You are currently viewing სიკეთე, რომელიც ჩვენს გვერდით ხდება და რომელზეც არ საუბრობენ

სიკეთე, რომელიც ჩვენს გვერდით ხდება და რომელზეც არ საუბრობენ

Download article eBook

მასალა აღებულია ვებგვერდიდან – ttimes.ge
მოამზადა სოფიკო ნინიკაშვილმა

 

დიახ ეს თბილისში, ჩვენს გვერდით ხდება. ამ საქმეზე ბევრი არავინ საუბრობს და არც დეტალები იციან. პლეხანოვზე, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრთან უკვე წლებია „საქველმოქმედო სახლი“ ფუნქციონირებს. მართალია ის არ არის ცნობილი როგორც “კათარზისი” თუ სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები, არ ჰყავს პარტნიორად მსხვილი ბიზნეს ბრენდები და მდიდარი ადამიანები, თუმცა ფაქტია წლებია სამადლო საქმეს ეწევიან. დეკანოზი ალექსანდრე გალდავა და მის გარშემო შემოკრებილი საერო თუ სასულიერო პირები სხვადასხვა პრობლემების მქონე ადამიანებს სთავაზობენ სოცილაურ, საგანმანათლებლო თუ სამედიცინო კუთხით დახმარებას. ამ ამბის თაობაზე, შემთხვევით, მეგობრისგან გავიგე. ერთ-ერთი სასულიერო პირი და ის ტაძარი, სადაც ყოველდღე 250-მდე ადამიანს უსასყიდლოდ აპურებენ, რომ ამას ვალებით აკეთებენ და საქმიანობას მაინც არ წყვეტენ. შესაბამისად დავინტერესდი და მინდოდა საზოგადოებისთვის დეტალურად გამეცნო ამ საქმიანობის შესახებ და გადამემოწმებინა ინფორმაცია. მივაკითხე ტაძარს, გავეცანი, რომ ვარ ჟურნალისტი და რომ მინდა ამ საქმეზე დავწერო. თუმცა, ძალიან გამიჭირდა ამ საქმით დაკავებული ადამიანები დამეყოლიებინა ინფორმაციის მოწოდებაზე და ინტერვიუზეც, შესაბამისად. შემდგომ ტაძრის წინამძღვართან მამა ალექსანდრე გალდავასთან ვითხოვე შეხვედრა. ბევრი, რომ არ ვისაუბროთ, არ სურდათ ამ საქმეზე ღიად საუბარი და თვითონ იმ ადამიანებთან გვამისამართებდნენ, ვინც ამ დახმარებას ღებულობდნენ. აქ გულწრფელად დავინახე ის გარემო, სადაც სიკეთეს აკეთებენ და არ სურთ საუბარი. დღევანდელ რეალობაში, სიმართლე რომ ვთქვა, ეს ძალიან გამიკვირდა. თუმცა სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მეტად მოვინდომე, რომ ამ ამბის შესახებ მკითხველისთვის მომეთხრო.

უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი და ძალიან გავნაწყენდი. ეს რომ დაინახეს მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზ ალექსანდრე გალდავამ თავად გადაწყვიტა მოეწოდებინა ჩემთვის ინფორმაცია და დაგვთანხმდა დიალოგზე. თუ რის ხარჯზე აკეთებენ ამ სიკეთეს, რა სტატუსის მქონე ადამიანები სტუმრობენ მათ და რა სახის დახმარებას უწევენ აქ მოსულ ადამიანებს „თბილისი თაიმსთან“ მამა ალექსანდრემ ისაუბრა:

– მამა ალექსანდრე მოკლედ მოგვიყევით ტაძარის ისტორია?

– მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა ეს ტაძარი კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მიერ და მის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენდა საავადმყოფოში მიცვალებულთა წესის აგება.

karbelashvili
წმინდა სტეფანე აღმსარებელი (ერისკაცობაში ვასილ კარბელაშვილი)

წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი იმით გამოირჩევა, რომ აქ მოღვაწეობდა, უკვე წმინდანად შერაცხილი, დიდი ქართველი მგალობელი, პატრიოტი, ავტოკეფალისტი ვასილ კარბელაშვილი, რომელიც თხუთმეტი წლის განმავლობაში ტაძრის წინამძღვარი იყო. აქ ჰქონდა დაწყებითი სკოლა, რისი გაკეთებაც მაშინ ადვილი არ იყო. ავტოკეფალიის მოძრაობის დროს ის გადაასახლეს საქართველოდან. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ხდება ეპისკოპოსი. არსებობს წმ. სტეფანეს ცნობილი წერილი მისი მოწაფეყოფილ სტალინისადმი მიწერილი, სადაც ამხელს მის სიჯალათეს, იმ ვანდალიზმს რასაც ის ეკლესიას, ერს უკეთებდა.

შემდეგ, საქართველოში პათანატომიის ცენტრის დამაარსებელმა ვლადიმერ ჟღენტმა, ტაძარს სპეციალური ლაბორატორია მიაშენა. ეს ის შენობაა, სადაც ჩვენ საქველმოქმედო საქმიანობას ვეწევით. კომუნისტების დროს ეკლესიამ ფუნქცია დაკარგა. გამოიყენეს აუდიტორიად, სადაც სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები ლექციებს ისმენდნენ. რამოდენიმე წლის წინ მიხაილოვის საავადმყოფო სხვა ადგილას გადაიტანეს. დადგა საკითხი ამ შენობის გაყიდვისა. ვინაიდან ის პირდაპირაა საკურთხეველზე მიმდგარი, მისი დანგრევა გამოიწვევდა ეკლესიის დაზიანებას. ამავე დროს, ტაძარი  ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია. საპატრიარქომ სთხოვა სახელმწიფოს შენობა გადმოეცა ეკლესიისათვის.

კიდევ ტაძარი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ერთ-ერთი ცნობით ნიკო ფიროსმანს, რომელიც გარდაიცვალა მიხაილოვის საავადმყოფოში, სწორედ ამ ეკლესიაში აუგეს წესი და დაასაფლავეს კუკიის სასაფლაოზე.

– რამდენი ხანია რაც აქ მოღვაწეობთ და რამდენად აქტიური მრევლი ჰყავს ტაძარს?

– 1997 წლიდან აქ ვმოღვაწეობ. ჩემთან ერთად მსახურობენ: მამა ზაქარია გოჩიტაშვილი და მამა გიორგი ზაქარიაძე.

მრევლი ძალიან კარგი, საყვარელი, თბილი ხალხია. გვიძლებენ ჯერ-ჯერობით. აქტიურები არიან, უყვართ ეკლესია, იზრდებიან და ვიზრდებით ჩვენც მათთან ერთად.

11857696_842791079151284_1473775866_n

– მამაო, გვიამბეთ იმ „საქველმოქმედო სახლი“ შესახებ, რომელიც ტაძრის ტერიტორიაზეა, რამდენი ხანია რაც ამ საქმიანობას ეწევით და რა  სახის დახმარებას უწევთ აქ მოსულ ადამიანებს?

– ტაძრის გახსნიდან, 1997 წლიდან, რამდენიმე წელიწადში დავიწყეთ სულ მცირედიდან. გავაკეთეთ თონე და რაც მოგება იყო მთლიანად ხალხს ვაძლევდით. ისინი მოდიოდნენ და უფასოდ იღებდენ თითო პურს. შემდეგ, როცა ჩვენთნ დედა ნისიმე გადმოვიდა, გაგვიჩნდა საშუალება იმისა, რომ საჭმლითაც დავხმარებოდით აქ მოსულ ადამიანებს. დავიწყეთ 30 კაცით. ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა სამ თავ საჭმელს ვაძლევთ გატანებით. დღეს უკვე 250 კაცია სიაში და 220 მოდის ყოველდღე.

ასევე, მათ აქვთ სამედიცინო დახმარება. მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული „პრივატ კლინიკასთან“. თითოეულ მათგანს აქვს პირადი ისტორია. ექიმები მოდიან პერიოდულად და უტარებენ გამოკვლევებს. მედიკამენტებითაც შეძლებისდაგვარად ვეხმარებით.taZari

გვაქვს უფასო ფსიქოლოგიური დახმარება, რომელიც გულისხმობს კონსულტაციისა და თერაპიის გაწევას მოზარდების, ბავშვების, მშობლებისა თუ ოჯახებისთვის  მთლიანად.

ასევე, გვაქვს საგანმანათლებლო სფერო, სადაც უფასოდ ვასწავლით ხატწერას, კლასიკურ გიტარას. საკვირაო სკოლაში ბავშვებს ვასწავლით ძველ და ახალ აღთქმას, კატეხიზმოს. არის ლიტერატურული წრე, სადაც საერო წიგნებს, მნიშვნელოვან ლიტერატურას ეცნობიან ჯგუფის წევრები და შესაბამისად ხდება მათი განხილვა. ტარდება თავისუფალი ლექციები. ვიწვევთ საინტერესო სტუმრებს, უცხოეთიდან სტუმრად ჩამოსულ, თუ  აქ მყოფ სასულიერო პირებს და არა მარტო მათ, არამედ ერის ხალხსაც.

11840360_842791289151263_1000097027_o

ყველანაირად ვეხმარებით აქ მოსულ ადამიანებს ფულით, საკვებით. ვცდილობთ არავინ გავუშვათ ისე. ზოგიერთს ღვინითაც ვეხმარებით. დღესასწაულებზე კიდევ უფრო მეტად ვეხმარებით. ვუკეთებთ ტორტებს. ახალ წელს ყველანი ერთად ვხვდებით. ვუწყობთ დიდ ტრაპეზს  და გახარებულები არიან.

– ეს ხომ დიდ ფინანსებს მოითხოვს? რის  ხარჯზე  ეწევით ამ ქველმოქმედებას?

– კერძო შემოწირულობებით. ძირითადად მეგობრების, ახლობლების, მრევლის  თანადგომით, რომელთაც გული შეტკივა და ხედავენ, რომ კარგი საქმე კეთდება და უნდათ დაგვეხმარონ. მსურველები ძალიან ბევრი არიან, მაგრამ იმის გამო, რომ დღეს დუხჭირი ცხოვრება წამოვიდა, ბევრი ვერ ახერხებს ხელგაშრილად დახმარებას. უჭირს ხალხს და ჩვენც გვიჭირს, ამიტომაც სულ ყველგან გვაქვს ვალი: მაღაზიაში, დისტრიბუტორთან პურის, ბაზარშიც. იციან, რომ ჩვენ მაინც გადავუხდით, ამიტომ გვაცლიან და ამით გვეხმარებიან. მერე, როცა ეს ვალები დაგვიგროვდება და სპონსორები აღარ ჩანს, მივდივარ ჩემ მეგობრებთან და ვეხვეწები, ხან პურის ვალი გაგვისტუმროს, ხან მაღაზიის ფული. ისინიც გულიანად აკეთებენ ამას.

ზოგჯერ, როცა ადამიანი გარდაიცვლება და ოჯახის წევრებს უნდათ რაიმე სიკეთე გააკეთონ, პირდაპირ გადავამისამართებთ, ხოლმე  ამ საქველმოქმედო სახლზე და ისინი ყიდულობენ ტკბილეულს, მთლიანი დღის ან ორი დღის საუზმის მომზადების ფულს იხდიან.

– მამაო, ვალი დაახლოებით რამდენი გიგროვდებათ ხოლმე?

– ეხლა 3000 ლარი იყო, რომ გაგვისტუმრეს.

11831911_842791295817929_861210515_o

– ძირითადად რა სტატუსის მქონე ადამიანები მოდიან თქვენთან?

– ჩვენ არც რელიგიური, არც ეთნიკური და არც გენდერული ნიშნით არ ვანსხვავებთ ადამიანებს. ჩვეულებრივ მოდიან გაჭირვებულები, უფრო მეტად ეთნიკურად არაქართველები: რუსები, სომხები, ქურთები, რომლებიც მიტოვებულნი არიან. ერთი ერაყელი ლტოლვილი ცოლ-ქმარიც გვყავდა.

აქ არიან პენსიონრები, ძველი პედაგოგები, ჟურნალისტები. არიან ჩვეულებრივი უბრალო ადამიანებიც, არიან დამსახურებული, მართლაც ნიჭიერი ხალხი: მუსიკოსი, ბალერინა, მეცნიერი, სახალხო მთქმელი. მოკლედ ყველა ტიპის ადამიანი, რომელთაც შეეძლოთ,  სხვა დრო რომ ყოფილიყო, თვიანთი პროფესიით  რაღაც სარგებლობა  კიდევ მოეტანათ ხალხისთვის, მაგრამ ასე მარტო დარჩნენ და ვეღარ შეძლეს. ზოგი ლტოლვილია, ზოგი ამ სიდუხჭირის გამო უბინაოთ დარჩა, მოტყუებული აღმოჩნდა. ისინი ბევრნი არიან, მაგრამ ქართველებს, ჩემდა გასაოცრად, გვიჭირს ქველმოქმედების გაკეთება.

მათი მდგომარეობა მძიმე იყო. ყოველდღიური ლუკმისთვის უწევდათ ფიქრი და ზრუნვა. ფაქტიურად ეს ხალხი გადარჩა. ახლა აღარ უწევთ საკვებზე ზრუნვა. თვალი გაახილეს, ადამიანად იგრძნეს თავი. ერთმანეთშიც დამეგობრდნენ, ზოგი დაოჯახდა, ზოგი შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდა და უფრო სოციალურები გახდნენ.

11847798_842791299151262_634503825_o

– მუდმივი სპონსორები  თუ გყავთ? საპქტრიარქოსა და სახელმწიფოსგან გაქვთ რაიმე დახმარება?

– კი, ხუთი  ექვსი ადამიანი არის ვინც მუდმივად გვეხმარება.

საპატრიარქოს დახმარება ის არის, რომ მოგცა ტაძარი, გაკურთხა მღვდლად. დანარჩენი შენ უნდა გააკეთო.

სახელმწიფოს ვალდებულებაა ყველა რაიონის ეკლესიებს სახვადახვა ოდენობით დაეხმაროს და ჩვენც, ყველა სხვა დენომინაციების მსგავსად, გვაქვს ყოველწლიური დახმარება.

– დიდი ხანია,  რაც  დედა ნისიმე აქ მოღვაწეობს?

– ორ წელზე მეტია. დედა ნისიმე უდგას ამ საქმეს სათავეში. მისი დიდი თავდადებაა, რომ ეს საქმე აერ შეჩერებულა. საერთოდ, ქართველებს გვიჭირს მუდმივობა, რაღაცა შეიძლება დაიწყო, მაგრამ მერე ვეღარ აგრძელებ, ან აგრძელებ შენ ფიქრებში და იდეებში და ამ იდეებით ისე ტკბები, რომ საქმის გაკეთება ფაქტიურად აღარ გინდა. აი, სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჯერ-ჯერობით დედა ნისიმე სტაბილურად აკეთბს ამ საქმეს.

დედა სინიმე

მამაო, თქვენი წვლილი რა არის ამ საქმიანობაში?

–  ჩემი წვლილი არაფერი არ არის. ასეთი ლოცვა არსებობს: „ღმერთო მილხინე მე, რამეთუ არა მიქნიეს კეთილი წინაშე შენსა, არამედ იყავ ჩემს შირის ნება შენი“. თან მაცხოვარი გვეუბნება ასეთ რამეს, რომ თუ რამეს შექმნი თქვი, რომ უხმარი, გამოუყენებლი მონა ვარ და რაც გასაკეთებელი იყო იმის მეათედი ვერ გავაკეთეო.

– რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე ხომ არ დგას დღეს თქვენი „საქველმოქმედო სახლი“, რა სახის დახმარებაა საჭირო, რომ მომავალშიც შეძლოთ ამ  დიდი საქმის კეთება?

– არა უბრალოდ  ბევრი ხალხია. მარჯანიშვილის გამზირზე არსებული კათარზისი დაიკეტა და ეს მთელი ხალხი მოგვაწვა ჩვენ. ძალიან ბევრი მოდის, ვინაიდან ჩვენ კარგად ვაჭმევთ. თავს არ ვიწონებ და ცრუ თავმდაბლობას არ დავიწყებ. ეს ხალხი მოდის სხვადასხვა სასადილოებიდან, მაგრამ ვეღარ  ვზრდით კონტიგენტს, მოსულებს უკან ვუშვებთ, რაც ძალიან გულსატკენია. სახსრები არ გვაქვს. თუ ვინმე გამოგვიჩნდება კერძო სპონსორი, რომელიც შეძლებს, კიდევ უფრო მეტად დაეხმაროს ამ ხალხს. აქ ყველაფერი გამჭირვალეა, შეუძლია თავად ნახოს, მოვიდეს თავისი ბუღალტერით და შეამოწმოს. ოღონდ მოვიდეს და დაეხმაროს გაჭირვებულებს.

„ავერსმა“ მოგვცა მედიკამენტები, მაგრამ კიდევ გვჭირდება. სხვა კომპანიებიც თუ მოგვცმენ დავურიგებთ ხალხს. ცოდონი არიან, ძალიან უჭირთ, ძალიან. ჩვენი ვალია დავუდექით მათ გვერდით და რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ.

ადამიანს სწორად, რომ ესმოდეს ამ ცხოვრების არსი მიხვდებოდა, რომ იმაზე კარგს ვერაფერს გააკეთებს თუ ერთ მშიერს მაინც დაეხმარება. მაცხოვარი სახარებაში ამბობს, რომ ასე განგიკითხავთ თქვენო: „მშიოდა და მომეცით მე საჭმელი, მწყუროდა და მასვით მე, უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ მე, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ მე, უძლური ვიყავი და მომხედეთ მე, საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემთან“.

გვერდზე ხალხი გიკვდება, უყურებ გაჭირვებულები არიან და გამოდის ვიღაც ბიზნესმენი და ამბობს, რომ გული ტკივა ეთიოპიაში გზა გაიყვანეს თუ არა.

სხვათაშორის ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ როცა გიჭირს მაშინ უნდა მოახდინო სხვების დახმარება. ხოლო როცა გილხინს, მაშინ ვეღარ გასცემ. აი, მაგალითად: ერთ-ერთმა სპონსორმა, რომლიც 500 ლარს გვაძლევდა მითხრა, რომ ვეღარ დაგეხმარებით იმიტომ, რომ უკვე 600 კაცი მყავს თანამშრომელიო და ვეღარ შევძლებო… ძალიან უჭირს ქართველს გაღება. გული მტკივა იმიტომ, რომ უნდა გააკეთო კეთილი საქმე. რა გამოდის? ქრისტიანიც ვარ, თან სხვასაც არ ვეხმარები და მგონია, რომ ეს სწორია. ესაა ყველაზე დიდი უბედურება. ვერცერთი ეკლესიის აშენება ვერ შეედრება  ერთი ადამიანის დაპურებას.  ასე, რომ ამ მხრივ, ჩვენ ქართველებს გვქონია პრობლემა და რაც დრო გადის კიდევ უფრო მეტად  ვრწმუნდები ამაში.

მამა ალექსანდრესთან საუბრის შემდეგ, გადავწყვიტე ეკლესიასთან მდებარე სასადილოსთან მივსულიყავი და აქ მოსულებს გავსაუბრებოდი.  გაოცებული დავრჩი, ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ისინი მოთბინებით იდგნენ რიგში და წყნარად საუბრობდენ. ერთმანეთს ეხმარებოდნენ, თავიანთ წილ პურს უთმობდნენ, ამხნევებდნენ. კომენტარზე მხოლოდ ქალბატონი მადლენა დამთანხმდა, თუმცა ჩემთან საუბრისას ყველა მადლიერებას გამოთქვამდა.

11852620_842791182484607_561331970_o

მადლენა კუზნეცოვა: თითქმის ერთი წელია, რაც აქ დავდივარ შვილთან ერთად. უსახლკაროდ დავრჩით. ძალიან დიდი მადლობელი ვარ დედა ნისიმესი, რომ საჭმლით მაინც ვართ უზრუნველყოფილი. აქ მოსული ყველა ადამიანი კმაყოფილია. კარგი და გემრიელი კერძებია, რაც მთავარია სუფთად ამზადებენ. მადლიერები ვართ, რომ  გვერდში გვიდგანან და გვეხმარებიან.