You are currently viewing «კურთხევაა იცოდე გზა» (I ნაწილი)

«კურთხევაა იცოდე გზა» (I ნაწილი)

Download article eBook

    წიგნიდან: „ღმერთი როგორიც არის“ 

 

 I თავი – «სიკვდილის ცოდნის (ხსოვნის) მადლი»
ΙΙ თავი – «ღვთისმოშიშების შესახებ»
ΙII თავი – «სინანულისა და აღსარების შესახებ»
IV თავი – «აღსარებისა და სულიერი ბრძოლის შესახებ»
V თავი – «სულიერი მგლოვარების შესახებ»
VI თავი – «შეურყეველის ძიებაში გამოვლენილი მერყეობები»

  თავი VII
„კურთხევაა იცოდე გზა“ ( I ნაწილი)

ათონზე მისვლისთანავე ერთ მეუდაბნოეს ვთხოვე, ლოცვის შესახებ ესაუბრა. მან ჩემი თხოვნა დიდ ლოცვით დაინტერესებად მიიჩნია: – ჩვენ მხოლოდ იმის შესახებ შეგვიძლია ვისაუბროთ, რაც ჩვენი სიმაღლის ფარგლებშია, ხოლო საუბარი ისეთ საკითხებზე, რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება, ფუჭსიტყვაობა იქნებოდაო. უხერხულობა ვიგრძენი, მაგრამ მაინც გავბედე: – მე კი მართლაც უფრო სრულყოფილის, ანუ იმის შესახებ მინდა ვიცოდე, რასაც თვითონ ვერ ვწვდები. მაგრამ იმის გამო კი არა, რომ ჩემი თავი მეტის ღირსი მგონია, არამედ იმიტომ, რომ აუცილებლად მიმაჩნია გზის მანათობელ ვარსკვლავს ვხედავდე, რათა შემეძლოს, ჩემი გზის სისწორეს ვამოწმებდე. ძველად მეზღვაურები შორეულ ვარსკვლავს ირჩევდნენ სანიშნედ; მე კი სულისთვის მინდა მქონდეს, თუნდაც ძალიან მაღალი, მაგრამ მაინც ჭეშმარიტი საზომი, რათა იმ მცირედით არ დავკმაყოფილდე, რაც აქამდე მაქვს შეცნობილი-მეთქი. წმინდა მამა დამეთანხმა – არა მხოლოდ დასაშვებია, არამედ საჭიროც არის ადამიანი ასე ფიქრობდესო.

მე მუდამ მტანჯავდა სურვილი, გამეგო:
რისთვის გავჩნდი ამ სამყაროში, საით მივდივართ ადამიანები, ბოლოს და ბოლოს, სად მთავრდება ჩვენი გზა?.. ყოველივე ამის პასუხის უცოდინარობა საშინელება და დაუსრულებელი ტანჯვაა. ძიების საგანი – დიდია, მაგრამ იმის გაფიქრებაც, რომ ძიების საგანი სრულიად მიუწვდომელია, ყოველგვარ შთაგონებასა და იმედს მაკარგვინებდა. ვფიქრობდი, – ეგებ ჯობდა, საერთოდ არ დავბადებულიყავი-მეთქი. გარეგნულად მშვიდად გამოვიყურებოდი, მაგრამ შინაგანი შფოთი არ მასვენებდა. არაქრისტიანულ ძიებებსაც კი ვერ გავექეცი, მაგრამ ის გამოცდილება სრული უკუნი იყო. როდესაც ექსპერიმენტები მივატოვე და მოვბრუნდი, ქრისტე შემეგება – უფალმა მითხრა: „ნუ გეშინია, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა” (იოან. 16:33). და კიდევ: „სასუფეველი ცათაი იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი” (მათ. 11:12). მაცხოვრის ამ სიტყვებმა ჩემს გულში ულევი შთაგონების ძალა დაამკვიდრა. სიძნელეების ძალიან არ მეშინოდა და იმ სიგიჟის შინაარს ვგრძნობდი, რომლის მიხედვითაც უნდა მემოქმედა და სოფელი მეძლია. ვიგრძენი, რომ „ის არის გზა”, გადავწყვიტე, ქრისტეს გამარჯვება ჩემად მექცია. ყოველი ჩვენგანი ამისთვის უნდა იყოს მოწოდებული, და შესაძლოა, გარკვეულ მომენტში ჩვენ წინაშე დადგეს ამოცანა – სოფელს ერთპიროვნულადაც კი დავუპირისპირდეთ. განა არ მიატოვა ქრისტე ყველამ (იოან. 16:32[1]), თვით მამამაც კი? (მათ. 27:46[2]). მალე ქრისტეს სწავლების უჩვეულობაც განმიცხადდა. ერთი მხრივ, ჩემს არარაობას ტკივილამდე განვიცდიდი; მეორე მხრივ, მე – ეს არარაობა, დაუსაბამოსკენ მივისწრაფოდი. ვგრძნობდი, რომ უფლისადმი ლოცვას მტკიცედ ეპყრა ჩემი ღვთისმაძიებელი – აბსოლუტს მიპყრობილი სული, ოღონდ არა ფილოსოფიურად და განყენებულად, როგორც ეს ადრე ხდებოდა, არამედ სული, რომელიც ახლა უკვე ცოცხალი და პიროვნული იყო. მე უკვე არა მხოლოდ ცნობად ვიღებდი, არამედ გასაგები ხდებოდა, რომ უფალი ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემდეგ „ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯუენით მამისა”, მე ვაცნობიერებდი, რომ ქრისტეშია სრული შესაქმე და რომ ჩვენი გზა იესოა.prednaznachenie-cheloveka

ნათქვამია: „გეწოდოს სახელი შენი ღმრთისა მიერ უკუნისადმე, მშვიდობა სიმართლისა და დიდებაი ღმრთისმსახურებისა. აღდეგ, იერუსალემ, და დადეგ მაღალსა ზედა” (ბარუქი. 4:4-5[3]). ჩვენ კი, ქრისტიანები, ღვთის მიერ მრავალგზის მეტად ვართ კურთხეულნი, ვიდრე ყველა წინასწარმეტყველი და მართალი, რომელიც ქრისტეს მოსვლამდე ცხოვრობდა დედამიწაზე. როდესაც ამ ჭეშმარიტებას ჩავწვდებით, მადლიერად შევღაღადებთ: „ნეტარ ვართ ჩვენ, ქრისტიანთა კურთხეულო მოდგმავ, ახალო ისრაელო, რადგან ღმერთმა თავად ინება ჩვენთან შეერთება იმდენად, რომ ის და „ჩუენ ერთ ვართ” (შეად. იოან. 17:21-23[4]).

ზუსტად ამას ამოწმებს თავად უფალი, როდესაც ბრძანებს: „… თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის. ამენ გეტყვი თქუენ, რამეთუ მრავალთა წინასწარმეტყუელთა და მართალთა გული-უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და არა ესმა” (მათ. 13:16-17[5]). მოციქული პეტრე წერდა: „რომელთა-იგი გამოეცხადა, რამეთუ არა თავთა თვისთა, არამედ თქუენ გმსახურებდეს მას, რომელ-ესე აწ მიგეთხრა თქუენ მახარებელთა მათ თქუენთა მიერ სულითა წმიდითა მოვლინებულითა ზეცით, რომლისათვის გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად” (1 პეტ. 1:12[6]). ხოლო პავლე მოციქული ამტკიცებდა, რომ მოციქულებს ქრისტეს საიდუმლოებათა შეცნობის ნიჭი სულიწმიდათი მიეცათ – „… ნათესავსა სხუასა არა გამოეცხადა ძეთა კაცთასა, ვითარ-ესე აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინაწარმეტყუელთა სულითა წმიდითა” (ეფ. 3:5[7]; იმისათვის, რათა მომხდარიყო ყოველი ხალხის „ხარებად გამოუკულეველი იგი სიმდიდრე ქრისტესი” (ეფ. 3:8[8]). ისევე, როგორც მოციქული პეტრე, მოციქული პავლეც მიუთითებს ამ საიდუმლოს ისეთ უსაზღვრო სიღრმეებზე, რომელიც ზეციურ უხორცო გონთათვის: უფლებათა და ძალთათვისაც კი, მხოლოდ ეკლესიის მეშვეობით არის მისაწვდომი: რადგან ჩვენი რწმენით გვაქვს, რწმუნება და საიმედო წვდომა ჩვენ უფალ იესო ქრისტეში (შეად. ებრ. 12:22-24[9]): „ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი, რამეთუ ღმერთმან ჩუენთვის უმჯობესი წინასწარ განიგულა, რაითა არა თვინიერ ჩუენსა სრულ იქმნენ” (ებრ. 11:39-40).


ჩვენი ლტოლვა უმაღლესი სიკეთისაკენ, ბუნებრივია, მაგრამ ჩვენთვის გზა ჩვენი ცოდვების ქვესკნელში ჩაძირვიდან იწყება. მონანიე მოციქულმა პავლემ ქრისტეს შესახებ თქვა: „ხოლო „აღსლვაი იგი” რაი-მე არს, არა თუ ესე, რამეთუ შთახდა იგი პირველად ქუესკნელთა ქუეყანისათაი რომელი გარდამოხდა, იგივე არს, რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა, რაითა აღავსნეს ყოველნი” (ეფ. 4:9-10[10]). დაცემის შემდეგ ჩვენი გზაც სწორედ ასეთია.

ჩვენს ცნობიერებაში ჯოჯოხეთამდე ვეშვებით, რადგან იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ წინაშე მარადიული ადამიანის ხატი წარმოდგება, ჩვენივე დაცემულობის განცდა ჩვენთვის უფრო მეტად მწვავდება და ამ დროს, დიდი მჭმუნვარება გვეუფლება. სულიერი განცდები, რომლებზეც დრო არ მოქმედებს, ყოველგვარ ფიზიკურ სნეულებაზე მძიმეა. ასეთ განცდებში ზეციური დახმარება მხოლოდ უკიდურესად დაძაბული ლოცვით მოიღვაწება. ღმერთს ჩამოშორებული ვნებას დამონებულები სამშვინველის შიგნიდან უფალს უნდა ვევედრებოდეთ: „მოდი და დამიხსენი სიკვდილის ტყვეობიდან… მოდი და ჩემგან ყოველგვარი ბოროტება გააგარევე… მოდი და თავად შენ დაამკვიდრე ჩემში შენთვის სასურველი: რადგან მე რაიმე სიკეთის ქმნად უძლური ვარ: მე ტყვე ვარ საძაგელი ჯურღმულისა”.d02788e9b26a17859cf04c

ბოროტებასაც და სიბნელესაც სხვაგვარად ამპარტავნება ჰქვია. უფალმა თავისი ქადაგება იქ – იმ მიწაზე დაიწყო, სადაც სინანულის მოწოდება ისმოდა. ბერძნული სიტყვა – μετάνοια – ჩვენი ცხოვრებისადმი გონივრულ მიდგომაში რადიკალური ცვლილების შეტანას გულისხმობს, ეს არის ძველი მსოფლმხედველობიდან იკონოგრაფიული პერსპექტივით – „უკუქცევით” (სადაც ზოგიერთი წინა პლანზე გამოხატული სახეები ან საგნები, მათ უკან მყოფზე გაცილებით მცირე ზომისაა; რადგან ხატზე მთავარი ყოველთვის დიდად არის გამოსახული (რ. ჩ.)): მორჩილებასა და თვინიერებაში უფალს მიახლება; რადგან უკუნ სიბნელემდე სწორედ ამპარტავნებამ და სიამაყემ მიგვიყვანა. ასე იწყება ჩვენი სინანული, რომელსაც მიწიერ ცხოვრებაში არა აქვს ბოლო: დასასრული ზეცად ამაღლებულ ქრისტე-ღმერთს მიმსგავსება და სრულყოფილ მორჩილებაში – ჩვენი განღმრთობის აღსრულებაა.

როდესაც ღმერთი გვიხმობს, მაშინ მწარედ მონანული ლოცვა ყოვლისმშთანთქმელი ხდება. გონსა და გულში ღვთის წმიდათა წმიდას მიკვლევის წყურვილის გარდა აღარაფერი რჩება და მოულოდნელად სასწაული ხდება: მოდის ის, რაზეც არ გიფიქრია, რაც არ გსმენია, რაც შენს გულშიც კი არასოდეს აღძრულა: ჩვენი ბნელეთის სიღრმე უქმნელი მზის სხივით ნათდება, როგორც დაწერილია: „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა” (1 კორ. 2:9). ასეთი მზის ნათელის შესახებ შეიძლება კი რაიმე ითქვას? ის, უქმნელი ნათელი, გულს აცხრობს და აამებს; ახლის ჭვრეტით გონს განასწავლებს და აქამდე მომაკვდავი გული უხრწნელ ცხოვრებას ეზიარება.

ღვთის სიყვარულს სული დაჟინებით მიელტვის. ჩვენი ფსიქოლოგიური არსი, ამგვარ ლოცვას ეზიარება, მაგრამ მასთან მხოლოდ დრომდე – მისი შესაძლებლობების ამოწურვამდე შეიძლება იმყოფებოდეს. როდესაც მლოცველის წადილი ღმერთამდე აღწევს, გულს ცეცხლი ედება, ლოცვას ყველაფერი უცხო ჩამოშორდება და მიზანსწრაფულად ღმერთისაკენ მიემართება. ამ დროს მლოცველმა შეიძლება საკუთარი სხეულისა და მთელი გარემოს შეგრძნება დაკარგოს. არ შემიძლია, ზუსტად ავხსნა ეს როგორ ხდება, მაგრამ ვიცი, რომ ამ ზღვარს იქით გადასვლა ყველამ ვერ შეძლო. ბევრი მისულა აქამდე, მაგრამ შიშს მოუცავს და უკან დაუხევია. სხვებს, ლოცვით გატაცებულთ, ვერაფერი შეუგრძნიათ და მიწიერებას მოწყვეტილნი თვითშეუცვნელად ყოფიერების სხვა სფეროში ყოფილან „ატაცებულნი”. ღვთის ხელი ამას ისეთი მოკრძალებით აკეთებს, რომ იმის მსგავსად, როგორც ადამიანი ჩაძინებას ვერ შეიგრძნობს, ისევე ვერ გრძნობს ამ ატაცებას. მხოლოდ ჩვეულ ყოფაში დაბრუნების შემდეგ ხვდება, რომ მისი სული გასცდა ჩვეულ მდგომარეობას და ღმერთს შეუერთდა. ამ მოვლენის შემდეგ ყველაფერი მიწიერი მყიფე და ძალიან დროებითია. პიროვნული სული კი თავისი არსებობის მიზანს ღმერთთან, ღმერთში და მარადიულობაში ღმერთთან ერთად ყოფნაში ხედავს.

იშვიათია ისეთი პიროვნული სული, რომელიც გაბედავს, ამ დაცემულ ქვეყანაში ფართო მასების მიერ გატკეპნილ ბილიკს გადაუხვევს და ცხოვრებას, ქრისტეს მცნებებით დაიწყებს. უეჭველია, იმის რწმენა, რომ იესო ღმერთია, ადამიანში სულიერ გამბედაობას აღძრავს. ზოგიერთი უფლის გზაზე მოსიარულე მოულოდნელად შეიძლება ისეთი უძირო უფსკრულის პირას აღმოჩნდეს, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზაც კი არ იპოვება. იმისათვის, რომ ღვთაებრივ მარადიულობას მივაღწიოთ, ცხადია, ამ უფსკრულს უნდა გადავაბიჯოთ. ისე, კაცი გულწრფელად რომ დაფიქრდეს, რა ძევს მის გონებაში? უმეცრების ღრმა ჯურღმულის, სიკვდილისათვის განწირული უიმედო ჭმუნვისა და ამ გრძნობაზე სიბნელის სახით გადაფარებულ ამა სოფლის შეგრძნებების გარდა, ვერაფერს აღმოაჩენს (ამ შეგრძნებებს შეადარეთ: 1 ტიმ. 1:13-14[11]; დაბ. 2:17[12]; ლუკ. 22:53[13]). ჯურღმულს რომ გადავაფრინდეთ, საჭიროა, ჩვენს თავში მადლმოსილი აღტყინებიდან გამომავალი ენერგია მოვიძიოთ; ასეთ შემთხვევაში ღვთის მადლი „გამბედაობას“ და სიმტკიცეს გაგვიძლიერებს. სადღაც შორს ნათელი გამოგვიჩნდება. წარმოიდგინეთ, რომ აღუწერელი ძალით მივილტვით მისკენ და მზად ვართ, ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს წმინდა სახელის მოწოდებით შეუცნობელში გადავეშვათ. და აი! ბნელ სივრცეში უჩინარ კლდეებზე დანარცხების ნაცვლად, აღმოჩნდება, რომ უფსკრულს ზემოთ, უხილავ ხელს ციმციმ ვუპყრივართ. ცოცხალი ღმერთის ამ სიყვარულის ხელის გარეშე არც ერთ ადამიანს არ შეუძლია ისეთი უკუღმართი ქარიშხლების ცვალებადობა გაიაროს, რომლებშიც ადამიანის სამშვინველი ამ ნახტომში აღმოჩნდება. ჩვენი სხეული მიწიდან არის აღებული და ყოველი ჩვენგანი, კაცობრიობის მთლიანი სხეულის ისეთი მცირედი ნაწილაკია, რომელსაც ძალიან უჭირს გამოცალკევება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ისეთ სინამდვილეს შეეხება, რომელშიც თითქმის მთელი სამყარო მიწიერი ძალაუფლების კონტროლს არის დაქვემდებარებული. გაჭირვებაში დამხმარედ არ ივარგებენ „მთავარნი ამის სოფლისანი“: ყოველი მათი ქედმაღლური დაპირება ან დახმარება ჩვენთვის საკუთარ თავისუფლებაზე უარის თქმით დამთავრდება (შეად. იოან. 14:30[14]). ყველაზე საუკეთესო „რისკი“ – შენი პიროვნული გზის ძიების პროცესია, სადაც უფალს და ჩვენთვის, მის უფრო ახლობელ ხატს – იესო ქრისტეს, ბავშვივით უნდა მიენდო.

„გესმა, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა“ (გამოსვ. 20:13; მათ. 5:21)… „ხოლო მე გეტყუი თქუენ, რამეთუ რომელი განურისხნეს ძმასა თვისსა ცუდად, თანა-მდებ არს სასჯელისა“ (მათ. 5:22)… „გესმა, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო“ (გამ. 20:14; მათ. 5:27). „ხოლო მე გეტყუი თქუენ, რამეთუ ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა“ (მათ. 5:28)… „ხოლო მე გეტყუი თქუენ არა ფუცად ყოვლადვე ნუცა“ (მათ. 5:34)… „გესმა, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ,ხოლო მე გეტყუი თქუენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა.“ (მათ. 5:39)… „გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი“ (ლევ. 19:17-18; მათ. 5:43). „ხოლო მე გეტყუი თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ“ (მათ. 5:44); „უკუეთუ ვინმე დაჰხსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაი და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა. ხოლო გეტყუი თქუენ: უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროის მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხუიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 5:19-20).

მე მქონდა დიდი შიში და ვფიქრობდი, რომ თუ დავარღვევდი რომელიმე მცნებას, დავიღუპებოდი. იმ მძიმე, მაგრამ მიმადლებულ წლებში, ჩემთვის მცნებებით „ცხოვრება“ ორი კიდის დამაკავშირებელ ისეთ ბაგირზე სიარულს წააგავდა, რომელიც უფსკრულზე იყო გადაჭიმული. მალე ამ ხედვამ ჯვარცმის დროს, ქვეყნიერებაზე მცხოვრებ ურთიერთდაპირისპირებულ ხალხების გამაერთიანებელი, ქრისტეს გაშლილი მკლავების სახე შეიძინა: ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდებოდა, ჩემ პიროვნებას უზომოდ აღემატებოდა, მე კი, მაცხოვრის სწავლებით, „ჯვარცმულობას“ შევიგრძნობდი. სასოწარკვეთილს, ლოცვებში თვალწინ ცასა და დედამიწას შორის ჯვარცმული ქრისტეს სხეული წარმომიდგებოდა. ქრისტიანის გზა – ჯვარცმაა, უფალი ბრძანებს: „რომელსა უნებს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თუისი და აღიღენ ჯუარი თუისი და მომდევდინ მე“ (ლუკ. 9:23). ასე ერწყმის პიროვნულ სულში „გზის შეცნობის“ სათუთი სიყვარული და შიში უზომოდ დიდი მიზნის აღსრულებისა.

მათ მსგავსად, ვინც ჩვენგან იმ ქვეყნად გავიდნენ და მცდელობასაც არ ავლენენ, ჯერ კიდევ ამქვეყნიურებს, თავიანთი იმქვეყნიური გამოცხადებით მიღებული დიდებული ცოდნა გაგვიზიარონ; მეც, შეუძლებელი იქნებოდა, ისეთი საშინელი პრივილეგიის შეგრძნების, სიტყვიერად გადმოცემის სურვილი გამჩენოდა, რაც საიდუმლოებით მოცულ, ბაგირზე სიარულთან არის დაკავშირებული.

fd952cf37800abda486c9c82efd949b7საკუთარ პიროვნებაში ღვთისა და ადამიანის გამაერთიანებელი უფალი, მის მიერ განვლილი გზისკენ მოგვიწოდებს. ვნებათა ერთი ნაწილის გადამლახველი და მისი მოწოდებით ამ მაღალ გზაზე დამდგარი ჩვენი სული, აქამდე უხილავი და წარმოუდგენელი ღვთაებრივი ყოფის მჭვრეტელი ხდება. როგორც დედამიწის მიზიდულობას მოწყვეტილი „ზეციური მექანიკის“ პირობებში აღმოჩენილი ადამიანის მძიმე სხეული შეიძლება, აქამდე მიწიერებისათვის წარმოუდგენელი სიჩქარით მოძრაობდეს, ამ დროს ჩვენი სულიც ისევე გადაადგილდება, უკვდავების დამადასტურებელი ჭეშმარიტების, უპიროვნებო ნათლით გასხივოსნებულ უსასრულო „გონიერ“ სივრცეში. ადამიანის გონებას აქ უკვე განუმეორებელი სიღრმეებისა და მოცულობების ჭვრეტის უნარი ეძლევა.

ღვთაებრივი სიყვარულის გულით შეგრძნება – ციური უძირობის ზღვარსა და მაღლით შობილ უსასრულობას შორის პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს სიყვარული, როგორც ჭეშმარიტება, როგორც ნათელი, როგორც სასუფეველი აღიქმება.

ჩვეულებრივ მსოფლშეგრძნებაში დაბრუნებული, უწინარესად, დაკარგულის გამო, პიროვნული სულის ტკივილს განიცდი: გეუფლება გრძნობა, თითქოს დაკარგულის დაბრუნებაც კი აღარა სურს, თუმცა ღვთის სიყვარულის შეგრძნება შენ მიმართ, ჯერაც არ არის განელებული.

ქრისტემ ჩვენ ყველაფერი გვიბოძა: მან გვაზიარა წმინდა სამების უდიდეს საიდუმლოს, წარმოგვიდგინა მამა ღმერთი (იოან. 14: 8-9[15]); მისი წყალობით მივიღეთ და შევიცანით სულიწმიდა და უცდომლად შეგვიძლია ამოვიცნოთ, როდის მოქმედებს ჩვენში მამისგან გამომავალი მესამე იპოსტასი და არა რაიმე სხვა ისეთი ძალა, რომელიც გამოუცდელს შეიძლება ღვთაებრივ სულადაც მოეჩვენოს. იესო ქრისტეს დხმარებით, ქრისტეში მაქსიმალური კონკრეტულობით დავინახეთ ღვთის მსგავსი ადამიანის პირველხატი. და ამიტომ, მიწიერ შედარებითობასა და ზეციურ აბსოლუტურობაში, ჩვენი ცხოვრების საფუძველი ქრისტეს გარდა, აღარაფერი და აღარავინ აღარ შეიძლება გახდეს. მაცხოვრის სიტყვები: „ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა“ (იოან. 10:8) – ჩვენთვის მოცემული მისი ნამდვილობის ნათელ ხატად წარმოგვიდგება. ეს სიტყვები ისეთსავე პერსპექტივაში უნდა გვესმოდეს, როგორც ჩვენი ცხოვრების სხვა მიმართულებით არის ნათქვამი: „მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თუისნი“ (მათ. 10:36). მათ – „ჩვენი ოჯახის წევრებს“ – ჩვენ ვუყვარვართ, ჩვენც გვიყვარს ისინი; მაგრამ, როდესაც ისინი ღმერთსა და ჩვენს შუა აღმოჩნდებიან, ჩვენ არ შეიძლება მათ მივყვებოდეთ, რადგან ისინი ერთადერთ სწორ გზას აგვარიდებენ და თავისდაუნებურად, ისინი ჩვენს „მტრებად“, „მპარავებად“ და „ავაზაკებად“ გადაიქცევიან.

სახარების მცნებებით ცხოვრება, მართალია – მტკივნეულად, მაგრამ ნელ-ნელა მაინც ბევრი მარადიული და ზოგად საკაცობრიო პრობლემისგან განტვირთვის საშუალებას გვაძლევს. არ გაგიკვირდეთ, ეს მართლაც ასეა: ყოველი ცალკეული პიროვნების გადარჩენის გზა სწორედ აქ არის, სწორედ ეს არის ქრისტეს სახელით გაერთიანებული ჯგუფებისა და ხალხების გამოხსნის საშუალება, „რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაი, ქრისტე“ (იოან. 4:42; მათ. 12:21). არ არის და არც შეიძლება არსებობდეს ისეთი მდგომარეობა, როდესაც მას არ ძალუძს გადაგარჩინოს. როდესაც ამას ვამბობთ, არ ვგულისხმობთ, რომ ამა თუ იმ დაავადებას ის უეჭველად განკურნავს, ადამიანს გაათავისუფლებს რაიმე ფიზიკური, მატერიალური თუ მორალური პრობლემისგან, მოძალადეებისგან და სხვა ისეთი ბოროტებისა და ძალადობისგან, რაც დამღუპველად მოიაზრება. თუმცა ყველაფერი მის ხელთაა. ჭეშმარიტი ხსნა და გადარჩენა იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტიანი ყველა გარემოებაში უფლის სიყვარულში უნდა რჩებოდეს. ისევე, როგორც იესომ შეინახა ყოველი მცნება, დარჩა ამ მცნებებში, დარჩა მამაში და დარჩა სიყვარულში (შეად. იოან. 15:10). ჩვენ, ყველამ, ვიცით, ჩვენს გვერდით მიწიერად ყოფნის ბოლო დღეებში რა ტანჯვა გამოიარა იესომ. მიუხედავად ამისა, უშუალოდ სიკვდილის წინ უფალმა თავის მოწაფეებს უთხრა: „ამას გეტყოდე თქუენ, რაითა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს“ (იოან. 15:11). და კიდევ: „ამინ გეტყუი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“ (ლუკ. 23:43).

ყოველგვარმა სიყვარულმა გამოცდა უნდა გაიაროს და ჭეშმარიტი მეგობარი ჭირში უნდა გამოიცადოს. სიყვარული მაშინ იქცევა სრულყოფილებად, როდესაც სიკვდილზე ძლიერი გახდება. ასეთი „გამოცდის“ შემდეგ, ყოველი ჩვენგანის გარდაუვალ მიწიერ სიკვდილზე – მარადისობაში გარდაცვალება იმარჯვებს და ეს ადამიანს აძლევს უნარს, „სასუფეველი შეუძრველი“ (ებრ. 12:28) დაიპყრას.

ქრისტიანის თავდაუზოგველობა დასაწყისში მისი შინაგანი ბუნებისკენ არის მიმართული; მაგრამ სრულყოფილების ჟამს ის უკვე ყველასათვის – სრული ადამიანისათვის ლოცულობს. სიყვარულის პირველი ტალღა ღვთისაკენ არის მიმართული; მეორე – მოყვასისაკენ. როგორც ძეში მამა ღმერთისადმი სიყვარულმა მიაღწია თავის აბსოლუტურობას, ისევე „ბოლომდე„ მიდის ადამიანის მიმართ ეს სიყვარული (შეად. იოან. 15:10-15; 13:1). თავისი მცნებებით სწორედ ეს გვასწავლა უფალმა.  არქიმანდრიტი სოფრონ სახაროვი
თარგმნა: როლანდ-რომილე ჩხეიძემ 

თავი V  „კურთხევაა იცოდე გზა“ (II ნაწილი; III ნაწილი)
თავი VIII – «შეჯამებული სულიერი ცხოვრება»
თავი IX – «სულიერი თავისუფლების შესახებ»
თავი X – «შთაგონების შესახებ»
თავი XI – «დამაშვრალობისა და ღვთისაგან მიტოვების შეგრძნების შესახებ»
თავი XII – «თვითსიძულვილამდე სიყვარულის შესახებ»
თავი XIII – «უქმნელი ნათლის შესახებ»
თავი XIV – «პიროვნული საწყისები ღვთაებრივ მყოფობასა და ადამიანურ ყოფნაში»
თავი XV – «ლიტურგიული ლოცვა»
თავი XVI – «ლიტურგიული ენა»
თავი XVII – «გეთსიმანიის ლოცვა»
თავი XVIII – «ლოცვა, რომელშიც ღმერთი-ჭეშმარიტება ვლინდება»