„თქმული შობას 1931 წელს“
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
წარსულ ქადაგებათა ქვემდებარე იყო ადამიანი – დახასიათება იმ ადამიანის ცხოვრების, რომელიც თუმც არა ადამიანური არც იყო და არც არის, მაგრამ რომელიც იყო არა ქრისტიანული ე. ი. ისეთი, როგორც გვიბრძანებს ჩვენ ჩვენი მაცხოვარი, მისი სახარება და წმ. ეკლესია. და ამის გამო ამ ადამიანის ცხოვრებასაც არც ნაყოფი ჰქონდა, არც ღირსება, წარუვლელობა. არც მტკიცე საფეხურზედ იყო იგი დამყარებული. ჩემი ცდა იყო ამ ადამიანის ცხოვრება თქვენ თვალწინ გადამეშალა და არა თეორიულად, არამედ ნათელი მაგალითებით ცხად მექმნა და მხოლოდ ის მეთქვა, რაც თქვენ სულში ან ცხოვრებაში გამოძახილს იპოვიდა. დღეს მოვალეა ეკლესიამ ილაპარაკოს იმ საგნებზედ, რომლის ქვემდებარე არაა არც ადამიანი და არც ადამიანის ცხოვრება, არამედ თვით ქრისტე. დღესაა დღე ქრისტეს შობის. დღევანდელი დღიდან იწყება ბეთლემში მეორე ეპოქა კაცობრიობის ისტორიის, ახალი ხანა კაცობრიობის ცხოვრებისა.
ბეთლემი – ეს სიტყვა ნიშნავს „პურის სახლს“, ე.ი. ბეღელს, და მის მაჩვენებელია, რომ მის არემარეზედ გლეხნი სცხოვრობდნენ და ბარაქა მისი მიწის ასაზრდოებდა მთელ მიდამოს და სწორედ განგების სურვილი იყო, რომ ამისთანა ბეღელში და კურთხეულ ქვეყანაში განკაცებულიყო და მოვლენოდა სოფელს მეორე პური, პური სულიერი და ცხოველი, ურომლისოდაც ადამიანის ცხოვრება შეუძლებელია.
იმ ღამეს, ამ თითქმის 2000 წლის წინად, იმ ქალაქმა და მიდამოებმა იხილეს და განიცადეს საშინელი საიდუმლო, არა ყველამ, არამედ მხოლოდ სათნოიანთა. ცა გახსნილი, ბრწყინვალება წარმოუდგენელი, ანგელოზთა გუნდი მგალობელი დედამიწის და მთელი ბუნების მეტანია. მწყემსები იყვნენ პირველად, რომელთაც ეს იგრძნეს, დაინახეს და გაიგეს და მიჰყვნენ ამ ანგელოზთა გალობის ხმას და მიადგნენ ბოსელს, სადაც იწვა ბაგაში შემოსილი ძონძებით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. და ისე როგორც ერთ დროს პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი მოჰპარა და ადამიანს მისი საიდუმლო და ძალა ასწავლა, ასევე დღესაც, მწყემსებმა გაიგონეს ანგელოზთა ჰიმნი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ – და ასწავლეს ეს ჰიმნი ადამიანთ, ჰიმნი, რომლის თითო ასო ოქროთ იწონის და რომელიც თავისი ღრმა მნიშვნელობითა და სიდიადით, თავისი სიმწველით ადამიანთა და ადამიანთა საზოგადოების აღმაშენებელი და გარდამქმნელი ძალით პრომეთეოსის ცეცხლზე აღმატებულია.
მწყემსები. განსაცვიფრებელი არაა, რომ არა ბრძენთ და მცოდნეთ, არა ძლიერთა და მდიდართ და მპყრობელთ ამა ქვეყნისა წილად ხვდა ბედნიერება ამ ანგელოზთა ჰიმნის გაგების, არამედ მწყემსებს, რომელთაც „თუმცა რევოლუციის არაფერი არ გაეგებათ“, მაგრამ პირველი და მძლავრი ცეცხლი ამ რევოლუციის კი ჩააგდეს ადამიანთა შორის.
არც ერთი დარგი ადამიანთა ცხოვრების, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ ბუნებასთან, არა სდგას ამ ბუნებასთან ისე ახლო, როგორც მწყემსის. მწყემსი განიცდის ამ ბუნებას, ამ სიტყვის ღრმა მნიშვნელობით: ბუნების დროთა ცვლა არაა მისთვის ცარიელი ბუნების დროთა ცვლა, არამედ კოსმოგონია, – ღამე, რომელიც სცვლის დღეს, არაა მისთვის
მხოლოდ უბრალო ღამე დასასვენებლად და დასაძინებლად, არამედ ბნელთა ძალთა მიერ უფლების და ბატონობის ხელში ჩაგდება; განთიადს ცისკრისას ესმის მას ცაში ანგელოზების ზართა რეკა, – მთელი თავისი არსებით ისაა მიჯაჭვული დედამიწაზედ, ესმის მისი ენა, მისი კვნესა და მისი სიხარული.
თავისი განცდებით და აზროვნებით მწყემსი ანტიური ადამიანია და ეს ანტიობა მას შერჩა დღევანდლამდე. და განსაცვიფრებელია, რომ ცოტა თუ ბევრად, ღრმად მოაზროვნე და მგრძნობიარე ადამიანი ამ მწყემსების წრიდან გამოსული, შემდეგ, როდესაც ეცნობა ე. წ. კულტურასა და განათლებას, სტოვებს ამას ყველაფერს და უბრუნდება ისევ უკან ბუნებას, სილაღეს, ნახევარ ველურ ცხოვრებას ბუნების კალთაზედ, იმ სიბრძნეს, რომელსაც ჩვენ ვერ განვიცდით, იმ ღრმა აზროვნებას, რომლის ფილოსოფია ჩვენთვის გაუგებარია და იმ მისტიკას, რომელიც ეკლესიისთვის უცხოა. ე.წ. „პასტორალი“, იდილია მწყემსური ცხოვრების არის მხოლოდ კარიკატურა ამ მწყემსური ცხოვრების, პირიქით ესაა ის ჰიმნი და პირველი პოეზია, რომელიც ეკლესიამ თავის საღმრთო წიგნთა კანონში შეიტანა და „ქებათა ქება“ უწოდა.
ამ მწყემსებს ახარეს კაცობრიობის ახალი ხანა და ეპოქა, და ჩვენ პირველად ყოვლისა დღეს ღმერთს უნდა ვუმადლოთ, რომ ამისთანა მწყემსები ჰყვანან დღესაც ჩვენ ქვეყანას.
დღევანდელი დღიდან იწყება ხანა კაცობრიობის ბედნიერების და დღევანდელი დღიდან იწყება ტანჯვა და ხეტიალი ღვთის ადამიანთა შორის, – მისი, ვინც სამშობლო დასტოვა და საყდარი ცის და გადმოვიდა ადამიანთა შორის და დადის მას შემდეგ ამ ადამიანთა შორის უსამშობლოდ და უსახლკაროდ. მიადგება ყოველი ადამიანის გულს და სთხოვს მას ბინას თავისთვის. იესო ქრისტე – უსამშობლო და დევნილი. გარიყული და წამებული, – დღესაც, როგორც გოლგოთის დროს და საშუალო საუკუნოებში, ესაა ტრაგედია ღვთიური სიტყვის, ჩავადნილს ადამიანთა წრეში და ესაა მეორე მხრივ ბედნიერება ყოველი იმ ადამიანის, რომელიც მიუხვდება ამას, გაუღებს ღვთიურ სიტყვას თავის გულის კარებს და გაიხდის მას თავის მეგობრად და თავის ცხოვრების თანამგზავრად. ჩვენც ვართ გადმოხვეწილნი და მე არა მგონია, რომ სხვას რომელიმეს ისე ესმოდეს კარგად ფსიქოლოგია უსახლკარო და უსამშობლოსი, როგორც მას, ვისაც ჰქონია ოდესღაც კარგი მამული. იესო ქრისტეც არის ჩვენისთანავე მდგომარეობაში და ეძებს ჩვენისთანებს. რაღას ვფიქრობთ! რაღას ველოდებით! რისთვის ვდგევართ კუნჭულებში? რისთვის ვიმალებით? შევიკრიბნეთ და შევერთდეთ ამ ბაგაში დღეს მწოლარე მაცხოვართან და გავიხადოთ იგი ჩვენი პატარა და ღირსეული ქართული კერის და ცხოვრების მფარველად და მეგობრად უცხოეთში. ამინ.
წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე
პარიზი, ქრისტეს შობა, 1931 წელი.