You are currently viewing რატომ ვცხოვრობთ?

რატომ ვცხოვრობთ?

Download article eBook

  ცხოვრების საზრისისათვის

„სულის ცხონებისათვის საჭიროა გულწრფელი სინანული
ღვთის წინაშე და საკუთარი უღირსების დანახვა“

მოსკოვის სასულიერო აკადემიის პედაგოგის, ღვთისმეტყველების დოქტორის,
პროფესორ ალექსი ოსიპოვის ლექცია

 რისთვის ვცხოვრობ? შესაძლოა, ბევრ ადამიანს, ვინც ჩაფლულია ყოველდღიურ საზრუნავში, ეს კითხვა აზრადაც არ მოსდის… მაგრამ სულ ასე ვერ გაგრძელდება და ბოლოს და ბოლოს მას მაინც შეაწუხებს განცდა იმისა, თუ „რისთვისაა ეს ყველაფერი, თუკი მაინც უნდა მოკვდეს?“ 

239894.p

ანტონ ჩეხოვის მოთხრობაში „პალატა #6“ ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: „რისთვის არის ყველა ეს ხვეული ტვინში? რისთვის არის ყველა ეს აზრი, მსოფლმხედველობა, მეცნიერება, ტექნიკა?.. რისთვის არის ეს ყველაფერი, თუკი ზუსტად ვიცი, რომ მოკვდები და ისეთივე ნაცრად ვიქცევი, რასაც ვხედავთ, გვესმის და განვიცდით? რატომ და რისთვის არის საჭირო ეს ყველაფერი?“ ჩეხოვმა ძალიან კარგად დასვა კითხვა, რომელიც ბევრ ადამიანს საგონებელში აგდებს. 

ფრაკიელების გაკვეთილი

ფრაკიელები ადამიანის დაბადებისას ტიროდნენ, ხოლო გარდაცვალებისას – მხიარულობდნენ

რა არის სიცოცხლის არსი? ეს არის, ალბათ, პირველი და უმთავრესი კითხვა, რომელზეც ადამიანმა უნდა უპასუხოს საკუთარ თავს. ამ კითხვაზე პასუხის გარეშე ცხოვრება სიცარიელედ იქცევა და უსარგებლო ხდება… მაგრამ, შეხედეთ, როგორ გარბის დრო! არის ასეთი რუსული ანდაზა: „საათი, დღე და წლები გადის, ხოლო დრო მიფრინავს“. როგორ ზუსტად გამოხატავს ეს ანდაზა რეალობას! მაშ, როგორი იქნება პასუხი ამ კითხვაზე? ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ, ხალხს მტკიცედ სწამდა, რომ ადამიანი ცოცხლობს იმისთვის, რომ ჰქონდეს საუკუნო ცხოვრება. ეჭვგარეშე იყო ის ფაქტი, რომ ჩვენი სხეული წარმოადგენს ერთგვარ სამოსს, რომელიც ბოლოს და ბოლოს ადამიანმა უნდა გამოიცვალოს, მისგან უნდა გათავისუფლდეს. ამ მხრივ, საინტერესოა აღვნიშნოთ, მაგალითად, ფრაკიელების ფსიქოლოგია, სრულიად განსხვავებული ჩვენი მსოფლმხედველობისგან, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმით ვლინდება, თუ როგორ რეაგირებდნენ ისინი ადამიანის მოვლინებაზე ამქვეყნად და როგორ აცილებდნენ მას ამასოფლიდან. როგორ ეგებება თანამედროვე ადამიანი ახალ სიცოცხლეს? სიხარულით! ესაა დიდი ზეიმი! და როგორ ვაცილებთ ადამიანებს ამქვეყნიდან? გოდებითა და მწუხარებით. ფრაკიელებისთვის ყველაფერი ეს სრულებით საწინააღმდეგოდ ხდებოდა. ისტორიკოსები წერენ, რომ ადამიანის დაბადებას ფრაკიელები გოდებით, ცრემლით, შეცხადებით ხვდებოდნენ და თუკი ტრაპეზს მართავდნენ, ეს მწუხარების სუფრა იყო. მასზე არ იყო არც მხიარულება, არც ოპტიმიზმი და მხოლოდ ასეთი სიტყვები ისმოდა: „შენ დაიბადე და ჩვენ არ ვიცით, რა გელოდება…“ და რა უნდა ელოდებოდეს? მწუხარება, ტანჯვა, ომი, კონფლიქტი, განსაცდელი და ასე შემდეგ. ხოლო როდესაც ადამიანი კვდებოდა, ფრაკიელები მხიარულ ზეიმს აწყობდნენ და სასიხარულო ნადიმზე ისმოდა სიტყვები: „როგორც იქნა, გათავისუფლდი! უკვე აღარავინ მოგკლავს, არავინ დაგჭრის, ვეღარავინ გაგიკეთებს ბოროტს. შენ უკვე ხარობ და აღარავისგან ხარ დამოკიდებული!“

მარადიული სიკვდილი თუ საუკუნო ცხოვრება?

ეს ისტორიული ფაქტი განსაკუთრებით საინტერესოა იმ მიმართებაში, თუ როგორ პასუხობს კითხვაზე: „რისთვის ვცხოვრობ?“ – ათეიზმი და რელიგია. დაბადება ათეიზმში ცალსახად უხარიათ, ხოლო სიკვდილს გლოვობენ.  shutterstock_139912756_toppick_cropდა როგორაა ეს ქრისტიანობაში? ამ თვალსაზრისით, ლეგიტიმურია დავაზუსტოთ კითხვა: დღევანდელ ქრისტიანობას ვგულისხმობთ, თუ პირველი საუკუნეების ქრისტიანობას? პირველ საუკუნეებში მოწამენი, რომლებმაც უმძიმესი ტანჯვა გამოიარეს, გარდაცვალების შესახებ ამბობდნენ: „Dies natalis!“ – „დაბადების დღე“! საუბრობდნენ სულიერ სიხარულზე, რომელსაც განიცდიდნენ, იმ ზეციურ გვირგვინზე, რომლის ღირსნიც შეიქმნენ. „რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ“ (ებრ. 13, 14[ახ.ქართ.1]), – ამბობს წმინდა მოციქული პავლე. მაშასადამე, ქრისტიანები მუდამ ზეციურს ველით და ვეძიებთ! 
ქრისტიანობა ცხოვრებას განიხილავს, როგორც მარადიულობისთვის მომზადებას, როგორც გამოცდას, ვიდრე გადავა საუკუნო ცხოვრებაში. ერთ-ერთ ლოცვაში ნათქვამია: „განვლოთ ღამე იგი ცხოვრებისა“. ჩვენი ცხოვრება, მართლაც, მსგავსია წყვდიადისა, რადგან არ ვიცით, რა მოხდება თუნდაც ერთი წუთის შემდეგ. ეს არავინ იცის. და რა მოხდება ხვალ? ცოტა ხნის წინ გაზეთში წავიკითხე, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა 40 წლის უმდიდრესი ბიზნესმენი. და განა ფიქრობდა იგი სიკვდილზე? ცხადია, არა! და რისთვის ცხოვრობდა? თუ ამ კითხვაზე ათეისტური თვალსაზრისით ვუპასუხებთ, მაშინ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რადგან როგორ უნდა ვიპოვოთ საზრისი ისეთ რამეში, რაც უცილობელი სიკვდილით სრულდება? რა უნდა ვუპასუხოთ, თუ გვეტყვიან: „გიხაროდეს და იცოდე, ადამიანო, რომ შენ გელის სამუდამო სიკვდილი“? მაშინ იფიქრებ: „რისთვის ვცოცხლობ? ნუთუ სამუდამო სიკვდილისთვის, სამუდამო დავიწყებისთვის?“ სწორად გამოთქვა ეს ჩეხოვმა დოქტორ რაგინის სიტყვებით. ათეისტის თვალსაზრისით, მართლაც, გამოდის, იმისთვის ვცოცხლობთ, რომ შემდეგ მილიონობით წელი უაზროდ გავატაროთ უკიდეგანო სივრცეში გაბნეულებმა.  როგორც ვხედავთ, საკითხი ცხოვრების საზრისის შესახებ უაღრესად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ამბობდა წმინდა ისააკ ასური: „ვის ვუწოდებ გონიერს? მხოლოდ მას, ვინც ხედავს, რომ მის ამქვეყნიურ ცხოვრებას აქვს ზღვარი“. ათეისტური, მატერიალისტური თვალსაზრისით, ცხოვრება კარგავს თავის ზოგად არსს და იხარჯება კონკრეტული ვითარების წუთიერ საზრისში, ეფლობა წუთიერ პრობლემათა დაუყოვნებლივ გადაწყვეტაში. ქრისტიანული თვალსაზრისით, არა მარტო ცალკეული ინდივიდის ცხოვრება, არამედ მთელი ერის და ზოგადად კაცობრიობის ცხოვრებაც გარკვეულ დროს დასრულდება. ამ სამყაროს დასასრული მოელის. და სხვათა შორის, მეცნიერებიც იმავეს აცხადებენ! მაგალითად, აკადემიკოს ნ. მოისეევის წიგნში „კაცობრიობის ყოფნა-არყოფნა“ ვკითხულობთ: „კაცობრიობამ, როგორც ბიოლოგიურმა სახეობამ უნდა შეწყვიტოს თავისი არსებობა და არა სადღაც შორეულ მომავალში, არამედ წარმოუდგენლად მალე – XXI საუკუნის შუა წლებში!“ რა თქმა უნდა, ეს მისი, როგორც მეცნიერის, მოსაზრებაა… ბევრი მას არ დაეთანხმება და დავუშვათ, რომ ეს გაცილებით უფრო დიდი ხნის შემდეგ მოხდება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება და რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ კაცობრიობამ გააცნობიეროს, რა საფრთხის წინაშე დგას იგი! საუბარია არა ცალკეულ პიროვნებაზე, არამედ ადამის მთელ მოდგმაზე! კაცობრიობა, როგორც ბიოლოგიური სახეობა შეიძლება გაწყდეს დედამიწაზე! 

ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა ადამიანის ცხოვრებაში

ქრისტიანობა მუდამ შეგვახსენებს: ჩვენი მიწიერი ცხოვრება – წუთისოფელია და ის არის მხოლოდ გამოცდა

რას გვასწავლის ქრისტიანული მოძღვრება ადამიანის ცხოვრების საზრისის შესახებ? როგორ პასუხობს იგი კითხვას, თუ რისთვის ცხოვრობს ადამიანი? ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ადამიანის სული გაუნადგურებელია (თუკი იგი არ მოწყდა ღვთის მადლს). რაოდენ საკვირველია ღვთის ქმნადობის ეს აქტი, რომლის წყალობით უწყვეტად, თაობიდან თაობაში იქმნება სულ ახალ-ახალი სულები, რომელთა არსებობაც უკვე მარადიული და ურღვევია შემოქმედთან კავშირში. პიროვნება მუდამ იარსებებს უფალთან ერთობით. და თუ როგორ იარსებებს, ამის შესახებ ქრისტიანობა გვმოძღვრავს: ჩვენი მიწიერი ცხოვრება – ეს ერთი ხანმოკლე წამია, წუთისოფელია და ეს არის მხოლოდ ჩვენი გამოცდა. რას გულისხმობს გამოცდა? იმას, თუ რა უნდა ებოძოს პიროვნებას მთელ მის მომავალ საუკუნო ცხოვრებაში.

Крест в руках

შესაძლოა, ვინმემ იფიქროს: ჩავაბარებ გამოცდას და იქნებ მაღალ საფეხურს მივაღწიო! არა, ჩემო კარგო, იმ დონეზე დარჩები, რომელზეც რეალურად ხარ. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ მარადიულობაში ადამიანების მდგომარეობა ძალიან განსხვავებული იქნება. წმინდა პავლე მოციქული სწორედ ამის შესახებ წერს კორინთელთა მიმართ თავის პირველ ეპისტოლეში, კერძოდ, მე-3 თავში. და რაზეა ეს დამოკიდებული? იმაზე, თუ რა მასალით აშენებს ადამიანი თავის სახლს: ზოგი თივისა და ხისგან აშენებს, ზოგი – ქვისგან, ზოგი – ოქროსგან, ზოგიც ვერცხლისა და ძვირფასი ქვებისგან… მოციქული ამბობს: „უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაკთა პატიოსანთა, ძელსა, თივასა, ლერწამსა, კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს; და კაცად-კაცადისა იგი საქმე, ვითარ-რაჲ იყოს, ცეცხლმან გამოცადოს. რომლისა-იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა, სასყიდელი მოიღოს. რომლისა-იგი საქმე დაიწუეს, იზღვიოს; ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს, ვითარცა ცეცხლისაგან“ (I კორინთ. 3, 12-15[ახ.ქართ.2]). და თუმცა კი მოციქული არ აკეთებს თავის ეპისტოლეში შემდეგ დასკვნას, მაგრამ ამის მინიშნება არის – ოქრო ხომ ცეცხლში იწმინდება – ცეცხლში დნება ყველა ზედმეტი ელემენტი და ოქრო სუფთავდება! და აღმოჩნდება, რომ ზოგისთვის ეს ცეცხლი – სასიკვდილოა, ზოგისთვის კი – ღვთის ნათელი; ღვთის სამართლის ამ ცეცხლის წინაშე წარდგება ადამიანი და ზოგისთვის ის იქნება მწველი ცეცხლი, რომელიც ამხელს მისი ცხოვრების ამაოებას, ხოლო სხვებისთვის ეს იქნება გამწმენდი ალი, რომლის შედეგად ის ოქრო, რომელიც ადამიანმა ამ ცხოვრებაში წარმოაჩინა, იწმინდება და კიდევ უფრო ძვირფასი ხდება.  ქრისტიანობა ქადაგებს: ადამიანო, შენ მოგელის საუკუნო ცხოვრება და არა მარადიული სიკვდილი. და შენი ამქვეყნიური სიცოცხლის საზრისს წარმოადგენს მომზადება მარადიულობისთვის. ქრისტიანობა ძალიან ზუსტად განსაზღვრავს ამ საკითხის არსს.  ათეისტისთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოემზადება იგი საუკუნო სიკვდილისათვის. მისი აზრით, როგორიც არ უნდა იყო, მაინც მოკვდები! და თუკი გენიოსი არ ხარ და თუ არაფერი გაგიკეთებია განსაკუთრებული, მაშინ მალევე ყველა დაგივიწყებს და არავის გაახსენდები. განა რამდენი ადამიანი გვახსოვს ისტორიიდან? მათი რაოდენობა ძალიან მწირია!
ქრისტიანობა კი სულ სხვა რამეს ამტკიცებს! უფრო მეტიც, ქრისტიანის დაკრძალვისას იგალობება: „საუკუნოდ იყავნ ხსენება ამისი!“ უფალთან ყველა სული მარადიულია და ამიტომ უფალს აქვს მარადიული ხსოვნა ყოველ ადამიანზე. და აი, ამაში მდგომარეობს ცხოვრების საზრისი – ეს ისეთი მომზადებაა, რომელიც საუკეთესო ნაყოფს გამოიღებს და საუკეთესო შედეგი ექნება მარადიულობის დამკვიდრებისთვის. 

ავაზაკის პარადოქსი

როგორ უნდა მოვემზადოთ მარადიული ცხოვრებისთვის? თუ თვალს გადავავლებთ წარსულს ისტორიული რეტროსპექტივით, დავინახავთ, რომ სხვადასხვა რელიგია განსხვავებულ მოთხოვნებს და კრიტერიუმებს აყენებს, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომ მიაღწიოს უმაღლეს სათნოებას. ქრისტიანობა პრინციპულად განსხვავდება ყველა რელიგიისგან, რადგან ის ადამიანს სულ სხვა ღირსებით აფასებს.  ჰკითხეთ უცხო რელიგიის წარმომადგენლებს: რა არის საჭირო, რომ მიაღწიო მარადიულობას, იმისთვის, რომ ცხონდე? და ყველა მოგიგებს ერთსა და იმავე პასუხს: უნდა აღასრულო იმ რელიგიის ზნეობრივი წესები, სათნოე ეყო ღმერთს. ქრისტიანობა კი სრულებით სხვას ამბობს და ეს მოსაზრება იმდენად განსხვავებულია, რომ ნაწილობრივ გასაგებიც ხდება, რატომ გამოიარა ქრისტიანობამ უსასტიკესი დევნა, თუმცა ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, სულ სხვა რამაა. ქრისტიანობა ამბობს: „ზნეობრივი ნორმების დაცვა არ არის საკმარისი ცხონებისათვის! ადამიანი შესაძლოა მორალური იყოს, მაგრამ უვარგისი გამოდგეს მარადიულობისთვის“. რას ნიშნავს ეს?

მორალი, ზნეობა, საკმაოდ მარტივი რამაა, ეს მოთხოვნები ნათელი და გასაგებია, ისინი ეხება ადამიანის ქცევას სოციუმში და მის დამოკიდებულებას სამყაროსადმი: არ უნდა მოკლა, არ უნდა მოიპარო, არ უნდა გაუკეთო ადამიანს ბოროტება… ქრისტიანობა კი დასძენს: „საქმე მარტო ზნეობრიობაში როდია!“ და მიუთითებს სახარებაზე. გაიხსენეთ, ვინ აცვა ჯვარს ქრისტე? იუდეური რელიგიის ზნეობრივი კანონის აღმსრულებლებმა! სწორედ ისინი აღმოჩნდნენ უფლისგან უარყოფილნი და ღვთის მოღალატეები. და ვინ ცხონდა პირველი? ეს დაუჯერებელი პარადოქსია – ავაზაკი!  მაშასადამე, მარადიულობაში შესვლის პირობა მხოლოდ ზნეობრიობა როდია! ადამიანი შეიძლება იყოს ზნეობრივი, აღასრულებდეს ყველა მორალურ წესს, მაგრამ იგი შესაძლოა მეტად ამპარტავანი იყოს, დიდი წარმოდგენა ჰქონდეს საკუთარ თავზე, სავსე იყოს ქედმაღლობითა და შურით! ეს ვნებები ჩვენშია და დამახასიათებელია ჩვენი სულიერი მდგომარეობისთვის. ამიტომ ამბობს ქრისტიანობა, რომ საუკუნო ცხოვრების მიღწევისათვის საკმარისი არ არის იყო ზნეობრივი. b418387c84ba

ავაზაკი პირველი შევიდა სასუფეველში. ეს არის უპრეცედენტო მოვლენა რელიგიური ცნობიერების ისტორიაში! გამოდის, რომ ადამიანის სულიერი მდგომარეობის უმთავრესი მახასიათებელი, როდესაც მას ნამდვილად შესწევს ღმერთთან ურთიერთობის უნარი, მიაღწიოს მარადიულ და ნეტარ ცხოვრებას, არის ის, რაც ასე ნათლად გამოამჟღავნა მაცხოვრის მარჯვნივ ჯვარცმულმა ავაზაკმა: 1.  – „ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების“ (ლუკ. 23, 41[ახ.ქართ.3][[ახ.ქართ.3]] „ჩვენზე ახია; რაც დავთესეთ, იმასვე ვიმკით; ხოლო მას არაფერი ცუდი არ ჩაუდენია“.„და უთხრა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში“.[[ახ.ქართ.4]]).  რა იგრძნობა ამ სიტყვებში? იგრძნობა ღრმა გაცნობიერება იმისა, რომ მე იქ, რა თქმა უნდა, არასოდეს მოვხვდები. შენ, უფალო, წმინდა ხარ, მართალი ხარ, მე კი ადამიანის სისხლით მაქვს გასვრილი ხელები. უბრალოდ მომიგონე იქ, სასუფეველში. ეს არის საკუთარი უღირსების გაცნობიერება, ობიექტური უღირსების ხედვა – აქ რაიმე ფსიქოლოგიზმი და სუბიექტივიზმი არ არის, მან უბრალოდ დაინახა თავისი თავი რეალურად.  სულის სინანული ღვთის წინაშე, საკუთარი უღირსების დანახვა – აი, რა არის უმთავრესი! და ეს არის გაცნობიერება იმისა, თუ როგორი ვარ მე სინამდვილეში და არა საკუთარ ოცნებებში. ეს არის სულის სინანული ღვთის წინაშე, სიმდაბლე, საკუთარი უღირსების ხედვა – აი, რა ყოფილა უმთავრესი მახასიათებელი ადამიანის სულის იმ მდგომარეობისა, რომელსაც შესწევს უნარი, მოიპოვოს ნეტარი მარადიულობა და იძენს კიდეც.  სწორედ ამით განსხვავდება ქრისტიანობა ყველა დანარჩენი რელიგიისგან: სხვა რელიგიები მოითხოვენ მხოლოდ ზნეობრივი ნორმების დაცვას, ქრისტიანობაში კი ეს არ არის საკმარისი. 

ღმერთი და „ღმერთები“

თუ არ გვაქვს სიმდაბლე, – სიკეთე არ არის არც ერთ შენს სათნოებასა და არც ზნეობრივი კანონების აღსრულებაში

არსებობს ასეთი გამოთქმა: შეიძლება აღასრულო თითქმის ყველა მცნება, მორალური ცხოვრების ყველა გარეგნული წესი და ღვთისაგან უარყოფილი იყო. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი აღასრულა, არ გააჩნია საკუთარი თავის შემეცნება, ანუ ხედვა იმისა, რომ სინამდვილეში მისი სული სუფთა არ არის. ამ ხედვის გარეშე ადამიანს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, იგი შეპყრობილია ქედმაღლობითა და ამპარტავნებით. ამპარტავნებას კი რა ახასიათებს? იგი ყველასა და ყველაფერზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს. სულიერი თვალსაზრისით კი ეს ნიშნავს შემდეგს: „არავითარი ღმერთი არ მჭირდება, მე თავადვე ვარ ღმერთი!“ გახსოვთ, რა იყო ადამიანის პირველქმნილი ცოდვა? რა ითქვა, რა სასიკვდილო იარაღმა დასცა ადამი და ევა? „ …და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი!“ (დაბად. 3, 5). მაშ, ჩვენ ღმერთები ვართ, მე ვარ ღმერთი, ამიტომ არავითარი ღმერთი არ მჭირდება! ეს არის ამპარტავანი ადამიანის არსი!  და თუ დავუფიქრდებით, ძალიან საინტერესო დასკვნა მომდინარეობს: ქრისტიანული თვალსაზრისით, მარადიულობის მიღწევა განპირობებულია იმ ცნებით, რომელიც ამ მდგომარეობას გამოხატავს ერთი სიტყვით – სიმდაბლე! სადაც არ არის სიმდაბლე, იქ არ არის სიკეთე არც ერთ სათნოებაში და არც მცნებების აღსრულებაში. სიმდაბლის გარეშე შეგვიპყრობს ამპარტავნება, წმინდა წერილში კი ნათქვამია: „ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ (1 პეტრ. 5, 5[ახ.ქართ.5]). თუმცა სინამდვილეში, ცხადია, ღმერთი კი არ ეწინააღმდეგება ამპარტავანს, არამედ ამპარტავანი ეწინააღმდეგება ღმერთს, რადგან არ ძალუძს იყოს მასთან, იმიტომ რომ ამპარტავანს თავად წარმოუდგენია თავი ღმერთად. მაშ, შევაჯამოთ ნათქვამი: რისთვის ვცხოვრობთ? ამ კითხვაზე არსებითად არის ორი პასუხი: ერთი მათგანი ისაა, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება ეყრდნობა ამ დროსა და სივრცეს – არსებობის რაღაც წამს, დროის მონაკვეთს. ეს წამი მსგავსია ცეცხლის ნაპერწკლებისა, კოცონს რომ ასდის: ზოგი მათგანი უფრო დიდხანს ანათებს, ზოგი წამიერად ქრება. ასეა ადამიანის სიცოცხლეც: არავინ იცის, როდის შეწყდება. და ამ სივრცეში ჩაკეტვა ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებას არანაირი აზრი არ აქვს და იგი მთავრდება სიკვდილის სრული უაზრობით. 233155.p

ქრისტიანობა კი სრულებით სხვაგვარად პასუხობს ამ კითხვას: ჩემს ცხოვრებას აქვს საზრისი, მე ვცხოვრობ საუკუნო ცხოვრების ნეტარებისთვის. და არა სიამეებისთვის, ქრისტიანობა არანაირ ანგარებას არ გვპირდება, ამის ხსოვნა ძალიან მნიშვნელოვანია! ვინც მიილტვის სამოთხისეული სიტკბოებისკენ და ამ ნეტარებას მატერიალისტურად იაზრებს, პატრისტიკული სწავლება მათ პირდაპირ ამხელს: ეს ხიბლი და თავის მოტყუებაა. სადაც არის სიყვარული, იქ არ არსებობს ცივი გათვლა, სადაც არის სიყვარული, არ არსებობს ანგარება. ქრისტიანობა გვმოძღვრავს: როდესაც ადამიანი მიხვდება, თუ ვინ არის იგი სინამდვილეში, და არა თავის ოცნებებში, როდესაც დაინახავს ღვთის წყალობას, რომელიც მან ქრისტეს ჯვარცმის შედეგაც შეიძინა, როდესაც იგი გააცნობიერებს, რომ ღმერთი ევნო იმისათვის, რომ განგვკურნოს, გაგვამართლოს, განგვაახლოს, – როგორც ამბობენ წმინდა მამები და როცა დაინახავს, რომ ეს ყველაფერი სიყვარულით გაკეთდა, მის სულს მადლიერება მოიცავს და იგი ღვთის სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხებს. და აი, ეს სიყვარული, რომელიც ამ ყველაფრის გაცნობიერებიდან მომდინარეობს, არის ის საწყისი, რომლის წყალობით ადამიანს შეუძლია გახდეს თანაზიარი ღვთისა და მოიპოვოს საუკუნო ნეტარი მარადიულობა, დაუშრეტელი და დაუსრულებელი. დაახლოებით ასე შეიძლება გაეცეს პასუხის კითხვას, თუ რისთვის ვცხოვრობთ ამქვეყნად. თარგმნა მარიამ გაგუამ

წყარო: pravoslavie.ru
მასალა აღებულისა ჟურნალ „საპატრიარქოს უწყებანიდან“