ა.წ. 21 ივნისს, წმინდა და დიდმა საერთომართლმადიებელთა კრებამ პირველ სამუშაო დღეს განიხილა დოკუმენტი – „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“. კრებამ არ გაითვალისწინა საბერძნეთის (იგივე ელადის) ეკლესიის მხრიდან შემოთავაზებული ცვლილებები, რასაც მოჰყვა ელადის ეკლესიის წარმომადგენლის, ნავპაკტის მიტროპოლიტმა მეუფე იეროთეოსს ვლახოსსა და კონსტანტინეპოლის ეკლესიის წარმომადგენლის, პერგამოს მიტროპოლიტ, მეუფე იოანე ზიზულასს შორის დაპირისპირება. მიუხედავად დაპირისპირებისა, კრებამ უკვე არსებული დოკუმენტი, რომელიც მიტროპოლიტმა იოანე ზიზულასმა მცირეოდენი შესწორებით წარმოადგინა, ერთხმად მიიღო. კრებას ჯერ-ჯერობით არ გამოუქვეყნებია დამტკიცებული დოკუმენტი (მცირეოდენი ცვლილებებით). გთავაზობთ დოკუმენტის პირველად ვარიანტს, რომელიც მოწონებულ იქნა მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლთა კრების მიერ ჟენევის შამბეზიში 2016 წლის 21-28 იანვარს.
„მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“
მართლმადიდებლი ეკლესიის წვლილი ერებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის მისაღწევად, რასობრივი დისკრიმინაციის, ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.
წმინდა და დიდი კრების დოკუმენტის პროექტი, რომელიც მოწონებულ იქნა მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლთა კრების მიერ ჟენევის შამბეზიში 2016 წლის 21-28 იანვარს.
ქვეყნდება წინამძღოლთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად.
ქრისტეს ეკლესია მყოფობს „ამ სოფელში’’, მაგრამ არ არის „ამ სოფლისაგან“ (შდრ. ინ. 17,11[1] და 14-15[2]. და ეკლესია არის ღვთის სასუფევლის ნიშანი და ხატი ისტორიაში, რომელიც მახარებელია „ახალი ქმნილებისა“ (II კორ. 5,17[3]), „ახალთა ცათა და ახალსა ქვეყანასა… რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს“ (II პეტრ. 3,13[4]), ქვეყანისა, რომლისგანაც უფალმა „აჴოცოს ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა, და სიკუდილი არღარა იყოს, არცა გლოვაჲ, არცაღა ღადებაჲ, არცა ტკივილი, რამეთუ პირველნი იგი წარჴდეს“ (აპოკ. 21, 4-5[5] ამ სასოებით ეკლესია უკვე ცხოვრობს და წინასწარ განიცდის მას, განსაკუთრებით – საღვთო ევქარისტიის აღსრულებისას, „შეკრებისას ერთად“ (1 კორ. 11:20) შვილთა ღმრთისათა განბნეულთა (ინ. 11:52), მიუხედავად რასისა, სქესისა, ასაკისა, სოციალური და სხვა მდგომარეობისა ერთ სხეულად, სადაც „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა“ (გალ. 3:28; შეად. კოლ. 3:11[6]) შერიგების, მშვიდობისა და სიყვარულის ერთ რეალობაში. „ახალი ქმნილების“, სახეცვლილი სამყაროს წინასწარი განცდით ეკლესია ცხოვრობს აგრეთვე თავისი წმინდანების სახით, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით და სათნოებით ამ ცხოვრებაშივე გააცხადეს ღვთის სასუფევლის სახე, დაამტკიცეს და დაადასტურეს, რომ მშვიდობის, სამართლიანობისა და სიყვარულის სასოება არის არა უტოპია, არამედ „აღსრულება მოლოდებადისა“ (ებრ. 11:1), რომელიც მიიღწევა ღვთის მადლითა და ადამიანის სულიერი ღვაწლით.
ღვთის სასუფევლის იმედითა და წინასწარი განცდით მუდმივად შთაგონებული ეკლესია არც ერთ ეპოქაში არ რჩება უგულისხმო ადამიანის პრობლემებისადმი, ის იზიარებს მის წუხილს და ყოფით პრობლემებს, უფლის მსგავსად, თავის თავზე იღებს ტკივილსა და წყლულებს, რომელთა მიზეზი ქვეყანაში არსებული ბოროტებაა და, კეთილი სამარიტელის მსგავსად, „მოთმინებითა მით და ნუგეშინისცემითა“ (რომ. 15:4[7]; ებრ. 13:22[8]) და ქმედითი სიყვარულით ასხამს წყლულზე ზეთსა და ღვინოს (ლკ. 10:34[9]). მის სიტყვას, ხალხისადმი მიმართულს, პირველ რიგში, მიზნად აქვს არა მათი განკითხვა და განსჯა (იხ. ინ. 3,17[10]და 12,47[11]), არამედ შეთავაზება ღვთის სასუფევლის სახარებისა, ვითარცა გზამკვლევისა, რომ მისცეს მათ იმედი და რწმენა იმისა, რომ ბოროტებას, რა სახითაც უნდა ავლენდეს იგი თავს, არ გააჩნია საბოლოო სიტყვა ისტორიაში და არ უნდა მიეცეს მას ნება წარმართოს მისი მსვლელობა.
ამ პრინციპებზე დაყრდნობით, აგრეთვე მამათა, ლიტურგიული და ასკეტური გადმოცემის ერთობლივი გამოცდილებისა და სწავლების საფუძველზე, მართლმადიდებელი ეკლესია იზიარებს თანამედროვე ადამიანის საზრუნავსა და წუხილს იმ ყოფითი პრობლემების გამო, რომლებიც აღელვებენ თანამედროვე სამყაროს, სურს წვლილი შეიტანოს მათს გადაწყვეტაში, რათა ქვეყანაში დაისადგუროს „მშვიდობამ ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა“ (ფილიპ. 4:7), შემრიგებლობამ და სიყვარულმა.
ა. ადამიანური პიროვნების ღირსება
1. ადამიანური პიროვნების ღირსება, გამომდინარე მისი როგორც ღვთის ხატად შექმნისა და ადამიანისა და სამყაროს შესახებ ღვთის განზრახვის აღსრულებაში მონაწილეობის მისაღებად, იყო ეკლესიის მამათა შთაგონების წყარო, რომლებიც უღრმავდებოდნენ საღვთო განგებულების საიდუმლოს. ნიშანდობლივია წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის გამონათქვამი ადამიანის შესახებ: „შემოქმედი ქმნის, როგორც მეორე სამყაროს, მცირედში დიდს, ადგენს სამყაროში სხვა ანგელოზს, სხვადასხვა (შერეული) ბუნებისგან შექმნილ თაყვანისმცემელს, ხილულ ქმნილებაზე მზრუნველს, მესაიდუმლეს გონებით განსაჭვრეტი ქმნილებისას, მეუფედ მათზე, რაც დედამიწაზეა… დაქვემდებარებულს ზენა მეუფებისა, ცოცხალ არსებას, რომელიც აქ ემზადება სხვა სამყაროში გადასანაცვლებლად (რაც საიდუმლოს დასასრულს წარმოადგენს) ღვთისკენ მისწრაფებით მიაღწევს განღმრთობას“ (გრიგოლ ღვთისმეტყველი, სიტყვა 45, წმინდა აღდგომას წარმოთქმული, 7. PG 36, 632). ღვთის სიტყვის განკაცების მიზანი არის ადამიანის განღმრთობა. ქრისტემ, რომელმაც თავის თავში განაახლა ძველი ადამი (შდრ. ეფ. 2:15[12]), „განაღმრთო თავის თავში ადამიანი, წყარო ჩვენი სასოებისა“ (ევსები კესარიელი, მტკიცებულება სახარების სასარგებლოდ, 4, 14. PG 22, 289). როგორც ძველ ადამში შეკრებილი იყო მთელი კაცობრიობის მოდგმა, ასევე ახალ ადამში შეიკრიბება მთელი კაცობრიობა. „მხოლოდშობილი გახდა ადამიანი, რათა… ხელახლა შემოკრიბოს ერთად და დააბრუნოს პირველქმნილ მდგომარეობაში წარსაწყმედად განწირული მოდგმა“, ე.ი. კაცობრიობა (კირილე ალექსანდრიელი, იოანეს სახარების განმარტება, 9, PG 74, 273D-275A). ეკლესიის ეს სწავლება არის უშრეტი წყარო ყოველგვარი ქრისტიანული მცდელობისა ადამიანის ღირსებისა და სიდიადის დასაცავად.
2. ამის საფუძველზე ადამიანის ღირსების დასაცავად და მშვიდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ქრისტიანული ურთიერთთანამშრომლობის განვითარება ყველა მიმართულებით, რათა ყველა ქრისტიანის სამშვიდობო ძალისხმევას ჰქონდეს მეტი წონა და ძალა.
3. ამ სფეროში უფრო ფართო თანამშრომლობის წინაპირობად შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის პიროვნების მაღალი ღირსების საყოველთაო აღიარება. მართლმადიდებელი ეკლესიები მოწოდებულნი არიან, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ რელიგიათშორის დიალოგსა და თანამშრომლობაში, ამის მეშვეობით კი – ფანატიზმის ნებისმიერი გამოვლინების დაძლევაში, ხალხთა შორის მეგობრობის, თავისუფლებისა და მშვიდობის განსამტკიცებლად მთელ მსოფლიოში, ყოველი ადამიანის სასიკეთოდ, რასისა და რელიგიის მიუხედავად. იგულისხმება, რომ ეს თანამშრომლობა გამორიცხავს როგორც სინკრეტიზმს, ასევე რომელიმე ერთი რელიგიის ძალადობის მცდელობას სხვა რელიგიებზე. 4. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ, როგორც „ღმრთის თანაშემწენი“ (1 კორ. 3:9), ძალგვიძს განვავითაროთ ადგილობრივ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ერთობლივი მსახურება კაცობრიობის საკეთილდღეოდ კეთილი ნების მქონე ხალხებთან ერთად, რომლებიც ისწრაფვიან ღვთის სათნო მშვიდობისათვის. ეს მსახურება არის ღვთის მცნება (მთ. 5:9).
ბ. თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებ
1. ღვთის ერთ-ერთ უმაღლეს ნიჭთაგან, რაც ღვთის მიერ ებოძა ადამიანს, როგორც პიროვნული ღმერთის ხატის კონკრეტულ მატარებელს, ისე პიროვნებათა თანაზიარს, რომელიც ადამიანის მოდგმის ერთობაში მადლით აირეკლავს წმინდა სამებაში საღმრთო პირთა ცხოვრებასა და თანაზიარებას, არის თავისუფლების ნიჭი. „შექმნა რა (უფალმა) ადამიანი დასაბამიდან, მისცა მას თავისუფლება და თვითუფლებრივობა და მხოლოდ თავისი მცნების რჯულით შემოზღუდა“ (გრიგოლ ღვთისმეტყველი, სიტყვა 14-ე, მოწყალების შესახებ, 25. PG 35, 892Α). თავისუფლება წარმოაჩენს ადამიანს შესაძლებლობის მქონედ, რათა წარემატოს სულიერი სრულყოფილებისაკენ; მაგრამ, ამავე დროს, იგი საკუთარ თავში შეიცავს ურჩობის საფრთხეს, ღვთის მორჩილებისაგან გამოსვლას, და ამის შედეგად – ცოდვის დაცემას, რომლისაგანაც არის კიდეც სამყაროში ბოროტების ტრაგიკული შედეგები.
2. ამ ბოროტების შედეგი დღეს არის ის, რომ თანამედროვე ცხოვრებაში დომინირებენ არასრულყოფილებანი და ნაკლოვანებანი, როგორიცაა გამიწიერებული აზროვნება, ძალადობა, ზნეობრივი დაცემულობა, ისეთი ნეგატიური გამოვლინებანი, როგორიც არის ნარკოტიკული და სხვა სახის დამოკიდებულება, რაც შესამჩნევია თანამედროვე ახალგაზრდობის გარკვეულ ნაწილში, რასიზმი, გამალებული შეიარაღება, ომები და ამის შედეგად მათ მიერ გამოწვეული სოციალური უბედურებანი, შევიწროებანი ცალკეული სოციალური ჯგუფებისა, რელიგიური საზოგადოებისა და მთელი ხალხებისა, სოციალური უთანასწორობა; ადამიანების უფლებების შეზღუდვა სინდისის, თავისუფლების სფეროში, კერძოდ კი რელიგიური თავისუფლებისა, დეზინფორმაცია და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, ეკონომიკური სიღატაკე, არათანაბარი განაწილება ან სრული არარსებობა აუცილებელი საარსებო პირობებისა, მილიონობით ადამიანის შიმშილი, მოსახლეობის იძულებთი გადაადგილება ან ადამიანებით უკანონო ვაჭრობა, ლტოლვილთა მოზღვავება, გარემოს განადგურება, გენეტიკური ბიოტექნოლოგიებისა და ბიომედიცინის უკონტროლო გამოყენება ადამიანის სიცოცხლის დასაწყისთან, ხანგრძლივობასა და დასასრულთან მიმართებით. ყოველივე ამას შემოაქვს დაუსრულებელი სტრესი თანამედროვე კაცობრიობის ცხოვრებაში.
3. აღნიშნული გარემოებების წინაშე, რამაც დეგრადაციამდე მიიყვანა წარმოდგენა ადამიანური პიროვნების შესახებ, მართლმადიდებელი ეკლესიის მოვალეობა დღეს მდგომარეობს იმაში, რომ ქადაგების, ღვთისმეტყველების, ღვთისმსახურებისა და სამოძღვრო მოღვაწეობის მეშვეობით წარმოაჩინოს თავისუფლების ჭეშმარიტება ქრისტეში.„ყოველივე ჯერ არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ არს ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს. ნუვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყვასისასაცა თითოეული… რამეთუ რაისათვის აზნაურებაი ჩემი განიკითხვის სხვისა იჭვისაგან?“ (1 კორ. 10:23-24, 29[13]). თავისუფლება პასუხიმგებლობისა და სიყვარულის გარეშე მიგვიყვანს თავისუფლების დაკარგვამდე.
გ. მშვიდობისა და სამართლიანობის შესახებ
1. მართლმადიდებელი ეკლესია ოდითგანვე აღიარებს და აცხადებს, რომ მშვიდობასა და სამართლიანობას ხალხთა ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უკავია. ქრისტეში ეს გამოცხადება ხასიათდება როგორც „სახარება მშვიდობისა“ (ეფ. 6:15), ვინაიდან ქრისტემ „მშვიდობა-ყო სისხლითა მის ჯუარისა მისისაითა“ (კოლ. 1:20), „გახარა მშვიდობა თქვენ, შორიელთა და მახლობელთა“ (ეფ. 2:17). ის გახდა „მშვიდობაი ჩვენი“ (ეფ. 2:14). ეს მშვიდობა, „რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა“ (ფილ. 4:7), როგორც თავად უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს ჯვარცმის წინ, უფრო ფართო და არსებითია იმ მშვიდობაზე, რომელსაც აღგვითქვამს სოფელი: „მშვიდობასა დაგიტევებ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ, არა ვითარ სოფელმან მისცის, მე მიგცემ თქუენ“ (ინ. 14:27[14]). ქრისტეს მშვიდობა არის მწიფე ნაყოფი მასში ყოველთა შემოკრებისა: ადამიანის პიროვნების, როგორც ღვთის ხატების, ღირსებისა და სიდიადის გამოვლინება ადამიანთა მოდგმისა და სამყაროსი, საყოველთაობა მშვიდობის პრინციპებისა, თავისუფლებისა და სოციალური სამართლიანობისა და ბოლოს ადამიანებსა და მსოფლიოს ხალხთა შორის ქრისტიანული სიყვარულის ნაყოფის მოწევნა. ჭეშმარიტი მშვიდობა – ეს არის ნაყოფი ქვეყანაზე ყველა ქრისტიანული პრინციპის განმტკიცებისა. ეს არის მშვიდობა ზეციდან, რისთვისაც მუდამ ლოცულობს მართლმადიდებელი ეკლესია თავის ყოველდღიურ ლოცვებში, შესთხოვს ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელიც ისმენს მათს ლოცვებს, რომლებიც რწმენით მიდიან მასთან.
2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ცხადი ხდება, თუ რატომ ლოცულობს მუდამ ეკლესია, როგორც „ქრისტეს სხეული“ (1 კორ. 12,27), მთელი მსოფლიოს მშვიდობისათვის, რომელი მშვიდობაც, კლიმენტი ალექსანდრიელის თანახმად, არის სინონიმი სამართლიანობისა (სტრომატის 4,25. ΡG 8, 1369B-72A); ხოლო ბასილი დიდი დასძენს: „არ ძალმიძს დავარწმუნო ჩემი თავი, რომ ურთიერთსიყვარულისა და ყველასთან მშვიდობის გარეშე, რამდენადაც მე ეს ძალმიძს, შეიძლება ვიწოდო იესო ქრისტეს ღირსეულ მონად“ (წერილი 203, 2. PG 32, 737). ეს არის, როგორც იგივე წმინდა მამა წერს, იმდენად ცხადი ქრისტიანისათვის, რომ „არაფერი არ არის ისე დამახასიათებელი ქრისტიანისთვის, როგორც მშვიდობის ქმნა“ (ეპისტოლე, 114. ΡG 32, 528B). ქრისტეს მშვიდობა არის მისტიკური ძალა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის შერიგებიდან ზეციურ მამასთან.
„იესოს განგებულებით, რომელიც ყოველსა შინა ყოველივეს აღასრულებს და ჰყოფს მშვიდობას, რომელიც არის გამოუთქმელი უწინარეს საუკუნეთა წინაგანსაზღვრული და რომელმაც შეგვარიგა ჩვენ მასთან და მის მიერ მამაში“ (დიონისე აეროპაგელი, „საღვთოთა სახელთათვის”, 11, 5, ΡG 3,953AB). 3. ამასთან ერთად საჭიროა აღნიშვნა იმისა, რომ მშვიდობისა და სამართლიანობის ნიჭი დამოკიდებულია ადამიანის თანამოქმედებაზეც. სულიწმინდა გვანიჭებს სულიერ ნიჭებს, როდესაც სინანულით ვეძიებთ ღვთის მშვიდობასა და სამართლიანობას. მშვიდობისა და სამართლიანობის ეს ნიჭები ჩნდება იქ, სადაც ქრისტიანები ძალისხმევას არ იშურებენ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში რწმენის, სიყვარულისა და სასოების საქმეში (1 თეს. 1,3[15]).
4. ცოდვა არის სულიერი სნეულება, რომლის გარეგნული სიმპტომებია კონფლიქტები, უთანხმოებანი, დანაშაულებები და ომები, თანმდევი ტრაგიკული შედეგებით. ეკლესია ისწრაფვის აღმოფხვრას არა მარტო ამ დაავადების გარეგნული სიმპტომები, არამედ თავად სნეულება – ცოდვა.
5. ამავდროულად, მართლმადიდებელი ეკლესია თავს მოვალედ მიიჩნევს მოიწონოს ყველაფერი, რაც ნამდვილად ემსახურება მშვიდობას (რომ. 14,19), და ხსნის გზას სამართლიანობის, ძმობის, ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ურთიერთსიყვარულისკენ ერთი ზეციური მამის ყველა შვილს შორის, ასევე ყველა ხალხს შორის, რომლებიც წარმოადგენენ ერთ ადამიანურ ოჯახს. იგი თანაუგრძნობს ყველა ხალხის სატკივარს, რომლებიც დედამიწის სხადასხვა კუთხეში მოკლებულნი არიან მშვიდობისა და სამართლიანობის სიკეთეებს.
დ. მშვიდობა და ომის პრევენცია
1. ქრისტეს ეკლესია საზოგადოდ გმობს ომს და მიიჩნევს მას როგორც შედეგს სამყაროში არსებული ბოროტებისა და ცოდვისას. „ვინაჲ არიან ბრძოლანი და ლალვანი თქუენ შორის? ანუ არა მიერვე გულისთქუმათაგან თქუენთა,რომელნი განწყობილ არიან ასოთა შინა თქუენთა?“ (იაკობი 4,1[16]). ნებისმიერი ომი ემუქრება განადგურებით ღვთის ქმნილებასა და სიცოცხლეს.
განსაკუთრებით მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით წარმოებული ომების შემთხვევებში შედეგები იქნება სასტიკად შემზარავი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გამოიწვევენ ადამიანების გაუთვალისწინებელი რაოდენობით სიკვდილს, არამედ იმიტომაც, რომ ვინც გადარჩება, მათი სიცოცხლე იქნება გაუსაძლისი. გაჩნდება უკურნებელი დაავადებები, წარმოიქმნება გენეტიკური ცვლილებები და სხვა უბედურებები, რომლებიც კატასტროფულ გავლენას იქონიებენ მომდევნო თაობებზე.
მეტად დიდ საფრთხედ წარმოგვიჩნდება არა მხოლოდ ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური, არამედ ყველა სახის შეიარაღება, რომლებიც უპირატესობისა და ბატონობის ილუზიას ქმნიან მათს მფლობელთათვის გარემო სამყაროზე. მსგავსი შეიარაღება ამკვიდრებს შიშისა და უნდობლობის ატმოსფეროს და მიზეზი ხდება ახალი, გამალებული შეიარაღებისა.
2. ქრისტეს ეკლესია, რომელიც ოდითგანვე მიიჩნევდა ომს, როგორც შედეგს სამყაროში არსებული ბოროტებისა და ცოდვისას, ხელს უწყობს ნებისმიერ ინიციატივასა და მცდელობას, დიალოგისა და სხვა მისაღები საშუალებების მეშვეობით მიმართულს მის თავიდან ასაცილებლად. იმ შემთხვევაში, თუ ომი ხდება გარდაუვალი, ეკლესია აგრძელებს ლოცვას და ახორციელებს სამოძღვრო მზრუნველობას თავისი შვილებისადმი, რომლებიც მონაწილეობენ საბრძოლო ოპერაციებში საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების დასაცავად, ამავე დროს მიმართავენ მთელ ძალისხმევას მშვიდობის დაუყოვნებლივ აღსადგენად.
3. მართლმადიდებელი ეკლესია მკაცრად გმობს სხვადასხვა სახის კონფლიქტებსა და ომებს, რომლებიც გამოწვეულია ფანატიზმით და სათავეს იღებს რელიგიური პრინციპებიდან. ღრმა შეშფოთებას იწვევს გამუდმებული და მზარდი ტენდენცია ქრისტიანებისა და სხვა საზოგადოებების დევნისა, მათი რწმენის გამო ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ასევე ქრისტიანობის აღმოფხვრის მცდელობა მისთვის ტრადიციული რეგიონებიდან. ამგვარად, საფრთხე ექმნება არსებულ რელიგიათშორის და ერთაშორის ურთიერთობებს, ხოლო ბევრი ქრისტიანი იძულებული ხდება მიატოვოს თავისი სამყოფელი. მართლმადიდებლები მთელს მსოფლიოში თანაუგრძნობენ თავიანთ ქრისტიან ძმებს და ყველას, რომლებიც იდევნებიან მოცემულ რეგიონში, და მოუწოდებენ გამოინახოს სამართლიანი და საბოლოო გადაწყვეტა რეგიონში არსებული გამოწვევებისა.
ასევე იგმობა ომები, რომლებიც შთაგონებულია ნაციონალისტური მოტივებით და მიზნად ისახავს ეთნიკურ წმენდას, სახელმწიფო საზღვრების შეცვლასა და ტერიტორიების მიტაცებას
ე. მართლმადიდებელი ეკლესია დისკრიმანაციის წინააღმდეგ
1. უფალი, როგორც სიმართლის მეუფე (ებრაელთა 7, 2-3[17]), უარყოფს ძალადობასა და უსამართლობას (ფსალმუნი 10,5[18]) და გმობს მოყვასის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას (მათ. 25, 41-46[19], იაკობი 2, 15-16[20]). ეკლესიაში, რომელიც უკვე მკვიდრობს ამ ქვეყანაზე და რომელიც არის ხატი მისი სასუფევლისა, არა აქვს ადგილი არც სიძულვილს, არც მტრობასა და არც შეუწყნარებლობას (ესაია 11,6[21] რომ. 12,10[22][[22]]ძვ.ქართ.: „სასოებასა გიხაროდენ, ჭირსა დაუთმობდით, ლოცვასა განკრძალულ იყვენით“.
ახ.ქართ.: „გიხაროდეთ იმედით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას – მოუღლელნი“.[[21]]).
2. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიას უკავია ნათელი პოზიცია. ეკლესიას სწამს, რომ ღმერთმა „შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკჳდრებად ყოველსავე ზედაპირსა ქუეყანისასა“ (საქმენი 17, 26[23]) და რომ ქრისტეში „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ“ (გალ. 3,28[24]). კითხვაზე „და ვინ არს მოყუას ჩემდა?“ ქრისტემ უპასუხა კეთილი სამარიტელის იგავით (ლუკა 10,25-37). ამგვარად იგი ასწავლიდა ყოველგვარი მტრობისა და ცრუ რწმენის გამყოფი კედლის რღვევის შესახებ. მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, რომ თითოეული ადამიანი, განურჩევლად კანის ფერისა, რელიგიისა, რასისა, სქესისა, ეროვნებისა, ენისა, შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად და სარგებლობს თანაბარი უფლებებით საზოგადოებაში. ამ რწმენით მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებს დისკრიმინაციას ყველა ზემოხსენებული მიზეზით, რადგან იგი გულისხმობს ადამიანთა შორის ღირსების მიხედვით განსხვავებას.
3. ეკლესია პატივს სცემს ადამიანის უფლებებს და თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას ადამიანებს შორის, აფასებს ამ პრინციპების გამოყენებას საიდუმლოებების შესახებ მისი სწავლების შუქზე, ოჯახის, ეკლესიაში ორივე სქესის წარმომადგენელთა მდგომარეობას, და მთლიანობაში, საეკლესიო ტრადიციაზე დაფუძნებულ ღირებულებებს. ეკლესიას აქვს უფლება მოწმობდეს თავისი სწავლების შესახებ საზოგადოებრივ სივრცეში.
ვ. მართლმადიდებელი ეკლესიის მისია როგორც მოწმობა სიყვარულისა მსახურებაში
1. მართლმადიდებელი ეკლესია, აღასრულებს რა თავის გამომხსნელობით მისიას მსოფლიოში, ქმედითად ზრუნავს, რათა შეეწიოს ყველა ხალხს, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას: მშივრებს, უსახსროებაში მყოფთ, სნეულთ, ინვალიდებს, მოხუცებს, დევნილებს, ტყვეობაში მყოფთ, პატიმრებს, უსახლკაროებს, ობლებს, საომარი კონფლიქტებისა და კატასტროფების მსხვერპლთ, ადამიანებით ვაჭრობისა და მონობის თანამედროვე სახის მსხვერპლთ. მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან გაწეული მცდელობა სიღატაკისა და სოციალური უსამართლობის დასაძლევად არის მისი რწმენის გამოხატულება და უფლის მსახურება, რომელმაც თავისი თავი გააიგივა თითოეულ ადამიანთან, და უფრო მეტად კი მათთან, ვინც საჭიროებს დახმარებას: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მათე 25, 40[25]). ამ მრავალმხრივი საზოგადოებრივი მსახურებით ეკლესიას შეუძლია ითანამშრომლოს სხვადასხვა შესაბამის საზოგადოებრივ ინსტიტუტთან.
2. სამყაროში არსებული წინააღმდეგობა და მტრობა წარმოშობს უსამართლობასა და უთანასწორობას ადამიანებისა და ხალხების მონაწილეობის თვალსაზრისით საღვთო შესაქმის სიკეთეებში. მილიონობით ადამიანი მოკლებულია ელემენტარულ კეთილდღეობას, რაც იწვევს ადამიანური არსებობის დეგრადაციას, მოსახლეობის მასობრივ გადაადგილებას, აღვივებს კონფლიქტებს ეროვნულ, რელიგიურ და სოციალურ ნიადაგზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების შინაგან შეკავშირებულობას.
3. ეკლესიას არ ძალუძს გულგრილი დარჩეს ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მთელს კაცობრიობაზე, იგი მოითხოვს აუცილებლობას იმისას, რომ ეკონომიკა არა მხოლოდ ზნეობრივ საწყისებს ეფუძნებოდეს, არამედ მისი მეშვეობით ქმედითად ემსახურებოდეს ადამიანს, თანახმად პავლე მოციქულის სწავლებისა:„ესრეთ მშრომელთა მათ და ჯერ–არს შეწყნარებაჲ უძლურთა მათ და მოჴსენებად სიტყუაჲ იგი უფლისა იესუჲსი,რამეთუ თავადმან თქუა: ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა“ (საქმ. 20, 35[26]). ბასილი დიდი კი წერს, რომ „თითოეულმა თავის საქმეში მიზნად უნდა დაისახოს საჭიროებაში მყოფთა დახმარება და არა მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილება” (საკითხი 42 PG 31, 1025 A). 4. ეკონომიკური კრიზისის გამო დრამატულად იზრდება უფსკრული მდიდართა და ღარიბთა შორის, რაც, ჩვეულებრივ, არის შედეგი დაუოკებელი სპეკულაციისა ფინანსური წრეების წარმომადგენელთა მხრიდან, მცირედთა ხელში სიმდიდრის დაგროვებისა და გაუკუღმართებული ეკონომიკური საქმიანობისა, რაც მოკლებულია სამართლიანობას, ადამიანურობასა და პასუხისმგებლობას და, რომ შევაჯამოთ, ყოველივე ეს არ ემსახურება კაცობრიობის ჭეშმარიტ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას. სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკა არის ის, რომელიც სოციალურ სოლიდარობასთან ერთად ითავსებს ეფექტიანობასა და სამართლიანობას.
5. ამ ტრაგიკული გარემოებების ფონზე აშკარაა ეკლესიის უდიდესი პასუხისმგებლობა მსოფლიოში შიმშილისა და სიღარიბის სხვა გამოვლინებების დასაძლევად. ის ფაქტი, რომ ამგვარ გამოვლინებას ადგილი აქვს ჩვენს დროში, როდესაც ქვეყნები ცხოვრობენ გლობალიზებული ეკონომიკის პირობებში, აჩვენებს თანამედროვე სამყაროს იდენტურობის სერიოზულ კრიზისს, რადგან შიმშილი არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის მთელი ერების სიცოცხლის საღვთო ძღვენს, არამედ იგი შეურაცხყოფს ადამიანური პიროვნების სიდიადესა და სიწმინდეს და იმავდროულად შეურაცხყოფს თავად ღმერთს. ამრიგად, თუ ზრუნვა ჩვენს საკუთარ საკვებზე არის მატერიალური საკითხი, ზრუნვა მოყვასის საკვებისთვის არის სულიერი საკითხი (იაკობი 2, 14-18[27]). შესაბამისად, ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მისიას წარმოადგენს – დაამოწმოს თავისი სოლიდარობის შესახებ გაჭირვებაში მყოფი ძმებისადმი და აღმოუჩინოს მათ ეფექტური დახმარება.
6. ქრისტეს წმინდა ეკლესია თავის კათოლიკე (საყოველთაო) სხეულში აერთიანებს დედამიწის ბევრ ხალხს, ემხრობა ზოგადსაკაცობრიო სოლიდარობის პრინციპს და მხარს უჭერს ხალხებისა და სახელმწიფოების უფრო მჭიდრო თანამშრომლობას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის საქმეში.
7. ეკლესიის წუხილს იწვევს ის, რომ სამომხმარებლო ცხოვრების წესი, რაც მოკლებულია ქრისტიანულ ზნეობას, მუდმივად, უფრო მეტი ინტენსიურობით თავს ახვევს კაცობრიობას. ამ თვალსაზრისით, მომხმარებლობას, სეკულარიზებულ გლობალიზაციასთან ერთად, მიჰყავს ხალხები მათი სულიერი ფასეულობების დაკარგვამდე, ისტორიული მეხსიერებისა და ტრადიციების დავიწყებამდე.
8. საინფორმაციო საშუალებები არაიშვიათად ემსახურებიან ლიბერალური გლობალიზაციის იდეოლოგიის კონტროლს და ამ გზით, ხელს უწყობენ მომხმარებლობისა და უზნეობის გავრცელებას. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს უპატივცემულობის შემთხვევები, მკრეხელური დამოკიდებულებანი რელიგიური ღირებულებებისადმი, რაც განხეთქილებისა და შფოთის პროვოცირებას ახდენს. ეკლესია აფრთხილებს თავის შვილებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობიერებაზე ზემოქმედების საფრთხის შესახებ, რომელსაც იყენებენ არა ადამიანებისა და ხალხების დაახლოების მიზნით, არამედ მათზე მანიპულირებისთვის.
9. ეკლესია, ქადაგებისა და კაცობრიობისადმი მსახურების თავისი მაცხოვნებელი მისიის აღსრულების გზაზე, სულ უფრო მეტად აწყდება სეკულარიზმის გამოვლინებას. რწმენაზე დაყრდნობითა და თავისი ჭეშმარიტი მისიის შეხსენებით, ღვთის სასუფევლის უწყებისა და თავისი სამწყსოს ერთიანობის შეგნების აღზრდის გზით, ქრისტეს ეკლესია მოწოდებულია ხელახლა გამოხატოს წინასწარმეტყველური მოწმობა და გაუცხადოს იგი მსოფლიოს. ამრიგად, მისთვის იხსნება მოქმედების ფართო ასპარეზი, რადგან თავისი ეკლესიოლოგიური სწავლების არსებითი ელემენტის სახით იგი უცხადებს დაქუცმაცებულ სამსყაროს ევქარისტიულ თანაზიარებასა და ერთობას.
10. მისწრაფებას კეთილდღეობის მუდმივი ზრდისა და თავშეუკავებელი მომხმარებლობისას გარდაუვალად მიჰყავს ბუნებრივი რესურსების არაპროპორციულ გამოყენებასა და მის ამოწურვამდე. ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო, რომელიც მიეცა ადამიანს დასამუშავებლად და დასაცავად (იხ. დაბადებ. 2,15[28]), განიცდის ადამიანის ცოდვების შედეგების გავლენას: „რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნებსით, არამედ მის მიერ, რომელმან-იგი დაამორჩილა, სასოებით. რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა. უწყით, რამეთუ ყოველი დაბადებული ჩვენ თანა კუნესის და თანა-ელმის მოაქამდე“(რომ. 8, 20-22[29]).
ეკოლოგიური კრიზისი, რომელიც უკავშირდება კლიმატურ ცვლილებებს და პლანეტის გლობალურ დათბობას, აუცილებელს ხდის ეკლესიის მოვალეობას, მის ხელთ არსებული ყველა სულიერი საშუალებით თავისი წვლილი შეიტანოს და უზრუნველყოს ღვთის ქმნილების დაცვა ადამიანური სიხარბის შედეგებისაგან.
გაუმაძღრობა, გამოვლენილი მატერიალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, იწვევს ადამიანის სულიერ სიღატაკეს და გარემოს განადგურებას. არ უნდა დავივიწყოთ. რომ დედამიწის ბუნებრივი სიმდიდრე არ არის საკუთრება ადამიანისა, არამედ შემოქმედისა: „უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა“ (ფსალმ. 23,1[30]).
ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ღმერთის შესაქმის დაცვის აუცილებლობას ადამიანის პასუხისმგებლობის საშუალებით ღვთის მიერ ბოძებული გარემოს მიმართ თავშეკავებულობის სათნოებითა და თვითშემოზღუდვით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მარტო დღევანდელ, არამედ მომავალ თაობებსაც აქვთ უფლება ბუნებრივ სიმდიდრეებზე, რომლებიც ჩვენ შემოქმედმა გვიბოძა.
11. მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სამყაროს მეცნიერული გამოკვლევის შესაძლებლობა არის უფლის საჩუქარი ადამიანის მიმართ. ამასთან ერთად, ამ დადებითი მიდგომის მიუხედავად, ეკლესია მიუთითებს იმ საფრთხეთა შესახებ, რომლებიც ზოგიერთი მეცნიერული მიღწევის გამოყენებაშია. ეკლესია თვლის, რომ მეცნიერი თავისუფალია თავის კვლევებში, მაგრამ ვალდებულია შეწყვიტოს თავისი კვლევა, როდესაც ამით ირღვევა ძირითადი ქრისტიანული და ჰუმანური პრინციპები: „ყოველივე ჯერ–არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს“ (1 კორ. 6,12[31]), „სიკეთე არ არის სიკეთე, თუკი იგი აღესრულება არაკეთილად“ (გრიგოლ ღვთისმეტყველი, სიტყვა საღვთისმეტყველო Α, 4, PG 36, 16C). ეკლესიის ეს პოზიცია მრავალმხრივ აუცილებელია – თავისუფლების საზღვრების განსასაზღვრად და მეცნიერების მონაპოვართა გამოსაყენებლად, რომლებისგანაც თითქმის ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი – ბიოლოგიაში, მოსალოდნელია როგორც წარმატებები, ასევე საფრთხეები. ამავდროულად ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ადამიანური სიცოცხლის სიწმინდეზე მისი ჩასახვის მომენტიდან მის ბუნებრივ სიკვდილამდე.
12. ამ ბოლო წლებში შეიმჩნევა მკვეთრი განვითარება ბიოლოგიური მეცნიერებების და მათთან დაკავშირებული ბიოტექნოლოგიისა. თუმცა ბევრი ამ მიღწევათაგან მიჩნეულია ადამიანისათვის სასარგებლოდ, მაგრამ ზოგიერთი მათგანის გამოყენება ქმნის ზნეობრივ დილემებს, ზოგი კი უარსაყოფია. მართლმადიდებელ ეკლესიას სწამს, რომ ადამიანი არ არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების უბრალო ერთიანობა და არც განისაზღვრება მხოლოდ ბიოლოგიური ფაქტორებით. ადამიანი არის ღმერთის ხატისებრი ქმნილება (დაბ. 1, 27[32]) და ამიტომაც მასთან მიმართებით აუცილებელია სათანადო პატივისცემის გამოჩენა. ამ ფუნდამენტალური პრინციპების აღიარებას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ, როგორც მეცნიერული კვლევების დროს, ასევე, ახალი აღმოჩენებისა და გამოგონების პრაქტიკული გამოყენებისას, გვმართებს დავიცვათ ყოველი ადამიანის აბსულუტური უფლება მისდამი პატივისცემისა სიცოცხლის ყველა ეტაპზე. ასევე, აუცილებელია პატივი ვცეთ ღვთის ნებას, როგორც ის ცხადდება ქმნილებაში. კვლევა უნდა ითვალისწინებდეს ზნეობრივ და სულიერ პრინციპებს და ქრისტიანულ დადგენილებებს. გვმართებს სათანადო პატივისცემა მივაგოთ ღმერთის მთელ ქმნილებას, როგორც ადამიანის მიერ მისი გამოყენებისას, ისე კვლევების წარმოებისას, თანახმად ღვთის მიერ მისდამი მიცემული მცნებისა (დაბ. 2, 15 [33]).
13. სეკულარიზაციის ამ ეპოქაში, სულიერი კრიზისის ფონზე, რაც დამახასიათებელია თანამედროვე ცივილიზაციისთვის, განსაკუთრებით თავს იჩენს საჭიროება, რომ წინა პლანზე წამოიწიოს ცხოვრების სიწმინდის მნიშვნელობა. თავისუფლების მცდარი გაგება, რომ ყველაფერი დასაშვებია, იწვევს დანაშაულის ზრდას, სიწმინდეების განადგურებასა და შებილწვას, მოყვასის თავისუფლებისა და სიცოცხლის სიწმინდის უპატივცემულობას. მართლმადიდებლური წმინდა გარდამოცემა, ქრისტიანული ჭეშმარიტებების ცხოვრებაში განხორციელებით ჩამოყალიბებული, არის სულიერებისა და ასკეტური ხასიათის მატარებელი, რაც ჩვენს ეპოქაში განსაკუთრებით უნდა გამოიკვეთოს და წარმოჩნდეს.
14. ეკლესიის განსაკუთრებული სამოძღვრო მზრუნველობა ახალგაზრდებზე, ხანგრძლივი და უცვლელი, გულისხმობს მათ აღზრდას ქრისტესში. თავისთავად, ეკლესიის სამოძღვრო პასუხისმგებლობის მასშტაბი ვრცელდება, ასევე, ღვთივმონიჭებული ოჯახის ინსტიტუტზე, რომელიც ყოველთვის და აუცილებლად ეფუძნებოდა ქრისტიანული ქორწინების წმინდა საიდუმლოს, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობას, რაც გამოხატავს ქრისტესა და ეკლესიის კავშირს (ეფეს. 5, 32[34]). ეს აქტუალურია, თუ მხედველობაში მივიღებთ ზოგიერთ ქვეყანაში ისეთი თანაცხოვრების ფორმების ლეგალიზაციის მცდელობებს, რაც ეწინაააღმდეგება ქრისტიანულ გადმოცემას და სწავლებას, და რის გამართლებასაც საღვთისმეტყველო საფუძველზე ცდილობენ ქრისტიანულ საზოგადოებებში.
15. თანამედროვე ეპოქაში, ისევე, როგორც ყველა დროში, ეკლესიის წინასწარმეტყველური და სამოძღვრო ხმა მიმართულია ადამიანის გულისაკენ და, პავლე მოციქულთან ერთად, უხმობს მას მიიღოს და განიცადოს „რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ“ (ფილიპ. 4,8[35]) ჯვარცმული უფლის მსხვერპლშეწირული სიყვარული, როგორც ერთადერთი გზა ადამიანებსა და ხალხებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლებისა და სიყვარულის სამყაროსაკენ. წყარო: patriarchate.ge