You are currently viewing «რისთვის დაგლოცოთ? მკვლელობისთვის?»  ამბავი ერთი არგანხორციელებული აბორტისა… 

«რისთვის დაგლოცოთ? მკვლელობისთვის?»  ამბავი ერთი არგანხორციელებული აბორტისა… 

Download article eBook

 

მე მინდა მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ გადავიფიქრე ჩემი გოგონას მოკვლა, მღვდლის დახმარებით.

იმ დროს არ მესმოდა, რაში მდგომარეობდა ქრისტიანობის არსი. ფარისევლურად დავდიოდი ტაძარში და არ ვფიქრობდი, რომ ღმერთს ნამდვილად შეუძლია ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში და შეცვალოს ის.

ოჯახში ძალიან დიდი პრობლემები გვქონდა; ჩემმა ქმარმა სხვა ქალთან დაიწყო ურთიერთობა. ჩემი მწუხარება შეამჩნია ერთმა ნაცნობმა და წამიყვანა არქიმანდრიტ ბენიამინთან, რომელიც მსახურებდა ჩერნიგოვის ეპარქიაში. ეს შეხვედრა იყო ძალიან ხანმოკლე, მამა ბენიამინმა ორი სიტყვით მითხრა შემდეგი: ,,მე ვილოცებ თქვენი ოჯახისთვის, მაგრამ თქვენ უნდა გამაგრდეთ, კიდევ ერთი შვილი უნდა გააჩინოთ, 15 წლის შემდეგ კი ქმარი მიგატოვებთ და თქვენ მოგიწევთ დიდი განსაცდელების გადატანა, ბევრსაც იტირებთ, მაგრამ თქვენ ეს უნდა გადალახოთ, ეს არის თქვენი ჯვარი“.

მე ვბრუნდებოდი სახლში და გულში ვამბობდი: ,,ეს რა მამაოა, არაფერი არ იცის, რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს! სახლში პრობლემები მაქვს, უფროსი გოგო გათხოვილია, სიძე წასულია, გოგო ტექნიკუმში სწავლობს, მე კიდე შვილიშვილს ვუვლი – რომელ შვილზე შეიძლება საუბარი?“.
მიუხედავად ამისა, ყველაფერი გავაკეთე, რაც მამაომ მირჩია: ვიყიდე ლოცვანი, ვკითხულობდი ყველაფერს, რაც მან აღმინიშნა. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს ყვითელი “წიგნაკი“ გახდებოდა ჩემი დარჩენილი ცხოვრების წინამძღოლი.

არ ვიცი როგორ მოხდა ეს, მაგრამ ერთ კვირაში ყველანი შევრიგდით: ქმარი დაბრუნდა სახლში, ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს ყველა წყენა, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ხშირად მივდიოდით მამა ბენიამინთან და გვიხაროდა – ის კი ძალიან უბრალოა, ჩვენი ბედნიერება უხაროდა და ჩვენს სიხარულს იზიარებდა. ყველაფერი კარგად იყო, მაშინ სრულიად დამავიწყდა მისი სიტყვები: „თქვენ უნდა გააჩინოთ კიდევ ერთი შვილი“.

როდესაც გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, მხოლოდ ამას ვფიქრობდი: ,,რად მინდა შვილი? მე მჭირდება ქმარი, ჩვენ ხომ ორი გოგო და შვილიშვილი გვყავს, მეტი რა გვინდა ბედნიერებისთვის?“. ვერანაირად ვერ ვეგუებოდი იმას, რომ ყველაფერი წარემართებოდა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. მთელი ცხოვრება დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ძლიერი ვარ: „როგორც დავგეგმავ, ისე გავაკეთებ ყველაფერს“. ახლაც გადავწყვიტე: „წავალ და გავიკეთებ აბორტს“.
მაშინ ვიყავი 39 წლის.
წავედი საავადმყოფოში. მოულოდნელად შესასვლელში შემხვდა მამა ბენიამინი და მამა იობი. ჩემდა გასაკვირვად, მამაოს და და დისშვილი მოვიდნენ იმავე ექიმთან, რომელთანაც მე, – ამავე საავადმყოფოში. მიუხედავად იმისა, რომ ჩერნოვიცის ოლქი ძალიან დიდია და შესაბამისად ბევრი საავადმყოფოა!

მე მივუახლოვდი მღვდლებს და ვუთხარი: „დამლოცეთ“. ამ დროს მამა ბენიამინის სიტყვებმა სული დამიწვა: „რისთვის დაგლოცოთ? მკვლელობისთვის, რომელიც თქვენ დაგეგმეთ? წადით და გააჩინეთ ბავშვი. თუ არ დამიჯერებთ, 40 წლით ჩაწვებით ლოგინში და გექნებათ სისხლდენა. ხედავთ, როგორ ნერვიულობს თქვენზე ღმერთი, რომ ყველა შეგვკრიბა აქ, რათა აგაშოროთ ეს ცოდვა და განსაცდელი?!“

ამ დროს მოვიდა ლიფტი და ისინი წავიდნენ, მე კი მარტო დავრჩი დერეფანში. ვერ ვმოძრაობდი! ძალიან ცუდად ვიყავი…

ექიმთან მაინც მივედი, მან გამსინჯა და მითხრა, რომ ორსულად ვიყავი, მაგრამ მისი აზრით ნაყოფი ვერ განვითარდებოდა და მუცელი მომეშლებოდა. ღმერთი კი სხვანაირად სჯიდა, ორსულობამ ყველანაირი პრობლემის გარეშე ჩაიარა. ვიყავი სრულიად ჯანმრთელი, საზიარებლად დავდიოდა მამაოსთან და ის ლოცულობდა ჩემთვის.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინა დღეს, 1995 წლის 25 აგვისტოს მე მეყოლა გოგონა – მარიამი. მშობიარობის წინა ღამეს შუქი ჩაგვიქრეს სახლში. ჩემი ქმარი საზღვარგარეთ იყო მივლინებაში, ამიტომ მე თვითონ მომიწია მანქანით წასვლა სამშობიაროში. მივედი, კარებზე ვაკაკუნებ და სანიტარი მეკითხება: „ვინ არის?“ მე ხმამაღლა ვპასუხობ: „ღამე ვინ მოვა სამშობიაროში? მშობიარე, ალილოზე კი არ მოვედი“ და აქაც „დამთხვევა“ – მხვდება მამა დიმიტრი, მეზობელი სოფლიდან! საიდან აღმოჩნდა ის აქ შუაღამისას? ხელები გადავაჯვარედინე და დალოცვა ვთხოვე. შემდგომში გავიგე, რომ მამა დიმიტრიმ ერთი მშობიარე ქალი მოიყვანა სამშობიაროში, რადგან მის გარდა არავის არ ჰქონდა მანქანა.
ჩემს გვერდით ყოველთვის იყო მფარველი ანგელოზი.

იმის შემდეგ გავიდა 20 წელი. ეს წლები მე ვცხოვრობდი სულ სხვა – სულიერი და მადლით სავსე ცხოვრებით. მოძღვრის სიტყვები აღსრულდა – 18 წლის შემდეგ   ქმარმა მიმატოვა. მარიამი კი უკვე უნივერსიტეტის სტუდნტია. ცოტა ხნის წინ მას შეუსრულდა 20 წელი და ყველაზე კარგი საჩუქარი მისთვის იქნება, ის, რომ ამ სტატიის ყველა მკითხველმა ილოცოს მისთვის. ძალიან მიყვარს ჩემი მარიამი, მასთან ერთად თავს ახალგაზრდულად ვგრძნობ. მას ესმის ჩემი, მეხმარება, ამაყობს ჩემით და მე ვგრძნობ, როგორ გვიყვარს ერთმანეთი. მე მინდა ვუთხრა მას: „მარიამ, შენ შეიძლება გიღალატონ მეგობრებმა, ახლობლებმა, მაგრამ ღმერთი არავის არასდროს არ მოექცევა ასე. გახსოვდეს, ყოველთვის უნდა მადლობდე უფალს, იმისთვის რომ არსებობ, ცხოვრობ, სწავლობ, იმისთვის რომ ყოველთვის გახარებული და ბედნიერი ხარ.

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა: ია სამადაშვილმა

წყარო