You are currently viewing ვარსკვლავი რომელიც მოგვებს მაცხოვრის შობის ადგილისკენ მიუძღვოდა…

ვარსკვლავი რომელიც მოგვებს მაცხოვრის შობის ადგილისკენ მიუძღვოდა…

Download article eBook

  „რა ვარსკვლავი იყო, ის რომელიც მოგვებს მაცხოვრის შობის ადგილისკენ მიუძღვოდა?“ 

ამონარიდი გადაცემიდან „ერთსულოვნების სალონი“, თემა: „ასტროლოგია“.
წამყვანი დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე.
სტუმრები: დეკანოზი ლევან მათეშვილი, თეოლოგები: ზურაბ ეკალაძე და ედიშერ ჭელიძე.  
დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე:
 ასტროლოგიის ერთ-ერთი ლოდი საცდურისა არის –  ქრისტეშობასთან დაკავშირებული საკითხი, როდესაც თითქმის ყველა ასტროლოგი ერთხმად აღნიშნავს, რომ ასტროლოგიის ჭეშმარიტების დამადასტურებელი გახლავთ, ის, რომ ვარსკვლავი წინ მოუძღვოდა იმ სამ მოგვს, რომლებიც მივიდნენ მაცხოვრის შობის ადგილას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, რათა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალგზის განიმარტა ეს საკითხი, ყოველწლიურად ეს არგუმენტი მაინც სულ მეორდება ატროლოგების მიერ.

დეკანოზი ლევან მათეშვილი:  რა თქმა უნდა, შეიძლება პოსტულატების სახით ჩამოყალიბდეს, რომ ეს ასე არ არის. თუ, ვთქვათ, ჩვენ გავყვებით ასტროლოგების მოსაზრებებს, რომ ეს მართლაც მათი სფეროა და სწორედ ასე აღესრულა ბუნებითი ღმერთის განკაცება, ანუ ვარსკვლავის წინამძღოლობით, მაშინ ისმის კითხვა: იგივე მეთოდების გამოყენებას თუ მივმართავთ, შეიძლება კი განსაზღვრა ადგილის, ტერიტორიის და პიროვნების იმ მოცემულობაში ვარკვლავის გაჩენის და გამოჩინების პერიოდში, ასტროლოგიური მეთოდებით. შეუძლებელია. ამ დროს ზუსტად იციან მოგვებმა სად იბადება მეუფე და რომელ ქვეყანაში. ანუ მარტო ასტროლოგიური აპარატით შეუძლებელი ხდება ამის წარმოჩენა. მოგვებმა მარტო ციური სხეულების მოძრაობის, დაკვირვებით არ მიიღეს ეს ინფორმაცია, თუ ვინ მოევლინა დედამიწაზე, მათ ჰქონდათ თეოლოგიური განათლებაც, რა თქმა უნდა. როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, ისინი ბალაამ მოგვის შთამომავლები არიან, რომელმაც იწინასწარმეტყველა იაკობის ძირისგან ვარსკვლავის აღმოცისკროვნება(რიცხვთა 24.17) [1]
მეორეს მხრივ, ასტროლოგიური უსუსურება იქაც ჩანს, რომ ეს ვარსკვლავი არ იყო ჩვეულებრივი (რასაც ასტროლოგები დაჟინებით იმეორებენ). სახარებიდან ჩანს, რომ მისი მოძრაობა, გამოჩინება-გაუჩინარება სრულიად ეწინააღმდეგება ორდინალური ვარსკვლავის მოძრაობას. ის არ მოძრაობდა, როგორც ჩვეულებრივი ვარსკვლავი, ეს ვარსკვლავი ანგელოზი იყო. ყველა შემთხვევაში ასტროლოგიური დოგმები ირღვევა. ზოგადად, მიღებულია ასტროლოგიაში, რომ დიდი ვარსკვლავის გამოჩინება მოასწავებს ვინმე მეუფის დაბადებას, მაგრამ კონკრეტულად ვისი, სად და როგორ, თუ სხვა აპარატი არ არსებობს, ამის წინასწარმეტყველება ვარსკვლავით შეუძლებელია. კიდევ ვიმეორებ, ამ შემთხვევაში ეს მოგვები იმ არაორდინალური ვარსკვლავის მოძრაობით და მათი სწორი, თოლოგიური ცნობიერების შედეგად მივიდნენ მაცხოვრის შობის ადგილას. ეს იოანე ოქროპირის ვერსია იყო. მეორე ვერსიაც არსებობს, საიდან ჰქონდათ მოგვებს ეს ცნობიერება (ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემის ცნობიერება). ეს არის 70 წლიანი ტყვეობა ებრაელი ხალხისა ბაბილონში. ებრაელებმა მოახერხეს, ასე ვთქვათ, რელიგიური ექსპორტი ბაბილონში, იქ მცხოვრებ ხალხში და აქედან გამომდინარეც, მათ გააჩდათ მესიის შესახებ ინფორმაცია.

დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე:  და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც ყველაფერი აღსრულდა, იშვა მაცხოვარი, მათ დატოვეს ძველი საქმიანობა, ვარსკვლავთმრიცხველობა.

ზურაბ ეკალაძე: ეს სახარებისეული ეპიზოდი უფრო სხვა კუთხითაც არის საინტერესო: პირველად მაცხოვრის შობა ეუწყათ მოგვებს და მწყემსებს და ორი სხვადასხვა სახით. მწყემსები, რომელთაც არაფერი გაეგებოდათ მეცნიერებისა, უშუალოდ ანგელოზებისაგან იღებენ და გალობას ისმენენ პირდაპირ, ხოლო ისინი, ვინც გონებისეულად ეძიებდნენ ჭეშმარიტებას, თავიანთი მეცნიერების საფუძველზე, სწორედ იმ გზით მოუვლინა უფალმა, ანუ ვარსკვლავის გზით, რომლის მეცნიერებადაც თავს წარმოაჩენდნენ და ამ გზით მოიყვანა ბეთლემის გამოქვაბულამდე, მწყემსები კი უშუალოდ ანგელოზების საშუალებით.

ედიშერ ჭელიძე: ასეთი კითხვები მხოლოდ დღეს არ ისმის, რა თქმა უნდა, ძველთაგანვე წარმოჩენელი იყო ეს კითხვა. აბსოლუტურად ამომწურავი პასუხია ამაზე ეკლესიის მამათაგან, რომ ხსენებული ვარსკვლავი, როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, „ძალი რამ უხილავი, გონიერი, ვარსკვლავი სახედ შეცვალებული“ წარმოუჩნდა მათ, ისევე როგორც სვეტი ღრუბლისა წინ მიუძღოდა ისრაელს. ამას ადასტურებს ოთხი მომენტი.

პირველი: მისი მსვლელობა ცაზე. ჩვეულებრივ, ყველა ვარსკვლავი არის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მავალი, ხოლო ის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ  მიემართებოდა, იმიტომ, რომ სპარსეთი პალესტინის ჩრდილოეთითაა.

მეორე: ეს ვარსკვლავი დღისით გამოჩნდა, ხოლო ნებისმიერი ვარსკვლავი დღისით მზის ბრწყინვალების შუქზე გამქრალია და, შესაბამისად, ის ისე მკვეთრად ჩანდა, რომ სხვა ვარსკვლავთა მსგავსი არ იყო.

მესამე: ის ხან გამოჩნდებოდა, ხან დაიფარვოდა, ანუ ემორჩილებოდა განგებას ღვთისას და არა უძრავ მყოფობას ვარსკვლავთა თაღზე.

მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი: ვარსკვლავნი, საეკლესიო სწავლებით, განლაგებულნი არიან ცათა შინა, ვარსკვლავთა თაღში, ხოლო ეს ვარსკვლავი ცაში კი არ იყო, ეს იყო დედამიწაზე გადმოსული. მან კონკრეტული ადგილი უჩვენა, გაუძღვა და დაადგრა იმ ადგილს, სადაც მაცხოვარი იშვა. ზეციდან ნებისმიერი ვარსკვლავი მთელ ქვეყნიერებას მოეფინება და არა რომელიმე კონკრეტული ადგილის გამომარჩეველი ხდება. ეს ვარსკვლავი მიუძღოდა რა მოგვებს, იმ ადგილთან გაჩერდა და კონკრეტულად ის ადგილი მიანიშნა, ის უკვე ცაში კი არ იყო, ზუსტად იმ ადგილთან იყო ზედ დადგრომილი, სადაც მაცხოვარი იშვა.
ეს ოთხი ნიშანდება ადასტურებს, რომ ეს არ იყო ასტრონომიული მოვლენა.

მთელი კაცობრიობა მაცხოვრის მიმღები უნდა გამხდარიყო. როგორ შეიძლებოდა მთელი კაცობრიობა ამ ჭეშმარიტებისაკენ მოზიდული ყოფილიყო? წმინდა იოანე ოქროპირის სწავლებით: ეს მაშინ შეიძლებოდა ჩვენ გვერწმუნა, როცა მკვეთრად წარმოჩნდებოდა, რომ ამ კაცობრიობის ყველაზე მდარე ნაწილიც კი ამ ჭეშმარიტებისაკენ არის უკვე მსწრაფველი, ე.ი. ზემო ნაწილი თავისთავად უკვე ამ ჭეშმარიტებისაკენ ისწრაფვის. როგორც მოძღვარი, რომელიც ამბიონიდან წარმოდგება და მრევლის წინაშე სწავლებას წარმოადგენს და ვალდებულია, რომ ამ მრევლში სულიერი თვალით განჭვრიტოს ყველაზე დაბალ დონეზე ვინცაა, მის დონემდე დავიდეს და იქიდან დაიწყოს ამაღლება თავისი მოძღვრების გადაცემისა, რომ უკლებლივ ყველა შემოიყვანოს თავისი სულიერი სიტყვების ბადეში, ერთიც არ დატოვოს ჭეშმარიტი სწავლების გარეშე. ეს სულიერი ვარსკვლავი, ნამდვილი მოძღვარი კაცობრიობისა და ეს ჭეშმარიტი დღე, უფლისმიერი სწავლების განმაცხადებელი შობის დღე, მთელ კაცობრიობას შემოკრებს რა, ამ კაცობრიობის ყველაზე უფრო უგუნურ ნაწილამდეც დადის და იმას მოუხმობს, ნიშნად იმისა, რომ მთელი სამყაროა მისკენ ხმობილი.

რაც შეეხება საკუთრივ ვარსკვლავით მოწოდებას მათსას. რა თქმა უნდა, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება – ვარსკვლავი იაკობისი; ზოგადად ვარსკვლავის სიმბოლო, როგორც ბუნებითი ღმერთის წარმოჩენა და მზე, სულიერი მზის სიმბოლოა და სხვა.., ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესია. მაგრამ ამ შემთხვევაში, მოგვებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კვლავაც ის დამოძღვრითი, მსწავლელობითი თვისება წარმოჩნდება, რაც ყოველთვის, პირველ რიგში დგას საეკლესიო  მოძღვრების გადაცემისას. ვინმეს როდესაც მოძღვრავს საეკლესიო მასწავლებელი, ვინმე არაეკლესიურს, პირველ რიგში იმას კი არ ცდილობს, რომ მას მხილება დაუწყოს და მოიკვეთოს, არამედ რაიმე გზა, ხიდგასადები საშუალება მოძებნოს, რაიმე ისეთი, რითაც თანდათანობით შეძლებს მის წამოყვანას ჭეშმარიტებისაკენ.

ჩვენ, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ვხედავთ, რომ, მაგალითად, როდესაც წარმართებს ეკლესიის მამები ეპაექრებიან, პირველ რიგში, მეთოდი ასეთია, იმას წარმოაჩენენ, თუ თვითონ წარმართთა შორის ვინმე არის იმ ჭეშმარიტების ოდნავ მაინც მატარებელი, რაც ქრისტიანული ჭეშმარიტებაა, მაგალითად: ღმერთი რომ ერთია და ა.შ.
ღმერთმა, წარმართ ბრძენთათვის მისაღები, გასაგები ენით აგებინებს ჭეშნარიტებას. მოგვთათვის ჩვეულებრივი იყო ვარსკვლავთა თაყვანისცემა, ამიტომ ვარსკვლავის გზით ხდება მათი მოწოდება ჭეშმარიტი, ბუნებითი ვარსკვლავის შობის აღიარებისკენ, რომ აქედან შემოვიდნენ, ჭეშმარიტებისაკენ ჰქონდეთ მსვლელობა. შემდეგ რა ხდება, ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს საეკლესიო მოძღვრება, რომ შემდეგ ანგელოზი გამოუჩნდებათ. პირველად ანგელოზი რომ გამოსჩენოდათ, ისინი ანგელოზს არ გამოჰყვებოდნენ.
ეკლესიური სწავლებით, სამი რამ არის უშუალოდ უფლისმიერი განგებულების გამომსახველი:
1. ანგელოზის გამოჩინება.
იმ უკიდურესად დაცემულ ნაწილში (როგორც ეკლესიის მამანი, დაწყებული იპოლიტე რომაელიდან, მკაფიოდ მიუთითებენ) ანგელოზი რომ მივლენილიყო, მას მხოლოდ მოჩვენებად და ზმნებად შერცხდნენ: „ვარსკვლავთმეტყველი არა შეიწყნარებს ანგელოზთა“.
2. წინასწარმეტყველის გამოჩინება.
თვითონ ჰგონიათ თავიანთი თავი წინასწარმეტყველი და სხვას არავითარ შემთხვევაში არ ირწმუნებდნენ.
3. უშუალოდ უფლის ხმას ზეციდან.
ეს მათი დახშული სულიერი აღქმულობისგან ყოვლითურთ მიუწვდომელი იქნებოდა, იმიტომ, რომ უფლისმიერი ხმა ზეციდან მხოლოდ იმათგან შეიწყნარება, რომელთაც სულიერი სასმენელი გახსნილი აქვთ.
ეს სამი სახეობაა უშუალო ღვთის განგებითი მაუწყებლობისა.

ვარსკვლავის გამოჩინებით ვარსკვლავთმეტყველების დამხობა ხდება. ორგზის ვიცით ჩვენ მსგავსი მოვლენა: ერთი ამ შემთხვევაში, როდესაც ვარსკვლავი გამოუჩნდებათ მოგვებს და მეორე, როცა მაცხოვარი ჯვარს ეცმის, დედამიწა იძვრება, მზე დაბნელდება და დიდმა მოძღვარმა, დიონისე არეოპაგელმა, რომელიც სწორედ წარმართული ვარსკვლავთმეტყველებითი და გრძნეულებითი ხელოვნების მწვერვალზეა, თავის წიგნში ვერ აღმოაჩინა, რომ ვარსკვლავთმეტყველებითი წინასწარმეტყველებით მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, ანუ არაბუნებრივი რომ ხდება, ეს გამომაფხიზლებელია ამ შემთხვევაში. მერე გავა დრო და პავლე მოციქული ქადაგებს ათენში, დიონისე არეოპაგელი გამოიტანს ამ წიგნს და აჩვენებს ყველას და ეტყვის: „მაშინ რომ მზის დაბნელება იყო და მიწა რომ იძვრა, ეს არანაირ ასტროლოგიურ წინასწარმეტყველებათა რიგში არ იყო განჭვრეტილი და რაღაც ზებუნებრივი მოვლენა იყო და მაშინვე ავღნიშნე და ახლა დადასტურდა, რომ ეს ბუნებითი ღმერთის მაუწყებელი გახლდათ“. ასევე ბუნებითი ღმერთის მაუწყებელია ამ ვარსკვლავის გამოჩენა. ბუნებრივის სიმბოლოთი ზებუნებრივისკენ მიუძღვა საუფლო განგება მოგვებს და დაამხო ის, რასაც აქამდე ისინი ეთაყვანებოდნენ.

 

გადაცემა სრულად