2016 წლის 15-17 მაისს საქართველო მასპინძლობს ოჯახის სიმტკიცისა და ტრადიციების დაცვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებას, რიგით მე-10 მსოფლიო საოჯახო კონგრესს. საქართველოში კონგრესის პარტნიორია „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“.
მსოფლიო საოჯახო კონგრესი მსოფლიოს უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა აშშ-ში 1997 წელს და აერთიანებს, 80 ქვეყნის 200-ზე მეტ ოჯახური ღირებულებების დამცველ ორგანიზაციასა და ასოციაციას, სულ მოიცავს დაახლოებით 50 მილიონამდე ადამიანს.1997 წლიდან დღემდე ცხრა საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა: პრაღაში (1997), ჟენევაში (1999), მეხიკოში (2004), ვარშავაში (2007), ამსტერდამში (2009), მადრიდში (2012), სიდნეიში (2013), სოლტ ლეიქ სითიში (იუტას შტატი, აშშ, 2015). კონგრესის მხარდამჭერები არიან აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი, აშშ კონგრესის წევრები, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მექსიკის პირველი ლედი მარტა ფოქსი, ესპანეთის განათლების მინისტრი ხოსე იგნასიო უერტი, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი კევინ ენდრიუსი, ევროპარლამენტარები ლუკა ვოლონტე, ანა ზაბორსკა, პორტუგალიის სამეფო სახლის მეთაური – ბრაგანზას მთავარი დომ დუარტე პიო და სხვები. საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის მხარდაჭერით 2014-2015 წლებში თბილისში ორჯერ ჩატარდა მსოფლიო საოჯახო კონგრესის რეგიონული კონფერენცია.
16 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა მსოფლიო მეათე საოჯახო კონგრესის მთავარი პლენარული სხდომა: „ცივილიზაცის გზაჯვარედინზე: ოჯახი – თავისუფლების და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი“. საუკეთესო სპიკერებთან ერთად სიტყვით გამოვიდა, სტუმრებს, ორგანიზაციის წევრებსა და მათი საქმიანობა დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-მ.
„თქვენო აღმატებულებავ, კონგრესის პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ მეათე საერთაშორისო ოჯახის კონგრესის თავმჯდომარევ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ქალბატონებო და ბატონებო, გულითადად მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით და პირადად ჩემი სახელით. კაცობრიობა დღეს დგას მრავალი პრობლემის წინაშე, გადადგმულია უზარმაზარი ნაბიჯები მეცნიერებაში, ტექნიკაში, მაგრამ ამავე დროს გადადგმულია ბევრი დიდი ნაბიჯი უკან, ზნეობაში. კონგრესი ოჯახის შესახებ ეს არის მნიშვნელოვანი მოპოვება კაცობრიობისა, ე.ი დღეს ერთ-ერთი მძიმე პრობლემა დგას წინაშე კაცობრიობისა, როგორც ამბობს ერთ-ერთი ინდური ლექსი: „დაცარიელდა სიყვარულის დარბაზი“. მართლაც დეფიციტია სიყვარულისა და ოჯახმა დაკარგა ის თავისი მნიშვნელობა, რომელიც უნდა ჰქონდეს მას. ოჯახი არის ღვთის მიერ დადგენილი ინსტიტუტი და ოჯახი არის ფუძე კაცობრიობის არსებობისა, სახელმწიფოს კეთილდღეობისა და სიმტკიცისა.
ოჯახი ეს არ არის შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცისა და ქალისა, ეს არის კანონიერი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის და ამას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. ეს არ უნდა დაკარგოს კაცობრიობამ. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, მეათე ყრილობის წევრებს, მონაწილეებს და გისურვებთ დიდ წარმატებებს თქვენს მოღვაწეობაში, მადლობთ“, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.