მიტოპოლიტი კალისტე უეარის მცირეტანიანი წიგნი იესოს ლოცვის შესახებ, სახელწოდებით – „სახელის ძალა“.
ნაწილი II
„სიმრთელე“
რუსი მწირი მართალი იყო, როცა ამტკიცებდა, რომ იესუს ლოცვა „ყველა სახარებისეულ ჭეშმარიტებას შეიცავს“ და „ის არის შემოკლებული სახარება“. მისი მოკლე ქრისტიანული სარწმუნოების ორ ძირითად საიდუმლოებას შეიცავს: განკაცება და წმინდა სამება. იესუს ლოცვა ღმერთკაცის ორ ბუნებაზეც მეტყველებს: ადამიანური ბუნება სახელ „იესუ“-ში გამოიხატება, რომელიც ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელმა მთავარანგელოზ გაბრიელის გამოცხადებით უწოდა, მისი მარადიული ღვთაებრიობა იმით გამოიხატება, რომ მას, „უფალს“ და „ძე ღვთისას“ ვუწოდებთ. აგრეთვე იესუს ლოცვა ყოვლადწმინდა სამების სამ ჰიპოსტატზეც მიუთითებს. წმინდა სამების მეორე ჰიპოსტას ანუ ძე ღმერთისადმი მიმართვით, იგულისხმება მამის და სულიწმინდის მყოფობაც რადგან „არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა“ (1 კორ. 12:3[ახ.ქართ.1])
ამრიგად იესუს ლოცვა არამარტო ქრისტოცენტრულია არამედ ტრინიტარულიც (სამებაცენტრული). უნივერსალურია იგი არა მხოლოდ საღვთისმეტყველო, არამედ სულიერი თვალსაზრისითაც, რადგან აერთიანებს ქრისტიანული ცხოვრების ორ მთავარ მხარეს: თაყვანისცემასა და კეთილკრძალულებას ღვთის სიდიადისადმი და მეორეს მხრივ სინანულს, საკუთარი ცოდვილობის და უღირსების განცდას. იესუს ლოცვით წრიულად ვმოძრაობთ – როდესაც ვამბობთ „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო“ ვმაღლდებით ღმერთამდე, ხოლო „შემიწყალე მე ცოდვილი“ სინანულით ვუბრუნდებით საკუთარ თავს. როგორც წმინდა მაკარი დიდი ამბობს: „როდესაც ადამიანი საღმრთო მადლს იგემებს, ის ხარობს და ამავდროულად ძრწის და ეშინია“. ასეთია იესუს ლოცვის შინაგანი დინამიკა.
თხოვნა „შემიწყალე“ აერთიანებს ზემოთხსენებულ ორ „მხარეს“,- ღვთაებრივი დიდების ხილვას და ცოდვილობის განცდას. „წყალობა“ ხიდია ღმერთსა და დაცემულ ქმნილებას შორის. „შემიწყალე“-თი ვგლოვობთ ჩვენს უძლურებას, მაგრამ ამავდროულად იმედს არ ვკარგავთ, ვაღიარებთ ცოდვას და გვწამს, რომ დავძლევთ მას. ვამოწმებთ, რომ ღმერთი იღებს და არ განაგდებს ცოდვილს. იესუს ლოცვა არა მხოლოდ სინანულისკენ გვიბიძგებს, არამედ აგრეთვე ბადებს იმ რწმენას, რომ ღმერთი მოგვიტევებს და განგვაახლებს. სახელი „იესუ“ ლოცვის გულს წარმოადგენს და პირდაპირ მიუთითებს ხსნაზე: „და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგან“. (მთ. 1:21[ახ.ქართ.2]) იესუს ლოცვაში მწუხარებაა ცოდვაზე, მაგრამ არა უიმედობა და გამოუვალი მდგომარეობის განცდა. ეს, წმინდა იოანე სინელის († 649) სიტყვებით: „სიხარულისმომგვრელი ტირილია“ არ შეიძლება იესუს ლოცვის საღვთისმეტყველო და სულიერი სიმდიდრე აღვიქვათ, როგორც რაღაც აბსტრაქცია, პირიქით ის ცოხალი და ქმედითია. სწორედ ესაა ამ ლოცვის ღირსება, რომ მისი დახმარებით სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებები ცოცხლდება, რომლებიც ადრე გარეგნულად და თეორიულად აღიქმებოდა, მთელი ჩვენი არსება იხსნება ამ ჭეშმარიტებებთან შესახვედრად. მაგრამ იმისთვის, რომ მივხდეთ რაშია მისი საიდუმლო, საჭიროა ვისაუბროთ სახელის ძალასა და მისი გამეორების დისციპლინაზე.
„სახელის ძალა
„ძე ღმერთის სახელი დიადი და განუზომელია და მას უპყრია მთელი სამყარო“,- ნათქვამია მიციქულ ერმის (სამოცდაათთაგანი) ჩანაწერებში. მხოლოდ ღვთიური სახელის ძალის და ღირებულების აღქმის შემდეგ შევძლებთ შევაფასოთ იესუს ლოცვის როლი მართლმადიდებლურ სულიერებაში. თუკი ეს ლოცვა თავისი შემოქმედებითი ძალით, სხვა ლოცვებს აღემატება მხოლოდ იმიტომ, რომ უფლის სახელს შეიცავს.
ძველაღთქმისეულ ტრადიციაში და ასევე სხვა უძველეს კულტურებში მიაჩნდათ, რომ ადამიანის სახელი მის სულთან საიდუმლოებრივადაა დაკავშირებული. სახელი პიროვნების ანარეკლია. მისი გაგება იგივია რაც ადამიანის არსის შეცნობა, მასთან კავშირის დამყარება და გარკვეული ძალაუფლების მოპოვებაც კი. სწორედ ამიტომ დამალა თავისი სახელი მამამთავარ იაკობთან მებრძოლმა იდუმალებით მოცულმა პიროვნებამ (დაბადება: 32:29[3]). ანგელოზმა კი მანოეს უპასუხა: „რაჲსათჳს ესრეთ მკითხავ მე სახელსა ჩემსა? და იგი არს საკჳრველ“. (მსაჯულთა: 13:18[ახ.ქართ.4]) ცხოვრებაში ცვლილების შემდეგ სახელსაც კი უცვლიან. ასე აბრამი გახდა აბრაამი (დაბადება:17:5[5]), იაკობი – ისრაელი (დაბადება:32:28[6]). მოქცევის შემდეგ სავლე პავლე გახდა (საქ:13:9[7]) და მონაზონსაც, რადიკალური განახლების ნიშნად აღკვეცისას სახელს უცვლიან. ძველაღთქმისეულ ტრადიციაში ძალიან სერიოზულად ეკიდებოდნენ „სხვისი სახელით“ მოქმედებას, სხვისი სახელის მოწოდებას ან დაძახებას. „როდესაც სახელს წარმოთქვამენ, ის ცოცხლდება და მისი მფლობელის სულში აღიბეჭდება. ყველაფერი ღრმა მნიშვნელობითაა განმსჭვალული“[8].
თუ ყველაფერი ზემოთ თქმული მართებულია ადამიანთან მიმართებაში, მაშინ გაცილებით უფრო მეტად ეხება ეს ღმერთს. ღმერთის ძალმოსილება და დიდება მისი სახელის მეშვეობით მოქმდებს და იხსნება. მისი სახელის კრძალვით და ყურადღებით მოწოდებით, მის წინაშე ვიხსნებით და საკუთარ თავს, როგორც ცოცხალ მსხვერპლს და მორჩილ იარაღს ისე გადავცემთ. ღვთაებრივი სახელის სიდიადე ძველ იუდაიზმში ისე მძაფრად აღიქმებოდა, რომ სინაგოგაში შეკრებებზე მის სახელს ხმამაღლა არ წარმოთქვამდნენ. შემოქმედის სახელი ყველას წმინდა შიშს ჰგვრიდა. ახალმა აღთქმამ ბევრი რამ მიიღო მემკვიდრეობით ძველი აღთქმის იუდაური ტრადიციებისგან. იესუს სახელი უზომოდ ძალმოსილია და ამიტომაც განდევნის დემონებს და კურნავს ადამიანებს. თუ ეს გვემახსოვრება ახალი აღთქმის ბევრი ნაცნობი მონაკვეთი ახალ აზრს შეიძენს: საუფლო ლოცვის თხოვნა „წმიდა იყავნ სახელი შენი“; ქრისტეს აღთქმა საიდუმლო სერობაზე: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რაოდენიცა-რაჲ სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ“ (იოან.16:23[ახ.ქართ.9]). უკანასკნელი დარიგება მოციქულებისადმი: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“ (მათ. 28:19[ახ.ქართ.10] ), ასევე პეტრე მოციქულის მტკიცება, რომ მხოლოდ იესუ ქრისტეს სახელითაა შესაძლებელი გადარჩენა: „ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაჱლისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი. ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ საკიდურთა, და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა“ (საქმე. 4:10-12[ახ.ქართ.11]). პავლე მოციქულის სიტყვა: „სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი“ (ფილ. 2:10[ახ.ქართ.12]). თეთრ ქვაზე დაწერილი ახალი და საიდუმლო სახელი, რომელიც მომავალ ცხოვრებაში გველოდება (გამოცხადება. 2:17[13]).
იესუს ლოცვის პრაქტიკა ზუსტად სახელის ფენომენის ბიბლიურ აღიარებას და პატივისცემას ეყრდნობა. ღმერთი საიდუმლოდაა დაკავშირებული თავის სახელთან და ამიტომაც მისი მოწოდებით ჩვენ საიდუმლოდ ვმოქმედებთ და ღმერთიც ამ მომენტში უხილავად მოქმედებს. თანამედროვე ქრისტიანთათვის, როგორც მოციქულთა დროს, იესუს სახელი ძალაა. წმ. ბარსანუფისა და იოანეს სიტყვებით (VI საუკუნე): „ღვთის სახელის მოწოდება ყველა ვნებას კლავს“. „ჰგვემე მტერი იესუ ქრისტეს სახელით, რადგან ცის ქვეშ და მიწის პირზე ამაზე ძლიერი იარაღი არ არსებობს… დაე შეერწყას შენს სუნთქვას იესუს ხსოვნა და მაშინ შეიცნობ მდუმარების სარგებელს“ – გვასწავლის წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი).
მიუხედავად იმისა, რომ იესუს სახელი ძალმოსილია, მისი მექანიკური გამეორება უნაყოფოა. იესუს ლოცვა მაგიური თილისმა არაა. შინაგანი საქმიანობისას, ისევე როგორც საიდუმლოებების აღსრულებისას, ადამიანი ცოცხალი რწმენის და ასკეტური ძალისხმევის მეშვეობით ღმერთის თანამუშაკი (თანამოქმედი, თანამშორმელი) უნდა გახდეს. იესუს ლოცვა ყურადღებით და სიფხიზლით უნდა წარიმართოს. გონება ლოცვის სიტყვებში უნდა მექცეს. უნდა გაცნობიერედეს თუ ვის მივმართავთ და ვისი პასუხი გვესმის გულში. ასეთი ლოცვა დატვირთვას მოითხოვს და დასაწყისსში მოღვაწეს უამრავ სირთულეს ხვდება. ამიტომაც მოღვაწე მამები ამ საქმიანობას საიდუმლო მოწამეობას უწოდებენ. წმ. გრიგოლ სინელი მუდამ ახსენებს მათ ვინც ამ საქმეს შეუდგა „თვითიძულების და შრომის“, „მოუკლებელი ძალისხმევის“, ლოცვის მიტოვების ცდუნების (აუტანელი ტკივილებისს გამო, რომელსაც დროდადრო განიცდის მოღვაწე ამ საქმიანობისას) შესახებ. „გულის ტკივილით და სხეულით იშრომე, ეძებე უფალი გულში“ – ამბობს ის. სახელის ძალას მხოლოდ მომთმენნი და ერთგულნი შეიცნობენ. ერთგულება და სიმტკიცე, პირველ რიგში ვლინდება იმაში თუ რამდენად ყურადღებით და დიდი ხნით ვიმეორებთ ლოცვას. „და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყჳთ…“ (მთ. 6:7[ახ.ქართ.14] ) – ასწავლიდა ქრისტე თავის მოწაფეებს. ეს სიტყვები არავითარ შემთხვევაში არ მიემართება მათ, ვინც ყურადღების და უზაკველად წარმოთქვამს იესუს ლოცვას. მათი ძალისხმევა დროთა განმავლობაში ნაყოფს გამოიღებს და ლოცვაც გაცილებით უფრო ღირებული და სულიერი გახდება.
„ერთიანობის განცდა“
როგორც კი სულითა და ჭეშმარიტებით ლოცვას შევეცდებით, მაშინვე აღმოვაჩენთ, რომ შინაგანად გახლეჩილები ვართ, მოწყვეტილები ერთობას და მთლიანობას.
ჩვენ ვცდილობთ წარვსდგეთ ღვთის წინაშე, მაგრამ მწერებივით იჭრებიან გონებაში დაუოკებელი, ამაო აზრები (ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული). ჭვრეტა ნიშნავს იყო იქ სადაც ხარ, აქ და ახლა; ჩვენ როგორც წესი უძლურნი ვართ ლაგამი ამოვდოთ ჩვენს გონებას, რომელიც თვითნებურად დაეხეტება დროსა და სივრცეში. ხან წარსულს ვიხსენებთ, ხან სამომავლო გეგმებს ვაწყობთ. ადამიანების და ადგილების გამოსახულებები უწყვეტად მიედინებიან ჩვენი აზრობრივი მზერის წინაშე და არ გვყოფნის ძალა დავაკავოთ საკუთარი თავი იქ, სადაც უნდა ვიყოთ ანუ – აქ, ღვთის წინაშე. ჩვენ ვერ ვცხოვრობთ სრულფასოვნად აწმყოში, ერთადერთ რეალურად არსებულ წამის მონაკვეთში: შინაგანი დისოციაცია (დაშლა) პირველქმნილი ცოდვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შედეგია. როგორც ცხოვრებისეული გამოცდილება გვიჩვენებს, საქმე იმათ წარემართებათ, ვინც დროის ყველა მონაკვეთში ერთი და იგივე საქმიანობითაა დაკავებული. თუ ეს სასარგებლო ჩვევა ყოველდღიურ ცხოვრებაშო რთულად გვეძლევა, მაშინ მისი მოპოვობა შინაგან საქმიანობაში კიდევ უფრო რთულია.
მაშ როგორ ვისწავლოთ მუდმივად აწმყოში ცხოვრება? როგორ ვიყოთ მუდმივად მზად გადამწყვეტ წამებში? სწორედ ამ დროს მოდის საშველად იესუს ლოცვა. სახელის მოთმინებით მოხმობა, ღვთის მადლით გვამთლიანებს, აერთიანებს ჩვენს გახლეჩილობას და გაფანტულობიდან ერთიანობაში მოვყავართ. „გონებაში აზრები მწერებივით დაქრიან – ამბობს ეპისკოპოსი თეოფანე, – იმისთვის, რომ ეს ქაოსი ავლაგმოთ, გონება ერთი აზრით უნდა დავაკავოთ“.
ასკეტი მამები, კერძოდ წმ. ბარსანუფი და იოანე, გულისსიტყვებთან ბრძოლის ორი გზის შესახებ წერენ. პირველი გზა – „ძლიერთა“ და „სრულყოფილთათვის“ მდგომარეობს – შეწინააღმდეგებაში, ანუ გულისსიტყვებთან პირისპირ ბრძოლასა და მათი თავდასხმების მოგერიებაში. ეს გზა რჩეულთათვისაა, ის რთული და ხიფათებით აღსავსეა. პირდაპირი კონფლიქტი, ნების ძალისხმევით გულისსიტყვების აღმოფხვრის მცდელობები, როგორც წესი კვებავენ მათ და ერთხელ უკვე დათრგუნული წარმოსახვა, ორმაგი ძალით იწყებს შემოტევას. ამიტომაც უფრო კეთილგონივრულია, კი არ ვებრძოლოთ მათ, არამედ თავი ავარიდოთ და ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ. იმის მაგივრად, რომ გულისსიტყვების მოსაგერიებლად ძალების მოკრებით წარმოსახვების სიღრმეებში ვიცქიროთ, ქრისტეს მივაპყროთ მზერა, მივანდოთ თავი, მის სახელს მოვუხმოთ, რომლის მიერ მოქმედი მადლი განდევნის გულისსიტყვებს, რომელთა წინაშეც უძლურნი ვართ.
ჩვენი სულიერი სტრატეგია დადებითი უნდა იყოს და არა უარყოფითი: ბოროტი ზრახვებისგან გონების განწმენდის მაგივრად, გონება სიკეთეებით უნდა აღვავსოთ. „არ შეეწინააღმდეგო, რადგან მტერს სწორედ ეგ უნდა, როდესაც ჩვენს წინააღმდეგობას დაინახავს, შემოტევას აღარ შეწყვეტს – გვირჩევენ წმ. ბარსანუფი და იოანე, – ილოცე ღვთის წინაშე და მთელი შენი უძლურება მის წინაშე გადაშალე და მას შეუძლია არამარტო განდევნოს, არამედ სრულიად აღმოფხვრას ისინი“. მაშ ასე, იესუს ლოცვა სხვადასხვა გულისსიტყვებისა და წარმოსახვებისგან ყურადღების გადატანაში გვეხმარება, რისი მიღწევაც მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით შეუძებელია. ლოცვისას დაბრკოლებები გარდაუვალია. შეუძლებელია მხოლოდ გადამრთველის გადატრიალებით გამოვრთოთ შინაგანი ტელევიზორი. უშედეგოა შეუძახო შენს თავს „არ იფიქრო“, ეს იგივეა, რომ გვეთქვა საკუთარი თავისთვოს – „არ ისუნთქო“. „შეუძლებელია გონების უქმად ყოფნა“ – წერდა წმ. მარკოზ მოღვაწე. აზრები განუწყვეტლივ იჭრებიან მასში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მათი განდევნა, ჩვენ შეგვიძლია ყურადღება გადავიტანოთ, „დავაკავოთ“ დაუოკებელი გონება „ერთი აზრით – იესუს სახელით“ აზრების ნაკადის მთლიანად შეჩერება არ გამოგვივა, მაგრამ იესუს ლოცვა მათგან განრიდებაში დაგვეხმარება და საბოლოო ჯამში ეს ნაკადი უბრალო ფონად იქცევა, რომელიც ყურადღებას საერთოდ აღარ მიიქცევს.
ევაგრე პონტოელი (399) წერდა: „ლოცვა გულისსიტყვებისგან განთავისუფლებაა“. სწორედაც, რომ განთავისუფლება, მშვიდად და მტკიცედ და არა მრისხანებით და უმოწყალო ბრძოლით. სახელის მოწოდებით ჩვენს აზრებს ქრისტეთი ვაკავებთ და ვთავისუფლდებით ჩვენი, როგორც უდანაშაულო, ასევე დამღუპველი ფანტაზიებისგან. აღსანიშნავია, რომ ლოცვისას წარმოსახვის და დისკურსიული აზროვნების ძალადობით ჩახშობა და მითუმეტეს მათი კვება არაა სასარგებლო. იესუს ლოცვა მეტიდაცია არაა და არც ქრისტეს ცხოვრების რომელიმე ეპიზოდის, ან იგავის წარმოსახვის მცდელობაა; კიდევ უფრო ნაკლები საერთო აქვს მას, რომელიმე დოგმატის, მაგალითად: „ერთარსების“ გააზრებასთან. ეს განასხვავებს იესუს ლოცვას დასავლეთში კონტრრეფორმაციის დროს პოპულარულ დისკურსიულ მედიტაციისგან.
სახელის მოხმობისას არაა საჭირო გონებაში მაცხოვრის წარმოსახვა. იესუს ლოცვისას, როგორც წესი, ხატებს არ უყურებენ, არამედ სიბნელეში ან დახუჭული თვალებით წარმოთქვავენ მას. „ცუდი და კარგი შთაბეჭდილებების გახსენება, როგორც წესი გონებაში მათ გამოსახულებებს აღბეჭდავს და გონებას ოცნებისკენ უბიძგებს – წერს წმ. გრიგოლ სინელი. – მაშინ ამ საქმიანობით დაკავებული ადამიანი მეოცნებეა და არა ისიხასტი“. „გონიერი ლოცვისას ხიბლში რომ არ აღმოჩნდეთ – წერს წმ. ნილოს სორელი (1508) – არ დაუშვა არანაირი წარმოსახვები, გამოსახულებები და ხილვები“. „იესუს ლოცვისისას არ უნდა იყოს არანაირი გამოსახულება, რომელიც ღმერთსა და გონებას შორის ჩადგება – წერს ეპისკოპოსი თეოფანე – გონიერი ლოცვის არსი – მუდმივად ღვთის წინაშე მყოფობის განცდაშია, ხოლო ღვთის წინაშე სვლა არის მტკიცე რწმენა იმისა, რომ ღმერთი ყველგანაა, ის ჩვენშია. ღვთის მზერა, რომელიც ჩვენ შინაგან სამყაროს ხედავს, არ უნდა იყოს წარმოსახვითი, არამედ უბრალო რწმენაზე და განცდაზე დაფუძნებული“. მხოლოდ ასე ვილოცოთ. არა ქრისტეს წარმოსახვით, არამედ მისი მყოფობის განცდით, სწორედ ამ დროს ვგრძნობთ იესუს ლოცვის ძალას, რომელიც ადამიანის არსებას მთლიანობას ანიჭებს. იესუს ლოცვა სიტყვების წარმოთქმას მოითხოვს. თუმცა მისი სიმარტივის და სიმოკლის წყალობით ის სიტყვებზე მაღლა – ცოცხალი მდუმარებით მარადიული ღმერთის ჭვრეტისკენ ავყავართ. ღვთის დახმარებით ის თანდათანობით არადისკურსიული ხდება, არა წარმოსახვითი, არა უბრალოდ მიმართვა მისდამი, არამედ მასთან ყოვლისმომცველ ერთობად იქცევა. სახელის მოხმობით, სულიერი განცდით ნელ-ნელა ვგრძნობთ ქრისტეს სიახლოვეს, დაახლოებით ისე, როგორც კარგად გამთბარ ოთახში შესვლისას ვთბებით. ჩვენ მას შევიცნობთ არა წარმოსახვითად, არამედ მთლიანი და გახსნილი გულით. ამრიგად, იესუს ლოცვა გვამყოფებს აქ და ახლა; ერთიანი ცენტრის გარშემო გვკრებს, მრავალფეროვანი გულისსიტყვებიდან ქრისტესთან ერთობაში მოვყავართ. „იესუ ქრისტეს ხსოვნით მოიკრიბე გაფანტული გონება“ – ამბობს წმ. ფილოთეოზ სინელი (IX ს).
მრავალნი, ვინც იგებენ, რომ იესუს ლოცვა წარმოსახვითი არ უნდა იყოს, რომ ის აზრების და გამოსახულებების მიღმიერია, იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ასეთი ლოცვა არ შეუძლიათ. ასეთებს შევახსენებთ: ეს გზა მხოლოდ რჩეულთათვის, გასნაკუთრებული ნიჭებით დაჯილდოებულთათვის არაა. ყველას შეუძლია შეუდგეს მას. თუ ჯერ ეხლა დაიწყეთ იესუს ლოცვა, არ ეცადოთ, რომ მაშინვე განდევნოთ ყველა აზრი და გამოსახულება. გახსოვდეთ, რომ სტრატეგია დადებითი უნდა იყოს და არა უარყოფითი. გონებაში ზედმეტი არაფერი გააჩეროთ, მაგრამ მთავარი გახსოვდეთ – ქრისტეზე იფიქრეთ და არა იმაზე, თუ როგორ განდევნოთ ზრახვები. მთელი თქვენი არსებით, მთელი მოშურნეობით და რწმენით მიმართეთ თქვენს პირად მხსნელს. შეიგრძენით მისი მყოფობა. სიყვარულით ესაუბრეთ მას. თუ ყურადღება გაგეფანტებათ (რაც გარდაუვალია)იმედი არ გაგიცრუვდეთ: მსუბუქად, მრისხანების და გაბოროტების გარეშე დააბრუნეთ ის ლოცვის სიტყვებში. რამდენჯერად არ უნდა გაგეფანტოთ, იმდენჯერ დააბრუნეთ. ყოველთვის მთავარი ღერძისკენ – ცოცხალ იესუ ქრისტესკენ ისწრაფეთ. იესუს ლოცვას ისე მოეპყარით, როგორც სიყვარულთან მიმაახლებელს და არა როგორც მხოლოდ ზრახვებისგან განმათავისუფლებელს. იესუს ლოცვა აუცილებლად განცდით უნდა წარმოვთქვათ, მაგრამ არა ხელოვნური ემოციური აღგზნებით. ის „გრძნობისმიერ“ ლოცვაზე (როგორც ეს დასავლეთში ესმით) უსასრულოდ უფრო ღრმაა და სწორედ სიყვარულის ნაპერწკალით უნდა შევუდგეთ მას. სახელის მოხმობისას შინაგანად რიჩარდ ჩიჩესტერს მივბაძოთ:
„ო, მოწყალეო მხსნელო, მეგობარი და ძმაო,
შემეწიე რომ უკეთესად დაგინახო
მხურვალდ მიყვარდე და ბოლომდე მოგყვებოდე“.
წიგნი სპეციალურად გვერდისთვის ითარგმნა რუსთავის მე-17 საპატიმროში.
რუსული ენიდან თარგმნა ზურაბ გორგაძემ.
რედაქტორი – გიორგი გელაშვილი.