„ლოცვა მოვალეობა კი არა, სულის ჟანგბადია!”
საუბარი ლოცვაზე და რჩევები მანდილოსნებს
ქრისტე სადაც კი მივიდა, ყველაფერი შეიცვალა. წმინდა წერილში ნათქვამია, როდესაც უფალი უდაბნოში გავიდა, მას თან გაჰყვა 5000 ადამიანი და ყველა მათგანმა იხმია პური და თევზი, რომელიც უფალმა უბოძა. წარმოიდგინეთ, 5000 ადამიანი გაჰყვა მაცხოვარს უდაბნოში! რატომ, რისთვის? ისე, უბრალოდ, ვინ მიდის უდაბნოში? ისინი იმიტომ წავიდნენ, რომ იქ ქრისტე იყო, ისინი უფალს გაყვნენ!
ქრისტემ იხილა მოციქულ პეტრეს სნეული სიდედრი და განკურნა მისი ცხელება. უფალი მიდიოდა სნეულებთან და ჰკურნავდა, მიდიოდა ეშმაკეულებთან და ათავისუფლებდა ბოროტი სულისგან. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ, სადაც ქრისტეა, იქ ყველაფერი იცვლება!
ისმება კითხვა: თქვენი და ჩემი ცხოვრება შეიცვალა ქრისტეს მიერ? ვამბობთ, რომ ვლოცულობთ. და რა არის ლოცვა? ვამბობთ, რომ ლოცვა არის ქრისტესთან შეხება. მაგრამ რა მიგვიღია ამ შეხებით? შევხებივართ კი საერთოდ უფალს და მიგვიღია კი მადლი?
წირვის შემდეგ ვაკვირდები ხოლმე ადამიანებს, რომლებმაც სულ ახლახანს აღსარებისა და ზიარების საიდუმლოებში მიიღეს მონაწილეობა, მათ წმინდა ზიარება ჯერ კიდევ არ შეშრობიათ ბაგეებზე, ვუყურებ და ვხედავ, გამწარებულად საუბრობენ, შფოთავენ, დაძაბულები და დაბნეულები არიან… ვეკითხები:
– „განა ახლახანს არ ეზიარე? ხომ მიიღე ქრისტე შენში? შეიგრძენი სიმშვიდე და სიმყუდროვე? სადღაა შენი სიმშვიდე? რა შეიძინე ქრისტესგან?”
იგივე მითხრა ერთმა ბავშვმა თავის მშობელზე, რომ ვერ ამჩნევს მას რაიმე ცვლილებას. იგი წუხილით საუბრობდა დედაზე:
– „პატარაობიდან ეკლესიაში დადის, სეფისკვერებს აცხობს, მაგრამ არანაირი სიმშვიდე არ აქვს! სახლში სულ ჩხუბია, სულ ყვირის, სულ რაღაცას მოითხოვს და საერთოდ, დიდი ეგოისტია!”
საკუთარი სახლი არ უნდა შეურაცხყო, შენი ოჯახი ყვირილის, ჩხუბისა და ლანძღვის ასპარეზად არ უნდა აქციო! ასეთი მოპყრობის შემდეგ, როგორღა უნდა დაარწმუნო ბავშვი, რომ ლოცვა ამშვიდებს? ძალიან იმოქმედა ჩემზე იმ ბავშვის წუხილმა, თითქოს ჩვილის ბაგეებიდან გაისმა მხილება:
– „ეკლესიაში დადიხარ, მაგრამ ვერ ვამჩნევ, რომ შენი ცხოვრება შეიცვალა!”
წმინდა ლიტურგიაზე ლოცვით ვუახლოვდებით უფალს? ამის დასტური სიმშვიდისა და ბედნიერების განცდაა. თუ ბედნიერი ხარ, ამით ამტკიცებ, რომ ნამდვილად გაქვს შეხება ღმერთთან შენს შინაგან სამყაროში! მაგრამ თუ ბედნიერებას არ განიცდი, თუ მუდმივად რაღაცით ხარ უკმაყოფილო, თუ გამუდმებით დრტვინავ და წუწუნებ, – მაშინ მშვიდობა ქრისტესი შორს არის შენგან.
წმინდა სერაფიმე საროველი ამბობს, – თუ გსურს დაეხმარო სხვას, მოიპოვე მადლი სულისა წმინდისა, შეიძინე სიმშვიდე და ათასობით ადამიანი მიიღებს შენგან სარგებელს, საერთოდ ხმაც რომ არ ამოიღო.
გახდი ისეთი, როგორიც უნდა იყოს ქრისტიანი! დაე, შენმა გულმა გაათბოს შენი გონება, გულიდან გონებაში ააღწიოს შენმა სიმშვიდემ. თუ ამას მიაღწევ, მიხვდები, რომ ახლა უკვე ყველაფერს სხვაგვარად აფასებ. ისეთ უმნიშვნელო წვრილმანად მოგეჩვენება ყოველივე, რაც ადრე ასე გაღიზიანებდა! არეულობა სახლში აღარ იქცევა დიდ პრობლემად, არც შენი გარეგნობა შეგაწუხებს იმდენად, რომ გახდომის მიზნით თავი სნეულებამდე და გამოფიტვამდე მიიყვანო! საკუთარ თავშიც და სხვებშიც მხოლოდ სიკეთე დაინახე და მაშინ ყველას ეყვარები და ყველას მოეწონები. მარტო სხეული და გარეგნობა ხომ არ ხარ? უპირველეს ყოვლისა, ხარ სული, სიწმინდე, კეთილშობილება, ხასიათი! შესთხოვეთ უფალს, რომ მოგცეთ ამის ხედვა…
ერთხელ ერთმა მორწმუნე მანდილოსანმა მითხრა:
– „მამაო, სამი შვილი მყავს და მათთვის ვლოცულობ, მაგრამ იმდენად ზარმაცი ვარ, რომ თითო შვილისთვის 10 წუთი ვლოცულობ მხოლოდ. უფროსი ვაჟისთვის სახარებას ვკითხულობ, გოგონასთვის – პარაკლისიდან საკითხავს, ხოლო უმცროსისთვის – წმინდანთა ცხოვრებას. იგივეს ვაკეთებ ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის”.
ლოცვა მოვალეობა არ არის! არავის უთქვამს:
– „თუ ამდენ ხანს არ ილოცებ, ჯოჯოხეთში მოხვდები!”
ლოცვა სულის ჟანგბადია; მორწმუნე ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია, არ ილოცოს. მორწმუნეს ლოცვა იმისთვის სჭირდება, რომ იცოცხლოს, მსგავსად იმისა, როგორც ცოცხალ არსებას ესაჭიროება სუნთქვა. ვისაც ლოცვა არ სურს, ნუ ილოცებს, მაგრამ თავადვე იგრძნობს, რომ ლოცვის გარეშე სულ აფორიაქებული იქნება.
ერთი მორწმუნე კაცი ათონის წმიდა მთაზე ჩავიდა მოსალოცად. მას ოთხი დღით დარჩენის კურთხევა მისცეს. ეს საკმარისი არ არის, ერთი კვირით მაინც დამტოვეთო, – წუხდა იგი. დაბოლოს, იცით, რა მოხდა? ერთი დღეც ვერ გაძლო! პირველივე დღეს, მწუხრის ლოცვის შემდეგ ივახშმეს და უთხრეს: „ძილი ნებისა!”
სტუმარი შეწუხდა:
– „ასე ადრე რა დამაძინებს, ჯერ ხომ საღამოს შვიდი საათია! ტელევიზორი გაქვთ?”
– „არც ტელევიზორი და არც რადიო არ გვაქვს” – იყო პასუხი.
– „მაშინ რამე გაზეთი გექნებათ, რომ სიახლეებს გავეცნო,” – არ ცხრებოდა სტუმარი.
– არ გვაქსო, – უთხრეს ბერებმა.
– „მაპატიეთ, მაგრამ ვერ დავიძინებ და აბა, რა ვაკეთო?” – დაიბნა სტუმარი.
ბერი დაფიქრდა და შემდეგ თავისი სკვნილი გაუწოდა და უთხრა:
– „აი, აიღე!”
– „ასეთი უკვე მაქვს, მანქანაში დასაკიდებლად შევიძინე,” – უთხრა სტუმარმა.
– „იმიტომ გაძლევ, რომ სკვნილზე ილოცო” – განუმარტა ბერმა.
– „კარგი, მაგრამ დიდხანს სკვნილზე ლოცვა არ შემიძლია,” – იყო პასუხი.
– „ჩვენ აქ ასე ვცხოვრობთ!” – უთხრა ბერმა.
– „და მაშინ როგორღა ხართ ბედნიერები?” – იკითხა სტუმარმა.
-„თუ მუდმივად ლოცულობ, ეს სულს სიხარულს გვრის, უფალს შეიგრძნობ და ამით ბედნიერი ხდები”, – გაუმხილა ბერმა.
სტუმარი წამოდგა და იკითხა, შემდეგი რეისი როდისაა, მატერიკზე რომ გადამიყვანოსო.
– „ხვალაც და ზეგაც, მაგრამ შენ ხომ ერთი კვირით გინდოდა დარჩენა?” – გაიკვირვეს ბერებმა.
– „ამის აუცილებლობა აღარ არის, ხატებს ვემთხვიე, სიწმინდეები მოვილოცე, ხვალ დილითვე გავემგზავრები,” – მტკიცედ გადაწყვიტა სტუმარმა.
– „გემით სხვა მონასტერში გადახვალ?” – ჰკითხეს ბერებმა.
– „არა, შინ ვბრუნდები,” – იყო პასუხი.
მან ვერ გაუძლო სიმშვიდეს, მდუმარებას, სიმყუდროვეს და ამჯობინა ამასოფლის მუდმივი შფოთი და სტრესი. ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვვარდებით, ელექტროენერგიის მიწოდება ცოტა ხნით თუ შეგვიწყვიტეს და ტელევიზორი გამოირთო, – აღარ ვიცით, რა ვაკეთოთ! იმას კი არ ვიტყვით: „რა კარგია სიმშვიდე! ყურებმა დაისვენა! ცოტა ხანს დავმშვიდდები!” არა! ვიწყებთ წუხილს:”ვაიმე, რა უნდა ვაკეთო ამ სიბნელეში!”
წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ნაცვლად იმისა, რომ ღვთისგან სიმშვიდე შევიძინოთ, ვლამობთ, მას ჩვენი შფოთი და მოუსვენრობა გადავცეთ!” ანუ რაც უნდა მოვიმოქმედოთ, იმის საპირისპიროდ ვიქცევით. გახსოვთ, სად წერია ამის შესახებ სახარებაში? როდესაც ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა და გემი იძირებოდა, როგორ მოიქცა უფალი? მას ეძინა, იგი ისვენებდა, გემს კი ტალღები აღამაშებდა. უფალი გონებით შფოთს კი არ მიეცა, იმას კი არ ფიქრობდა, რომ საფრთხეში იყვნენ, არამედ სრულებით მშვიდად იყო. მოწაფეები კი, ნაცვლად იმისა, რომ ეთქვათ: „შეხედეთ, როგორ მშვიდადაა! ის ჩვენ გადაგვარჩენს! ჩვენც მასავით დავმშვიდდეთ!”, – გახსოვთ, როგორ მოიქცნენ? უფალს გაღვიძება დაუწყეს: „შეიძლება, რომ მაცხოვარს მშვიდად ეძინოს, როცა ჩვენ ვიღუპებით? გაიღვიძე და გამოფხიზლდი! ვიღუპებით! და შენ რას აკეთებ, გძინავს?
წმინდა იოანე ოქროპირი სახარების ამ ადგილს ასე განმარტავს: ნაცვლად იმისა, რომ მოციქულებს ქრისტესგან სიმშვიდე მიეღოთ, ლამობდნენ, მისთვის თავისი შფოთი გადაეცათ. ყოველი ჩვენგანი ასე იქცევა – ღმერთს აიძულებს, განიცადოს ჩვენი შფოთი, ჩვენი უგუნურება დააღასრულოს ჩვენი გეგმები. გვსურს, რომ უფალიც ჩვენნაირი გავხადოთ, ნაცვლად იმისა, რომ ვთქვათ: „ღვთაებრივი სულისა და მისი სიმშვიდის თანაზიარი გავხდები!”
უფალი უჩუმრად ადგა და ზღვა დაამშვიდა, და როდესაც სიჩუმე, სიმყუდროვე ჩამოვარდა, ბრძანა: „რაისა შეშინდით, მცირედ-მორწმუნენო?” (მათ.8,26; ლუკ. 8,25).
რას ნიშნავს ღვთის რწმენა? უბრალოდ მრწამსის წარმოთქმას? მრწამს კი ვკითხულობთ, მაგრამ ლოცვის დროს შემოდის ჩვენს შინაგან სამყაროში სიმშვიდის შეგრძნება?
თუ ჩემი ვაჟი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მისთვის ვილოცებ და უფალს მივანდობ. კიდევ რისი გაკეთება შემიძლია? თუ მყავს ვინმე ნაცნობი, რომელსაც მისი დახმარება შეუძლია, დავურეკავ; თუ ვაკანსიის შესახებ განცხადებას ვიპოვი, ჩემს ვაჟს გადავცემ, მაგრამ ამ პრობლემის გამო სული სტრესში არ უნდა ჩავიგდო, რადგან შფოთით ვაჟის პრობლემებს ვერ გადავწყვეტ.
ერთი ახალგაზრდა მიყვებოდა მამამისზე: „მომწონს მამაჩემი რომ ლოცულობს, ოჯახში ყველას გადასცემს ხოლმე თავის მხნეობას. ის ჩვენი საყრდენია, მისი სიტყვები იმედს გვისახავს!” აი, ნიშანი იმისა, რომ ადამიანი ნამდვილად ლოცულობს. ჩვენი ლოცვა კი იმას წააგავს, ერთ კოვზ წყალში კაცი რომ დაიხრჩოს. და თუმცა კი აღსარებასაც ვამბობთ და ვეზიარებით კიდეც, მაგრამ მერე რაღაც ხდება და თავს კვლავ ვერ ვიკავებთ, ისევ ვღიზიანდებით და მრისხანებაში ვვარდებით. მოძღვრის ქადაგებას ვისმენთ, მის საუბრებს და დარიგებებს ყურს ვუგდებთ, მაგრამ ამ რჩევების განხორციელება გვავიწყდება.
ამ დროს სწორედ ესაა ლოცვის საიდუმლო. ლოცვა უდიდესი საქმეა. ათონელი ბერების ძირითადი საქმე ლოცვაა; ისინი ამით ცხოვრობენ, აქვთ დიდი სულიერი ღვაწლი და ღვთის სიახლოვის შეგრძნების გამოცდილება. საღამოობით, როდესაც ჩვენ ვლაღდებით, – მათ სძინავთ, რომ შუაღამისთვის გაიღვიძონ, ლოცვად დადგნენ და შემდეგ იფხიზლონ მთელი ღამის განმავლობაში…
დავფიქრდეთ, რამდენად სწორად ვცხოვრობთ. ხომ არ ვაწუხებთ ჩვენს ოჯახის წევრებს? ხომ არ ვძალადობთ მათზე ზედმეტი მზრუნველობით? ზოგჯერ იმისთვის, რომ დაეხმარო შენს მეუღლესა და შვილებს, უბრალოდ, თავი უნდა დაანებო მათ! ნუ ცდილობთ ადამიანების გადაკეთებას, გამოსწორებას! აჯობებს საკუთარი თავი გამოვასწოროთ. ყველამ თავის სულიერ მდგომარეობას მიხედოს და ამით იზრუნებს თავისი ოჯახის წევრებზეც – ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.
მახსოვს ერთი მანდილოსანი სულ თავის მეუღლეს აძაგებდა, როდესაც მას ვურჩიე, რომ თავისი სულიერი მდგომარეობისთვის მიეხედა და ქმრის განკითხვისათვის თავი დაენებებინა, – შემომიწყრა, მოეჩვენა, რომ მის ქმარს ვემხრობოდი. მე კი იმ ქალის მდგომარეობამ შემდეგი დამანახა: იგი პრობლემების მოგვარებაზე კი არ ზრუნავდა, არამედ ამ ყველაფერს იმიტომ მიყვებოდა, მისთვის მეთქვა, რომ ის ყველაფერში მართალია, ლამის წმინდა მოწამეა და ყველაფერში დამნაშავე მისი ქმარია!
მანდილოსნებო, დაფიქრდით: ეს ქრისტიანული საქციელია? თქვენი გონება საყვარელი ადამიანის განკითხვით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ ასე უნდა განსაჯოთ: „დიახ, იგი შეცდომებს უშვებს, მაგრამ მე რამდენად ქრისტიანულად ვიქცევი?” ამ დროს უნდა ილოცოთ; მაგრამ ქმრის დასანახად და მის გასაღიზიანებლად კი არა, არამედ შინაგანი მდუმარე ლოცვით – შენი გული უფალს კეთილსურნელებას უნდა უკმევდეს. თუ ასე მოიქცევით, მაშინ თქვენი მეორე ნახევარი თქვენს სიმშვიდეს, სათნოებას დაინახავს და მიხვდება, რომ თქვენში ცვლილება მოხდა: „ჩემი ცოლი გუშინ ეზიარა და აი, როგორი სიმშვიდე შეიძინა! მან აღსარება თქვა, თავისი საქციელი მოინანია და ახლა კვლავ მშვიდი და სათნოა”.
ლოცვამ უნდა შეგცვალოს, უკეთესი უნდა გახდე; და ეს მდგომარეობა სხვა ადამიანებთან დამოკიდებულებაში მჟღავნდება. შენი შინაგანი ფერისცვალება ადამიანებთან ურთიერთობაში აისახება. ერთი ქალი მეუბნებოდა: „რა კარგად ვგრძნობ თავს, როდესაც საეკლესიო არხს ვუყურებ! გადაცემებს რომ ვუსმენ, ვმშვიდდები, ზოგჯერ ვტირი კიდეც. ამ დროს არაფერი მაშფოთებს, სრულებით მშვიდად ვარ.” „შესანიშნავია!” – მოვუწონე მას და ჩავეკითხე: „ამ დროს შინ ვინ არის?” „არავინაა, მარტო ვარ. ძალიან მიკვირს, საკმარისია, რომ შინ ვინმე შემოვიდეს, ყველაფერი მაღიზიანებს. ამას აქვს ახსნა? მარტო მშვიდად ვარ, მაგრამ როცა ოჯახის წევრები მოდიან, მათი საქციელი მაშფოთებს!” – არ ცხრებოდა იგი. „თვითონ თუ გესმის, რას ამბობ? მეუბნები, რომ მშვიდად მხოლოდ მაშინ ხარ, როდესაც მარტო ხარ და ამით ამაყობ. სიმარტოვეში სიმშვიდე ხომ ბუნებრივია? მარტო რომ ხარ, კელდებს ხომ არ უნდა ეჩხუბო? ცხადია, მშვიდად იქნები. ასე რომ არ იყოს, მაშინ ექიმს უნდა მიაკითხო!” – ვუთხარი მას. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც სიმარტოვეში ვერ პოულობენ სიმშვიდეს: უწყრებიან ავეჯს, კედლებს, – ასეც ხდება.
შინაგანი ლოცვის ნაყოფი მაშინ გამოჩნდება, როდესაც ქმარ-შვილი შინ შემოდის. ამგვარად გამოცდის ცხოვრება შენს ლოცვას. საქმით დაამტკიცე, რომ უფალთან ხარ და არა სიტყვებითა და თეორიებით. პირადად მე ძალიან ხშირად ვმარცხდები ასეთი გამოცდის დროს, ვერ ვუძლებ განსაცდელს.
თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ ამის ცხოვრებაში განხორციელება, უდიდეს შრომას მოითხოვს საკუთარ თავზე!
შევძლებთ თავდაჭერას მაშინ, როდესაც რეალობა ჩვენგან სიმშვიდეს მოითხოვს? ეცადეთ, დაამშვიდოთ თქვენი გონება; წინასწარ შეამზადეთ იგი ნებისმიერი პრობლემის დასაძლევად. საკუთარ თავს უთხარით: „ახლა ჩემი ქმარი შინ დაბრუნდება და მისი საქციელი (სინამდვილეში კი ჩემი შინაგანი მდგომარეობა!) ისევ გამაღიზიანებს. მაგრამ მე ვღიზიანდები, თუ ჩემი გონება? – ჩემი გონება! იმიტომ რომ გულის სიღრმეში მე ქმარი მიყვარს!” გონების ასეთი შემზადება ძალიან დაგეხმარებათ. ასევე უთხარით თქვენს თავს: „მე მიყვარს ჩემი მეუღლე. შეიძლება იგი დასვრილი ან დახეული ტანსაცმლით დაბრუნდეს შინ, მაგრამ მე მისი ქცევა კი არა, მისი პიროვნება მიყვარს; მიყვარს უფალი მის გულში, მისი ნათლისღების მადლი, მე მიყვარს ეს ადამიანი!” ნურავისთვის იქცევი ზედამხედველად! ნუ ეცდები ვინმეს გამოსწორებას! გახსოვდეს, რომ იძულებით ვერავის შეცვლი- ვერც ქმარს და ვერც შვილებს. გახსოვდეს, რომ რაც არ უნდა ბევრი არიგო და ეჩხუბო შენს ვაჟს, მაინც არ შეეშვება მოწევას, სმას, ნარკოტიკებს, ღამის ცხოვრებას.თუ გინდა, რომ საწადელს მიაღწიო, მისთვის მადლი უნდა მოიხვეჭო, – ამისთვის კი მთელი გული უნდა ილოცო. უკან კი არ უნდა დაედევნო შენს ვაჟს, არამედ უფლისადმი ლოცვა უნდა აღავლინო. სადაც არ უნდა იყოს ამ დროს, იგი შინაგანად იგრძნობს, რომ მის გულში რაღაც ხდება და უხილავი ხელი მას სწორ გზაზე დააყენებს. აი, ჭეშმარიტი ლოცვის ნაყოფი! შეძლებ ამას? ეს არის მიზანი!
იყო ერთი წმინდა ადამიანი, რომელიც ლოცვის დროს თითქოს სხვა სივრცეში იმყოფებოდა, უფლისმიერი ხილვები ჰქონდა. ერთხელ მას ეშმაკეული მიუყვანეს და უთხრეს: „ილოცე მისთვის!” მან წარმოთქვა მხოლოდ ორი სიტყვა – „ღვთისმშობელი ქალწულო!” და ბოროტი სული აყვირდა! ეს სიტყვები მისი გულის სიღრმიდან ამოვიდა, თავისი განცდითა და შინაგანი ძალით, ამ სიტყვებთან ერთად მისი სულიდან ნათელმა სხივმა ამოხეთქა! ეს შინაგანი ძალა ღვთის მადლია, იგი იმის მსგავსია, რომელიც მაცხოვრის სიტყვას ახლდა. როდესაც რომაელები უფალს ეძებდნენ და ქრისტემ მათ ჰკითხა: „ვის ეძიებთ?” მათ მიუგეს: „იესო ნაზარეველს!” და უფალმა უთხრა: „მე ვარ!” (იოან. 18, 4-5). და ამ სიტყვების გაგონებაზე ისინი მიწაზე პირქვე დაემხნენ. რატომ? იმიტომ რომ უფალი ასხივებდა – ეს ლოცვის სიწმინდის ძალა მამაზეციერთან შეხების ძალა იყო!
ასე რომ, სიტყვით კი არა, ლოცვის ძალით უნდა ვიქონიოთ ზეგავლენა ჩვენს ქმარ-შვილზე და მაშინ ისინი მართლაც სიკეთისკენ მიიდრიკებიან და ისე კი არ შეიცვლებიან, როგორც ჩვენ გვსურს, არამედ ისე, როგორც უფლისთვის იქნება სათნო.
ამას რომ ვქადაგებ, საბედნიეროდ, მრევლი არ მეკითხება: „მამაო, შენ თვითონ თუ შეგიძლია ასეთი ლოცვა?” სკოლაში კი ბავშვები პირდაპირ მამხელენ: „მამაო, ჩემი პრობლემა რომ გითხრა, შეძლებ ლოცვით გადამიჭრა იგი?” ერთმა ბავშვმა კი ასეთი თხოვნით მომმართა: „ბებიაჩემს კიბო აქვს. შეგიძლია, მისთვის ილოცო, რომ გამოჯანმრთელდეს?” „სხვებს ვთხოვ, რომ ილოცონ. აბა, რა გითხრა? ეს ძალიან ძნელია. მე კი ვილოცებ, მაგრამ ჩემს ლოცვას არ აქვს ასეთი ძალა!” – მივუგე მას.
ისეთი ლოცვა რომ შეგვეძლოს, რომელიც უფალთან შეხების მსგავსი იქნებოდა, ადამიანების განკურნებასაც შევძლებდით. ეს არ არის მიუღწეველი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უშუალო ურთიერთობა ღმერთთან. ასეთი ლოცვისთვის ცოცხალ რწმენას ვსაჭიროებთ.
უშუალოდ იმ დროს, როდესაც ლოცვას აღავლენ, უნდა გწამდეს, რომ ის, რასაც ითხოვ, უკვე გეძლევა! როდესაც უფალს ევედრები, რომ შენი შვილი გამოჯამრთელდეს, ნუ ფიქრობ ავადმყოფობაზე, იფიქრე ჯანმრთელობაზე. ყოველთვის უკეთესს უნდა ელოდო. შენი ვაჟის დაქორწინებისთვის ლოცულობ? ისეთი რწმენით ილოცე, თითქოს უკვე გრძნობ, რომ ეს აღესრულება. არ ვიცით როდის, მაგრამ უფალი აუცილებლად მოგვცემს ყველაფერს, რასაც ვითხოვთ. აი, ეს არის რწმენა. თუ ცოცხალი რწმენა არ გაქვს, მაშინ ჩვენი სარწმუნოება უმეტესად თეორიას ემსგავსება.
არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი
მოამზადა მარიამ გაგუამ („საპატრიარქოს უწყებანი“)
წყარო: pravoslavie.ru