You are currently viewing მსოფლიო პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, 2016 წელი

მსოფლიო პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, 2016 წელი

Download article eBook
  მსოფლიო პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, 2016 წელი
  
† ბართლომე
 მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქი სრულიად ეკლესიას მადლი, მშვიდობა და წყალობა ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო!
მთელი გულით მოგმართავთ მსოფლიო საპატრიარქოდან და გახარებთ: „ქრისტე აღდგა!“ აღდგომა ქრისტესი დგას მართლმადიდებელი სარწმუნოების ცენტრში, ხოლო ამის გარეშე ჩვენი რწმენა არის „ფუჭი“ (1 კორ 15,14) . ქრისტემ თავისი აღდგომით ცოდვით შებღალულ ადამიანს უკვდავება და კვლავ ღმერთთან ერთობის შესაძლებლობა მისცა. რომელიც მას საკუთარი დაუმორჩილებლობით წაერთვა, კვლავ დაუბრუნდა. რას ნიშნავს აღდგომის დღესასწაული, სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე, დღევანდელ ძალადობითა და ომით აღსავსე მსოფლიოში მაშინ, როდესაც ეს ყოველივე რელიგიის და ღმერთის სახელით ხდება? ადამიანები ყველანაირად ცდილობდნენ, სიკვდილი სხვადასხვა თეორიით დაეძლიათ და რაიმე გამოსავალი ეპოვათ. ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები, ვზეიმობთ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას და გაბედულად ვაცხადებთ ამ დღეს სიკვდილის დათრგუნვას. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის სიტყვა და „მასში იყო სიცოცხლე“ (იოან. 1,4) სიცოცხლეს გვჩუქნის. ჩვენი ეკლესიის სასიხარულო გამოცდილება ის არის, რომ სიკვდილი ქრისტეს აღდგომით დამარცხებულია და „ყოველივე აღვსილია სიხარულით – იქ, სადაც აღდგომა განიცადეს“. სარწმუნოების სინათლე მოიცავს საეკლესიო ცხოვრების ყველა მხარეს, განსაკუთრებით კი თავს იყრის წმინდა ზიარებაში. ფაქტია, რომ ქრისტიანული სამყაროს შიგნით, კერძოდ, მართლმადიდებელ ეკლესიაში, წმინდა ზიარებამ შეინარჩუნა ეკლესიური ცხოვრებისა და სულიერების უმთავრესი მნიშვნელობა. ამით ის პირდაპირ უკავშირდება დღევანდელ დღეს. რწმენის, ღვთისმსახურების და ეკლესიად არსებობის ცენტრში დგას აღდგომა. წმინდა ზიარების აღსრულება ყოველთვის სადღესასწაულოა და სავსეა სიხარულით. ის განსაკუთრებულ კავშირშია კვირასთან – ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღესთან. აღდგომის მოვლენის მამოძრავებელი მნიშვნელობა და მისი განმაახლებელი ძალა არის იესო ქრისტეს ჩასვლა ჯოჯოხეთში. უფალი ჩადის სიკვდილის სამფლობელოში და ანადგურებს მის კარიბჭეს, ამოდის რა გამარჯვებული და ამოჰყავს ადამი და ევა. ეს ყოველივე მოიცავს მთელს კაცობრიობას დასაბამიდან უკანასკნელ დღეებამდე. „ყოველი არის ნათლით აღვსილი, ზეცა, მიწა და მიწისქვეშეთი“. ქმნილება გადაინაცვლებს სიკვდილის სამეფოდან სიცოცხლის სამეფოში ღმერთთან. აღდგომის თანამონაწილე მორწმუნეები მოწოდებულნი არიან, ქრისტეს მოპოვებულ თავისუფლებაში „ქვეყნის კიდემდე“ (საქმე 1,8) იქადაგონ სახარება. დედა ეკლესია, მცხოვრები ერთდროულად ჯვარცმისა და აღდგომის საიდუმლოებაში, მოგვიწოდებს, „სინათლის მატარებლები მივიდეთ“ და „ერთად ვიდღესასწაულოთ აღდგომა“.
ჩვენმა გამომხსნელმა კაცობრიობა ერთ ხალხად აქცია და ყველანი ერთ სხეულში გაგვაერთიანა. ჯვარცმითა და აღდგომით ქრისტემ ჩვენ შორის მტრობა საბოლოოდ გაანადგურა. ასეთია ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია – ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო. ეკლესია, რომელიც ყველას ურიგდება, ეკლესია, რომელსაც ყველა უყვარს, მეგობრებიც და მტრებიც. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, სიყვარულით აღმსრულებელნი ახალი ცხოვრებისა, რომლის მეშვეობით ჩვენ „აღარა ვართ უცხონი და მდგმურები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი“ (ეფეს 2,19). საუბედუროდ, დღესაც არსებობს ტერორიზმი, ომები და მკვლელობები. მსხვერპლის ტირილი და ტანჯვა, რომელიც ჩვენამდე თანამედროვე საინფორმაციო საშუალებებით უმოკლეს დროში აღწევს, ბატონობს მსოფლიოში და გლეჯს ჩვენს გულებს. მსგავსი არაადამიანური ქმედებების დასრულების პასუხისმგებლობა და ვალდებულება აკისრია როგორც პოლიტიკურ, ასევე რელიგიურ და საეკლესიო ლიდერებსაც. ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები, მოწოდებულნი ვართ დღევანდელ მსოფლიოში – „შეშლილ სამყაროში“ – ვიყოთ სიყვარულის დამმოწმებლები და ყველას ვუჩვენოთ მოყვასისათვის თავგანწირვის ნათელი მაგალითი. დაე, მხოლოდ გვიყვარდეს.
აღდგომა მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის არ ნიშნავს დროის მხოლოდ ერთ რაღაც მონაკვეთს, მსოფლიოში გაბატონებული ბოროტების დროებით უარყოფას; აღდგომა აგრეთვე არის ურყევი რწმენა უფლისა, რომელმაც საკუთარი სიკვდილით სიკვდილი გათელა, მკვდრეთით აღდგა და „დღენიადაგ საუკუნის აღსასრულამდე“ (მათ. 28,20) ჩვენთან არის. ეს არის, ჩემო ძმებო და დებო, ამ წლის სააღდგომო გზავნილი წმინდა სამოციქულო და საპატრიარქო კათედრიდან, მართლმადიდებლობის საპატიო ცენტრიდან, ყველა ჩვენი თანამოძმისადმი. ქრისტე აღდგა! სიკვდილის ძალაუფლება დამხობილია და მხოლოდ სიცოცხლე და სიყვარული მეფობს. საკმარისია, ადამიანებს გვესმოდეს, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ნათელია და „მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ნათელი ადამიანისათვის“ (იოან 1,4). ეს არის ჩვენი გზავნილი ყველა პოლიტიკური და სულიერი ლიდერისადმი დღევანდელ მსოფლიოში. ასე რომ, მოდით და მიიღეთ ქრისტეს ნათელი, ნათელი სიყვარულისა, რომელიც ყველასთვის ანათებს და „ბნელი ვერ მისწვდა მას“ (იოან 1,5)!
ძმებო და დებო, დაე, მოვისმინოთ სიმართლის, სიხარულისა და სიყვარულის სახარება, ხოლო ჩვენი სიყვარულითა და მოყვასისადმი მსხვერპლის გაღებით შევამსუბუქოთ დღევანდელი კაცობრიობის ტკივილი! დიდება ცხოვრების მომნიჭებელს, რომელმაც მთელს კაცობრიობას და თითოეულ ადამიანს სინათლე, სიყვარული და მშვიდობა დაანახა. დიდება სიკვდილზე გამარჯვებულს და სიცოცხლის მეუფეს, იესო ქრისტეს! ფანარი, აღდგომა 2016 წ. თქვენთვის მლოცველი
ბართლომე კონსტანტინოპოლელი გერმანულიდან თარგმნა შოთა კინწურაშვილმა
წყარო: shotakintsurashvili.wordpress.com