უნათლავი ჩვილების სიკვდილის შემდგომი ხვედრის შესახებ არაფერი ვიცით. ასევე არაფერი ვიცით მონათლული ადამიანების იმქვეყნიური ბედის შესახებაც. სახარებაში ნათქვამია, რომ ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება (მარკ. 16, 16). ეს სიტყვები, უდავოდ, მიუთითებს ნათლისღების აუცილებლობაზე, როგორც სარწმუნოების მიღების უტყუარ დასტურზე. ცხონდება არა ის, ვინც უბრალოდ მოინათლა, არამედ, ვინც იწამა კიდეც. შემდეგ კი ნათქვამია, რომ ვინც არ იწამებს, ის განიკითხება.
თუმცა ნათლისღება არ იხსნის ადამიანს სამსჯავროსაგან.ამიტომ უნათლავ ჩვილთა ხვედრის საკითხი, რომლებიც პასუხს არ აგებენ თავიანთ სარწმუნოებაზე, ეკლესიაში ყოველთვის ღიად იყო დატოვებული. არსებობდა საკმაოდ კატეგორიული თვალსაზრისი, რომელიც ნეტარი ავგუსტინეს ღვთისმეტყველებიდან, პირველქმნილი ცოდვის შესახებ მისი სწავლებიდან, გამომდინარეობდა. ამ თვალსაზრისის თანახმად, შეუძლებელი იყო მოუნათლავ ჩვილთა ცხონებაზე ფიქრი. და ამ მოსაზრებას მრავალნი იზიარებენ არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ მართლმადიდებლურ სამყაროშიც: უნათლავი ჩვილი ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.
თუმცა ადრეულ ეკლესიაშიც არსებობდა განსხვავებული თვალსაზრისები ამის თაობაზე.ეს ეკლესიის საიდუმლოებაა, მაგრამ მრავალი სხვა საკითხიც, რაც იმქვეყნიურ ცხოვრებას ეხება, საიდუმლოდ რჩება ჩვენთვის.
ეკლესიაში არ არსებობს მსახურება, რომელიც უნათლავ ჩვილთათვის ლოცვას მიეძღვნებოდა. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ შეკრებაზე პატრიარქ კირილეს ჰკითხეს უნათლავ ჩვილთათვის ლოცვის შესახებ. და მაშინ უწმიდესმა პარტიარქმა ბრძანა, რომ აუცილებელია შეიქმნას მსახურება უნათლავ ჩვილთათვის. მაგრამ დღესდღეობით პატრიარქის ეს ბრძნული და მნიშვნელოვანი სიტყვები ჰაერშია გამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის უცნობია, მიმდინარეობს თუ არა რაიმე მუშობა ამ სფეროში.
მოწყალების იმედი
ღვთის მოწყალების იმედი უნდა ვიქონიოთ. ჩვენ ვიცით, რომ პატრისტიკის ოქროს ხანაში, IV, V, VI საუკუნეებში ქრისტიანთა ოჯახებში უამრავი მოუნათლავი ბავშვი იყო: ადამიანები მოწიფულ ასაკში ინათლებოდნენ, ყველა დიდი მღვდელთმთავარი ოცდაათს იყო გადაცილებული, როცა მოინათლა. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან ერთი ასეთი შემთხვევაა ცნობილი: მისმა ძმამ სატირმა, (რომელიც, სხვათაშორის, დასავლეთში კანონიზებულია) იყო რა მოუნათლავი, გემის ჩაძირვისას კისერზე წმიდა ძღვენი მიიბა, ნიშნად თავისი სარწმუნოებისა. იგი გადარჩა, თუმცა შეეძლო მშვიდად დამხრჩვალიყო.
არ მგონია, მაშინდელ ეკლესიას შესძლებოდა უდრტვინველად შეგუებოდა აზრს, რომ უამრავ ადამიანს, რომელიც ქრისტიანულად ცხოვრობდა, თავის ცხოვრებაში უკვე აღსრულებდა სახარებას, ემზადებოდა ნათლისღებისათვის, როგორც თავისი ურყევი რწმენის მოწმობისათვის, საერთო არაფერი ჰქონდა ქრისტესთან და იმ ქვეყნად მხოლოდ წყვდიადი და კბილთა ღრჭენა ელოდა.
ხელახლა გააზრება
ჩვილები დედის მუცელშიც კვდებიან უნათლავად ისე, რომ ეს დედის ბრალი არ არის (მუცლის მოშლა), საშვილოსნოს გარე ორსულობაც არსებობს, რომელიც არასდროს სრულდება მშობიარობით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ზოგ შემთხვევაში ბავშვის დაბადება შეუთავსებელია ბავშვისა თუ დედის სიცოცხლესთან და ქალი იძულებულია ოპერაცია გაიკეთს. ასეთი შემთხვევების შესახებ ჩვენი ეკლესიის[i] სოციალური კონცეფციის საფუძვლებშიც არის საუბარი. ისეც ხდება, რომ ბავშვები ვერ აღწევენ ნათლობამდე. მაგრამ ჩვენ ვერ დავივიწყებთ, რომ მათი მშობლები ჩვენი ეკლესიის წევრები არიან და ცოცხალ ღმერთთან აქვთ კავშირი. ქრისტე მუდამაა ამ მშობლების ცხოვრებაში, ამ ოჯახის ცხოვრებაში. ეს ქრისტიანული ქორწინებაა, რომელსაც ჩვენ ეკლესიას ვუწოდებთ, მცირე ეკლესიას. და რახან მცირე ეკლესიაა, მასში ცხოვრობს სული წმიდა.
ეს ნიშნავს, რომ ჩვილი, რომელიც ამ ოჯახში ჩაისახა, რომელიც დედის წიაღშია, უკვე ნაზიარებია ეკლესიურ ცხოვრებას ქრისტიანი მშობლების მეშვეობით, რომლებიც ლოცულობენ, აღსარებას ამბობენ, ეზიარებიან. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის ცხოვრება უკვე აღვსილია სული წმიდის მადლით, ნაზიარებია ქრისტეს. ამის იგნორირება, ამაზე არ დაფიქრება, ამისთვის ანგარიშის არ გაწევა, ვფიქრობ, გაუგებრობაა, უხეში შეცდომა.
ჩვენ დიდად ვაფასებთ ქრისტიანული ოჯახის გაგებას, მაგრამ გვავიწყდება, რომ მუცლად მყოფი ბავშვიც კი უკვე არის ამ მცირე ეკლესიის წევრი. ის უკვე ცოცხალი ადამიანია, თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ სული ჩასახვისთანავე ეძლევა ნაყოფს. მაშ, როგორ ხდება უეცრად ეს სული ეკლესიის საერთო ცხოვრებიდან ამოშლილი? ასეთი რამ შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გადაიხედოს სწავლება ოჯახისა და დედის მუცელში ჩანასახის განვითრების შესახებ და ეს ჩვილები არ უნდა მივიჩნიოთ ადამიანებად.
არასწორია, რომ ნამდვილი ეკლესიური ოჯახი მოკლებულია მანუგეშებელ ლოცვას, საეკლესიო ლოცვას გარდაცლილი ბავშვისათვის, რომელმაც რაღაც გარემოებების გამო ვერ იღო ნათელი.
ეს როგორღაც ანაზღაურებული უნდა იყოს. არ შეიძლება ასეთ მშობლებს უბრალოდ კერძო ლოცვა განუწესო და უთხრა: „ეკლესიის საქმე არ არის ეს, ეკლესიაში თქვენ არავინ ხართ, სახლში ილოცეთ და დანარჩენი ღმერთმა იცის“. მე მგონია, რომ დღეს ეს საკითხი ხელახლა უნდა იქნას გააზრებული.
ადამიანის იმქვეყნიური ხვედრის შესახებ რაიმეს თქმა ჩვენ უბრალოდ არ ძალგვიძს. ზოგის სამოთხეში გაგზავნა, ზოგისა კი – ჯოჯოხეთში ჩვენი საქმე არ არის და საერთოდაც აზრს მოკლებული საქმიანობაა.
აი, ნუგეშისა და იმედის მიცემა კი ეკლესიის საქმეა დღეს. ლოცვას გზა უნდა მიეცეს და მშობლებს უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ ლოცვის მეშვეობით, მათ შორის ეკლესიაში, როგორც ქრისტეს სიყვარულის საზოგადოებაში, აღსრულებული ლოცვის მეშვეობით, ქრისტესკენ გაუკვალონ გზა თავიანთ გარდაცვლილ შვილებს.
თარგმნა მონაზონმა რაქილმა (ბუაძე)