ქრისტე აღდგა!
აღდგომის ღამეს, როცა ლიტანიობით გარს ვუვლით ტაძარს და დაკეტილ კართან ვჩერდებით , სიხარულის მოზღვავებამდე სიჩუმის ერთი წამი ისადგურებს. ჩვენს გულებში კი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, გაისმის კითხვა, რომელიც სახარების მიხედვით მაცხოვრის საფლავთან დილაუთენია მისულ ქალთა გულებშიც ისმოდა : „ვინ გარდაგვიგორვოს ჩვენ ლოდი კარისა მისგან საფლავისა?“ განმეორდება თუ არა კიდევ ერთხელ იგივე სასწაული?კიდევ ერთხელ გახდება თუ არა ღამე დღეზე მეტად მზიანი? აავსებს თუ არა ჩვენს გულებს ეს სრულად აუხსნელი, ყველაფრისგან დამოუკიდებელი სიხარული, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში და მომდევნო დღეებშიც გაისმის ამ სააღდგომო მილოცვის გაცვლა გამოცვლისას : „ქრისტე აღდგა!“ -„ჭეშმარიტად აღდგა.“
ეს წამი ყოველთვის დგება. კარები იღება, ჩვენ შევდივართ გაჩირაღდნებულ ტაძარში და ყველანი ვუერთდებით სიხარულით სავსე შუაღამიანის ლოცვას, მაგრამ სადღაც, გულის კუნჭულში, კითხვები მაინც რჩება: რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რას ნიშნავს აღდგომის აღნიშვნა ამ ქვეყნად, სადაც ყველაფერი მწუხარებით, სიძულვილით, მეწვრილმანეობით და ბრძოლებითაა სავსე? რას ნიშნავს „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“ და რომ „არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა“ როცა ამსოფლიური შფოთის მიუხედავად სიკვდილი კვლავ ერთადერთი და აბსოლუტური მიწიერი რეალობაა. ნუთუ პასექი, ეს მზიანი ღამე, ეს სიხარული ოდენ წუთიერი განშორებაა რეალობისაგან, რაღაც სულიერი თრობის მსგავსი, რომლის შემდეგაც, ადრე თუ გვიან, დგება სადაგი დღე; ნაცნობი და ნაცრისფერი ყოველდღიურობა და უკანმოუხედავად ჩავლილი დღეების, თვეების და წლების რიგი, აღსასრულის და არარსებობის დევნა. ჩვენ ხომ უკვე დიდი ხანია გვარწმუნებენ, რომ რელიგია თავის მოტყუებაა, რომ ის ოპიუმი და გამონაგონია, რომელიც ადამიანს მძიმე ბედისწერის დათმენაში ეხმარება; მირაჟია, რომელიც გამუდმებით ქრება. ნუთუ უფრო ვაჟკაცური და მეტად ღირსეული არ იქნება ადამიანმა უარი თქვას მირაჟის დევნაზე და მარტივ, ფხიზელ სინამდვილეს თვალი გაუსწოროს?!
რა უნდა ვუპასუხოთ ამას? ჩემი პირველი და დაახლოებითი პასუხი ასეთი იქნებოდა: „შეუძლებელია, რომ ეს ყველაფერი გამონაგონი იყოს! არ შეიძლება, რომ ამხელა რწმენა, ამდენი სიხარული, ამდენი სინათლე, აი, უკვე თითქმის 2000 წლის განმავლობაში განცდილი, მხოლოდ მოჩვენებების დევნა იყოს. განა შესაძლებელია მირაჟი საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდეს?!“ ეს პასუხი, რა თქმა უნდა, სერიოზულია, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის საბოლოო. და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ საბოლოო, უნივერსალური პასუხი, რომელიც ბეჭედს დაუსვამდა, და აღდგომის რწმენის მეცნიერულ დასაბუთებად გამოდგებოდა, არ არსებობს. ყველას შეუძლია დაამოწმოს მხოლოდ საკუთარი, ცოცხალი გამოცდილება და ილაპარაკოს მხოლოდ საკუთარი თავის სახელით.
ცოცხალ, პირად გამოცდილებაში, რომელსაც უღრმავდები და უფიქრდები, მოულოდნელად პოულობ, რაღას ისეთს რაზეც დამყარებულია სხვა დანარჩენი, რაც უეცრად ყველაფერს ისეთი დამაბრმავებელი შუქით აცისკროვნებს, რომლისგანაც, ვითარცა ცვილი ცეცხლისაგან, ისე განქარდება ყველა ეჭვი და კითხვა. და რა არის ეს გამოცდილება? მე არ ძალმიძს იგი სხვაგვარად აღვწერო ან განვსაზღვრო, თუ არა ცოცხალ ქრისტესთან შეხვედრის გამოცდილება. მე იმიტომ კი არ მწამს ქრისტე, რომ წელიწადში ერთხელ, ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული, ვალდებული ვარ მონაწილეობა მივიღო აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნაში, არამედ იმიტომაა შესაძლებელი აღდგომა, იმიტომ ივსება სინათლით და სიხარულით ეს ერთადერთი ღამე, და იმიტომ ჟღერს ასე ძლევამოსილად ეს მისალმება:“ ქრისტე აღდგა!“- „ჭეშმარიტად აღდგა,“ რომ საკუთრივ ჩემი რწმენაც ცოცხალ ქრისტესთან შეხვედრის გამოცდილებით იშვა.
როდის და როგორ დაიბადა იგი? არ ვიცი, არ მახსოვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც სახარებას ვშლი და მასზე ვკითხულობ, ვკითხულობ მის სიტყვას, მის უნარს, მე ფიქრით, მთელი გულით და მთელი სულით, ვამბობ იმას, რაც თქვეს მის შესაპყრობად მიგზავნილმა ფარისევლებმა, რომლებიც ხელცარიელები დაბრუნდნენ. მათ თქვეს: “ არც ერთ ადამიანს არ ულაპარაკია ისე, როგორც ის ლაპარაკობს“. ამგვარად, პირველი, რაც მე ვიცი, არის ის, რომ ქრისტეს სწავლება ცოცხალია და არაფერია მზისქვეშეთში ისეთი, რაც მას შეედრებოდა.
მაგრამ ეს სწავლება მასზეა, მარადიულ ცხოვრებაზე, სიკვდილის ძლევაზე, სიყვარულზე, რომელიც სიკვდილს ამარცხებს. მე ისიც კი ვიცი, რომ ცხოვრებაში, რომელშიც ყველაფერი ასეთი რთული და რუტინული ჩანს, ერთადერთი, რაც არასდროს გღალატობს და არასდროს გტოვებს, არის შინაგანი რწმენა, რომ ქრისტე შენთანაა. „ არ დაგიტევებ თქვენ ობლად, მოვალ თქვენთან“ და მოდის კიდეც, გვაგრძნობინებს, რომ ჩვენთანაა: ლოცვაში, მოწიწებაში, აუხსნელ, მაგრამ ცოცხალ სიხარულში, იდუმალ, მაგრამ მის უეჭველ ყოფნაში ტაძარში ღვთისმსახურების დროს, საიდუმლოს შესრულებისას. ეს ცოცხალი გამოცდილება ყოველდღიურად იზრდება, ეს აშკარა ცოდნაა იმისა, რომ ქრისტე აქაა, აღსრულდა მისი სიტყვები: „ვისაც ვუყვარვარ, მე მასთან ვიქნები,“ „ და ჩვენ დავემკვიდრებით მასთან“ სიხარულში, მწუხარებაში, მარტოობაში თუ ხალხმრავლობაში. მისი უეჭველი ჩვენთან ყოფნა, მისი სიტყვის ძალა, მისდამი რწმენით მოგვრილი სიხარული, ეს არის ერთადერთი პასუხი და ერთადერთი მოწმობა. „ რასა ეძიებთ ცოცხალსა მას მკვდართა თანა? რასა ტირთ, უხრწნელსა გვამსა მისსა?“
ამიტომაც, ქრისტიანობა სხვა არაფერია თუ არა ახალ-ახალი სარწმუნოებრივი გამოცდილება, მისი ხორცშესხმა ჩვეულებებით, სიტყვით, ჰანგებით, ფერებით; ეს ყველაფერი ურწმუნოს მართლაც მირაჟად მოეჩვენება. მას მხოლოდ სიტყვები ესმის, მხოლოდ გაუგებარ რიტუალებს ხედავს და მსჯელობს მათზე გარედან. მაგრამ მორწმუნისათვის ყველაფერი შიგნიდანაა განათებული, არა როგორც რწმენის მოწმობა, არამედ როგორც შედეგი, როგორც მისი არსებობა სამყაროში, სულში, ისტორიაში. ამიტომაც რეალური, ცოცხალი და თანამედროვეა ჩვენთვის დიდი პარასკევი, მისი მწუხარება და სიბნელე. ამიტომაც ვტირით ჯვართან და განვიცდით იმას, რაც მოხდა მაშინ, როცა იდღესასწაულა ბოროტებამ, ღალატმა, სიმხდალემ და გამცემლობამ. ამიტომაც მოწიწებით და იმედით ვუჭვრეტთ ცხოველმყოფელ საფლავს დიდ შაბათს, ამიტომაც შეგვიძლია ყოველწლიურად ვიდღესასწაულოთ აღდგომა. რამეთუ აღდგომა არ არის წარსული მოვლენების გახსენება, ეს ნამდვილი შეხვედრაა, სიხარულსა და მწუხარებაში, მასთან, ვისშიც კარგა ხნის წინ განვჭვრიტეთ და დავინახეთ ნათელთა უნათლესი.
აღდგომის ღამე მოწმობაა, რომ ქრისტე ცოცხლობს ჩვენში და ჩვენ ვცოცხლობთ მასში. ეს არის მოწოდება იმისა, რომ ამ ქვეყნად და სიცოცხლეშივე დავინახოთ საუკუნო სუფევის განთიადი. „დღეს გაზაფხული კეთილსურნელებს და ახალი დაბადებული დღესასწაულობს,“ მღერის ეკლესია. ეკლესიას უხარია რწმენით, სიყვარულითა და სასოებით. „აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ, და ურთიერთარს მივეგებოდეთ, ვრქუათ ძმანო!. მოძულეთაცა ჩვენთა ყოველი შეუნდოთ აღდგომასა, და ვგალობდეთ : ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“.
ქრისტე აღდგა!
თარგმნა მონაზონმა დინარამ (ჯორბენაძე)