You are currently viewing „სიცოცხლის წყარო“

„სიცოცხლის წყარო“

Download article eBook

   „სიცოცხლის წყარო“

ჩვენს წინაშე დგას საკითხი: „რატომ უნდა ვერწმუნოთ ქრისტიანობას და რატომ არის ის ჭეშმარიტება?“

გვაქვს ამისთვის სერიოზული საფუძვლები, უტყუარი არგუმენტები ან დამადასტურებელი ფაქტები?

ვფიქრობ, არსებობენ ფაქტები, რომლებიც უდაოდ დააფიქრებენ ჭეშმარიტების მძებნელ ყოველ ადამიანს, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს ქრისტიანობასთან ისეთი დამოკიდებულება, როგორიც, მაგალითად, ძალიან ბევრ უბრალო მორწმუნეს გააჩნია.

დავიწყებ ყველაზე მარტივიდან: „როგორ ხდებოდა მსოფლიო რელიგიების წარმოშობა და განვითარება?“

მაგალითად, ბუდიზმი: მისი დამაარსებელი მაღალი წარმომავლობის მეფისწული, დიდი ავტორიტეტითა და გავლენით სარგებლობდა. ამ ყოველმხრივ განათლებულმა ადამიანმა რაღაც გაცისკროვნების მაგვარი განიცადა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მას წარმომავლობის შესაბამის პატივს მიაგებდნენ. სიყვარულით, მიმბაძველებითა და სწავლების გავრცელების მსურველებით სიკვდილამდე იყო გარშემორტყმული. ანუ, სახეზეა პატივისა და გარკვეული დიდების მაგალითი.

ან ისლამი- სხვა მსოფლიო რელიგია.

როგორ წარმოიშვა და გვარცელდა იგი?  ძალიან დრამატულად!  მის, ასე ვთქვათ, „მსოფლიო პოპულარობაში“, გადამწყვეტი მნიშვნელობა იარაღის ძალამ იქონია.

ეხლა ვნახოთ, ეგრეთწოდებული, „ჩვეულებრივი რელიგიები“. ისინი სხვადასხვა ხალხებში იშვებოდნენ სპონტანურად. ღმერთისა და იმქვეყნიურის ინტუიციურ შეგრძნებას მითებში და თქმულებებში ავლენდნენ. ეს პროცესები, ისევ და ისევ, ბუნებრივი და მშვიდი იყო.

ამ ფონზე შევხედოთ ქრისტიანობას: ჩვენ დავინახავთ არა მხოლოდ უნიკალურ სურათს რელიგიურ მოძრაობათა ისტორიაში, არამედ ისეთს, რომლის დაჯერებაც წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არ დარჩენილიყო დღემდე უტყუარი მტკიცებულებანი.

ქრისტეს ქადაგებების დაწყებისთანავე, მის წინააღმდეგ ხორციელდება განუწყვეტელი შეთქმულებანი, რაც საბოლოოდ მისი საშინელი სიკვდილით მთავრდება. შემდეგ რომის იმპერიაში გამოდის კანონი, რომლის მიხედვითაც, ქრისტიანობის ყოველი  მაღიარებელი სიკვდილით დაისჯება. ბევრი დარჩებოდა ქრისტიანად, ჩვენს ქვეყანაში ასეთი კანონი რომ გამოეცათ? წარმოიდგინეთ, ყოველი ადამიანი, რომელიც ქრისტეს აღიარებს, სიკვდილით დაისჯება..

თუ წაიკითხავთ, ტაციტა წერს: ნერონის ბაღებში ქრისტიანებს აბამდნენ ბოძებზე, უსმევდნენ გუდრონს და ანთებდნენ ჩირაღდნებივით – ამგვარად ერთობოდნენ! ზოგსაც ლომებს უგდებდნენ დასაგლეჯად და მსგავსი მდგომარეობა 300 წლის მანძილზე გრძელდებოდა მცირე შესვენებებით.

როგორ შეიძლება ეარსება ქრისტიანობას ასეთ პირობებში?! როგორ შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო ის და არ გამქრალიყო უმალვე?!

გაიხსენეთ საქმენი მოციქულთა: მოციქულთ გადარაზული ჰქონდათ კარები და იუდეველთა შიშით სახლიდან ვერ გამოდიოდნენ.

მაგრამ რას ვხედავთ შემდეგ? მოხდა წარმოუდგენელი! – ეს უბრალო ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ შიშით ძრწოდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა (პეტრემ) უარჰყოფაშიც გაიარა, უეცრად გამოდიან და ყველა ერთიანად იწყებს ქადაგებას! ხოლო როდესაც მათ აპატიმრებენ, ისინი ხმამაღლა აცხადებენ: „თვითონ თქვით, რა უფრო სამართლიანია, უპირატესად ვისი ვისმინოთ, კაცთა თუ ღმრთისა?“(საქმე.4.15). როდესაც მათ ხალხი უყურებდა, უკვირდათ – „საიდან უბრალო მეთევზეებს ასეთი სიმამაცე?!“

გამაოგნებელი მოვლენაა თვით ქრისტიანობის გავრცელების ფაქტი. სოციალური ცხოვრების ყველა კანონით, ის უნდა აღმოფხვრილიყო თავშივე – 300 წელი მცირე დრო არ გახლავთ. ქრისტიანობა არა მხოლოდ სახელმწიფო რელიგიად იქცა, არამედ სხვა სახელმწიფოებშიც გავრცელდა. რანაირად? – თუ დააკვირდებით, ბუნებრივი, ადამიანური აზროვნების წესით ამის ახსნა შეუძლებელია.

დღევანდელ დღეს, ისტორიული მეცნიერება, მიუხედავად მისი მსოფლმხედველობისა და მიმართულებებისა, აღიარებს ქრისტეს ისტორიულობას, დოკუმენტალურად დადასტურებულ და ყოვლადარაჩვეულებრივ მოვლენას. ეს არის ის, რითაც დავიწყეთ საუბარი. მე არ ვამტკიცებ, რომ პირველმა ქრისტიანებმა დახურულ კარში გაიარეს, მაგრამ ისინი ახდენდნენ ისეთ სასწაულებს, რომ ყველას აოცებდნენ.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ  ეს ორი ათასი წლის წინანდელი ზღაპრებია. მაშინ დავუბრუნდეთ ჩვენს ასწლელულს.  ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ადამიანები, რომლებმაც თავისი თვალით იხილეს წმიდა იოანე კრონშტადტელის მიერ მოხდენილი მრავალრიცხოვანი სასწაული. ლაპარაკი არ არის მითიურ ფიგურაზე – ეს ჩვენი დროის რეალური პიროვნებაა. ამის დამადასტურებელი მრავალი მასალა და უამრავი წიგნი დარჩა. არავის დაუწერია „რასპუტინის სასწაულებზე“, არც იმაზე, თითქოს ტოლსტოი ახდენდა სასწაულებს – წერდნენ იოანე კრონშტადტელზე და წერდნენ განსაცვიფრებელ ამბებს.

ან ღირსი ამბროსი ოპტინელი? როგორი მოაზროვნეები, მწერლები, მეცნიერებისა და ხელოვნების მოღვაწეები დადიოდნენ მასთან! და უბრალოდ კი არ დადიოდნენ – წაიკითხეთ რა ხდებოდა ამ დროს. აღმოჩნდა, არა მხოლოდ ორი ათასი წლის წინ გადიოდნენ დახურულ კარში, არამედ ქრისტიანობის  მთელი არსებობის მანძილზე და დღემდე.

ეს არ არის ფანტაზია – ეს ფაქტებია!

როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამ ფაქტებთან?

ყოველშემთხვევაში არა ისეთი, როგორიც ჰქონდათ უკვდავი საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის გამოჩენილ აკადემიკოსებს. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი ამბობდა: „მეტეორი რომ ჩამოვარდეს და ჩემს თვალწინ დაეცეს, უფრო უარვჰყოფ ამ ფაქტს, ვიდრე ვირწმუნებ“.  რატომ ?- იკითხავთ თქვენ.

საქმე იმაშია, რომ XVII საუკუნის ბოლოს, ყველა დარწმუნებული იყო, ციდან ქვების სროლა მხოლოდ ღმერთს შეეძლო, მაგრამ, რადგან ღმერთი არ არსებობს, მეტეორის არსებობაც შეუძლებელია – ვერაფერს იტყვი, ძალიან ლოგიკურია.

მაშინ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამ ფაქტებთან?

პირველი, რაც უნდა ითქვას – ქრისტიანობის გავრცელება იყო სასწაული – ძნელია სხვა სიტყვის მოძებნა. მეორე – გამაოგნებელი იყო ადამიანის გონებისთვის სასწაულები, რომლებიც ხდებოდა ქრისტიანობის ისტორიის მთელი ორი ათასი წლის მანძილზე. მესამე – ყურადღება მიაქციეთ იმ ადამიანთა სულიერ გარდაქმნას, რომელთაც გულით მიიღეს ქრისტიანობა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მართლმადიდებლად დავიბადე და ბებიამ ეკლესიაში წამიყვანა.

მე ვლაპარაკობ ადამიანებზე, რომლებიც იტანჯნენ ქრისტიანობაში და ზოგიერთმა მის უარჰყოფაშიც გაიარა,  როგორც დოსტოევსკიმ – ზღვა ეჭვებში გაიარა მისმა რწმენამ, როგორც თანამედროვე ამერიკელმა ევგენი როუზმა, რომელიც შემდგომში მონაზონი სერაფიმი გახდა – ადამიანი, რომელიც თავიდან ღმერთს სწყევლიდა, თან ძირფესვიანად სწავლობდა ჩინურ და ინდურ ფილოსოფიურ-რელიგიურ სისტემებს.

მხოლოდ ეს ფაქტები სერიოზულ კითხვებს აჩენს: იქნებ ქრისტიანობა მიგვითითებს ისეთ რეალობებზე, რომელთაც ვერ ვამჩნევთ? იქნებ გვეუბნება ისეთ რამეს, რაზეც ჩვეულებრივ არ ვფიქრობთ ხოლმე? ქრისტიანობა ხომ ვერ აღმოცენდებოდა ბუნებრივი გზით? ამას ენგელსიც ამჩნევდა და ამბობდა: „ქრისტიანობა მკვეთრად წინააღმდეგობაში მოდის ყველა არსებულ რელიგიასთან“. და მართლაც, განა უაზრობა არ იყო ორ ავაზაკს შორის  ყაჩაღივით ჯვარზე გაკრული ქვეყნის მხსნელის ქადაგება? პავლე მოციქულს ეს მშვენივრად ესმოდა როცა თქვა: „ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს – იუდეველთა საცდურს..“(I კორ. 1.23) რატომ საცდურად? – ისინი ელოდნენ მსოფლიოს დამპყრობელ მესიას. „..ელინთათვის კი – სიგიჟეს“. აბა რა იქნებოდა?! – დამნაშავე ქვეყნის გადამრჩენელიო!

როგორც ჩანს, ქრისტიანობა არ აღმოცენებულა ადამიანური გზებით, მისი ბუნებრივი იმედებით, მისწრაფებებითა და რელიგიური ძიებით. მან დაამტკიცა რაღაც ისეთი, რაც ადამიანური თვალით წარმოუდგენლად და უაზრობად ჩანს. ქრისტიანობის გამარჯვება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლებოდა: თუ იქნებოდა ნამდვილად ზებუნებრივი გამოჩინება. ბევრისთვის ეს დღემდე წარმოუდგენლად რჩება, რატომ არ დაიბადა ქრისტე იმპერატორად? მაშინ ხომ ყველა ირწმუნებდა მას? ეხლა კი როგორი მხსნელია, რა გააკეთა? სიკვდილისგან იხსნა? – მაგრამ ყველანი რომ კვდებიან? დააპურა? – მხოლოდ ხუთი ათასი კაცი! დანარჩენები? ეშმაკეულები განკურნა? – მსოფლიო მასშტაბის ჯანდაცვის სიტემა ხომ არ შეუქმნია? იქნებ ვინმე სოციალური უსამართლობისაგან იხსნა? – მონობა არ გაუუქმებია, თავისი ებრაელი ხალხიც კი რომაელთა ბატონობის ქვეშ დატოვა. მაშ როგორი მხსნელია?

მეეჭვება ვინმემ ილაპარაკოს ქრისტიანობის ადამიანურ წარმოშობაზე ამგვარი ფაქტების წინაშე. აქ ყველაფერი ნათელია. მისი წარმოშობის წყარო სულ სხვაგვარია, მაგრამ როგორ გავიგოთ ეს „სხვაგვარი?“ რატომ არ იყო ის იმპერატორი და რატომ არის ის მხსნელი, თუკი არც დაუპურებია მთელი ქვეყანა და არც გაუთავისუფლებია?  – ეს ცალკეული საკითხებია, მაგრამ მთავარია – ქრისტიანობის ადამიანური წარმოშობა წარმოუდგენელია ჩვენი მსჯელობისეული ლოგიკის ფარგლებში, მაგრამ მხოლოდ ქრისტიანობის წარმოშობის წყაროს შეცნობით შეიცნობა სიცოცხლის წყარო, რაზეც დღეს გვაქვს ლაპარაკი.

სიცოცხლე, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ არსებობა არ არის. რა სიცოცხლეა, თუ ადამიანი იტანჯება? თუ ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი ურჩევნია? ამგვარად, დავაყენოთ საკითხი: რა არის მადლი?

პირველ რიგში, თუ ღრმად ჩავწვდებით საქმის არსს, მადლი უწყვეტად უნდა მომდინარეობდეს. მადლი რომ გვეძლეოდეს და მერე გვერთმეოდეს, ის შუა საუკუნეების კათოლიკეთა წამების ერთ-ერთ სახეობას დაემსგავსებოდა, რომელსაც „იმედით წამებას“ ეძახდნენ. მას შემდეგ, რაც პატიმარს პურსა და წყალს მიუტანდნენ, ის ამჩნევდა, რომ საკნის კარი ღია დარჩენოდათ. ტუსაღი გამოვიდოდა და ფრთხილად მიჰყვებოდა დერეფანს. ირგვლივ არავინ იყო. ხედავდა ნაპრალს, ჩუმად გაივლიდა, მიადგებოდა კიბეს, რომელსაც ზევით, თავისუფლებისკენ უნდა აეყვანა, მაგრამ რა წამს კიბეზე ფეხს აადგამდა, ესმოდა ხმა: „შვილო ჩემო, რატომ გაურბიხარ სულის გადარჩენას?“ – ბოლო წამში ამ გზააბნეული ცოდვილის სულს „შველოდნენ“.  ამბობდნენ, ეს წამება ყველა წამებაზე საშინელიაო.

სიცოცხლე მადლია და მარადიული მადლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა აზრი ექნებოდა? რაღაა მადლი, თუ სიკვდილით დასჯის წინ მიღებული კანფეტივით იქნება? მადლმა ერთიანობაში უნდა მოიცვას ადამიანის მთელი არსება – სულიერი და ხორციელი. ხომ არ შეიძლება, პალოზე დამჯდარი გაიდნის „სამყაროს შექმნის“ ორატორული შესრულებით ტკბებოდე?  მაშ სად არის ეს მადლი? ერთიანი, მარადიული და უწყვეტი?

ქრისტიანები ამბობენ: „ჩვენ არ ვართ ამა სოფლისანი, არამედ ზეციური სამეფოსი“ -ეს არც იდეალიზმია და არც ფანატიზმი. ეს რეალობაა.

ქრისტიანობა გვეუბნება: ამქვეყნიური ცხოვრება გვეძლევა როგორც აღზრდის, სულიერი წინსვლისა და რაც მთავარია, ადამიანის თვითგამორკვევის საშუალება. ამქვეყნიური ცხოვრება წარმავალია, ამქვეყნიური ცხოვრების ჩვენი გემი იძირება და ეს ადამიანის დაბადებიდანვე იწყება. რა იქნება, თუ მის ჩაძირვამდე ქონების მოხვეჭას მოვასწრებ? – გამოვა იმის მსგავსი, რასაც ტურგენევი წერდა „მონადირის ჩანაწერებში“: „ჩვენი ხომალდი საზეიმოდ ეშვება ფსკერისაკენ“.

მადლს აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებას მარადიული სიცოცხლის საშუალება აქვს, თუ ის თავის არსებობას არასოდეს ამთავრებს. უფრო მეტიც, ის არც დამთავრდება და არც მოკვდება. ქრისტიანობა ამბობს ზუსტად ამას, რომ სიკვდილი არ არის ადამიანის არსებობის დასასრული. ეს არის მომენტი, როცა ჭუპრიდან არაჩვეულებრივი პეპელა გამოდის.

ადამიანის პიროვნება უკვდავია. ღმერთი უდიდესი მადლია და მასთან გაერთიანება წყაროა მადლისა, რომელიც ადამიანს აძლევს სიცოცხლეს. რატომ თქვა ქრისტემ თავის თავზე: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე?“(იოანე 14.6). სახელდობრ, ადამიანის ღმერთთან შესაძლო შეერთების მიზეზით. გაამახვილეთ ყურადღება განსხვავებაზე ქრისტიანობისა სხვადასხვა თვალსაზრისებთან, თუ როგორია შეერთება ადამიანისა ღმერთთან.

451 წელს შედგა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების ეპისკოპოსთა შეკრება, რომელზეც დადგენილი იქნა უნიკალური ფორმულა იმის გაგებისა, თუ რა მოხდა ქრისტეს მოსვლით. დადგინდა, რომ მოხდა ღვთაებრივისა და ადამიანური ბუნების შეერთება.

როგორი იყო ეს შეერთება?

ჯერ ერთი – არ იყო შერწყმითი, ანუ ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების შეერთებით არ ჩამოყალიბებულა რაღაც შუალედური.

მეორე – ადამიანი დარჩა შეურეველი, უცვლელი, განუყოფელი ამიერიდან და განუშორებლად. ანუ, მოხდა  ღმერთის შეერთება ადამიანთან, რომელიც შეიცავს ისეთ მწვერვალს შესაძლო ერთიანობისა ღმერთთან, ყოველი ადამიანის პიროვნებისა, რომლითაც ის იძენს სრულყოფილ განვრცობასა და განვითარებას – ანუ, დაუდგება სრულყოფილი ცხოვრება.

თემის სათაურად მოცემული გვაქვს: „ სიცოცხლის წყარო“

ქრისტიანული სწავლებით, „სიცოცხლის წყარო“ არ წარმოადგენს ფილოსოფიას, არც მოსაზრებას. როგორც მოგეხსენებათ, მოსაზრებისათვის ლომებს არავინ დაეგლიჯებინებოდა.

რა თქმა უნდა, სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც აქვთ რაღაც თავისებური წარმოდგენები საკითხებზე, მაგრამ ქრისტიანული მოძღვრების მასშტაბი სცილდება ადამიანური აზროვნების შესაძლებლობებს.

რომის კატაკომბების დათვალიერებისას მითხრეს: – აქ ჩამარხულია ხუთი მილიონი ადამიანი. ეტყობა, მთელი იმპერიიდან აქ მოჰქონდათ გვამები ჩასამარხად. მაგრამ მთავარი ერთია: მილიონობით ადამიანი მიდიოდა სიკვდილზე, როცა გადასარჩენად მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა იყო საკმარისი: „მე არანაირი ქრისტე არ მწამს“ – თქვი ეს სიტყვები და წადი, იცხოვრე შენთვის წყნარად და იხარე. მაგრამ არა! არ ამბობდნენ! რა თქმა უნდა, მოსაზრების გულისათვის არავინ წავიდოდა სიკვდილზე, არც წარმოსახვისათვის დაიტანჯავდა თავს ვინმე, არამედ მხოლოდ რწმენისათვის, ადამიანის მიერ უშუალოდ დანახულიდან, გამომდინარე რწმენისათვის და მადლის განცდისათვის, რომლისკენაც ის მიისწრაფვოდა.

ამასთან, როგორს ხდიდა ადამიანს ქრისტეს რწმენა?

ეს ქრისტიანები მართლაც წმინდანები იყვნენ, მათთან მიდიოდა ხალხი, იღებდა სულიერ ნუგეშს, ისინი გარშემო აჯანსაღებდნენ საზოგადოებას, იყვნენ სიჯანსაღისა და სინათლის მასხივებელნი. ისინი არ ყოფილან მეოცნებენი და ფანტაზიორები, არც იდეაფიქსით შეპყრობილები – ისინი იყვნენ ჯანსაღი ადამიანები, ზოგ შემთხვევაში, ფართოდ განათლებულებიც, რომლებიც თავისი სიწმინდით მოწმობდნენ, რომ შეეხნენ სიცოცხლის წყაროს.

პროფესორი ალექსი ოსიპოვი

სპეციალურად გვერდისთვის თარგმნა, რუსთავის მე-17 დაწესებულების პატიმარმა,
ზურაბ გორგაძემ.
წყარო