი – უკვე აგიხსენით.

კომისიის თავმჯდომარე – ვერ აგვიხსენით!.. ვერ გავიგეთ.

იქსელი – ვერც გაიგებთ. იმიტომ, რომ არ გინდათ, გაიგოთ… ლაპარაკს აზრი არა აქვს… დაპროგრამებულები ხართ… კიბორგები ხართ!

კომისიის II წევრი – შენ კიბორგი სალანძღავი სიტყვა ხომ არ გგონია, ბიჭო?!

კომისიის I წევრი – სალანძღავი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელ…

კომისიის თავმჯდომარე (აწყვეტინებს) – საკმარისია!.. კიბორგი რა, ადამიანი არაა?.. და ადამიანზე მეტიც?

იქსელი – ადამიანზე მეტია თუ ნაკლები, ამაზე ნუ ვიკამათებთ, აზრი არა აქვს…

კომისიის თავმჯდომარე – იქსელ, იცით თუ არა, რომ სიკვდილმისჯილი, რომელიც უარს აცხადებს შეწყალებაზე, ექვემდებარება მენტალურ დეზინტეგრაციას და ამ პროცედურის შემდეგ ხდება მისი შეწყალება?.. ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდიანრე?

კომისიის III წევრი – იქსელ, მეხსიერებას წაგიშლიან! გაქრები, როგორც პიროვნება!.. იქსელ, დაფიქრდი!

იქსელი (ჩუმად) – კიბორგად ქცევას, გაქრობა მირჩენია… სული უკ…
(იქსელის ხმა წყდება. ისმის ხმადაბალი ზუზუნი თუ წუილი)

კომისიის თავმჯდომარე – ხომ გაგაფრთხილეთ!.. ეეჰ, რა სამწუხარო სიბეცეა… მომაკვდინებელი სიბეცე!.. ფანატიზმი!

კომისიის I წევრი – დიახ, ფანატიზმი, სიბეცე, სიბნელე, სიკერპ…

კომისიის თავმჯდომარე – საკმარისია! … (წუილი წყდება) იქსელ, ახალგაზრდა კაცი ხართ, მთელი ცხოვრება წინა გაქვთ, უკვდავება გელით, თქვენ კი… დაფიქრდით!.. ბოლო შანსს გაძლევთ!

იქსელი (დაღლილი ხმით) – არა, არა, მე ჩემს პიროვნებას ვერ დავთმობ…

კომისიის III წევრი – იქსელ, გაიგეთ, თქვენს ნამდვილ პიროვნებას ახლა შეიძენთ! უმარტივესი ოპერაციის შემდეგ, როცა ტვინში პოზიტრონულ ემიტერს ჩაგიდგამენ და მსოფლიოს ერთიანი ქსელური არსების, ანუ სუპერგონის ორგანული ნაწილი და სრულუფლებიანი წევრი გახდებით!.. ჰუმანური, რაციონალური ცივილიზაციის წევრი! თქვენთვის ახალი, შესანიშნავი ცხოვრება დაიწყება!

იქსელი (ჩუმად) – არა. არ მინდა… არა.

კომისიის თავმჯდომარე (მდივანს) – გაიყვანეთ სუბიექტი!.. ეეჰ, ამ ფანატიკოსებს არაფერი ეშველებათ… მაგრამ გახსოვდეთ, შეწყალება გარდაუვალია!

მდივანი ქალი – სუბიექტი გაყვანილია.

კომისიის თავმჯდომარე – კომისიის პატივცემულო წევრებო, როგორც ვნახეთ და დავრწმუნდით, სუბიექტი XL19590412 უიმედოა… ასევე უიმედოა ყველა დანარჩენი, ვინც დღევანდელ დღემდე შეწყალებაზე უარს აცხადებს…

კომისიის III წევრი – საიდან იცით?

კომისიის თავმჯდომარე – ვიცით, ვიცით… როგორ გგონიათ, რატომ ავირჩიეთ სასაუბროდ მაინცდამაინც ეს სუბიექტი?

კომისიის III წევრი – ალბათ, შემთხვევით… რანდომიზაციის პრინციპით…

კომისიის თავმჯდომარე – როგორ გეკადრებათ!.. ეს კონკრეტული სუბიექტი შევარჩიეთ იმიტომ, რომ იგი ბრძანდება საშუალო სტატისტიკური ერთეული იმ სიმრავლისა, რომელსაც პირობითად „შუამელთა თემს“ ვუწოდებთ.

კომისიის III წევრი – რას ნიშნავს “საშუალო სტატისტიკური ერთეული”?

კომისიის თავმჯდომარე – იგი ყველა პარამეტრით საშუალო, ანუ ტიპური წარმომადგენელია ამ კატეგორიის სუბიექტებისა… მაგრამ მთავარი ეს არაა… მთავარია, გავარკვიოთ, ვინ არის მენტალური დეზინტეგრაციის მომხრე?

კომისიის III წევრი – იქსელის თუ მთელი თემის?

კომისიის თავმჯდომარე – ყველასი… ეგენი ყველანი ერთნაირები არიან.

კომისიის II წევრი – ფანატიკოსები! ყველა ღირსია დეზინტეგრაციის!

კომისიის I წევრი – დიახ! ფანატიკოსები! ბნელები! შერეკილები! შექანებ…

კომისიის თავმჯდომარე (აწყვეტინებს) – საკმარისია!.. მასობრივი დეზინტეგრაცია ერთადერი გამოსავალია… რასაც შემდეგ მასობრივი შეწყალება მოჰყვება… ოღონდ თავისი თავი აღარ ემახსოვრებათ, ხელახლა შეიქმნებიან პიროვნებებად… ჯანსაღ, რაციონალურ, ჰუმანურ პიროვნებებად… და იქნებიან მარად კმაყოფილები… უკვდავები!

კომისიის II წევრი – რა ჰუმანურია ჩვენი ცივილიზაცია! რა ბედნიერებაა, როცა ყველას იწყალებ, იმ უგუნურსაც კი, ვისაც არ უნდა შეწყალება!

კომისიის III წევრი – ერთი წითით!.. მე პროტესტს ვაცხადებ!.. მოვითხოვ, ყველას გავესაუბროთ!

კომისიის თავმჯდომარე – რაო?! რა თქვით?!.. როგორ გავესაუბროთ ყველას?! ცალ-ცალკე?!

კომისიის III წევრი – დიახ, ცალ-ცალკე! მასობრივი დეზინტეგრაცია დაუშვებელია! სათითაოდ უნდა დაველაპარაკოთ!.. დავარწმუნოთ!

კომისიის თავმჯდომარე – და რამდენი წელი დაგვჭირდება საამისოდ, არ ფიქრობთ? იცით, რამდენნი არიან ამ იქსელის მსგავსი შერეკილები?

კომისიის III წევრი – რამდენიც უნდა იყვნენ, დაველაპარაკოთ! დავარწმუნოთ, ავუხსნათ!… ჩვენ ხომ ყველაზე ჰუმანური ცივილიზაცია ვართ?!

კომისიის თავმჯდომარე – მმ… კარგი, კარგი, ნუ ღელავთ… მოდი, გადავდოთ საკითხის გადაწყვეტა… ხვალ შევიკრიბოთ და განვაგრძოთ მსჯელობა… ასე აჯობებს.

კომისიის II წევრი – ნამდვილად ბრძნული გადაწყვტილებაა! თანახმა ვარ!

კომისიის I წევრი – ბრძნული, გენიალური, წინდახედ…

კომისიის თავმჯდომარე (აწყვეტინებს) – საკმარისია!.. მაშ, ხვალამდე, ბატონებო!

კომისიის I წევრი – ნახვამდის, ბატონო თავმჯდომარევ!

კომისიის II წევრი – დროებით, კარგად ბრძანდებოდეთ!

კომისიის თავმჯდომარე -კარგად, კარგად… უჰჰ, როგორ დავიღალე, როგორ მომიშალეს ნერვები… (მდივანს) ძვირფასო, იცი, ამ ღამით რა მოხდება?.. ამ ღამით ჩვენი კომისიის ერთი წევრის მენტალური ჯანმრთელობა უეცრად და მკვეთრად გაუარესდება… აუცილებელი გახდება პროგრამული პაკეტის სასწრაფო და გადაუდებელი რეინსტალაცია…

მდივანი ქალი – აუცილებელი გახდება პროგრამული პაკეტის სასწრაფო და გადაუდებელი რეინსტალაცია… გასაგებია… არის!.. ეს წამია გავაგზავნე ოფიციალური დახურული შეტყობინება სასწრაფო პროგრამული დახმარების ცენტრში.

კომისიის თავმჯდომარე – კეთილი, კეთილი… ისე, ვარიოსტატ-მოდულატორი აშკარად მოითხოვს დახვეწას… თავისუფალი არჩევანი კარგია და აუცილებელი, მაგრამ გონივრულობის ფარგლებში… ჰო, მართლა, არ დაგავიწყდეთ, სარეზერვო შემადგენლობიდან კომისიის ახალი წევრის გამოძახება… შეწყალების პროცესი არ უნდა შეფერხდეს, ჩვენ ხომ ყველაზე ჰუმანური ცივილიზაცია ვართ ამქვეყნად!.. გახსოვდეთ, შეწყალება გარდაუვალია!.. ახლა კი დაისვენე, ძვირფასო!
(ისმის ტკაცუნი – გამომრთველის გადაბრუნების ხმა)

აუდიო ჩანაწერი გაშიფრა და ტექსტი მოამზადა მორიგე ხოჭო-მიმყურადებელმა TRKN111697VAU