You are currently viewing მღვდელი დანიელ სისოევის წიგნი ქართულად

მღვდელი დანიელ სისოევის წიგნი ქართულად

Download article eBook

პირველად ქართულ ენაზე ითარგმნა მღვდელი დანიელ სისოევის წიგნი
„ინსტრუქცია უკვდავთათვის, ან როგორ უნდა მოიქცეთ,
თუკი სიკვდილი მაინც გეწიათ…“
რუსულიდან თარგმნა: ვლადიმერ ჩხიკვაძემ.
ჩვენი საიტი პერიოდულად შემოგთავაზებთ ამონარიდებს ამ წიგნიდან.
ახლა კი გთავაზობთ მთარგმნელის წინასიტყვაობას.

                                                                 

sisoev_

                                                                        წინასიტყვაობა 

წარმოგიდგენთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურ დანიელ სისოევის სამისიონერო ლექცია – ქადაგებას. მასში ავტორი ისეთ უმნიშვნელოვანეს თემას განიხილავს, როგორიცაა ადამიანის სიკვდილისშემდგომი ხვედრი. მამა დანიელი ღვთის გამოცხადებისა და ეკლესიის გამოცდილების საფუძველზე გვიჩვენებს სავსებით ლოგიკურ სურათს, რომელიც უკავშირდება ადამიანის გადასვლას დროებითი ცხოვრებიდან მარადიულობაში.
ავტორი გვიამბოს, თუ რა გველის სიკვდილის ზღურბლს მიღმა, დაწვრილებით გადმოგვცემს ეკლესიის სწავლებას ჯოჯოხეთისა და სამოთხის შესახებ.

წარმოდგენილი ნაშრომი განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ მოძღვარი სახელმძღვანელო რჩევას აძლევს მსმენელს (მკითხველს), თუ როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი ღირსეულად, ქრისტიანულად მარადისობასთან შესახვედრად, და არა მხოლოდ აქ, ამ ცხოვრებაში, არამედ გარდაცვალების შემდეგაც: ანგელოზებთან და ეშმაკებთან შეხვედრისას, საზვერეების გავლისას; როგორ უნდა მოიქცეს სხეულიდან განსვლის ჟამიდან უფალთან კერძო სამსჯავროზე წარდგომამდე, რომ დააღწიოს თავი ზეცაში აღმავალ გზაზე ეშმაკების დაგებულ მახეებს. რაც ნიშნავს, რომ სხეულიდან გასვლის შემდეგაც შეუძლია ადამიანს, სათანადო განსწავლულობის, განწყობის, რწმენის სიმტკიცისა და ჭირისუფლების მხრიდან მართებული დახმარების შემთხვევაში, გარკვეული გავლენა მოახდინოს თავის საბოლოო ხვედრზე. სწორედ ამ შესაძლებლობების სწორად გამოყენებას გვასწავლის მისიონერი და შესაძლოა, ზოგიერთი მსჯელობა წმინდა წერილის გამოკლევას მიუჩვეველი ადამიანის ყურს ეხამუშოს, მის ლოგიკას ვერ გაჰყვეს, მაგრამ წიგნში განხილული საკითხები იმდენად მნიშვნელოვანია იმქვეყნიურ ადგილის დამკვიდრების კუთხით, რომ ამ შემთხვევაშიც კი უდიდეს სარგებელს მოუტანს მოაზროვნე მკითხველს, რამეთუ დააფიქრებს და აღძრავს ჭეშმარიტების საძიებლად.

მამა დანიელის წიგნთაგან ეს უკანასკნელია, რომელიც მის სიცოცხლეში გამოიცა. 2009 წლის 20 ნოემბერს იგი ტაძარში მოკლეს. მის მკვლელობას წინ უსწრებდა სასიკვდილო მუქარები სხვა სარწმუნების ხალხში ღვთის სიტყვის ქადაგებისა და ქრისტიანული ჭეშმარიტების დაცვისათვის. მამა დანიელს, ამ მოუღალავ მქადაგებელსა და მოშურნე მისიონერს, შეეძლო დამალულიყო, აეცილებინა სასიკვდილო თავდასხმა, მაგრამ ქრისტიანულ ჭეშმარიტებაში დარწმუნებული, უშიშრად შეხვდა მკვლელს პირისპირ და ღირს იქმნა ქრისტიანისათვის საუკეთესო სიკვდილისა, – სიკვდილისა ქრისტეს დამოწმებისა და მისი მოძღვრების გავრცელებისათვის.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა მამა დანიელის სიკვდილი მოწამეობრივად მივიჩნიოთ, მღვდელმონოზონმა იობმა (გუმირევი) შემდეგი პასუხი გასცა: „მისი აღსასრული არის მსხვერპლი იმ მაღალი იდეისათვის, რომლისთვისაც იგი თავს მოწოდებულად თვლიდა. მისი სიკვდილი აშკარა გამარჯვებაა, რამეთუ ღვთისა და ქრისტეს მხედრები კი არ კვდებიან, არამედ გვირგვინებით იმკობიან“.

მისივე სიტყვებია: „ქრისტეს მსახურებისათვის თავმიძღვნილთ სხვადასხვა საშუალება ეძლევათ ადამიანებთან ჭეშმარიტების მისატანად – ქადაგება სიტყვით და ქადაგება საკუთარი ცხოვრებით, რაც თავგანწირულ მსახურებაში გამოიხატება. ეს შრომა მამა დანიელისთვის დასრულდა. დარჩა ყველაზე მკაფიო და ძლიერი ქადაგება – ქადაგება სიკვდილით. „ნეტარ არიან მკუდარნი იგი, რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ ამიერითგან. იტყჳს სული: ჰე, რაჲთა განისუენონ შრომათაგან მათთა, და საქმე მათი შეუდგეს მათ თანა“.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, მისმა უწმინდესობა კირილემ, შემდეგნაირად შეაფასა მამა დანიელის მკვლელობა მის დაკრძალვაზე: როგორც მშვენივრად გამოთქვა ტერტულიანემ, „მოწამის სისხლი – ქრისტიანობის თესლია“. ღვთის სიმართლის მქადაგებლებზე ღვარძლსა და ძალადობას ანთხევენ ისინი, ვისაც სხვა არგუმენტი არ გააჩნია, ვისაც ბოროტება თვალებს უბრმავებს. არა აქვთ რა გონივრული და გულსმიერი შესაძლებლობა წინ აღუდგნენ მღვდლის სიტყვას, ეს ადამიანები ცდილობენ, ქრისტესმიერი მწყემსები ცილისწამებისა და ბოროტი სიტყვების ნიაღვრით წალეკონ, ან ხელიც კი აღმართონ მათზე. მამა დანიელმა ბევრი იღვაწა ხალხში საღვთო სიმართლის განსამტკიცებლად, მაგრამ, ალბათ, ყველაზე ძლიერი სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა, არის ის, რისი მოწმენიც ჩვენ დღეს გახლავართ. თუკი ადამიანს ღვთის სიმართლისათვის კლავენ, ეს ნიშნავს, რომ ამ სიმართლეს უდიდესი ძალა აქვს და გულს უგმირავს იმათ, ვინც მას არ იღებს. აი, რატომაც ტერტულიანეს სიტყვები ქრისტიანობის მთელმა ისტორიამ დაამოწმა. ყოველი ახალი სისხლი, ქრისტესთვის დანთხეული, ყოველთვის თესავდა რწმენის უხვ თესლს და იმკიდა მოსავალს. ვიცით, რომ მამა დანიელის ეს ცხოვრებისეული ღვაწლიც და სიკვდილიც დიდი თესლია, რომელიც დაითესება რა ნოყიერ ნიადაგზე, თავის ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს… გვჯერა, რომ უფალი თავის ზეციურ სავანეებში მიიღებს საკუთარი მონის სულს, რომელიც თვით სიკვდილამდეც კი მისი ერთგული დარჩა.“.

მამა დანიელმა სულ 35 წელი იცოცხლა, მაგრამ, მიუხედავად სიცოცხლის ხანმოკლე წლებისა, უდიდესი შრომა გასწია საღვთო სამკალში _ მისიისა და კატეხიზაციის საქმეში, და არა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე.
ამ ნიჭიერი ორატორის სიტყვამ, როგორც ზეპირმა, ისე წერილობითმა, მრავალი ადამიანი გამოიყვანა სულიერი ძილქუშიდან და ქრისტესთან მიიყვანა. მისი მიმდევრები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობენ, ქადაგების სხვადასხვა გამოცდილება აქვთ, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ: დარწმუნებულნი არიან და თავს ვალდებულად თვლიან, რომ ჭეშმარიტება: „ეკლესიის გარეთ ცხონება არ არსებობს“, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გულამდე მიიტანონ.
მათ შორისაა მამა დანიელის სამისიონერო სკოლის კურსადმთავრებული, ჩვენი თანამემამულე, თბილისის მკვიდრი, წარმოშობით ქურთი – მონოზონი მადაი (სერაფიმე მაამდი), ამჟამად ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც გულანთებული იღწვის თავის ერში (და არა მარტო) ქრისტიანობის გასავრცელებლად. „არ უნდა გვეშინოდეს ქრისტეს ქადაგებისა – აი, მთავარი, რაც მამა დანიელისგან ვისწავლე“, – ამბობს საკმაოდ რთულ სამისიონერო მოღვაწეობას შევრდომილი ახალგაზრდა მონოზონი.
„მთელ ქვეყანას ქრისტე შეაყვარო – აი, ეს არის მისიონერის მიზანი!“ – ესეც მამა დანიელის სიტყვებია და თავადაც სწორედ ამ მიზანს შეეწირა. მარადის იყოს ხსენება მისი.