You are currently viewing მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ღირსი ალექსი შუშანიას შესახებ მოსკოვში დისერტაცია დაიცვა

მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ღირსი ალექსი შუშანიას შესახებ მოსკოვში დისერტაცია დაიცვა

Download article eBook

  ქ. მოსკოვში, წმინდა ტიხონის მართლმედიდებლურ–ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი სახელწოდებით: ,,ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია), მისი ცხოვრების ისტორიული კონტექსტი და სულიერ–სამოძღვრო მემკვიდრეობა“, რომელიც მიეძღვნა ღირსი ალექსი შუშანიას მოღვაწეობის, თეკლათისა და მთავარანგელოზთა კუნძულის წმინდა სავანეების ისტორიის კვლევას.
ნაშრომს ხელმძღვანელობდა წმ. ტიხონის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რექტორი, დეკანოზი ვლადიმერ ვორობიოვი. 
ოფიციალური ოპონენტები იყვნენ: სანქტ–პეტერბურგის სულიერი აკადემიის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სერგეი ფირსოვი და საქართველოს კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი ზაზა აბაშიძე.  პროფესორმა, სერგეი ფირსოვმა, ნაშრომის შეფასებისას აღნიშნა, რომ – ,,მეუფე შიომ ღირსი ალექსი სენაკელის ცხოვრების შესწავლისას იპოვა ,,სამეუფეო გზა“ – კვლევას მიუდგა, როგორც კვალიფიციური საეკლესიო ისტორიკოსი, რომელსაც კარგად ესმის წყაროების სწორი გამორჩევის მნიშვნელობა და მათი კორექტული გამოყენება“.

ბატონმა ზაზა აბაშიძემ, სადისერტაციო ნაშრომის საკვანძო საკითხების მიმოხილვისას აღნიშნა, რომ დისერტანტის ნაშრომი უკიდურესად გაჯერებულია ფაქტობრივი მასალით და ნაშრომის აქტუალობასა და ღირსებებზე ისაუბრა: ,,საქართველოს თანამედროვე საეკლესიო ისტორიოგრაფიაში მიტროპოლიტ შიოს ნაშრომი წარმოადგენს არა მარტო გზამკვლევ, არამედ არსებითად ერთადერთ (ამ ეტაპისათვის) კვლევას ეგზარქოსთა ხანისა და საბჭოთა პერიოდის საქართველოს სამონასტრო ცხოვრებისა და იქ მოღვაწე ბერ-მონაზვნობის შესახებ. წარმოდგენილი ნაშრომი გამოირჩევა უაღრესედ სამეცნიერო ღირსებებით და მოწმობს ავტორის დიდ ერუდიციაზე, მეცნიერულ კეთილსინდისიერებაზე, სკურპულოზურობაზე და უდაო უნარზე, არა მარტო ჩაუღრმავდეს კვლევითი მოვლენების და ფაქტების არსს, არამედ ასევე გადმოგვცეს ისინი ყველასათვის გასაგებ ენაზე“.
დაცვამ წარმატებით ჩაიარა. სადისერტაციო ნაშრომმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და მეუფე შიოს მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი.