როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 24 ოქტომბერს ილიას უნივერსიტეტში, სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია და მოეწყო გამოფენა. გამოფენაზე სხვებთან ერთად გამოტანილი იყო ნახატი, რომელზეც გამოსახულია მიდგომილი(ფეხმძიმე) ღვთისმშობელი საფეთქელზე მიდებული ცეცხლსასროლი იარაღით, რაც უდიდესი მკრეხელობაა.
ამ ფაქტს ჩვენი საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა, თუმცა არიან ისეთი ჯგუფებიც, რომლებიც ამას ამართლებენ და აცხადებენ, რომ მომხდარი გამოხატვის თავისუფლების გამოვლინებაა და არ შეიძლება ხელოვნებას დაუწესდეს საზღვრები, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელი დამოკიდებულებაა.
მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთად მოაზროვნენი ახდენენ დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას და მსგავსი ქმედებებითა და გამონათქვამებით ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას (არ ვგულისხმობთ მხოლოდ მართლმადიდებლებს) ევროპული არჩევანის საწინააღმდეგოდ განაწყობენ.
არადა, იგივე ევროპული კანონმდებლობით გამოხატვის თავისუფლება განუხრელადაა დაკავშირებული პირის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობასთან, თავი შეიკავოს სხვისი უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფისაგან, ასევე ისეთი ქმედებებისაგან, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას საზოგადოებრივ სიმშვიდეს.
ამაზე მიუთითებს ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი და სტრასბურგის სასამართლოს არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება.
აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ რელგიური გრძნობების შეურაცხყოფა თუ ღვთის გმობა სისიხლის სამართლის დასჯადი ქმედებაა ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყნაში: მაგ. იტალიაში, მალტაში, გერმანიაში, ავსტრიაში, დანიაში და სხვაგან. ჩვენთან კი ლამის სისტემური ხასიათი მიეცა ასეთი მოვლენების ტირაჟირებას.
საზოგადოებას შევახენებთ, რომ ილიას უნივერსიტეტში მსგავს ფაქტებს ადრეც ჰქონდა ადგილი. მათ შორის, 2010 წლის მაისის თვეშიც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ სასწავლებლის ხელმძღვანელობა იწვევს და ხელს უწყობს არამარტო მორწმუნეთა შეურაცხყოფას, არამედ მათი სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევას.
როგორც ჩანს ამ ინსტიტუტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს პროვოცირება რელიგიური ადამიანებისა და შემდეგ ე.წ. ,,მეცნიერული დაკვირვებები“ მათზე; ისინი იმასაც კი აღარ უწევენ ანგარიშს, რომ აღნიშნული ნახატი სუიციდის პროპაგანდას წარმოადგენს, რომ აღარაფერი ვთქვათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის მისიის სრულ უგულვებელყოფაზე.
მივმართავთ განათლების სამინისტროს, სახალხო დამცველს, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს დააფიქსირონ თავისი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით და ამასთან, მიიღონ ყველა ზომა, ჩვენი საზოგადოების რელიგიური გრძნობების დაცვისა და დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
ჩვენ ჩვენის მხრივ მრევლს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფისაგან.
02 ნოემბერი 2015 წელი