პატრიარქის, უწმინდესი კირილეს წერილი კუნძულ კრეტაზე შეკრებილ პრიმატებსა და ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთ
მის უწმინდესობას, კონსტანტინეპოლის – ახალი რომის მთვარეპისკოპოსსა და მსოფლიო პატრიარქს ბართლომეოსს,
კუნძულ კრეტაზე შეკრებილ ღვთის წმინდა ეკლესიების უწმინდეს და უნეტარეს წარმომადგენლებს, მღვდელმთვრებს, მღვდლებს, ბერ-მონაზვნებსა და საერო პირებს.
თქვენო უწმინდესობავ, უწმინდესო პატრიარქო ბართლომეოს! უწმინდესო და უნეტარესო პატრიარქებო! უწმინდესო მღვდელმთავარნო, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ღირსო წარმომადგენლებო.
გულითადად მოგესალმებით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, მოლდოვისა და მოსკოვის საპატრიარქოს დიდი სამწყსოს სხვა ქვეყნების მართლმადიდებელი მრევლის სახელით.
ჩვენ ყველანი, ძმები, წარმოვადგენთ ქრისტეს ერთიან სხეულს (1კორ. 12:27[1]). ერთიანობის ფასდაუდებელი ნიჭი ჩვენ, თვით ჩვენი უფლისა და მხსნელის – იესუ ქრისტესგან მივიღეთ. ჩვენი ერთ-ერთი მთვარი მიზანი ამ ნიჭის შენარჩუნებაა, რაც მაცხოვრისგან პირდაპირ მივიღეთ მცნებად (იოანე 17:21[2])
დაე, ნუ დაგვაბნევს ის ფაქტი, რომ წმინდა და დიდი კრების მოწვევასთან დაკავშირებით მოძმე ეკლესიების აზრი გაიყო. წმ.პავლე მოციქული ბრძანებს: „რამეთუ წვალებანიცა ყოფად არიან თქუენ შორის, რაითა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდნენ“ (1კორ. 11:19[3]). კრების წინამოსამზადებელ დღეებში საკმაოდ იჩინა თავი ამგვარმა უთნხმოებებმა, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ მას უფლება შეარყიოს ღვთისგან ნაბრძანები ერთობა, გადაიზარდოს ეკლესიათაშორის კონფლიქტში და ჩვენს რიგებში შეიტანოს დაყოფა თუ მღელვარება. ჩვენ ვრჩებით ერთ მართლმადიდებლურ ოჯახად და ყველას ერთად გვაკისრია პასუხისმგებლობა წმინდა მართლმადიდებლობაზე.
ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეკლესიები – რომელთაც გადაწყვიტეს კრეტაზე ჩამოსვლა, და ისინიც, რომელთაც დასწრებისგან თავი შეიკავეს – გადაწყვეტილებებს იღებდნენ სინდისის ხმის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ვალდებულნი ვართ თითოეული მათგანის პოზიციას პატივისცემით მოვეკიდოთ.
რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ყოველთვის სწამდა, რომ არ შეიძლება ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიის – დიდის თუ მცირის, ძველის თუ ახლის – უგულებელყოფა. ანტიოქიის ეკლესიის უარყოფითი პასუხი კრების მოწვევასთან დაკავშირებით ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ მივაღწიეთ საერთომართლმადიდებლურ კონსესუსს. ასევე, ჩვენ არ შეგვიძლია იგნორირება გავუწიოთ საქართველოს, სერბეთისა და ბულგარეთის ეკლესიებს, რომლებიც მხარს უჭერენ კრების გადადებას.
მჯერა, რომ კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, კუნძულ კრეტაზე გამართული შეხვედრა შეიძლება წარმოადგენდეს დიდ ნაბიჯს წარმოქმნილ უთანხმოებათა გადალახვის თვალსაზრისით. მას შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს იმ წმინდა და დიდი კრების მომზადებაში, რომელიც გააერთიანებს უკლებლივ ყველა ადგილობრივ ეკლესიას და გახდება ხილული მაგალითი ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისა, რისთვისაც ლოცულობდნენ და რასაც მოელოდნენ ჩვენი წმინდად აღსრულებული წინამორბედები.
გარწმუნებთ, რომ ჩვენი ლოცვები თქვენთან ერთად იქნება მომავალი სამუშაო დღეების განმავლობაში.
დიდი სიყვარულით ქრისტეში
† კირილე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი
თარგმნა ალექსანდრე ჩომახიძემ
წყარო: patriarchia.ru