You are currently viewing კუტლუმუშის მონასტრის წერილი ათონის წმინდა მთის კინოტს, წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით

კუტლუმუშის მონასტრის წერილი ათონის წმინდა მთის კინოტს, წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით

Download article eBook

 ათონის წმინდა მთის პატივცემულ წმინდა კინოტს

დიდი ყურადღებით გავეცანით მსოფლიო პატრიარქის წერილს, რომლითაც გვეცნობა წმინდა და დიდი კრების ჩატარების შესახებ, ისევე, როგორც მასზედ თანდართულ დოკუმენტების პროექტებს. აგრეთვე წავიკითხეთ კარაკალუს მონასტრის წერილი, რომელშიც გამოხატავენ საკუთარ შეშფოთებას. მართლმადიდებლური სამყაროს აწმყოსა და მომავლისათვის, მომავალი კრების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით.

გარდა ბევრი დადებითი მომენტისა, ჩნდება გარკვეული კითხვები წმინდა მამების გარდამოცემის თეოლოგიურ შინაარსთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად კი:

ა) კრების წესდებით იხატება არა მსოფლიო კრებების მსგავსი, საერთომართლმადიდებლური კრების ჩატარების, არამედ ეკლესიათა წინამძღოლთა შეკრების სურათი. აღნიშნულ შთაბეჭდილებას ტოვებს როგორც წინამძღოლთა სიტყვისა და ხმის მიცემის განსაკუთრებული, დელეგაციის დანარჩენ წევრთაგან განსხვავებული უფლებები, ასევე ის გარემოება, რომ ყველა ეპისკოპოსს არ ეძლევა კრებაში მონაწილეობის საშუალება. ეს ყოველივე არ წარმოადგენს სინოდალური სისტემის საუკეთესო გამოხატულებას. ვშიშობთ, რომ აღნიშნულით უნებურად ხდება ეკლესიაში ე.წ. „პრიმატის თეორიის” შემოღება, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩენილი „პერსონალიზმის” თეორიის ლოგიკურ დასასრულს. უკვე საჯაროდ ხდება გაჟღერება შეხედულებისა, რომ ერთობა ხდება არა დოგმატებისა და ღვთისმსახურების წესის საფუძველზე, ვინაიდან ისინი „უსახო” ცნებებს წარმოადგენენ, არამედ პრიმატის პიროვნების გარშემო.

ბ) დოკუმენტში: „მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან”, ისე ჩანს, თითქოს ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია აღიარებდეს სხვა ქრისტიანული ეკლესიების არსებობასაც, რომლებთანაც მას შეიძლება გააჩნდეს, ან არა, ევქარისტიული კავშირი. ასე რომ, თავდაპირველად ხდება რომელიმე ქრისტიანული თემის ეკლესიად აღიარება და უკვე ამის შემდეგ მათი რწმენის საკითხებში გარკვევა, თითქოს დოგმატიკა ეკლესიურობის დანამატს წარმოადგენდეს. როგორც ტექსტში მოყვანილი გამოთქმებიდან ირკვევა, ეკლესიურობის ერთადერთ კრიტერიუმად ითვლება სამოციქულო მემკვიდრეობა, ანდა ნათლობის აღსრულება.

გ) დოკუმენტის: „მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან” 22-ე პარაგრაფი[1] , რომელსაც ეკუმენისტური ელფერი დაჰკრავს, აყალიბებს სწავლებას სინოდის უცდომელობის შესახებ, როდესაც აცხადადებს, რომ: „ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ სინოდალური სისტემით” და, რომ მხოლოდ: „სინოდი წარმოადგენს უფლებამოსილ და უმაღლეს მსაჯულს სარწმუნოების საკითხებში”. პარაგრაფი მთავრდება ყველას (ალბათ ადგილობრივი იერარქებისაც) გამტყუნებით, ვინც ეჭვქვეშ დააყენებს კრების დადგენილებების სისწორეს. თუკი ეს გამონათქვამების გაუმართავობის ბრალი არ გახლავთ, მაშინ გამოდის, რომ მორწმუნე ერი აღარ წარმოადგენს სარწმუნოების დამცველს. ეკლესიის ცხოვრება კი, სრულიად საპირისპიროს მოწმობს, რომ სწორედ ცალკეული პიროვნებების ( წმინდა, ნეტარი, მოწამე და აღმსარებელი მამების), ჯგუფებისა და ღვთისმოყვარე ერის მიერ, რომლებიც იყვნენ მოციქულთა წმინდა გარდამოცემის მიმდევარნი, მომხდარა წარსულის დიდი და წარმომადგენლობითი კრებების დადგენილებების გაბათილება.

დ) ვინაიდან, თვით დიდი კრების დოკუმენტების პროექტების თანახმადაც, ეკლესიური ერთობის საფუძველს წმინდა მამათა გარდამოცემა წარმოადგენს და რადგანაც მომავალი კრება პრეტენზიას აცხადებს საერთომართლმადიდებლური ავტორიტეტის ქონაზე, ამდენად ეკლესიის სისავსე მისგან მოელის, რომ არ მოხდება წმ. ფოტისა და წმ. გრიგოლ პალამას კრებების უგულვებელყოფა, კრებებისა, რომლებმაც განსაზღვრეს მრავალსაუკუნოვნი წმინდა მამებისეული ღვთისმეტყველება და გამოცდილება, ჩამოაყალიბეს მართლმადიდებლური თვითშეგნება და თანამედროვე ადამიანისთვისაც ძალუძთ პასუხების გაცემა. თუკი არ მოხდება აღნიშნული კრებების მოხსენიება, მაშინ ცხადი გახდება, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არ ღებულობს მეშვიდე მსოფლიო კრების შემდგომ ღვთისმეტყველებას.

ე) ბოლო და ნაკლებად მნიშვნელოვანი: ვერ ვხდებით კრებაზე არამართლმადიდებელი დამკვირვებლების დასწრების აუცილებლობას რა საჭიროა ჩვენი საშინაო საქმეების სამსჯავროზე გამოტანა?

ეკლესიის სისავსე მოელის წმინდა და დიდი კრებისაგან, რომ იგი წარმოჩინდება როგორც გარდამოცემის ჭეშმარიტი გამომხატველი. ამავე დროს, ისმის ავტორიტეტულ ადამიანთა ხმები, რომლებიც ღელავენ, რომ დოკუმენტების ზოგიერთ დებულებას ძალუძთ მეტნაკლები მნიშვნელობის პრობლემების გამოწვევა, თვით სქიზმების ჩათვლით. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ჩვენმა წმინდა მთამ, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული მგრძნობიარებით გამოირჩეოდა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და გამოცდილების საკითხების მიმართ, ცხადად და მოკრძალებულად უნდა თქვას თავისი სიტყვა, რომელიც ხელს შეუწყობს ყოველივეს, მათ შორის კრების, კეთილად წარმართვაში.

უფლისმიერი ძმური სიყვარულით,
კუტლუმუშის მონასტრის წინამძღვარი,
არქიმანდრიტი ქრისტოდულოსი, ქრისტესმიერ ძმებთან ერთად
26 მარტი 2016 წ.
წყარო: www.scribd.com