ავტონომია და მისი გამოცხადების წესი
მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა და წმინდა კრებამ შეისწავლა მე-5 პროსინოდალურ საყოველთაომართლმადიდებლურ შეკრებაზე (შამბეზი, 10-17 ოქტომბერი, 2015) განხილული და მის წინაშე წარდგენილი დოკუმენტი”ავტონომია და მისი გამოცხადების წესი” და მოიწონა იგი უმნიშვნელო შესწორებებით, რაც მოცემულია ქვემოთ წარმოდგენილ რედაქციაში.
დოკუმენტის მიხედვით, სინოდის მიერ განხილული საკითხები ეხება:
ა) ავტონომიის ინსტიტუტის შინაარსის და სხვადასხვაგვარი ფორმის გაგებას. ბ) წინაპირობებს, რომლის საფუძველზეც ადგილობრივმა ეკლესიამ შეიძლება მოითხოვოს ავტონომია ავტოკეფალიური ეკლესიისაგან, რომელსაც ის ექვემდებარება. გ) ავტოკეფალიური ეკლესიის ექსკლუზიურ კომპეტენციას, წარმართოს და დაასრულოს თავისი კანონიკური იურისდიქციის ნაწილისთვის ავტონომიის მინიჭების პროცედურა, იმის გათვალისწინებით, ავტონომიური ეკლესიები არ ფუძნდება მართლმადიდებლური დიასპორის ტერიტორიაზე, და, ასევე, დ) თუ როგორ აისახება აღნიშნული საეკლესიო პროცედურის შედეგები ავტონომიურად გამოცხადებული ეკლესიის ურთიერთობებზე როგორც იმ ავტოკეფალიურ ეკლესიასთან, რომელსაც იგი მიეკუთვნება, ისე სხვა ავტოკეფალიურ ეკლესიებთან.
1. ავტონომიის ინსტიტუტი გამოხატავს ეკლესიის ერთი კონკრეტული ოლქის შედარებით ან ნაწილობრივ დამოუკიდებლობას კანონიკური სახით იმ ავტოკეფალიური ეკლესიის კანონიკური იურისდიქციისაგან, რომელსაც იგი მიეკუთვნება.
ა) აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენებისას საეკლესიო პრაქტიკაში ჩამოყალიბდა ავტონომიური ეკლესიის დამოკიდებულების განსხვავებული ხარისხები იმ ავტოკეფალიურ ეკლესიაზე, რომელსაც იგი კანონიკურად მიეკუთვნება.
ბ) ავტონომიური ეკლესიის მეთაურის არჩევას ამტკიცებს ან ახორციელებს კომპეტენტური საეკლესიო ორგანო იმ ავტოკეფალიური ეკლესიისა, რომლის წინამძღოლსაც იგი იხსენიებს და რომელთანაც იმყოფება კანონიკურ დამოკიდებულებაში.
გ) საეკლესიო პრაქტიკაში არსებობს ავტონომიის ინსტიტუტის გამოყნების სხვადასხვა ფორმა, რომელსაც განსაზღვრავს ავტონომიური ეკლესიის ავტოკეფალიურზე დამოკიდებულების ხარისხი.
დ) ავტონომიის ზოგიერთი სახე გულისხმობს ავტონომიური ეკლესიის დამოკიდებულების ხარისხის განსაზღვრას მისი მეთაურის ავტოკეფალიური ეკლესიის წმინდა სინოდში მონაწილეობითაც. 2. ეკლესიის რომელიმე ნაწილისათვის ავტონომიის მინიჭების პროცესის ინიცირება და დასრულება შედის იმ ავტოკეფალიური ეკლესიის კანონიკურ იურისდიქციაში, რომელსაც მიეკუთვნება ეკლესია, რომელიც უნდა გამოცხადდეს ავტონომიურად. ამგვარად:
ა) თუ ადგილობრივ ეკლესიას, რომელიც ავტონომიას ითხოვს, აქვს აუცილებელი საეკლესიო და სამოძღვრო წინაპირობები, იგი მიმართავს ავტოკეფალიურ ეკლესიას, რომელსაც მიეკუთვნება, შესაბამისი თხოვნით, რომელშიც განმარტავს იმ სერიოზულ მიზეზებს, რითაც ნაკარნახევია ამ თხოვნის აღძვრა.
ბ) ასეთი თხოვნის მიღების შემდეგ ავტოკეფალიური ეკლესია სინოდალურ კრებაზე აფასებს მისი აღძვრის წინაპირობებსა და მიზეზებს და იღებს ავტონომიის მინიჭების ან არმინიჭების გადაწყვეტილებას. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, იგი გამოსცემს შესაბამის ტომოსს, რომელიც განსაზღვრავს ავტონომიური ეკლესიის გეოგრაფიულ საზღვრებსა და ურთიერთობებს ავტოკეფალიურ ეკლესიასთან, რომელსაც იგი მიეკუთვნება, საეკლესიო გარდამოცემით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.
გ) ავტოკეფალიური ეკლესიის წინამძღოლი ეკლესიის ავტონომიურად გამოცხადების შესახებ აცნობებს მსოფლიო საპატრიარქოსა და დანარჩენ ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიებს.
დ) ავტონომიური ეკლესია მართლმადიდებელთაშორის, ქრისტიანთაშორის და რელიგიათაშორის ურთიერთობებში წარმოდგენილია იმ ავტოკეფალიური ეკლესიით, რომლისგანაც მიენიჭა ავტონომია.
ე) ნებისმიერ ავტოკეფალიურ ეკლესიას ავტონომიის სტატუსის მინიჭება შეუძლია მხოლოდ საკუთარი კანონიკური გეოგრაფიული ოლქის ფარგლებში. მართლმადიდებლური დიასპორის ტერიტორიაზე არ ხდება ავტონომიური ეკლესიების დაარსება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საერთომართლმადიდებლური კონსესუსი, რომელსაც უზრუნველყოფს მსოფლიო პატრიარქი, მიღებული საერთომართლმადიდებლური პროცედურის თანახმად.
ვ) იმ შემთხვევაში, თუკი ერთსა და იმავე გეოგრაფიულ საეკლესიო ოლქს ერთდროულად ორი ავტოკეფალიური ეკლესია მიანიჭებს ავტონომიის სტატუსს, რაც შედეგად წარმოშობს უთანხმოებას აღნიშნულ ავტონომიებზე, მონაწილე მხარეები ერთად ან ცალ-ცალკე მიმართავენ მსოფლიო პატრიარქს, რათა მან გამონახოს საკითხის მოგვარების კანონიკური გზები არსებული საერთომართლმადიდებლური წესების თანახმად. 3. შედეგები, რომლებიც მოჰყვება ავტონომიის გამოცხადებას და ეხება ავტონომიური ეკლესიის ავტოკეფალიურ ეკლესიასთან ურთიერთობებს, ასეთია:
ა) ავტონომიური ეკლესიის მეთაური იხსენიებს მხოლოდ ავტოკეფალიური ეკლესიის წინამძღოლს.
ბ) ავტონომიური ეკლესიის მეთაურის სახელი არ იწერება დიპტიქებში.
გ) ავტონომიური ეკლესია წმინდა მირონს იღებს ავტოკეფალიური ეკლესიისგან.
დ) ავტონომიური ეკლესიის ეპისკოპოსების არჩევა და დადგენა ხდება მისი უფლე-ბამოსილი საეკლესიო ორგანოს მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ყოვლად შეუძლებელია ავტონომიური ეკლესიისათვის, იგი დახმარებას იღებს ავტოეკფალიური ეკლესიისაგან, რომელსაც მიეკუთვნება.
წყარო: patriarchate.ge