You are currently viewing ორიანა ფალაჩი – „ჰომოსექსუალიზმზე და გეი-წყვილების მიერ შვილის აყვანაზე“

ორიანა ფალაჩი – „ჰომოსექსუალიზმზე და გეი-წყვილების მიერ შვილის აყვანაზე“

Download article eBook

  „თითქმის ოცდაათი წელია იტალიაში მიმდინარეობს დისკუსია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ირგვლივ. ჯერ კიდევ 1988 წელს სოციალისტმა დეპუტატმა ალმა აგატა კაპიელომ პარლამენტში შეიტანა წინადადება სამოქალაქო კავშირის (უფრო ზუსტად, თანამცხოვრები წყვილის ოჯახური კავშირის) დაკანონების შესახებ, რაც არასოდეს განხილულა. იგივე ბედი ეწია 1994 და 2001 წლებში მემარცხენე ცენტრისტული პარტიის დეპუტატების მიერ წარდგენილ კანონპროექტებს.

მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა ევროკომისიის რეზოლუციის საფუძველზე იტალიის მთავრობას მიუთითა, რომ აღმოეფხვრა ჰომოსექსუალი წყვილის ქორწინების ამკრძალავი ნებისმიერი წინააღმდეგობა, მემარცხენე დემოკრატიულმა პარტიამ წარმოადგინა კანონპროექტი სახელწოდებით „პაკს“ – სოლიდარობის სამოქალაქო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა ჰეტერო და ჰომოსექსუალი თანამცხოვრები წყვილის უფლებების დაცვას, მათ შორის პარტნიორის გარდაცვალების შემდეგ უფლებას პენსიით სარგებლობის შესახებ. თუმცა არც რომანო პროდის, არც სილვიო ბერლუსკონის მთავრობას ერთსქესიანთა ქორწინების კანონპროექტებზე არ უმსჯელია ( დაინტერესებულ მკითხველს ქვემოთ მოტანილ საიტზე შეუძლია იხილოს ცნობილი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა თუ სახელოვნებო წრის წარმომადგენლების შეხედულება ერთსქესიანთა ქორწინებისა და მათ მიერ შვილის აყვანის შესახებ, რომელთა უმრავლესობა უარყოფითია www.wikipink.org/index.php title=Personalit%C3%A0_italiane_contrarie_al_matrimonio_gay).

2014 წელს ენრიკო ლეტას ხანმოკლე მმართველობის პერიოდში განახლებული დისკუსია სამოქალაქო კავშირის შესახებ კანონის განხილვის თაობაზე კვალავ უშედეგოდ დამთავრდა. იტალიის ამჟამინდელი მთავრობის მეთაური მატეო რენცი რამდენიმე წლის წინ სასტიკი წინააღმდეგი იყო ერთსქესიანთა ქორწინებისა, 2012 წლიდან მხარს უჭერს სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო კავშირის აღიარებას, სულ ახლახანს კი მისი პარტიის (დემოკრატიული პარტია) წარმომადგენელმა, სენატორმა მონიკა ჩერინიმ განსახილველად წარმოადგინა 19 მუხლისაგან შემდგარი ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ერთი და იმავე სქესის წარმომდგენლებს უფლება ეძლევათ შექმნან ოჯახი, მაგრამ არ შეუძლიათ აიყვანონ შვილი. ხსენებული კანონპროექტი ჯერჯერობით მხოლოდ სენატის იურიდიულმა კომისიამ მიიღო განსახილველად და თვით დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა უამრავი ჩასწორება შეიტანეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ საკითხისადმი მემარჯვენეებისა და ვატიკანის უარყოფით დამოკიდებულებაზე.

უკანასკნელი (2015 წლის 27 მაისის) გამოკითხვის მიხედვით იტალიელი ხალხის უმრავლესობის აზრი ამ საკითხთან მიმართებაში ასეთია: დიახ – სამოქალაქო კავშირს; არა – ერთსქესიანთა ქორწინებას; არა – ერთსქესიანი წყვილის მიერ შვილის აყვანას.

იგივე აზრი ჯერ კიდევ 2006 წელს ჩვეული სიმძაფრით გამოხატა ცნობილმა ჟურნალისტმა ორიანა ფალაჩიმ თავის წიგნში „ორიანა ფალაჩის ინტერვიუ საკუთარ თავთან. აპოკალიფსი“,  – აცხადებს  ნუნუ გელაძე news.ge -სთან საუბარში.

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი, იტალიელი ორიანა ფალაჩი, რომლის ინტერვიუერები იყვნენ: აიათალა ჰომეინი, იასირ არაფატი, ლეხ ვალენსა, ირანის შაჰი, ინდირა განდი, მუამარ კადაფი, დენ სიაოპინი, ჰენრი კისინჯერი, პიერ-პაულო-პაზოლინი, ფედერიკო ფელინი, არტურ მილერი, ორონ უელსი და სხვა… ორიანა ისეთი ავტორიტეტული გამოცემებისთვის წერდა, როგორიცაა: „ნიო-ორკ თაიმსი“, „ვაშნგტონ პოსტი“, „ლაიფი“… თავის ბოლო ავტობიოგრაფიულ წიგნში: „ინტერვიუ საკუთარ თავთან. აპოკალიფსი“. „ჰომოსექსუალიზმსა და გეი-ქორწინებას ეხება“. გთავაზობთ ნუნუ გელაძის თარგმანს ამ წიგნიდან.

„ჰომოსექსუალიზმზე და გეი-წყვილების მიერ შვილის აყვანაზე“

რატომ ხდება, როცა გეი-ქორწინებაზე და მათ მიერ შვილის აყვანაზე, ანდაც ისლამზე, საკუთარ აზრს გამოთქვამთ, უმალ კოცონს გიმზადებენ; რასისტად, ფაშისტად, ღვთისმოშიშად, ჩამორჩენილად, რეაქციონერად გნათლავენ. მინიმუმ ჰიტლერის თანამოაზრედ გაცხადებენ, ებრაელებთან ერთად ჰომოსექსუალებსაც რომ ჰყრიდა კრემატორიუმებში. ერთი სიტყვით, სამარცხვინო ბოძზე გაკრავენ…

… ასეა, რას იზამ, თუმცა ჰომოსექსუალიზმისადმი ტოლერანტობაზე სენიორ ძაპატეროსგან არაფერი მესწავლება (საერთოდაც მისგან სრულებით არაფერი მესწავლება). მე არაერთი ჰომოსექსუალი მეგობარი მყავს, რომლებიც უზომოდ მიყვარს და ვაი იმას, ვინც მათ შეეხება; ვაი იმას, ვინც ჰომოსექსუალს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჰომოსექსუალია, რამეს დაუშავებს, სულერთია ვინ იქნება, ნაცნობი თუ უცნობი. ჰომოსექსუალიზმი, როგორც ასეთი, მე პირადად სულაც არ მაწუხებს; არც არასოდეს დავინტერესებულვარ, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი. ჰომოსექსუალიზმი მე მხოლოდ მაშინ მაღიზიანებს როცა (ისევე როგორც ფემინიზმი) იდეოლოგიად, კლასად, პარტიად, ეკონომიკურ-კულტურულ-სექსუალურ ლობად ყალიბდება. და ყოველივე ამის მეშვეობით პოლიტიკურ ინსტრუმენტად, შანტაჟის იარაღად და Sexsually Correct-ად იქცევა.

„ან იმას გააკეთებ, რაც მსურს, ან არჩევნებს წაგაგებინებ“ (გაიხსენეთ ხმათა უზარმაზარი რაოდენობა, რომლითაც ამერიკაში კლინტონი დააშანტაჟეს, ხოლო ძაპატერო – ესპანეთში. ამიტომაც პირველივე ზომა, რაც ახლადარჩეულმა კლინტონმა მიიღო, ჯარში ჰომოსექსუალების გაწვევა იყო; ძაპატეროს მიერ შესრულებულ პირველ ვალდებულებას კი ოჯახის ბიოლოგიური ცნების გაუფასურება წარმოდგენდა, და რაც მთავარია, მან გეი-ქორწინების და მათ მიერ შვილის აყვანის ნებართვა გასცა). მაღიზიანებს ისიც, როცა მათი ლობის მეშვეობით მოყვასის დისკრიმინაცია სწორედ ჰომოსექსუალების მიერ ხდება; და კიდევ უფრო მეტად ის, როცა მათი ჯგუფები თავხედურად შეურაცხყოფენ მოქალაქეებს თავიანთი უტიფარი „გეი პარადებით“, ნახევრად შიშვლები, ტრავესტიტები და პროსტიტუტებივით მოკაზმულები რომ გამოეფინებიან ხოლმე. დაბოლოს, ისიც მაღიზიანებს, როცა იდეოლოგიის, და თუნდაც მსხვერპლის სახელით პრეტენზიას აცხადებენ ჰომოსექსუალიზმის ნეტარად, მეტიც, წმინდანად, შერაცხვაზე და უფრო მეტი – გაღმერთებაზე. თითქოსდა ჰომოსექსუალობა მადლი იყოს, უფრო მეტიც – აღმატებული უპირატესობა. ნორმალურობა ნაკლია, უფრო სწორად, არასრულფასოვანი მდგომარეობა. „ ლეონარდო და ვინჩი ჰომოსექსუალი იყო, მიქელანჯელოც; ასევე ჯულიო ჩეზარე“ (ამას ჯერ იდევ დამტკიცება სჭირდება). „კლეოპატრა თავის მონაქალებს ყვარობდა; დიდი ელისაბედი (იგულისხმება ინგლისის დედოფალი ელისაბედ ტიუდორი. მთარგმნ.) – თავის სეფექალებს (ესეც დასამტკიცებელია). როცა ამბობენ: „ჰომოსექსუალობა გენიოსობის პატენტიაო“, აი მაშინ რისხვას ვერ ვიოკებ, ვბოროტდები და ამის მთქმელს შევახსენებ, რომ გინდა ლეონარდო იყოს, გინდა მიქელანჯელო, გადაჭარბებული მოჩვენებითი უპირატესობით თავის მოწონებას ერთი უდიდესი სუსტი წერტილი აქვს და ეს არის ოჯახის ბიოლოგიური ცნება, რაც სენიორ ძაპატერომ სანაგვეზე მოისროლა, და ვითომ არ ახსოვდა, რომ ჰომოსექსუალობა შვილის გაჩენას გამორიცხავს. ყველანი ჰომოსექსუალებად რომ ვიქცეთ, ადამიანის მოდგმა აღარ იქნებოდა, დინოზავრებივით გადაშენდებოდა.

ამის შესახებ გისაუბრიათ მეგობრებთან?

რა თქმა უნდა! ერთხელ პაზოლინისაც ველაპარაკე. ვია აპიას ქუჩის გაყოლებაზე მდებარე რესტორანში ვუსხედით მაგიდას, მახსოვს, ალეკოსს ველოდებოდით, თვითმფრინავის გაფიცვის გამო რომ იგვიანებდა. მოულოდნელად პიერპაოლო ხელზე მომეფერა და ჩემი წიგნის – „წერილი შვილს, რომელიც არასოდეს დაბადებულა“ (წიგნი, რომელიც სძულდა) შესახებ ხმადაბლა მითხრა : „უიღბლობას რაც შეეხება, შენც არ ხუმრობ“. მყისვე მოვთხოვე პასუხი, რას ნიშნავდა „შენც“, საუბარი მისი მოუთოკავი ჰომოსექსუალობისკენ გადაიხარა და…

ძვირფასო მეგობარო, ადამიანი იბადება ორი, განსხვავებული სქესის მქონე ინდივიდისგან. თევზი, ჩიტი, სპილო, მწერიც ასევე. ჩასახვისათვის საჭიროა კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი. მოგვწონს თუ არა, ამ პლანეტაზე სიცოცხლე ასე ფუნქციონირებს. ისე, ბიოგენეტიკის ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ მომავალში სპერმატოზოიდი შეიძლება აღარ დაგვჭირდეს, მაშინ როცა, კვერცხუჯრედის გარეშე ვერ ვიარსებებთ. ცოცხალმშობადები იქნება თუ კვერცხისმდებლები, კვერცხუჯრედის საჭიროება მუდამ საჭირო იარსებებს. კვერცხუჯრედი, კვერცხი, რომელიც ქალის საშოში ძევს განაყოფიერებული, მერე სიცოცხლის წყარო ხდება და ფეხმძიმობის სასწაულებრივი მოგზაურობის შემდეგ სხვა სიცოცხლედ იქცევა, სხვა ადამიანურ არსებად. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სიყვარულს. გრძნობათა ურთიერთგაცვლას თვითგადარჩენის ინსტინქტი მართავს, ანუ ადამიანთა მოდგმის გაგრძელების მოთხოვნილება, რათა ვიცოცხლოთ მაშინაც, როცა აღარ ვიქნებით, გავაგრძელოთ სიცოცხლე მათში, ვინც ჩვენ შემდეგ მოვა. შეპყრობილი ვარ დედობის ცნებით, ოღონდ, სწორად გამიგეთ, მამობის ცნებაც კარგად მესმის. და ამის შესახებ ჩემს რომანში წაიკითხავთ, დასრულება თუ მოვასწარი. ისე კარგად მესმის მამობის ცნება, რომ მთელი სულით და გულით მხარს ვუჭერ იმ გაყრილ მამებს, რომლებიც შვილების მეურვეობას მოითხოვენ. ვადანაშაულებ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ასეთ მამებს შვილს ართმევენ და ყოფილ ცოლებს ანდობენ. მიმაჩნია, რომ დღევანდელ ჩვენს საზოგადოებაში უფრო მეტი კარგი მამაა, ვიდრე დედა ( გაადევნეთ თვალი ქრონიკას. როცა ფსიქიკურად აშლილი მამა შვილს კლავს, თავსაც იკლავს. როცა შეურაცხადი დედა კლავს შვილს, თავს კი არ იკლავს, საპარიკმახეროში მიდის). თუმცა, რაკი ქალი ვარ, თანაც იმით დაჭრილი და დაჩაგრული, რომ შვილი ვერ გავაჩინე, დედობის ცნება უკეთ მესმის. ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ჩემი შვილები დაბადებამდე დაიხოცნენ, დედობაში ვხედავ ყველაფერის ამოსავალს. როცა წიგნს ვწერ, მაგალითად, ვამბობ: „წიგნზე ვარ ფეხმძიმედ“; როცა ვაქვეყნებ, ვამბობ: „წიგნი გავაჩინე“. ხოლო ჩემს წიგნებს ყოველთვის ვუწოდებდი „ჩემი ქაღალდის შვილებს“…

მოკლედ რომ ვთქვა, ჰომოსექსუალ მამაკაცს კვერცხუჯრედი არა აქვს, ქალის საშოს ვერ გადაუნერგავ. და არ არსებობს ქვეყნიერებაზე ბიოგენეტიკა, რომელსაც ამ პრობლემის გადაჭრა შეეძლოს, კლონირების ჩათვლით. ჰომოსექსუალ ქალს, კი, აქვს კვერცხუჯრედი; ქალის საშო აუცილებელია, რათა განხორციელდეს სასწაულებრივი მოგზაურობა, რომელიც სიცოცხლის წყაროს სიცოცხლის დასაბამად და შემდეგ ახალ სიცოცხლედ, ადამიანურ არსებად აქცევს. მაგრამ ჰომოსექსუალი ქალის პარტნიორს არ შეუძლია მისი განაყოფიერება, თუკი არ შეეწყვილა მამაკაცს, ანდა სთხოვა:“ გეთაყვა, მიბოძე ერთი-ორი სპერმატოზოიდი“, ასე რომ, მისი მდგომარეობა ნებისმიერი ჰომოსექსუალი მამაკაცის თანაფარდია და ეს აპრიორშივე, არა იმიტომ, რომ არ გაუმართლა და მისის შვილები დაბადებამდე დაიხოცნენ, არამედ იმიტომ, რომ თავისი მოდგმის გაგრძელებაში არ მონაწილეობს. არ ასრულებს ვალდებულებას უკვდავყოს თავისი მოდგმა, რომელიც მოვა და უნდა მოვიდეს მის შემდეგ. მაშ, რა უფლებით ითხოვენ ჰომოსექსუალი მამაკაცები და ქალები ბავშვის შვილად აყვანას?! რა უფლებით აქვთ პრეტენზია გაზარდონ ბავშვები დამახინჯებული ცხოვრების გარემოში, ანუ ორი მამიკოთი და ორი დედიკოთი, დედ-მამის ნაცვლად?! ან ორმა ჰომოსექსუალმა მამაკაცმა რა უფლებით უნდა მოიხმაროს ქალის საშო, ბავშვი რომ მოიპოვოს, ანდა იყიდოს ისე, როგორც ავტომობილს შეიძენდა?! რა უფლებით პარავენ ქალს ტანჯვას და ტკივილებს ან დედობის სასწაულს?! უფლება, რომელიც სენიორ ძაპატერომ გამოიგონა, სხვა რა იყო თუ არა ვალის გადახდა იმ ჰომოსექსუალებისთვის, რომელთაც მას ხმა მისცეს?!? (სასვენი ნიშნები ავტორისეულია). როცა გეების მიერ შვილად აყვანის თემაზე საუბრობენ, ისეთი შეგრძნება მებადება, თითქოს საშო გამიძარცვეს. თუმცა შვილი არა მყავს, მაგრამ თითქოს გამომიყენეს როგორც ძროხა, რომელსაც ბოინისთვის ხბორებს აყრევინებენ. ხოლო გამოსახულება, რომელზეც ჰომოსექსუალი წყვილები ახალშობილით შუაში ქალწული მარიამის და წმიდა იოსების კომედიას თამაშობენ, საზარელ შეცდომად მიმაჩნია.

მე პირადად მამცირებს, შეურაცხყოფას მაყენებს როგორც ქალს, როგორც ვერშემდგარ დედას, უიღბლო დედას. და ასევე მოქალაქეს. დიახ, სწორედაც დამცირებული და შეურაცხყოფილი ვარ: აღმაშფოთებელია ჩემთვის დუმილი, თვალთმაქცობა, სიმხდალე, რაც ამ პრობლემის ირგვლივ სუფევს. ჩემში რისხვას იწვევს ის ხალხი, ვინც დუმს, ვისაც ლაპარაკის ეშინია, სიმართლის თქმის ეშინია. სიმართლე კი ის არის, რომ სახელმწიფო კანონებს არ შეუძლია უგულებელყოს ბუნების კანონები. არ შეუძლია სიტყვა „მშობლების“ ან „მეუღლეების“ ორაზროვანი გაგებით ცხოვრების კანონები გააყალბოს. სახელმწიფოს უფლება არა აქვს მისცეს ბავშვი, დაუცველი და უმანკო არსება, მშობლებს, რომლებთანაც იცხოვრებს და გაიზრდება იმ რწმენით, რომ დაიბადა ორი მამის, ან ორი დედის ხელში და არა დედ-მამის. და მათ, ვინც უსახლკარო და მშიერი ბავშვების თემით სპეკულირებს (ეს ამბავი კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან ჩვენი საზოგადოება სავსეა ნორმალური ოჯახური წყვილებით, რომლებიც სისტემატურად ითხოვენ შვილად აყვანას), ვუპასუხებ: ბავშვი არც ძაღლია და არც კატა, მხოლოდ გამოკვება რომ სჭირდება და მეტი არაფერი, თავზე ჭერი და მეტი არაფერი. ადამიანური არსებაა, მოქალაქეა, თავისი ხელშეუხებელი უფლებებით. გაცილებით უფრო ხელშეუხებელი უფლებით, ვიდრე დედობის და მამობის მანიით შეპყრობილ ჰომოსექსუალი წყვილის მოჩვენებითი უფლებაა და უპირველესი ამ უფლებათაგან არის იმის ცოდნა, როგორ ხდება დაბადება ჩვენს პლანეტაზე, როგორ ფუნქციონირებს კაცთა მოდგმის ცხოვრება. და ამ ცოდნის მიღება მარტოხელა, უქმრო დედის გვერდით უფრო შეიძლება, ვიდრე ერთიდაიმავე სქესის „მშობლების“ პირობებში. უფრო ზუსტად, სრულიად შეუძლებელია, მორჩა და გათავდა!

ოოო! და გეი-ქორწინებაზე რას ფიქრობთ?

ჰმ… ნებისმიერ საზოგადოებაში, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, ძაპატეროს ესპანეთის გამოკლებით, ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია, იმ შემთხვევაშიც, თუ ამ კავშირიდან შვილები არ იბადებიან. ეს დაადასტურა ამერიკის ცამეტი შტატის რეფერენდუმმა, რომელიც შეუქცევადი „არას“ გამარჯვებით დასრულდა, ანუ საყოველთაო უარი ეთქვა გეი-ქორწინებას. ვერ გამიგია, იმ საზოგადოებაში, სადაც ყველას შეუძლია იცხოვროს თავისუფლად, ყოველგვარი სკანდალის გამოწვევის გარეშე, სამართალდამრღვევისა და ცოდვილის დაღის გარეშე, რატომ უჩნდებათ ჰომოსექსუალებს დაუძლეველი სურვილი, ქალაქის მერის ან მღვდლის წინაშე იქორწინონ; თანაც თეთრ სამოსში, საქორწინო თაიგულით ხელში, მერე განქორწინების პერსპექტივით, უამრავი დრო და ფული რომ ღირს. ვიმედოვნებ, დროებითი ისტერიაა, მოდის ამყოლთა კაპრიზი, ეგზიბიციონიზმისა და კონფორმიზმის ფორმაა; მაგრამ, თუ ასე არ არის, მაშინ საქმე გვაქვს პროვოკაციასთან, რომელიც დაკავშირებულია ბავშვების შვილად აყვანასთან და ოჯახის ბიოლოგიური ცნების აღმოფხვრასთან. ერთი სიტყვით, მუქარასთან. არ მიყვარს პროვოკაციები, არ მიყვარს მუქარა. ასე მიუდგები თუ ისე, ყოველთვის პოლიტიკურ ელფერს იძენს. და ასეთ შემთხვევაში იმ სარძლოებს და საქმროებს მივმართავდი: დაკმაყოფილდით იმ წმიდათაწმიდა უფლებით, რომელსაც ცივილური სამყარო ანიჭებს ნებისმიერ ადამიანს და ეს არის სიყვარულის უფლება, გიყვარდეთ ვინც გინდათ და როგორც გინდათ.

ეს პაზოლინისაც უთხარით?

არა, ეს, ცხადია, არ მითქვამს. 1975 წელი იდგა. ოცდაათი წლის წინ გეი-ქორწინებასა და მათ მიერ შვილის აყვანაზე არავინ ფიქრობდა. მაშინ ჰომოსექსუალებს განა ის ძალაუფლება ეპყრათ, რაც დღეს; განა ელექტორატულ ძალად იყვნენ ჩამოყალიბებულნი; პოლიტიკურად განა რამეს წარმოადგენდნენ. მაგრამ ის კი ვუთხარი, დინოზავრების გადაშენების ამბავი. გავახსენე, რომ ჰომოსექსუალიზმი შთამომავლობის შექმნას გამორიცხავს; რომ ჩასახვას ქალი და მამაკაცი სჭირდება, რომ ადამიანი ქალის საშოდან იბადება; რომ თვითონაც ასეა ამქვეყნად მოვლენილი.

და მან რა გიპასუხათ?

მდუმარედ მისმენდა; დროდადრო თანხმობის ნიშნად შეუმჩნევლად იქნევდა თავს, თითქოს ესმოდა, თითქოს იტანჯებოდა. მერე, უცაბედად მოიღუშა; მოიმართა და თავისი უტკბესი ხმით (ძალიან ტკბილი ხმა ჰქონდა, ლამის ქალური, სრულიად განსხვავებული მისი მამაკაცური გარეგნობისგან), თქვა ისეთი რამ, რაც არასოდეს დამავიწყდება: „ უნდა გითხრა, რატომ მძულს, რატომ მეზიზღება, რატომ ვერ ვიტან შენს წიგნს „წერილი ჩემ შვილს, რომელიც არასოდეს დაბადებულა“. და რატომ მირევს გულს ეს ყველაფერი, რასაც ახლა ამბობ. არ მინდა ვიცოდე, რა ძევს, რა ხდება ქალის საშოში. ერთხელ დედაჩემმაც სცადა, აეხსნა, რა არის ქალის საშოში და ვეჩხუბე, დედას, რომელიც ძალიან მიყვარს“. მერე გაიღიმა, ისევ მომეფერა ხელზე, ტუჩები შეარხია, თითქოს ბრაზის დასაოკებლად თავაზიან სიტყვას ეძებდა. ამასობაში ალეკოსიც მოვიდა…

იმ დღის მერე აღარ გინახავთ. ვიცი. ორი თვის შემდეგ ოსტიას პლაჟზე მოკლეს. იმ პლაჟზე, სადაც ის ბოროტი ბიჭი წაიყვანა. ვიცი. ცემით მოკლეს, მერე მანქანა გადაატარეს სხეულზე, და თქვენ ძალიან განიცადეთ. ვიცი…“

წყარო: news.ge