„მოსაზრებები დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით“
რა არის მსოფლიო კრება?
1. მართლმადიდებლურ კანონიკურ სამართალში (ისევე, როგორც, ზოგადად, მართლმადიდებლურ-ქრისტიანული სწავლებით) აღიარებულია, რომ ქრისტეს მიერ დედამიწაზე დაფუძნებულ ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას წარმოადგენს მართლმადიდებლური ეკლესია, იგია მემკვიდრე სამოციქულო ეკლესიისა და დამცველი მოციქულთა სწავლებისა. ეკლესია ერთიანია, როგორც „ქრისტეს სხეული“, ხოლო თავი მისი არის უფალი ჩვენი იესუ ქრისტე. 2. რამდენადაც მართლმადიდებელი ეკლესია ერთიანია, შესაბამისად, „ერთ არს სარწმუნოებაი, ერთ არს ნათლისღებაი“ (ეფ. 4:5). ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, ხელმძღვანელობს რა ერთი და იმავე წმინდა წერილით, წმინდა გარდამოცემით, ზედმიწევნითი სიზუსტით აღიარებს რა ერთსა და იმავე დოგმატურ სწავლებას, იცავს და ასრულებს რა ერთსა და იმავე კანონიკურ ნორმებს, წარმოადგენს არა განცალკევებულად არსებულ თანამოაზრეთა ორგანიზაციებს, არამედ ერთ ორგანიზაციას, ერთ კრებულს, სადაც ერთიანდება ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. 3. მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც იერარქიაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, ჰყავს უხილავი თავი – უფალი იესუ ქრისტე და ხილული მმართველობა – მსოფლიო კრება. მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს, დღევანდელი გაგებით, ფართო ავტონომია და მთელ რიგ საშინაო საქმეებს არათუ ადგილობრივი ეკლესია, ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარიც კი დამოუკიდებლად განაგებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დაგვავიწყდეს ყველა მორწმუნე მართლმადიდებლის გამაერთიანებელი – მსოფლიო კრება. საეკლესიო ერთობა ხილულად ვლინდება ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების მიერ ურთიერთმოხსენიებით და საეკლესიო საიდუმლოთა ურთიერთაღიარებით, ხოლო აღნიშნულ ერთობას მართავს ქრისტესმიერ მღვდელმთავართაგან შემდგარი მსოფლიო კრება. 4. მართლმადიდებელ ეკლესიას არ ჰყავს ერთი იერარქი მმართველად, ვინაიდან ეს მოციქულთა სწავლებას ეწინააღმდეგება. თანახმად მოციქულთა საქმეებში აღწერილი პირველი სამოციქულო კრებისა (საქმ. თავი 15), მართლმადიდებელ ეკლესიას მართავს კრებული და არა კონკრეტული ერთი იერარქი. კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი არის ერთ-ერთი რიგითი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური, თუმცა მას, როგორც პატივით დიპტიქში წინა რიგში მდგომს, მინიჭებული აქვს „თანასწორთა შორის პირველის“ სტატუსი, რაც რაიმე განსაკუთრებულ კანონიკურ პრივილეგიას არ გულისხმობს. ადგილობრივ ეკლესიებში, რომელსაც შესაბამისი წმინდა სინოდები განაგებენ, ეკლესიის მეთაურს აქვს ბევრად მეტი უფლებამოსილება, ვიდრე ავტოკეფალურ ეკლესიებთან მიმართებით – კონსტანტინოპოლის პატრიარქს. 5. კრებას მსოფლიო კრებად აღიარებისათვის აქვს თავისი კანონიკური წინაპირობები. უპირველესად უნდა ითქვას, რომ სჯულისკანონი არ იძლევა მსოფლიო კრების ზუსტ განსაზღვრებას. ამდენად, იგი განიმარტება ისტორიული პრაქტიკით და კანონიკური სამართლის აღიარებულ სპეციალისტთა დეფინიციებით. მსოფლიო კრებას მოწვევის მომენტში „წმინდა და დიდი კრება“ ეწოდება, ხოლო „მსოფლიო“ ტიტულს იგი მოგვიანებით იღებს. 6. კანონიკური სამართლის თანამედროვე აღიარებულ სპეციალისტს, ათენის უნივერსიტეტის პროფესორ პანაიოტის ბუმისს თავის წიგნში „კანონიკური სამართალი“ მოყვანილი აქვს მსოფლიო კრების ის გარეგანი და შინაგანი ნიშნები, რომელთა დაცვა აუცილებელია მოწვეული კრების მსოფლიო კრებად მიჩნევისათვის: ა) კრების გარეგნული ნიშნებია: ყველა მართლმადიდებელი მღვდელმთავრის მონაწილეობა; ეკლესიის სრული სისავსის დასწრება; მიღებული გადაწყვეტილებების ადგილობრივი ეკლესიების მიერ ერთხმად აღიარება; ბ) შინაგანი ნიშნებია: საერთო-ქრისტიანული საკითხების განხილვა; გადაწყვეტილებათა საეკლესიო მოძღვრებასთან შესაბამისობა.
7. იმისათვის, რომ წმინდა და დიდი კრება მიჩნეულ იქნეს მსოფლიო კრებად, აუცილებელია ყველა ზემოხსენებული მოთხოვნის დაცვა.
2016 წელს დაგეგმილი წმინდა და დიდი კრებისათვის
1. უდავოა, რომ განუზომლად დიდი იყო და არის მართლმადიდებელი ქრისტიანების მოლოდინი, რომ მე-8 საუკუნის შემდეგ პირველად მოსწრებოდნენ ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის ხილულ დადასტურებას, წმინდა და დიდი კრების მოწვევას. მეც, სხვებთან ერთად, დიდი მოლოდინით შევცქეროდი მოსამზადებელ პერიოდს და კრების ჩატარების წინარე სამუშაოებს. 2. აუცილებელია აღინიშნოს, რომ იმთავითვე არ იქნა გამოკვეთილი კრების მიზანი. საუკუნეების წინ, მსოფლიო კრება დოგმატურ საკითხთა გასარკვევად მოიწვეოდა. ამიტომ, მსოფლიო კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი იყო, რომ დამსწრეთა უმრავლესობა ადგენდა ჭეშმარიტებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა კონსენსუსი ერეტიკულ სწავლებებთან და ასეც რომ მომხდარიყო, მაშინ დაიკარგებოდა სწორი და მართალი სწავლება ეკლესიისა. 2016 წლის კრებასთან დაკავშირებით კი თავიდანვე აღინიშნა, რომ მისი მიზანი არ იყო სადავო საკითხთა განხილვა და იგი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის საჩვენებლად იქნებოდა მოწვეული. 3. არადა, უნდა ითქვას ისიც, რომ მრავალი საკითხია თანამედროვე ეპოქაში, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიან ხმას მოითხოვს. ხანდახან უხერხული სიტუაციაც იქმნება, როდესაც ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხს განსხვავებულად წყვეტენ ადგილობრივი ეკლესიები. რა თქმა უნდა, უპირველესად, მსგავსი საკითხები მოითხოვდა გადაწყვეტას. ამგვარი მიდგომით კი დაირღვა მსოფლიო კრების მოწვევის პირველი შინაგანი ნიშანი – იგი არ იქნა მოწვეული საერთო-ქრისტიანულ საკითხებზე სამსჯელოდ. 4. რაკი გადაწყდა, რომ კრება მოიწვეოდა ერთობისათვის, შემდგომ მიღებულ იქნა უცნაური გადაწყვეტილება, რომ კრებაში მონაწილეობა უნდა მიეღო მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის მღვდელმთავარს და ხმის მიცემის უფლება ექნებოდა არა თავად ეპისკოპოსს, როგორც სრული სამღვდელო მადლის მქონე სასულიერო პირს, არამედ ადგილობრივ ეკლესიას, რომელიც თავისი დელეგატების მეშვეობით ხმას მისცემდა ამა თუ იმ პოზიციას. ამ მიდგომით დაირღვა მსოფლიო კრების პირველი და მეორე გარეგანი ნიშნები: ყველა მღვდელმთავრის მონაწილეობისა და ეკლესიის სისავსის მონაწილეობის შესახებ. 5. ბუნდოვანი იყო ასევე რეგლამენტის მოთხოვნა, რომ წმინდა და დიდ კრებაზე აღარ მომხდარიყო საკითხთა გადასინჯვა, შემდგარიყო მსჯელობა მათ გარშემო და მოსამზადებელ სხდომებზე დამტკიცებული ტექსტი მიღებულ ყოფილიყო ერთხმად. ეს თავისთავად აკნინებდა წმინდა და დიდ კრებას, ვინაიდან წინამოსამზადებელ სხდომებს ანიჭებდა გადამწყვეტ როლს, ხოლო თავად წმინდა და დიდი კრება მოგვევლინებოდა ფორმალურ ორგანოდ, მსგავსად კონსტიტუციურ მონარქიულ სახელმწიფოებში არსებული მეფის როლისა, როდესაც საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლების გარეშე, ფორმალურად მოაწერდა ხელს იმ გადაწყვეტილებებს, რაც კრებაზე კი არა, კრების წინ შემდგარ სხდომებზე იქნებოდა მიღებული. 6. კრებაზე მართლმადიდებელთა ერთობის გამოვლინება იმთავითვე ეჭვქვეშ დადგა ანტიოქიის საპატრიარქოსათვის ნათქვამი უარის შემდეგ, რომელიც ითხოვდა კატარის სახელმწიფოში მართლმადიდებლური იურისდიქციის საკითხის განხილვას. ვის, თუ არა წმინდა და დიდ კრებას უნდა მიეღო გადაწყვეტილება ხსენებულ საკითხზე. ანტიოქიის საპატრიარქომ ამის შემდეგ უარი თქვა წინამოსამზადებელ სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელმოწერაზე, თუმცა მისი შემორიგებისათვის არავის უზრუნია. 7. ბოლო პერიოდში რეგლამენტში შეტანილმა ცვლილებამ, საერთოდ ეჭვქვეშ დააყენა წმინდა და დიდი კრების პირვანდელი მიზანი – კრება მოწვეული ყოფილიყო ერთიანობის დასადასტურებლად და მასზე მხოლოდ შეთანხმებული საკითხები გასულიყო. თუკი ხმათა უმრავლესობით მოხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, მაშინ უარი არ უნდა თქმულიყო სადავო საკითხების განხილვაზეც.
საქართველოს ეკლესიის მონაწილეობის საკითხისათვის
ვადასტურებ რა ჩემს ერთგულებას წმ. სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისადმი წმინდა და დიდ კრებაში საქართველოს ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, და ვსარგებლობ რა წმინდა და დიდ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების, წმინდა და დიდი კრების განსახილველ საკითხებზე სამსჯელოდ ერისკაცთა მონაწილეობის შესახებ, მოკრძალებით ვაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ზემოთ განხილული არსებითი წინააღმდეგობების მიუხედავად, საქართველოს ეკლესიის დელეგაციას სასურველი იქნებოდა მაინც მიეღო კრებაში მონაწილეობა შემდეგ გარემოებათა გამო: 1. წმინდა და დიდი კრება არ არის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ექსკლუზივი. იგი, როგორც აღინიშნა, არის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი მმართველობითი ორგანო. ამიტომ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ რაც არ უნდა შეცვალოს, წმინდა და დიდ კრებაზე საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებიც უნდა მონაწილეობდნენ. მეტიც, იმავე წმინდა და დიდ კრებას კრებას (თუკი ის თავისი სრული რეგლამენტით იქნება მოწვეული) ძალუძს თვით კონსტანტინოპოლის პატრიარქის თანამდებობიდან გადაყენებაც კი, ვინაიდან მსოფლიო კრებაზე მაღლა, როგორც თავად მისმა ყოვლადუწმინდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ბრძანა, არავინ დგას. 2. საქართველოს ეკლესიას ბევრად უკეთ შეეძლებოდა დაეფიქსირებინა თავისი განსხვავებული აზრი, თუ კრების სხდომებში მიიღებდა მონაწილეობას, ვიდრე პოსტ-ფაქტუმ კრების გადაწყვეტილებათა აღიარების თუ არაღიარების გზით. 3. საფრთხე იმისა, რომ საქართველოს ეკლესიას მოთხოვენ კრებაზე მიღებული იმ გადაწყვეტილებების აღიარებას, რასაც ის მხარს ვერ დაუჭერს, არ ქრება კრებაზე წაუსვლელობით. კრების შემდგომაც შეიძლება მოითხოვოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ხელმოწერა და ამ შემთხვევაში უარის თქმა იქნება ბევრად რთული, ვიდრე ადგილზე, კრების ფარგლებში სასურველი გადაწყვეტილების მიღებაში დარწმუნება. 4. ჩვენ განსაკუთრებით ვმადლობთ უფალს, რომ ჩვენი ადგილობრივი ეკლესიის წმინდა სინოდს აქვს ერთსულოვნება და იმის მიუხედავად, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობაც (რაც ბუნებრივია), შეიძლება ყოველთვის არ სრულდებოდეს რეგლამენტით დადგენილი წესები, წმ. სინოდის ერთიანობა ხილულად ყოველთვის ვლინდება და ეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ყველა შვილს აღავსებს იმის განცდით, რომ მას მართავს ერთიანი სინოდი, ერთ აზრზე მყოფი, ერთნაირად „მართლმკვეთელი სიტყვისა ღმრთისა ჭეშმარიტებისა“. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წმინდა და დიდი კრება არის იგივე წმინდა და დიდი სინოდი, ანუ ჩვენი ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის გამაერთიანებელი სინოდი. და ყოველი მორწმუნე მართლმადიდებელი ისევე გულშეძვრით განიცდის იმას, რომ ვერ ხედავს ეკლესიის დიდი სინოდის ერთიანობას, როგორც ამას ის ადგილობრივი სინოდის ერთიანობის არარსებობის შემთხვევაში განიცდიდა. დავით ჩიკვაიძე
სამართლის დოქტორი (საეკლესიო სამართალში)
წყარო
წყარო