წიგნიდან: „ჩვენი ეკლესია და ჩვენი ბავშვები“
თავი I – „ქრისტიანული აღზრდის მიზანი“
თავი ΙΙ – „ჩვენი შვილები“ (ნაწილი I; ნაწილი II)
თავი III
„ქრისტიანული აღზრდა ოჯახში“
დიდი ხანია ცნობილია, რომ ბავშვების ქრისტიანული აღზრდა უპირველესად ოჯახის საქმეა. სამრევლო სკოლები და ღვთისმსახურებაზე დასწრება, რა თქმა უნდა, გარკვეულ ცოდნას იძლევა, მაგრამ ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ოჯახის დახმარებით ხორციელდება. როცა ოჯახი ბავშვს საეკლესიო სკოლაში გზავნის ან ტაძარში მიჰყავს, ამით მხოლოდ სრულყოფს იმას, რასაც საფუძველი სახლში ეყრება განუწყვეტლივ, დღითი დღე… ოჯახი „მცირე ეკლესიად“ არის მიჩნეული და მშობლების ამოცანაა იყვნენ „მღვდელმსახურები“ ამა სოფელში. ჩვენი ქრისტიანული რწმენა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ხორციელდებოდეს, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლინდეს. სამრევლო სკოლაში ბავშვები კვირაში ერთ საათს ატარებენ, საეკლესიო მსახურებაზე – რამდენიმე საათს, ოჯახის წიაღში კი მუდმივად ვართ, დღიდან დღემდე. ოჯახი გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ყველა მხარეზე, იქნება ეს პირადი ურთიერთობანი, საჭმლის მომზადება, ტრაპეზი, ჯანმრთელობა თუ ავადმყოფობა. ოჯახში მიმდინარეობს ბავშვის მთელი ცხოვრება. ჩემს ძალას აღემატება ეკლესიას ოჯახის ხელმძღვანელობისა და დახმარების გეგმა დავუსახო. ამ წიგნში მხოლოდ ვეცადე გამეაზრებინა, თუ რას გულისხმობს ოჯახში ქრისტიანის აღზრდა, რა პრობლემები და ამოცანებია ამასთან დაკავშირდებული.
„სიყვარული და ოჯახი“
ოჯახის განმასხვავებელი ნიშანი სიყვარულია, რომელიც მას საფუძვლად უდევს; ოჯახი თვალსაჩინო განხორციელებაა რამდენიმე ადამიანის სიყვარულისა ერთმანეთის მიმართ. ოჯახს იურიდიული რეგისტრაცია არ ქმნის. ოჯახისათვის მნიშვნელობა არა აქვს გემოვნების, ასაკის, პროფესიის მსგავსებას. ოჯახი ეფუძნება ქმრისა და ცოლის ურთიერთსიყვარულს, და სიყვარულს მშობლებსა და შვილებს შორის. ოჯახური სიყვარული სიყვარულის სხვა გამოვლინებებისაგან გასხვავდება. ის ეგზისცენტრულია იმ გაგებით, რომ რომანტიკული სიყვარულისა თუ იდეალის თაყვანისცემისაგან განსხვავებით, რაც ყოველთვის აღმატებულ სიტყვებსა და განმარტებებს მოითხოვს, სიტყვებს არ საჭიროებს. უფრო მეტიც, ეს სიყვარული აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვისაა ცნობილი, რადგან ყველა ეკუთვნის ამა თუ იმ სახის ოჯახს. ოჯახისა და ოჯახური სიყვარულის ქრისტიანული გაგება არცთუ სავსებით ჩვეულებრივია. ის ჰგავს ღვთის შესახებ ტრინიტარულ სწავლებას: ადამიანს თავისთავად არსებობა არ შეუძლია, ბოლომდე ადამიანად ის იმ შემთხვევაში იქცევა, თუ მას სხვა ადამიანები უყვარს. გამონაკლისიც არსებობს – ადამიანებს შესაძლოა ერთმანეთი არ უყვარდეთ, მშობლებს შეიძლება არ უყვარდეთ შვილები, მაგრამ უსიყვარულობა ყოველთვის ოჯახის ჭეშმარიტი ბუნების გაუკუღმართებაა.
„ქმარი და ცოლი“
ქმარსა და ცოლს შორის ურთიერთობა საკმაოდ განსხვავდება რომანტიკულ შეყვარებულთა ურთიერთობისაგან; ამ ურთიერთობაში ორივემ უნდა უარყოს საკუთარი „მე“ და ახალი ერთობის ნაწილად იქცეს. ორივე მოწოდებულია გახდეს ბედნიერი იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს ორივე მათგანი. თუ ერთ-ერთი უბედურია, მაშინ უბედური იქნება ორივე. ამიერიდან შეუძლებელია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ერთის გასაჭირი საერთო გასაჭირად იქცევა, რასაც არ უნდა აკეთებდეს ერთი, ყველაფერი შეეხება მეორესაც. ქორწინებაში ორი, პირდაპირი გაგებით, ხდება ერთი. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სიყვარული მხოლოდ სიმპათიას არ ნიშნავს. ყოველთვის არსებობს ხასიათის რაღაც მხარეები, რაც ცოლ-ქმარს ერთმანეთში არ მოსწონს, მაგალითად, ქედმაღლობა, სიზარმაცე, მრავლისმეტყველება, უდარდელობა, ქორწინებამდე შეძენილი ჩვევები და გემოვნება. მანერულობა და ა.შ. ხანდახან ცოლი და ქმარი ერთმანეთს ნერვებს უშლიან, როგორაა შესაძლებელი სიყვარული სხვისი ნაკლისადმი ანტიპათიას შევუთავსოთ? ოჯახური ცხოვრება მუდმივად ერთმანეთთან „მორგებას“ გულისხმობს, შეიძლება ითქვას – „ასკეზას“. გამოცდილ ბერებს ჩემთვის უთქვამთ, რომ ოჯახური ცხოვრება ადამიანისაგან გაცილებით მეტ ასკეტურ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე მონასტერში ცხოვრება. სხვა სოციალურ ჯგუფებში თქვენ შეგიძლიათ თავი აარიდოთ არასასურველ, გამაღიზიანებელ ადამიანებთან შეხვედრას, შეიძლება საკუთარი თავი ხელში აიყვანოთ და გარკვეული დროით გაუძლოთ სხვის ნაკლს, სახლში კი ვერსად დაიმალები, როგორიც არ უნდა იყოთ თქვენ, ვალდებული ხართ ოჯახის სხვა წევრებს შეეწყოთ, მიუხედავად იმისა, როგორები არიან ისინი. ქრისტიანული ოჯახი („მცირე ეკლესია“) იმ შემთხვევაში ჩნდება, როცა „თანაგაძლება” ქსრიტიანული რწმენის, სასოებისა და სიყვარულის განხორციელებად იქცევა.
კორინთელთა მიმართ პირველი ეპიტოლეს მეცამეტე თავი ყოველთვის დარჩება სიყვარულის საუკეთესო სახელმძღვანელოდ: „სიყვარული სულ-გრძელ არს და ტკბილ, სიყვარულსა არა შურნ, სიყვარული არა მაღლიონ, არა განლაღნის, არა სარცხვნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა. ყოველსა თავს იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ“. ნებისმიერ ქრისტიანულ ოჯახს მრავალი წელი ესაჭიროება იმისთვის, რომ სიყვარულის ამ იდეალს მიუახლოვდეს და ყველა პრობლემა ასე მოაგვაროს. დარწმუნებული ვარ, სიყვარული და მრისხანება შეიძლება თანაარსებობდეს. თუ თქვენ არასოდეს არ ბრაზდებით, ესე იგი თქვენს სიყვარულს რაღაც აკლია. ქმარსა და ცოლს ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთი სიყვარულის ღირსად მიაჩნიათ და ამიტომაც არ შეიძლება გულგრილნი დარჩნენ იმისადმი, რაც ასეთ ურთიერთობას ეწინააღმდეგება. იესო ტაძარში მოვაჭრეებს სწორედ იმიტომ განურისხდა, რომ უყვარდა ადამიანები, ანუ სწორედ ის ვაჭრებიც. სიყვარულით გამოწვეული მრისხანება ცოლქმრული ურთიერთობის აუცილებელი ელემენტია, ქორწინება ურთიერთ თაყვანისცემის საზოგადოება როდია. მეტსაც ვიტყვი: ცუდს ვერაფერს ვხედავ იმის შიშში, ქმარი ან ცოლი რომ არ განარისხო. გარკვეული აზრით, ცოლ-ქმარი ერთმანეთის სინდისი ხდება. მათი მრისხანება – არა გაბოროტებული ან გაღიზიანებული – სწრაფად ქრება, და დგება შერიგების, პატიების ჟამი, იღვიძებს თანაგრძნობა.
„სიყვარული შვილებისადმი“
ოჯახი იზრდება, მას უჩნდება ახალი განზომილება და პერსპექტივები, ქპრწინებაში ადამიანები მარტოობას განეშორებიან და ერთმანეთის ნაწილი ხდებიან. ბავშვების გაჩენის შემდეგ, მშობლები სულ უფრო მეტად უძღვნიან მათ თავს, ასე რომ, ხანდახან ოჯახური საზრუნავისა და მოვალეობების ორომტრიალში საკუთარი თავის დაკარგვის განცდაც კი ეუფლებათ. ოჯახის ყოველი წევრი მოწოდებულია მოიძიოს საკუთარი თავი, სიყვარულის მატარებელი ადამიანი სულიერად უფრო ძლიერ და მდიდარ პიროვნებად უნდა იქცეს. „.. უკუეთუ არა მარცუალი იფქლისა დავარდეს ქუეყანასა და არა მოკუდეს, იგი მარტოი ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოღოს“ (იოანე. 12,24[1]). ოჯახური ცხოვრების ეს ჭეშმარიტი ასკეზა – რთულია და მტანჯველი. თითოეული მშობლის „მე“ იზღუდება, ოჯახის სხვა წევრთა საჭიროებებით ითრგუნება. ქრისტიანები და არაქრისტიანები ერთნაირად გაივლიან ამ განსახდელს: უძილო ღამეები, ფიზიკური დაღლილობა, მღელვარება – ყოველივე ამას ვერ აირიდებ. მამამ შეიძლება თავი მიტოვებულად იგრძნოს იმის გამო, რომ ცოლი მეტ ყურადღებას უთმობს დედობრივ მოვალეობებს. საკუთარი „მე”-ს შეზღუდვა შესაძლოა მტკივნეულად იქნას განცდილი. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ თუნდაც ნაწილობრივ ჰიპერტროფირებულ „მე“-ს მიერ ნებაყოფლობით გაღებული მსხვერპლი ადამიანის განახლებისა და გაკეთილშობილების საწყისად შეიძლება იქცეს. საკუთარი „მე“-ს მსხვერპლად გაღების სურვილთან ერთად ვითარდება არანაკლებ ძლიერი სურვილი შეიცნო სხვათა „მე“, გაიგო მათი მოთხოვნები, ცხოვრებისეული წარმოდგენები, უნარი.
იმისათვის, რომ უფრო ღრმად გაიაზრონ საკუთარ შვილებთან ურთიერთობა, მშობლებს სჭირდებათ სულიერი ხელმძღვანელობა და შემოქმედებითი შთაგონება. ამ ურთიერთობათა საფუძველში სიყვარულია, აღსავსე პასუხისმგებლობით, რაც მოიცავს ავტორიტეტსა და პატივისცემას, ასევე მისწრაფებას ჩასწვდე ბავშვის პიროვნებას. ქრისტიანული თვალთახედვით, მშობლის სიყვარული ემოციურ სისავსეს ფლობს, მნიშვნელოვანია, ეგოისტურად არ გადაიქცეს. იდეალში ის აბსოლუტურად უანგაროა და ამის მაგალითია – ღვთისმშობლის სიყვარული იესო ქრისტესადმი. მშობლებს საკუთარი სიყვარული ისე არ უნდა ჰქონდეთ წარმოდგენილი, როგორც რაღაც საჩუქარი ბავშვისადმი, რომელიც, თავის მხრივ, მადლიერი უნდა იყოს მათი, როგორც ქველმოქმედების.. როცა ვისმენ მშობელთა საყვედურს შვილების უმადურობის გამო, მათ სიყვარულში ეჭვი მიჩნდება. დედის სიყვარული შვილისადმი აღავსებს მის ცხოვრებას, ამდიდრებს მას. ესაა სიყვარული რაღაც უფრო დიდის მიმართ, ვიდრე თვითონაა, იმის მიმართ, ვინც მას უკვე აღარ ეკუთვნის. ბავშვი იზრდება და მშობლებისაგან მიდის. მშობლის სიყვარულის მსხვერპლისმიერი, ქრისტიანული საზრისი ამ ფაქტის აღიარებასა და ბავშვის დამოუკიდებლობის უფლების სიხარულით მიღებაში მდგომარეობს. აბრაამისა და ისააკის სახებანი დღესაც სამაგალითოა იმ მშობლებისათვის, რომელნიც ესწრაფვიან საკუთარი შვილის სიცოცხლე ღმერთს მიუძღვნან; ეს გულისხმობს სურვილს, შვილი უფრო მეტად ღმერთს დაუმორჩილო, ვიდრე საკუთარ თავს. მე მგონი, ეს მშვენივრადაა გამოსახული ღვთისმშობლის იმ ხატებზე, სადაც ღვთისმშობელს ყრმა მუხლებში გამართული უზის, ხელი შემოხვეული აქვს, მაგრამ გულში არ იკრავს.
„ბავშვების სიყვარული მშობლებისა და ნათესავებისადმი“
ბავშვების სიყვარული მშობლების მიმართ დროთა განმავლობაში იცვლება, სირთულე ისაა, რომ ასაკის მატებასთან ერთად გაუცხოება ღრმავდება. მშობლებს სჭირდებათ და სიამოვნებთ იმის შეგრძნება, რომ პატარა ბავშვი სრულიად დამოკიდებულია მათზე, ყოვლისშემძლეებად მიაჩნია ისინი. მაგრამ ბავშვი, რომელიც ნორმალურად ვითარდება, გაივლის ზრდის ეტაპებს, დამოუკიდებელი ხდება და შეიძლება მშობლებს აუჯანყდეს კიდეც. უკეთეს შემთხვევაში კი, დროთა განმავლობაში, ყალიბდება ნორმალური მეგობრული ურთიერთობა, გამსჭვალული ურთიერთპატივისცემით, რომელსაც მოგვიანებით ცვლის თანაგანცდა, ზრდასრული შვილების სიახლოვე და მადლიერი სიყვარული მოხუცი მშობლებისადმი. ძმებსა და დებს შორის „სიყვარულ-სიძულვილის“ ურთიერთობა გარკვეულწილად, ყველა ადამიანთან ჩვენი ურთიერთობის მოდელს წარმოადგენს. ჩვეულებრივ მიიჩნევა, რომ დებსა და ძმებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ, ძირითადად, ეს სწორია, მაგრამ ყველასთვის ცნობილია სრულიად საპირისპირო გრძნობებიც, ნათესავებს შორის რომ ვლინდება ხოლმე. ბავშვებმა, რომლებსაც გულწრფელად უყვართ ერთმანეთი, შეიძლება გამეტებით იჩხუბონ. ისინი ხშირად სრულიად სერიოზულად ამბობენ: „ის მძულს…“ „მე მას მოვკლავ…“ „აღარასოდეს დაველაპარაკები…“ რაღაც აზრით, ეს სავსებით ბუნებრივია, თითქმის გარდაუვალიც კი. განვითარების პროცესში მყოფი ბავშვი ხანგამოშვებით ბრაზდება, და ეს ისევე ნორმალურია, როგორც ჩვილისათვის ტირილი, როცა შია. ზოგიერთი მშობელი ამბობს: „არა უშავს, იყვირებს, იყვირებს და გაჩერდება!“ და ამას თავისი ერთგვარი გამართლება აქვს: მრისხანების შეკავებას იქნებ სჯობდეს იჩხუბონ თუ გამოლანძღონ ერთმანეთი, რასაც შემდეგ, შესაძლებელია, პატიებაცა და ყველაფერის დავიწყებაც მოჰყვბა.
მაგრამ არსებობს მედლის მეორე მხარეც. ჩვილის ტირილი შეიძლება შიმშილის სიმპტომი იყოს. დედა ცდილობს ბავშვი განრიგის მიხედვით კვებოს, ტირილის მიზეზი რომ არ გაუჩნდეს. თუ ჩხუბი და მრისხანება – შინაგანი მოთხოვნების სიმპტომია, მაშინ ეს მოთხოვნები აუცილებლად ამოცნობილ უნდა იქნეს და რამენაირად სხვაგვარად დაკმაყოფილებული. თუ ჩხუბი იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც წესრიგში არაა, მაშინ მშობლები თუ აღმზრდელი მოწოდებულია პირველ რიგში მიხვდეს, რაშია საქმე, ხოლო შემდეგ დაეხმაროს ბავშვს სირთულეების თანადათანობით გადალახვაში. მრისხანება – ეს იმის დემონსტრირების საშუალებაა, რომ სხვა ადამიანთა ურთიერთობაში რაღაც არ მოგწონს. „მე მინდა, რომ ეს სათამაშო, სკამი, ფინჯანი, ეს ადამიანი ჩემი იყოს, მინდა მაქებდნენ – მან კი ყველაფერი მიითვისა!“ კონფლიქტი დაუფლების სურვილი გამო წარმოიქმნება. მისი მიზეზი შეიძლება გახდეს სიყვარულის მოთხოვნილება: „ იმიტომ დავარტყი, რომ მას არ უნდა ჩემთან ლაპარაკი!” კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს პრობლემის მოგვარების უუნარობა, სურვილი იყოს უფრო დიდი ან უფრო პატარა, უფრო ლამაზი ან უფრო ავტორიტეტული. ჩხუბი შეიძლება იყოს ეჭვიანობის გამოვლინება, საკუთარი პოზიციის, საკუთარი როლის გარკვევის მცდელობა, იმის გადაწყვეტა, „ვინ უფრო მთავარია“. ეს და მსგავსი პრობლემები ურიცხვია, ისინი მთელს ჩვენს ცხოვრებას თან სდევენ. აღზრდის – განსაკუთრებით ქრისტიანულის – მიზანია, დაეხმაროს ადამიანს გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს, გამოიმუშაოს შემოქმედებითი, ქმედითი და „კეთილი“ დამოკიდებულება ამგვარი პრობლემებისადმი. ძველი პრინციპი – „ვისწავლოთ პრაქტიკის საფუძველზე“ – ძალაში რჩება. თუ ბავშვს აქვს ჩვევა პრობლემის გადაწყვეტისას სხვაზე გაბრაზდეს და ეს ჩვევა განუმტკიცდება, ინფანტილურ ადამიანად გაიზრდება, რომელიც ნებისმიერი წვრილმანის გამო წონასწორობას კარგავს. ბავშვების ჩხუბისა და კინკლაობისადმი ჩვენ დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, როგორც სიმპტომებისადმი. ამ სიმპტომების დათრგუნვა საქმეს არ შველის, თუმცა ბავშვს თავის შეკავება, რასაკვირველია, აუცილებლად უნდა ვასწავლოთ. არ შეიძლება ბავშვებს მივცეთ ნება, ერთმანეთი დაასახიჩრონ ან გვერდით მყოფთათვის ცხოვრება აუტანლად აქციონ. სიმპტომებს მაშინ აქვს ფასი და მნიშვნელობა, როცა ავადმყოფობის გამოვლენასა და განკურნებაში გვეხმარება. ჩხუბის მრავალი ქვეცნობიერი მიზეზი – მაგალითად, დასჯის შიში ანდა შიში, რომ დავალების ვერ მოერევა – ნორმალურ, მოსიყვარულე ოჯახში ბავშვის განვითარებასთან ერთად ქრება, მაგრამ შეიძლება ეს პროცესი დავაჩქაროთ. შეიძლება მოჩხუბრები გავაშველოთ და თითოეულ მათგანს ვთხოვოთ აგვიხსნას, რა მოხდა და რატომ მოხდა, ოღონდ ისე, რომ ერთმანეთს სიტყვა არ შეაწყვეტინონ. ჩვეულებრივ, კონფლიქტის არსის გამომხატველი სიტყვების ძიების ეს პროცესი (თუ არ შევაწყვეტინებთ და კამათს არ დავუწყებთ), დაძაბულობას ხსნის. ჩხუბი თავისით განელდება, ჩაცხრება და აღარც ფორმალური მობოდიშება ხდება აუცილებელი. უფრო მეტიც, ის, ვინც ლაპარაკობს და ისიც, ვინც ისმენს, უფრო ღრმად აცნობიერებს ჩხუბის მიზეზებს: იქნება ეს ეჭვიანობა, მარტოობა, მიტოვებულობის განცდა თუ სხვა რამ. მშობლებს ეძლევათ შესაძლებლობა, დაეხმარონ ბავშვს – გაიგოს თავისი ადგილი ოჯახსა და ცხოვრებაში, გააცნობიეროს, როგორია. „დიახ, შენ უმცროსი ხარ და რადგან უმცროსი ხარ, ესე იგი…” „დიახ, შენ გოგო ხარ და ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია გააკეთო რაღაც ისეთი, რაც ბიჭებს არ შეუძლიათ…“ „შენ უფროსი ხარ და-ძმებში, ამიტომ რაღაც-რაღაცეები რთულია, მაგრამ სამაგიეროდ“… მეორე მხრივ, ბავშვების ხშირმა ჩხუბმა და გაღიზიანებამ შეიძლება მშობელთა ყურადღება იმ მიზეზებისკენ მიმართონ, რომლებიც მათ იწვევენ და რომელთა მოგვარებაც აუცილებელია. ძალზე მნიშვნელოვანია უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ბავშვს, რომელსაც მიტოვებულობის განცდა აქვს. არასრულფასოვნების კომპლექსი შეიძლება განვკურნოთ, თუ ბავშვში დავინახავთ ნიჭსა და უნარს, რომელსაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდით. „ჩხუბისთავს“ მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჩავუნერგოთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყოველთვის უმჯობესია აღვზარდოთ მაგალითით, ქმედებით, ბავშვისადმი დამოკიდებულებით, და არა სიტყვით. ნოტაციების კითხვას სარგებლობა არ მოაქვს და შეიძლება მავნებელიც კი იყოს, თუკი ეს ბავშვს ასწავლის თავისი ნამდვილი განზრახვები და გრძნობები შენიღბოს სიტყვებით, მათ რომ არ შეესაბამება. ოჯახში ქრისტიანული აღზრდის ძირითადი მიზანია ვასწავლოთ ბავშვებს, რა არის სიკეთე, რას ნიშნავს იყო კეთილი. მათთვის „სიკეთე“ – ეს არის ბედნიერების, სიხარულის, შინაგანი სიმშვიდისა და სხვა ადამიანების მიმართ სიყვარულის მდგომარეობა. როგორც მოციქულმა პეტრემ ბრძანა ფერისცეალების დროს: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი“. ქრისტიანული ცხოვრების საფუძველი მხოლოდ მაშინ იქნება მყარი, თუკი ბავშვებს სიკეთისაკენ სწრაფვა ოჯახში ასწაულეს, გამოცდილებით გაიგეს, „რაი არს კეთილ“.
„სანათესაო“
თანამედროვე საზოგადოება უმეტესად მიიჩნევს, რომ ოჯახი მხოლოდ და მხოლოდ მშობლები და შვილებია. ჩვენ აქ, ალბათ, ვერაფერს შევცლით, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ქრისტიანულ გარემოში ნათესავური კავშირების მნიშვნელობას ხაზი უნდა გავუსვათ. ბავშვებისთვის ოჯახი და მშობლები – მთელი სამყაროა. ურთიერთობა მშობლებთან ძალაუნებურად ეგოისტური ხასიათისაა, რადგან მშობლები უზუნველყოფენ ბავშვებს, წარმართავენ მათ ცხოვრებას. ბავშვები – ეს არის ღერძი, რომლის გარშემოც ტრიალებს მშობლების ცხოვრება. მეორე მხრივ, გაცილებით უფრო რთულია ურთიერთობა ბებიებსა და ბაბუებთან, დეიდებთან, ბიძებსა და ბიძაშვილებთან. აქაც არსებობს სიახლოვე, ერთობის განცდა, მაგრამ ეს კავშირები შესუსტებულია. უფრო არსებითია განხსვავება ცხოვრების წესში. ბავშვებისთვის ეს ადამიანებთან თვისობრივად ახალი ურთიერთობების დამყარების არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. ასე მაგალითად, ბიძა შეიძლება მეტად ორიგინალური პიროვნება იყოს და სრულიად სხვანაირად იქცეოდეს, ვიდრე მშობლები, ბებია ან დიდი ბებია შეიძლება ინვალიდი იყოს და ითხოვდეს გაცილებით მეტ ყურადღებას, ვიდრე თვით ბავშვები და ა.შ.; და თუმცა მტკიცე ოჯახური კლანების დრო წავიდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ნათესავებთან ურთიერთობის შენარჩუნებას – მიმოწერით, მისვლა-მოსვლით, ოჯახისთვის მნიშვნელოვანი თარიღების ერთობლივი და საზეიმო აღნიშვნით. არც საოჯახო ალბომებს დაუკარგავთ არსებობის უფლება. ნათესავებთან მოსიყვარულე მეგობრულ ურთიერთობას აღმრდელობითი მნიშვნელობა აქვს და ბავშვებს ოჯახის მიკროსამყაროდან საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადასვლას უადვილებს.
„ოჯახის მსოფლმხედველობა“
ოჯახური ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეს წარმოადგენს ის, თუ როგორ ესმით ოჯახში ცხოვრების საზრისი, რაში ხედავენ ბედნიერებას, „ცხოვრების ფასეულობათა სისტემას“ – ერთი სიტყვით, ყოველივე იმას, რაც მსოფლმხედველობას აყალიბებს. მგონი, რომ ეს მხოლოდ რწმენის ანდა იდეოლოგიის საკითხი კი არაა, არამედ რაღაც უფრო იდუმალი და ღრმა. „შერეული ქორწინების“ შემთხვევაში საერთო აზრის შემუშავება რთულია, მაგრამ ხშირად ის არც იმ ოჯახებშია, სადაც ქმარი და ცოლი ფორმალურად ერთ ეკლესიას ეკუთვნიან; მაგრამ ისეთი შემთხვევებიც ვიცი, როცა ქორწინებაში სიყვარულის კავშირი ჭეშმარიტად ხორციელდებოდა, თანაც მეუღლეთა „ერთობა“, მათი საერთო შეხედულება ცხოვრებაზე ორგანულად ერწყმოდა პატივსცემას საყვარელი ადამიანის განსხვავებული აზრებისადმი. ერთიანი მსოფლმხედველობა ეფუძნება ბედნიერების ერთნაირ გაგებას, ქრისტიანულ ოჯახში კი – ბედნიერების ქრისტიანულ გაგებას. ადამიანს ბუნებრივად აქვს მოთხოვნილება იყოს ბედნიერი, მრავალი ანტიქრისტიანული მიმდინარეობა ადამიანის ბედნიერებისკენ სწორედ ამ სწრაფვაზე სპეკულირებს. ქუჩაში თუ მეტროში გამოკიდებული რეკლემაც კი ყველანარ ბედნიერებასა და სულიერ სიმშვიდეს გვიპირდება თუკი შევიძენთ ამა თუ იმ ნივთს, გავაკეთებთ ამას თუ იმას. ადამიანი იბადება ბედნიერებისკენ თანდაყოლილი სწრაფვით, იმის ინსტინქტური შეგრძნებით, რომ ბედნიერი უნდა იყოს და თუ არაა, ე.ი. მიზანს ვერ მიაღწია. შესაძლოა, ეს ცოდვით დაცემამდე ცხოვრების შესახებ ადამიანის ქვეცნობიერი ხსოვნის გამოძახილიც კი იყოს. ამის თაობაზე კარგად წერდა აწ გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი პრაღისა სერგი (კოროლიოვი) სტატიების ციკლში „კეთილყოფიერების შესახებ“ (ჟურნალი „Вечное“, პარიზი, 1954, #1). ბედნიერების ადამიანისეულ ნოსტალგიაზე საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ „უბედურად თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვგრძნობთ, როცა ბოროტი ძალების დროებითი ბატონობა ჩვენი ნამდვილი „მე“, ჩვენი პიროვნების ჭეშმარიტი ბუნება გვგონია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უბედურნი ვართ, როცა ბოროტებას ჩვენი ჭეშმარიტი „მე“-ს განუყოფელ ნაწილად მივიჩნევთ“. ეს შეცდომა გვაიძულებს არასწორად ვილაპარაკოთ და მოვიქცეთ, სიტყვასა და საქმეში წავიფორხილოთ. ადამიანებთან ურთიერთობაში ჩვენ ზოგჯერ მათ ბუნებას იმ ბოროტებასთან ვაიგივებთ, რომელსაც მათში ვხედავთ; ისე ვექცევით, თითქოს ბოროტება მათი პიროვნების ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი იყოს, თითქოს ისინი ბოროტები იყვნენ. ყოველდღიური ცხოვრება და განსაკუთრებით, ოჯახური ცხოვრება – ეს არის შესაძლებლობა, დავამყაროთ ურთიერთობა ადამიანში არსებულ ჭეშმარიტ „მე“-სთან. ეს გვეხმარება ჩავწვდეთ პიროვნების ჭეშმარიტ არსს, უარი ვთქვათ ყოველივე ყალბის, დროებითისა და ბოროტის გაიგივებაზე საყვარელი ადამიანის ჭეშმარიტ არსთან. ცხოვრების ყოველი დღე იმისათვის გვეძლევა, რომ იმ სიკეთის და სიხარულის ერთი ნამცეცი მაინც მივიღოთ, რომელიც ცხოვრების მარადიულ არსს წარმოადგენს. ცხოვრებაში სიკეთე რომ მოვიხვეჭოთ, მოწოდებულნი ვართ ყოველ წუთს ვიყოთ შემოქმედნი. სამყაროს გარდაქმნა მხოლოდ ბოროტი საცთურის შემოქმედებითი ძლევითაა შესაძლებელი. ვამარცხებთ რა ცოდვას, სიკეთეს ცხადვყოფთ, ხოლო სიკეთის ცხადყოფისას – მარადიული ცხოვრების თანაზიარნი ვხვდებით. ეპისკოპოსი სერგი გვთავაზობს სწავლებას, რომლის მიხედვითაც უნდა შეგვეძლოს ადამიანებში და ცხოვრებაში სიკეთის დანახვა, ბოროტება რომ დავამარცხოთ. ეპისკოპოს სერგის მოსაზრებანი იმიტომაც მიმოვიხილე დეტალურად, რომ მიმაჩნია – ოჯახში ქრისტიანული ცხოვრების წესი აღმშენებლობის ამოცანას უშუალოდ უკავშირდება, პრობლემის არსის ღრმა წვდომას გვთავაზობს, ააშკარავებს ქმრისა და ცოლის ურთიერთუკმაყოფილების (ხშირად „სამართლიანი“ უკმაყოფილების) საფუძველს, მიზეზებს, რომელთა გამოც მშობლებს არ მოსწონთ შვილების გემოვნება, შეხედულებები და სურვილები; მიზეზებს შვილებსა და მშობლებს, და თავად ბავშვებს შორის არსებული ანტაგონიზმისა. ამ მოსაზრებებში ზუსტადაა მითითებული „ბედნიერი“ და „უბედური“ ოჯახების არსობრივი განსხვავება. ძალზე მნიშვნელოვანია მშობლებს ვასწავლოთ ბედნიერების ქრისტიანული გაგება, როგორც „ნეტარებისა“, „კეთილყოფიერებისა“, მთასა ზედა ქადაგების სულისკვეთებით, ხოლო მშობლები, თავის მხრივ, მოწოდებულნი არიან ასწავლონ ეს შვილებს – მათ შორის, პირადი მაგალითითაც: ნეტარება – ეს არის მდგომარეობა სიყვარულისა, ურთიერთობისა სიყვარულით, ნდობისა, განვითარების თავისუფლებისა, ღვთისგან მიღებული შემოქმედებითი უნარის განხორციელებისა. სამწუხაროდ, მრავალი საერო ადამიანის წარმოდგენა ქრისტიანობაზე მოკლებულია სიხარულისა და ნეტარების ამ განცდას, პირიქით, ქრისტიანობა ხშირად წარმოუდგებათ როგორც ვალდებულებათა და მოვალეობათა ფორმალური ნაკრები თუ ჩამონათვალი. ჩემი აზრით, თვით მშობლების ქრისტიანული აღზრდა იმაში კი არ მდგომარეობას, რომ მათ ეკლესიური წეს-ჩვეულებების დაცვა და ბავშვების საკვირაო სკოლაში ტარება და ა. შ. ვაიძულოთ, არამედ ავუხსნათ მათ ძირითადი ცხოვრებისეული რეალიების აზრი. თავიანთი ვალდებულებების და მოვალეობების ჭეშმარიტი არსი მშობლებს შეუძლიათ შეიცნონ, თუკი ჰკითხავენ თავს: „რა არის ბედნიერება?“, „რა არის ცოდვა?“, „რა მნიშვნელობა აქვს მათ ჩვენთვის?“, „რა არის სიყვარული?“, „რას ნიშნავენ ჩემი შვილები ჩემთვის?“, „რა მსურს მათთვის?“. რასაკვირველია, წესები აუცილებლად უნდა დავიცვათ და რჯულის დარღვევა დაუშვებელია, მაგრამ მშობლები, უპირველესად, ცხოვრების საზრისის გაგებით უნდა ხელმძღვანელობდნენ.
„დისციპლინა ოჯახში“
სიყვარულს კიდევ ერთი გამოვლინება აქვს – დისციპლინა, ეს „ჯვარი ძალაუფლებისა“, რომელიც მშობლებმა უნდა იტყვირთონ. დისციპლინა, პირველ რიგში, ნიშნავს წესრიგის აღიარებას, აღიარებას ძალაუფლების და მორჩილების იმ რთული სტრუქტურისა, რომელიც ოჯახში იქმნება. აქ იგულისხმება ცოლის ქმრისადმი მორჩილებაც (რაც, ჩემი აზრით, გაცილებით მძიმეა ქმრისთვის, ვიდრე ცოლისთვის, და უფრო ხშირად სწორედ ქმარს არ ჰყოფნის ძალა აიტანოს ასეთი წესრიგი), და ცოლის მიმართ ქმრის პატივისცემაც (1 პეტრე, 3). იერარქიული პრინციპი ოჯახურ დისციპლინაშიც ხორციელდება. ასე მაგალითად, უთანხმოება ქმარსა და ცოლს შორის მაშინ იჩენს თავს, როცა საფრთხე ემუქრება უფრო მნიშვნელოვან ფასეულობებს, ვიდრე მათი ურთიერთდამოკიდებულებაა – პრინციპებსა და მრწამსს, რომელთა დათმობა შეუძლებელია. ხშირად იქმნება სიტუაციები, როდესაც ერთ-ერთი მშობლის მოქმედება ანგრევს ბავშვის პიროვნებას. მაგრამ თუ დისციპლინის დარღვევა აუცილებელია, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ უფრო მაღალი ღირებულებებისადმი დამორჩილების, ანუ უმაღლესი რანგის მორჩილების გამო. ბავშვები მშვენივრად გრძნობენ, რამდენად გულწრფელად იცავენ მშობლები დადგენილ დისციპლინარულ წესებს – იქნება ეს ტაძარში რეგულარული სიარული, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოწევისგან თავის შეკავება თუ ადამიანებისადმი კეთილგანწყობა და სტუმართმოყვარეობა. ქრისტიანული ყოფა ემყარება დაცვას კანონისა, როგორც ქმედითი პრიციპისა, როგორც ცხოვრებისეული პოზიციისა და არა ცარიელი ფორმალობისა თუ უსიცოცხლო წეს-ჩვეულებისა. მხოლოდ ასეთ ატმოსფეროში შეიძლება ბავშვი დისციპლინას მიეჩვიოს. ბავშვი ეჩვევა დისციპლინას სიხოცხლის პირველი თვეებიდანვე, როდესაც უფროსები მისთვის შეუმჩნეველი საფრთხისაგან იცავენ. „ხელი არ მოკიდო!“, „აქეთ ნუ მოძვრები!“, „ქუჩაზე არ გადახვიდე!“ ზოგჯერ აუცილებელი ხდება ბავშვის ძალით გაჩერება. გონიერი მშობელი არ მოსთხოვს ბავშვს მორჩილებას, თუ ამის მისაღწევად ძალადობა იქნება საჭირო – მაგალითად, არ სთხოვს ბავშვს აკოცოს დედას, თუ ეს ბავშვს არ სურს. თუმცა ძალზე ადრეული ასაკიდან მორჩილების საკითხში უმთავრეს მნიშვნელობას თვით ბავშვის გადაწყვეტილება იძენს: „დედამ მითხრა, რომ ეს არ უნდა გავაკეთო, მაგრამ რა მოხდება, თუ მაინც გავაკეთებ?“. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დისციპლინის საერთო ატმოსფერო ოჯახში სწორედ ამ ეტაპზე დამყარდეს. ყველაფერი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული: რა შეიძლება და რა არ შეიძლება, რას მოყვება სასჯელი ყველა შემთხვევაში (და არა მხოლოდ ცხელ გულზე). ოჯახში უნდა სუფევდეს ფასეულობათა მკაფიო იერარქია. თუ ბავშვის ურჩობამ არასასიამოვნო შემთხვევა გამოიწვია – მაგალითად, რაღაც გატყდა ან წყალი დაიღვარა – ბავშვი შეიძლება დავსაჯოთ ანდა დავტუქსოთ. მაგრამ თუ ეს შემთხვევა გამოწვეულია ბავშვის მოუქნელობით ანდა მისი სურვილით მშობლებს დაეხმაროს, დასჯა ან დატუქსვა დაუშვებელია. ერთი მოხუცი ძიძა, რომელიც მთელი ცხოვრება ბავშვებს უვლიდა, გვიამბობდა ორი ოჯახის შესახებ, სადაც მუშაობა მოუხდა: „ერთ ოჯახში ყველაფერი იკრძალებოდა, მაგრამ სინამდვილეში შეიძლებოდა გაეკეთებინათ ყველაფერი, რასაც კი მოიფიქრებდნენ, მეორეში შეიძლებოდა ყველაფრის კეთება, მაგრამ თუ რაღაც არ შეიძლებოდა, მართლა არ შეიძლებოდა“. რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო მნიშვნელოვანია მისთვის გაგება დისციპლინის იერარქიულობისა. ქრისტიან მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვებს იმის გაგებაში, რომ ნებისმიერი დისციპლინის საფუძველში ერთი პრინციპი დევს: „იყავნ ნება შენი“ და არა პრინციპი მშობელისა – „მე ასე მსურს“.
იდეალურ შემთხვევაში დისციპლინის მკაფიო სტრუქტურა ბავშვის ქცევის მოტივების გაგებას უნდა ეხამებოდეს; არ ღირს ბავშვების თავის ნებაზე მიშვება იმის შიშით, რომ თუ მათ მიმართ მომხოვნი ვიქნებით, აღარ ვეყვარებით. დიდი მნიშვნელობა აქვს დავინახოთ განსხვავება დისციპლინას, აუცილებელი წესების დადგენას და მშობლების მცდელობას შორის, შვილებს თავს მოახვიონ საკუთარი გემოვნება, გრძნობები, განწყობები და განცდები. შესაძლოა, წითელ პარასკევს ბავშვებისთვის ტელევიზორის ყურების აკრძალვა სავსებით გონივრულია, მაგრამ ამ დროს განიცდიან თუ არა ისინი იმავეს, რასაც მშობლები – სხვა საკითხია. ასეთი რაღაცის მოთხოვნა, თავს მოხვევა არ შეიძლება. შეიძლება მხოლოდ იმედი ვიქონიოთ, რომ თავის დროზე თვითონ გაიგებენ, თვითონ იგრძნობენ ამას. არაერთი მღვდელმსახურის ოჯახში ბავშვები განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე რელიგიური იდეებისა და გრძნობების მიმართ მტრულად არიან განწყობილნი იმიტომ, რომ ზომაზე მეტად „ჰკვებეს” ამ თემაზე საუბრებით. მხატვრის შვილი განმუხტვას სპორტით თავდავიწყებულ გატაცებაში შეიძლება ეძებდეს. ემოციურად მგრძნობიარე იდეალისტმა დედამ შეიძლება ვერ გაუგოს თავის ქალიშვილს, რომელიც დაკავებულია საკუთარი გარეგნობით, გატაცებულია მოდით, მაღალი საზოგადოების ცხოვრებით. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იდეალებსა და გრძნობებზე, ბავშვს თავს ვერ მოვახვევთ და ჩვენთვის სასურველ გრძნობებს ვერ ჩავუნერგავთ. ამ თემაზე საუბრის შეჯამებისას, საოჯახო დისციპლინის ძირითადი მოთხოვნები შემდეგნაირად მსურს ჩამოვაყალიბო:
მთელი ოჯახი, მშობლების ჩათვლით, უნდა იცავდეს ერთსა და იმავე წესებს და ერთსა და იმავე აკრძალვებს უნდა ემორჩილებოდეს.
მშობლებმა უნდა დაადგინონ ქცევის მარტივი, მკაფიო წესები და განამტკიცონ ისინი საკუთარი მუდმივი პასუხისმგებლობის გრძნობით, რომელიც ოჯახურ ცხოვრებაში წესრიგს უზრუნველყოფს.
მშობლები სიყვარულით უნდა ცდილობდნენ გაიგონ ბავშვის ქცევის მიზეზები, მისი თვალსაზრისი, მისი გემოვნება, საერთოდ, მისი პიროვნება.
მშობლები ნათლად უნდა აცნობიერებდნენ, რას შეიძლება მიაღწიონ დისციპლინის საშუალებით, რა სცილდება მათ კომპეტენციას და რა არ შეიძლება ძალდატანებით იყოს თავსმოხვეული.
„ლოცვა ოჯახში“
შესაძლებელია კი ლოცვის სწავლება? ლოცვა – ეს არის საუბარი ღმერთთან, ღვთის წინაშე დგომა, ლოცვისთვის აუცილებელია ადამიანის წრფელი გულმოდგინება, რომელსაც ღვთის მადლი შეეწევა. გარკვეული აზრით, ლოცვას ასწავლიან ისევე, როგორც ასწავლიან ლაპარაკს. არსებობს თანდაყოლილი უნარი მეტყველებისა, მაგრამ აუცილებელია, აგრეთვე, მეტყველების ხელოვნების დაუფლება და იმის ცოდნა, რის შესახებაც უნდა ითქვას. ბავშვი ლაპარაკს ოჯახში სწავლობს, ადამიანებთან ურთიერთობით, და ოჯახშივე შეიძლება „ისწავლოს“ ლოცვა. თავიდან ბავშვი ლოცულობს სხვებთან ერთად, იძენს ყოველდღიური ლოცვის ჩვევას, ხოლო შემდეგ ლოცვა შეიძლება იქცეს ცოცხალ გამოცდილებად, ჯერ ბავშვურ, მოგვიანებით კი, სავსებით ზრდასრული ადამიანის ცოცხალ გამოცდილებად. მე ლოცვის სხვადასხვა სახეზე იმისთვის ვსაუბრობ, რომ მშობლებმა გააცნობიერონ, რა სურთ: ლოცვის ტექსტის ზეპირად დასწავლა, რასაკვირველია, სასარგებლოა, მაგრამ ეს ლოცვის სწავლებას არ ნიშნავს. საუკეთესო საშუალებაა ვაზიაროთ ბავშვი ლოცვით გამოცდილებას – ეს არის ლოცვა მასთან ერთად. ყველაფერი იწყება მშობლების ლოცვით ახალშობილისათვის; დედისთვის ეს, შესაძლოა, ყველაზე დიდი ლოცვითი გამოცდილებაა. სწორედ ამ წუთიდან ეყრება საფუძველი ლოცვაში ბავშვის ყოველდღიურ მონაწილეობას. ჩვეულებრივ ბავშვის პირველი ლოცვა – ეს არის თხოვნა (“უფალო, თუ შეიძლება…“), როდესაც ბავშვი ადგენს გრძელ სიას იმ ადამიანებისა, რომელთა მოხსენიებაც სურს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა მართლა ილოცონ ბავშვთან ერთად. ბავშვისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ღმერთთან პირველი საუბრის გამოცდილება. ამით იგი თვითონაც ადასტურებს, რომ ღმერთი არსებობს და მისთვის მნიშვნელოვანია ამ აღმოჩენას იმ ადამიანთა სახელები დაუკავშიროს, ვინც უყვარს. ამ ასაკში ღმერთის თანამყოფობის შეგრძნება სავსებით ბუნებრივია. როცა ბავშვი წამოიზრდება, შეიძლება ვასწავლოთ მას სამადლობელო ლოცვა („გმადლობ შენ უფალო…“), მშობლები ბავშვს შეიძლება განვლილი დღის ყველაზე სასიხარულო მოვლენების გახსენებაში დაეხმარონ.
მართლმადიდებელ ოჯახებში, პირველ ყოვლისა, სწავლობენ ლოცვას „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ“, რომელსაც წარმოთქვამენ პირჯვარის გამოსახვისას. ეს ლოცვა დაკავშირებულია მოქმედებასთან, რომელიც პატარა ბავშვებს თამაში ჰგონიათ; მართალია, ის მოკლეა, მაგრამ, აღსავსეა აზრთი, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვს, როდესაც იგი წამოიზრდება, ამ ლოცვის აზრი განუმარტოთ… უფრო რთულია გამოვიმუშაოთ სწორი დამოკიდებულება გრძელი ლოცვებისადმი. დიდი წმიდანების მემკვიდრეობა არ შეიძლება უგულებელვყთოთ, ჩვენს ლოცვებში რომ არის დაუნჯებული. მაგრამ როცა ისმენ, რვა-ცხრა წლის ბავშვი როგორი აჩქარებით ბუტბუტებს „მამაო ჩვენო“-ს, ეჭვი გიჩნდება, შეიძლება კი ჩავთვალოთ, რომ ლოცვა უკვე ისწავლა? ბავშვს შეიძლება შევთავაზოთ ისწავლოს ერთი წინადადება, ოღონდ ღრმად უნდა ჩასწვდეს და გაიგოს. ლოცვის ახსნა შეიძლება მარტივი ცნებების მეშვეობით („ეს არის ლოცვა სული წმიდის მიმართ, რომელიც სიცოცხლეს გვაძლევს…“). ბავშვები სწავლობენ მოკლე წინადადებას: „მეუფეო ზეცათაო, ნუგენიშისმცემელო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის!“ ერთი წლის განმავლობაში ეს ლოცვა შეიძლება ნელ-ნელა შევავსოთ და განვავრცოთ. სანამ ბავშვი მას თავიდან ბოლომდე გაცნობიერებულად არ დაიმახსოვრებს. ასევე შეიძლება მოვიქცეთ დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ლოცვების შემთხვევაშიც: შეიძლება თავიდან ძირითადი წინადადებით ან დასაწყისი სიტყვებით შემოვიფარგლოთ ისე, რომ ბავშვებმა შეიძლონ ლოცვის ცნობა, როდესაც ტაძარში იგალობება. ლოცვის დრო, მიუხედავად მისი ხანგრძლივობისა, მშობლებისა და ბავშვის აუჩქარებელ, მშვიდ ურთიერთობაში უნდა გადიოდეს. შესაძლოა, მშობლებისთვის ყველაზე რთული სწორედ ამ წესის დაცვაა, მაგრამ იგი ღირს იმად, დაცული რომ იქნეს. ათი წუთი სავსებით საკმარისია, რათა ბავშვს წავუკითხოთ ან მოვუყვეთ მოკლე ამბავი საღმრთო ისტორიიდან, განვუმარტოთ ლოცვის არსი, ვესაუბროთ იმაზე, დღის განმავლობაში რა ხდებოდა. დარწმუნებული ვარ, ლოცვის სწავლების პროცესში ბავშვებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი – ყოველდღიური აუჩქარებელი, არცთუ ხანგრძლივი ურთიერთობაა. ამ პერიოდის განმავლობაში უნდა ჩავუნერგოთ ლოცვის ჩვევა, ჩვევა „ღვთის წინაშე დგომისა“. პრაქტიკულად ხანგრძლივი ლოცვა უფრო ადვილია ძილის წინ, ძალიან სწრაფად კი – შეძლება მხოლოდ პირჯვარი გამოისახონ, ღმერთს სთხოვონ კურთხევა დამდეგი დღისათვის – დილით, მშობლების გარეშე, ლოცვა ოჯახში არ უნდა შემოიფარგლოს დილისა და ძილის წინა ლოცვებით. ლოცვა საჭმლის მიღების წინ ახლა თითქმის გამქრალია ოჯახური ყოფიდან, რადგან თითქმის გაქრა წარმოდგენა საჭმელზე, როგორც ოჯახის ერთად შეკრების მიზეზზე. საუზმის მაგიერ ყველა რაღაცას ხელს სტაცებს ზეზეულად – სკოლაში თუ სამსახურში გარბიან. სადილის დროს მშობლებს, როგორც წესი, უხარიათ, როცა ბავშვები თეფშებით ხელში სხდებიან ტელევიზორის წინ. ამის შეცვლა, იქნებ, უკვე შეუძლებელიც კია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყოველი ოჯახი დროდადრო მაინც უნდა იყრიდეს თავს სუფრასთან – ყოველ შემთხვევაში, კვირა დღეს და დღესასწაულებზე მაინც. სხვადასხვა ოჯახში ჭამის წინ სხვადასხვაგვარად ლოცულობენ: ზოგან მხოლოდ პირჯვარს იწერენ, ზოგან ლოცვას კითხულობენ, ზოგან გალობენ კიდეც. მნიშვნელოვანია მოკლე ხნით მაინც ვიკრიბებოდეთ ერთად, რათა ჩვენს ცხოვრებაში ღვთის თანამყოფობა შევიგრძნოთ. საერთო საოჯახო ლოცვის მეორე საბაბია – როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი სადმე შორს მიემგზავრება; რუსული ჩვეულებისამებრ ამ დროს ყველა დუმილით ჩამოჯდება ხოლმე, შემდეგ კი პირჯვარს გადაისახავს. საზოგადოდ, ჯვრის გამოსახვა, რომლითაც ხდება ვინმეს დალოცვა, – მშვენიერი მოკლე და უსიტყვო ლოცვაა; მშობლებს ხშირად აქვთ ხოლმე საბაბი, ვაჟი თუ ქალიშვილი სწორედ ასე დალოცონ. დაბადების დღეზე ან დღეობაზე შეიძლება „მრავალჟამიერი“ ვუმღეროთ. ოჯახური ცხოვრების ყველა მხარემ თუ ჩვევამ სიმტკიცე უნდა შეიძინოს. უბრალო, გულწრფელი, ბუნებრივი ჩვეულება გამოცდას უძლებს და გამონაკლისს არც საოჯახო ლოცვა წარმოადგენს; ქრისტიანული ოჯახისათვის აუცილებელია ჩვენს ცხოვრებაში ღვთის თანამყოფობის ყოველდღიური შეგრძნების საშუალება მოიპოვოს.
„დღესასწაულები“
ოჯახთან მჭიდროდაა დაკავშირებული ეკლესიური ცხოვრების კიდევ ერთი მხარე. ქრისტიანული აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანია საეკლესიო დღესასწაულებსა და მარხვებთან დაკავშირებული საოჯახო ტრადიციები. საეკლესიო დღესასწაულები ბავშვებისათვის ნამდვილი ზეიმია, თუკი მათ ოჯახშიც აღნიშნავენ. დღესასწაულის დღეს ნამდვილ სიამოვნებას ბავშვი მხოლოდ შინ იღებს. სადღესასწაულო ლიტურგია ტაძარში ტარდება, მნიშვნელობას სკოლაში უხსნიან, მაგრამ დღესასწაულად იგი ბავშვისთვის სახლში იქცევა.
„ოჯახის პასუხისმგებლობა ბავშვის ქრისტიანულ აღზრდაზე“
ქრისტიანული ოჯახი მოწოდებუილია თავისი სარწმუნოებრივი ცოდნა ბავშვებს გადასცეს, პირველ რიგში – პატარებს, რომლებიც სწორედ ოჯახში იგებენ ღმერთის, იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების, ლოცვისა და ღვთისმსახურების, დღესასწაულებისა და დიდი წმიდანების შესახებ. არაერთ მშობელს სჭირდება დახმარება: მათ ზოგჯერ თვითონ არ ესმით ბოლომდე, რამდენად აუცილებელია ეს ცოდნა მათი შვილებისადთვის. მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ძირითადი ჭეშმარიტებების, ჩვენი მართლმადიდებელი რწმენის არსის გარჩევა მეორეხარისხოვანი ხალხური ტრადიციებისა და ჩვეულებებისგან. ამ ტრადიციებში ცუდი არაფერია, მაგრამ ისინი ცვლიან რწმენის არსს, თუკი მათ პირველხარისხოვან, ზებუნებრივ მნიშვნელობას მივანიჭებთ. ჩემი აზრით, ოჯახი უპირველესად უნდა ჩასწვდეს ქრისტიანულ სწავლებას ღმერთზე: რას ნიშნავს ჩვენთვის მისი თანამყოფობა, ძალაუფლება, სიყვარული, განგებულება, მფარველობა, სამართლიანობა. მშობლებისგან ბავშვებმა შეიძლება გაიგონ ზოგიერთი ბიბლიური, განსაკუთრებით, სახარებისეული მოთხრობები, მარტივი ლოცვები, პირველდაწყებითი ცნობები ღვთისმსახურებაზე, დიდ სასწაულებზე (შობა, ნათლისღება, ბზობა, ვნების კვირა, აღდგომა, სულთმოფენობა). უფროსი ასაკის ბავშვებს მნიშვნელოვანია გავუღვივოთ ინტერესი რელიგიისადმი. მშობლებმა შეუძლებელია ყველაფერი იციდნენ, მაგრამ უნდა ჰქონდეთ ინტერესი, გამოიჩინონ ცნობისწადილი, ეძებონ პასუხი ბავშვების კითხვებზე. მოულოდნელი საუბარი, რომელიც წარმოიშვა, როგორც პასუხი ბავშვის კითხვაზე თუ როგორც მშობლების რეაქცია უჩვეულო ანდა რთულ სიტუაციაზე – აღზრდის მნიშვნელოვანი საშუალებებია. მე მგონი, მშობლებმა უარი უნდა თქვან სურვილზე შვილების წინაშე ყოვლისმცოდნეებად ჩანდნენ. უკეთესი იქნება, თუკი ისინი ბავშვებთან ეერთად დაიწყებენ კითვებზე პასუხის ძიებას, პრობლემის განსჯას. ყველა კითხვაზე სამრევლოს მოძღვარიც კი ვერ უპასუხებს და, ჩემი აზრით, ბავშვის განვითარებას ყველაზე მეტად ეხმარება სურვილი, გაიგოს რაღაც ახალი. „ეძიებდით, და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქუენ” (მათე. 7,7). ნათქვამი შევაჯამოთ. ნამდვილად ქრისტიანული რომ გახდეს, ოჯახი მოწოდებულია ცხოვრებას, მის ფასეულობებსა და პრობლემებს ხედავდეს ქრისტიანობის შუქზე, ეს კი, შესაძლოა, მშობლების ჩვეულებრივ ღვთისმოსაობას არც ემთხვეოდეს. ქრისტიანული ოჯახი როგორც შინაგანად, ისე თავის ფარგლებს გარეთ, მოწოდებულია, იმგვარი სიყვარული მოიხვეჭოს, რომელზეც ლაპარაკია კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში. ქრისტიანული ოჯახი გამსჭვალული უნდა იყოს ყველასთვის სავალდებულო დისციპლინით, იქ ფასეულობათა ქრისტიანული იერაქია უნდა ბატონობდეს. ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება ქრისტიანულ ოჯახში ღვთის თანამყოფობის შუქითაა განათებული – ეს ოჯახურ ლოცვაშიც მჟღავნდება და საეკლესიო დღესასწაულებსა თუ ტრადიციებშიც. ქრისტიანულ ოჯახში ბავშვის გონება, ნიჭი და მონაცემები მოწოდებულია, რომ ვითარდებოდეს, რადგან ქრისტიანობა ადამიანის პიროვნების უზარმაზარ ფასეულობას აცნობიერებს. სოფია კულომზინა
თარგმნა: ირაკლი ლომოურმა
თავი IV – „მასწავლებელი“