დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში საქართველოს პატრიარქმა მსოფლიოში ბოლო დროს მომხდარი ტერაქტების შესახებ ისაუბრა მწუხარება გამოუცხადება გარდაცვლილთა ოჯახებს და დალოცა ისინი. საქართველოს პატრიარქმა უფალს ახლადშესვენებულთა ცხონება და დაჭრილთა გამოჯანმრთელება შესთხოვა. ასევე მრევლს მისცა ლოცვა-კურთხევა, რომ 40 დღის განმავლობაში ყოველ დღე, სახარების ერთი თავი წაიკითხონ.
,, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ჩვენთან არს ღმერთი!
უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.
ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ძალა ღვთისა და მშვიდობა ღვთისა სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვიან ერთმანეთს. ეს მუდამ იყო, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში და ასწლეულებში ეს გაძლიერდა. ჩვენი დიდი პოეტი ამბობს: „ ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია“. და აი ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ კეთილმა სძლიოს ბოროტსა. ბოროტი გამოვლინდება ძალიან ხშირად ადამიანის ბოროტი ნების ყოფით. აი ამ ბოლო დროს გამოვლინდა… თქვენ იცით აფეთქება მოხდა თვითმფრინავის, ასევე ჩვენ ვუთანაგრძნობთ საფრანგეთის მოსახლეობას სადაც მოხდა ტერაქტი, რასაც მოჰყვა მსხვერპლი და ჩვენ ვლოცულობთ მათთვის.
არიან ესეთი ადამიანები რომელნიც ამას მიაწერენ რელიგიას, მუსულმანურ რელიგიას, მაგრამ სინამდვილეში რელიგია აქ არაფერ შუაში არ არის. ადამიანი, თავის ბოროტ ნებას ავლენს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი დამშვიდდება, დაწყნარდება და ისევ იზეიმებს სიკეთე და სიხარული. როგორც ამბობს შოთა რუსთაველი არსება სიკეთისა და სიხარულისა გრძელია, მეტია. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ეს აღარ განმეორდეს არსად. ხალხი ლოცულობს მშვიდობისათვის და მე გაძლევთ ლოცვა-კურთხევას 40 დღის მანძილზე ყოველ დღე წაიკითხოთ სახარების 1 თავი, რომ მშვიდობამ იზეიმოს ჩვენში და მსოფლიოში. ღმერთმა დალოცოს ის ადამიანები, აცხოვნოს ის ადამიანები რომლებიც დაიღუპნენ და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს იმათ ვინც დაჭრილია. ჩვენ ვიზიარებთ დაზარალებული ოჯახების მწუხარებას.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ჩვენთან არს ღმერთი!“
სამების საკათედრო ტაძარი
15 ნოემბერი 2015 წელი
ვიდეო