You are currently viewing «სიკვდილის ცოდნის (ხსოვნის) მადლი»

«სიკვდილის ცოდნის (ხსოვნის) მადლი»

Download article eBook

  წიგნიდან: „ღმერთი როგორიც არის“

  თავი I

„სიკვდილის ცოდნის (ხსოვნის) მადლი“

მას შემდეგ, რაც ხუთი ათეული წელი გავიდა, შეუძლებელია მეხსიერებაში თანმიმდევრულად აღვიდგინო მოვლენები, რომლებიც ჩემს შინაგან სამყაროში მიმდინარეობდა. გონების თვალით შეუძლებელია შეიცნო სულის მოძრაობა. თავად უფალმა უთხრა ნიკოდიმოსს: „ქარი სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც“ (იოან. 3:8[1]). მოცემულ შემთხვევაში ჩემი აზრები იმ ზოგიერთი მტკივნეული და სასოწარკვეთილი მდგომარეობის გარშემო ტრიალებს, რომელიც შემდგომში შეცნობის მეტად ფასეულ თავგადასავლად და ისეთი ძალების მამოძრავებელ წყაროდ გადაიქცა (რომელიც მომავალი დიდი საქმეების დაძლევაში დაგვეხმარება), რომ იმ დიდი საქმეების განხორციელებაში დაგვეხმაროს, რაც წინ გველოდება. ჩემ მიერ განვლილი გზა ჩემი ცხოვრების სხეულს საჭრეთელით ამოტვიფრული ღარებივით ატყვია და სწორედ ეს მაძლევს საშუალებას ვისაუბრო იმის შესახებ, რასაც ჩემგან ღმერთის მარჯვენა ქმნიდა.

მარადისობის შესახებ ფიქრმა ჩემს სულში თავისი ადგილი ჯერ კიდევ მოზარდობის ჟამს დაიმკვიდრა. ერთი მხრივ, ეს იყო ცოცხალი ღმერთისადმი, ვისთანაც ჩემი წინაპრები წავიდნენ, ბავშვური ლოცვის ბუნებრივი გამოძახილი; მეორე მხრივ – ბავშვები, ვისთანაც მე მაშინ მქონდა ურთიერთობა, გულუბრყვილო ხალისით აყოვნებდნენ თავის გონებას და სრული სერიოზულობით ცდილობდნენ შეეცნოთ უკვდავების საიდუმლო. ვიზრდებოდი და უსასრულობის, ანუ იმის შესახებ, რაც ყოველთვის მყოფობს, ანუ არსებობს, სულ უფრო მეტად ვფიქრობდი; ფიქრები ჩემს ძმასთან ნიკოლაისთან (1898-1979) საუბრებით გრძელდებოდა. ნიკოლაი ჩემზე ოდნავ უმცროსი იყო და ჩემზე უფრო საინტერესოდ აზროვნებდა. მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე. როდესაც პირველი მსოფლიო ომი (1914-1918) დაიწყო, ჩემთვის მარადისობაზე ფიქრი მთავარ საკითხად გადაიქცა. ფრონტზე ათასობით მოკლული უდანაშაულო ადამიანის შესახებ მოსული ინფორმაცია ტრაგიკული სინამდვილის პირისპირ მაყენებდა. შეუძლებელი იყო იმასთან შეგუება, რომ, თურმე, ახალგაზრდა სიცოცხლე შეიძლება ძალადობამ გაანადგუროს. ამას ისიც ემატებოდა, რომ მთელი ეს პროცესი არაადამიანური დაუნდობლობით და სისასტიკით ხორციელდებოდა. მეტად სავალალო იყო, რომ მეც მათ შორის შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავი; ამ შემთხვევაში ჩემი მთავარი მიზანი ჩემთვის უცნობი ადამიანების მკვლელობა უნდა გამხდარიყო, ხოლო ეს ადამიანები, თავის მხრივ, რაც შეიძლება სწრაფად ჩემს განადგურებას შეეცდებოდნენ. აქ ჩნდებოდა კითხვა: თუ ბოროტი მთავრობების ნებით მოვლენები ასე შეიძლება ვითარდებოდეს, რაღა აზრი აქვს ამქვეყნად ჩვენს გაჩენას? რა მიზანი აქვს ჩემს გაჩენას? მე ხომ ჯერ ახლახან დავიწყე ჩემი პიროვნების ადამიანად შეგრძნება: ამ დროისათვის ჩემში თავისთავად ახალგაზრდული ბუნებისათვის დამახასიათებელმა კეთილქმედებების ცეცხლმა დაიწყო გიზგიზი; მეუფლებოდა ნათელისა და საყოველთაო ცოდნის დაუფლების დაუოკებელი სურვილი. ამ დროს კი თურმე მე, ახალგაზრდამ და სიცოცხლით სავსემ, ყველაფერი უნდა დავთმო. თან, თურმე უნდა დავთმო, და დავთმო, აი, ამგვარად! ვის, რის გამო უნდა დავუთმო ყველაფერი? რა ფასეულობების სანაცვლოდ უნდა მოვიქცე ასე?

ბავშვობის ლოცვებიდან ვიცოდი, რომ წინა თაობები ამქვეყნიურ ცხოვრებას ღმერთის იმედით ტოვებდნენ; მაგრამ მაშინ, როდესაც მე ამ ლოცვებს ვკითხულობდი, ჩემში ბავშვური რწმენა ღვიოდა. მე მჯეროდა, რომ ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანის სიცოცხლე, ღმერთის დახმარებით, ჩემი ცხოვრებაც მარადიულია და სიკვდილი სადღაც შორს, გადაკარგულშია… მაგრამ თუ ყველა ჩვენგანი არყოფნის ბნელეთში უნდა დაინთქას? ეს კითხვა, უწინდელი წყნარი ფიქრის საპირისპიროდ, ახლა უკვე უსახო გავარვარებული მეტალის სახეს იძენდა. მე ვიგრძენი, რომ გულის სიღრმეში უცნაური, ყოველგვარი მიწიერებისგან გაქცევის სურვილი ჩამისახლდა. ამ გრძნობაში რაღაც ახალი და შეუცნობელი იმალებოდა.

ერთი შეხედვით, მე მშვიდად გამოვიყურებოდი; ხშირად მხიარულადაც ვიცინოდი; ვცხოვრობდი ისე, როგორც ყველა. ჩემს გულში რაღაც მამშვიდებელი ხდებოდა; ამიტომ ყოვლად მიმნდობი გონი გულს უმზერდა. ჩემი ქვეყნის უკიდეგანო სივრცეებს უზარმაზარი სახნისი სერავდა; ეს ძალა წარსულის ყოველგვარ ფესვს დაუნდობლად გლეჯდა და ანადგურებდა. მთელი ხალხი ერთიანად, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებით მოქმედებდა; ირგვლივ ადამიანურ ძალებზე აღმატებული დაძაბულობა შეიგრძნობოდა. ვისაც შეეძლო ეს დაენახა, ხედავდა, რომ უცნაური დაძაბულობა კაცობრიობის ახალი ერის მომასწავებელი მოვლენების მიმანიშნებელი უნდა ყოფილიყო. ჩემს სულს ასეთი მოვლენები არ იზიდავდა და მიმდინარე პროცესების ანალიზი ჩემს გონებაში თავის ადგილს ვერ იკავებდა. გარშემო ბევრი რამ ინგრეოდა, მაგრამ ყველაფერზე ინტენსიური ჩემი შინაგანი რყევები იყო, უფრო მეტიც – ეს უკანასკნელი მე გაცილებით უფრო მაინტერესებდა.

ვიკითხავთ: რატომ იყო ასე? მე იმ დღეებში ლოგიკური აზროვნების უნარი დაკარგული მქონდა. ჩემი აზრები ჩემს შიგნით იბადებოდა და ისინი ჩემი სულიერი მდგომარეობის შესაბამისი სახის მატარებლები იყვნენ. თუ მე უნდა მოვმკვდარიყავი, ანუ „არაფრად“ უნდა ვქცეულიყავი, მაშინ ყველა დანარჩენი, ჩემი მსგავსი ადამიანებიც უკვალოდ უნდა გამქრალიყვნენ… ასე რომ ყველაფერი ამაოება ყოფილა… როგორც ჩანს, ჭეშმარიტი ცხოვრება ჩვენთვის არავის უბოძებია. შესაბამისად, მთელი ეს მსოფლიო თავისი თავბრუდამხვევი მოვლენებით სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის ბოროტად გამასხარავება.

ჩემი სულის ტკივილების მიზეზი მაინც გარე კატასტროფები იყო, და მეც, ამ კატასტროფებს ბედთან ვაიგივებდი. მიმაჩნდა, რომ ყველაფერი, რაც მე შევიცანი და რაც ყოფითად ჩემთან იყო დაკავშირებული, ჩემი სიკვდილით მთავრდებოდა. ეს უკვე მხოლოდ ომით გამოწვეული შეგრძნება აღარ იყო. ის, რომ მე გარდაუვალი სიკვდილი მელოდა, უსასრულოდ მცირე მნიშვნელობის მოვლენად აღარ აღიქმებოდა, ანუ ეს უბრალოდ „ერთით ნაკლების“ შთაბეჭდილებას აღარ ტოვებდა. ჩემში და შესაბამისად ჩემთან ერთად კვდებოდა ყველაფერი, რასაც ჩემი ცნობიერება მოიცავდა: ახლობელი ადამიანები, მათი გაჭირვებები და სიყვარული, მთელი ისტორიული პროცესები, მთელი დედამიწა, მზე, ვარსკვლავები და თვალუწვდენელი სივრცეები; თავად ყოველივე ამის შემოქმედიც კი ჩემთან ერთად უნდა მომკვდარიყო და მთელი ყოფიერება დავიწყებას უნდა მისცემოდა. მე მაშინ ჩემი სიკვდილი ასე მესმოდა. იმ ეტაპზე ჩემი სული მიწიერებას მოსწყდა და მე რაღაც ბნელ სივრცეში აღმოვჩნდი; ეს იყო ახალი გარემო, სადაც დრო სრულებით არ მოქმედებდა.

ამ ახალ საუკუნო არარაობას თან სდევდა ცნობიერების დახშობის მსგავსი შიშის სევდა. ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ეს განცდა ჩემს გრძნობებს ეუფლებოდა და გულს მიმუსრავდა. ის, რაც ხდებოდა, მუდმივად მახსენებდა, რომ მსოფლიო ისტორიის აღსასრული გარდაუვალი იყო. ბნელეთის უფსკრულის შეგრძნებისაგან შვებას მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში ვგრძნობდი. სიკვდილის შიში თანდათან ძლიერდებოდა და ბოლოს სამყარო, მთელი ჩვენი სამყარო ისეთ მირაჟად აღვიქვი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლებოდა უსასრულობის სიცარიელეში ჩაკარგულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ მსურდა ამ შეგრძნებებისაგან თავი დამეხსნა, თანდათან სხვა, არამიწიერი, ამოუხსნელი რეალობა მეუფლებოდა. ბრწყინვალედ მახსოვს: როგორც ყველა, მეც ცხოვრებისეული ყოველდღიურობით ვიყავი დაკავებული, მაგრამ ხანდახან ფეხქვეშ მიწას ვეღარ ვგრძნობდი, ამ დროს თვალით ყველაფერს კარგად ვხედავდი, მაგრამ სულით უძირო უფსკრულს დავტრიალებდი. ამ უცნაურობას შემდეგ ახალი, არანაკლებ მძიმე უცნაურობა დაემატა: ჩემს წინაშე არაცნობიერი წინააღმდეგობა აღიმართა. ამ სიახლემ ჩემზე ტყვიის სქელი კედლის შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კედელი რეალური არ იყო, ის მაინც არანაირ ნათელს: არც გონივრულს და არც ფიზიკურს – ჩემამდე არ ატარებდა. ეს კედელი ყოველთვის ჩემს თვალწინ იდგა, მე მას ვერსად ვემალებოდი და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ამ ბნელი ძალის გამო ვითრგუნებოდი.

ჩემს გარშემო ომი, ავადმყოფობა და მსგავსი ათასი უბედურება ხდებოდა, მაგრამ საკუთარი პიროვნების რომელიმე დღისათვის სიკვდილმისჯილად აღქმა – ჩემთვის მაინც აუტანელი იყო და ამასთან შეგუება ჩემთვის შეუძლებელი იყო. და აი, იმის მიუხედავად, რომ მე მიზანმიმართულად არაფერი მსგავსის შესახებ არ მიფიქრია, ჩემს გულში მოულოდნელად ასეთი აზრი შემოიჭრა: თუ ადამიანს შეიძლება ამგვარი განცდები ჰქონდეს, მაშინ ის, თავისი ბუნებით, უდიდესი არსება ყოფილა. ის ფაქტი, რომ მისი სიკვდილის გამო მთელი სამყარო და ყველაფრის შემოქმედი ღმერთიც კი კვდება, განა იმის მტკიცებულება არ არის, რომ გარკვეული თვალსაზრისით, თავად ადამიანია სამყაროს ცენტრი? მთელ სამყაროში ღმერთისთვის, რა თქმა უნდა, სწორედ ეს არსება უნდა იყოს ყველაზე ძვირფასი ქმნილება.

უფალმა იცის, რომ მე მისი მადლიერი ვარ. მან მე დამინდო და სანამ მე მეფედ მომიწოდებდა, ყველაფერი წინასწარ განამზადა და განახორციელა, თუნდაც „ბუნდოვნად“ (შეადარეთ იოანე ოქროპირის ლიტურგიის კანონის დასაწყისს და 1 კორ. 13:12[2]). ო, ამ მადლმოსილი, ღმერთთან შეხვედრის მომენტის საშინელებავ! არავის ძალუძს, მასთან მიმავალ გზაზე თავად გაიაროს ეს საცდურები. ეს ფიქრები იმ კოსმონავტს მახსენებს, რომელიც „მიწას“ სასოწარკვეთილი მოუწოდებდა, როგორმე იმ კოსმოსურ სივრცეში მიახლოებული სიკვდილისგან გადაერჩინათ; რადიომიმღებში სულ უფრო მეტად ძლიერდებოდა მისი ხმა, მაგრამ დედამიწიდან მისი შველა არავის შეეძლო. ვფიქრობ, გარკვეული თვალსაზრისით, პირობითი პარალელიც შეიძლება გავავლოთ ჩემს შეგრძნებებთან, თუმცა სხვადასხვა იყო, რასაც საცოდავი კოსმონავტი განიცდიდა და რასაც მე ვგრძნობდი. როდესაც ჩემი შეგრძნებებით ბნელი უფსკრულისკენ მივექანებოდი, მაშინ ჩემი სული მიწისკენ კი არ იყო მიმართული, მე იმისკენ მქონდა გულისყური, ვისაც ჯერ კიდევ არც კი ვიცნობდი, მაგრამ ვის არსებობაშიც ღრმად ვიყავი დარწმუნებული. მე არასოდეს მენახა იგი, მაგრამ რაღაცნაირად ის ჩემთან იყო. მე გაუაზრებლად მესმოდა, რომ მას ჩემი გამოხსნა შეეძლო. ჩემმა გონებამ სულით იცოდა, რომ მისით არის აღვსილი მთელი სამყარო, მაგრამ ჩემთვის ის დაფარული იყო. მე ვხედავდი სიკვდილს, მაგრამ არა სხეულებრივს, არა მიწიერს. რასაც მე ვხედავდი, ეს იყო მარადიულობაში ჩაძირული სიკვდილი.

ამგვარად: ჩემში „მინუსის ნიშნით“ ცხადდებოდა სიღრმობრივი ყოფიერება. მატერიალური სამყარო – თავის კონსისტენციას, ხოლო დრო თავის ხანგრძლივობას და ქმედითობას კარგავდა. მე იმის გამო ვიტანჯებოდი, რომ არ მესმოდა, რა ხდებოდა ჩემში. იმ დროს არანაირი ცოდნა არ მქონდა ეკლესიის მამების გამოცდილებისა და სწავლების შესახებ. ამ მნიშვნელოვან საკითხებში გაუთვითცნობიერობლობის გამო მე გამიტაცა არაქრისტიანული აღმოსავლეთის მისტიკურმა ფილოსოფიამ. ორმოდან, რომელშიც ჩემი უგუნურობის გამო აღმოვჩნდი, გამოსავლის ძებნა ამ სწავლებებში დავიწყე. საუბედუროდ, საკმაოდ დიდი დრო მოვახმარე ამ უაზრობას. ერთი სიტყვით, ჩემი ამპარტავნება საკმაოდ დიდხანს დამახეტიალებდა უაზრო სივრცეში და ამ დროის მანძილზე ჩემი სულიდან არაერთხელ შევიგრძენი ღვთის მადლის გასვლა. ხანდახან ვფიქრობ: აი, თურმე სულიერი უმეცრება რა დიდი უბედურებაა… მაგრამ ჩემს შემთხვევაში ამ უმეცრებამ, ღვთის წყალობით, ისეთი მნიშვნელოვანი სიკეთე მარგუნა, როგორიც არის სიკვდილის შეგრძნების მადლი. ამ სიკეთეს წმინდა მამები ძალიან მაღალ შეფასებას ანიჭებენ. და მართლაც, როდესაც წმინდა ასკეტების ნაშრომებს გავეცანი, რომლებიც ამ ნიჭს უგალობდნენ, მაშინ ჩემში გაჩნდა საშიშროება დამეკარგა ისეთი მნიშვნელოვანი შენაძენი, როგორიც ჩემი პიროვნების არარაობის შეგრძნება იყო.

ხოვრების იმ რთულ, მაგრამ დაუვიწყარ პერიოდში ჩემი შემოქმედის მიმართ მგმობელი ფიქრების გამო მრავალგზის გამოვიცადე. მე არ მესმოდა, რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში და ამიტომ ღმერთს ვუპირისპირდებოდი. მე მაშინ უფალი მტრულად განწყობილ მბრძანებლად წარმომედგინა: „ვინ იყო ის, ვინც მტრული ძალებით, არაფრისაგან მე გამომიხმო?“ (პუშკინი). ადამიანები ერთი ბუნებრივი ძირიდან არიან ამოზრდილნი და ამიტომ ჩემს პირად განცდებს ზოგადსაკაცობრიოდ მივიჩნევდი. ჩემი მოკლე ჭკუა იმ უადგილო საჩუქრის გამო, რასაც ამქვეყნიური ცხოვრება ჰქვია, ყველა „შეურაცხყოფილის“ ნაცვლად იყო „ამბოხებული“. რადგან დაწერილია: „მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე“ (დაბ. 3:17[3][[3]ძვ.ქართ.: ,,წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა“.ამედო… თავში სხვა მრავალი იდიოტური აზრიც მიტრიალებდა, მაგრამ ყველაზე უკიდურესი და მძიმე, მგონი, ეს აზრები იყო. საბედნიეროდ, ამგვარი მწარე განცდები ჩემს გულში უფრო ღრმად არასდროს შემოჭრილან: ჩემი გული უბრალოდ დაკავებული იყო. სადღაც სულში კი ყოველთვის ისეთი იმედი სუფევდა, რომელიც ყოველთვის ყოველგვარ სასოწარკვეთილ პარადოქსიზმზე შორს მიდიოდა. მუდმივად იდგა საკითხი: საიდან სუფევს ჩემში სიკეთის არსებობის იდეა? თუ არა სიკეთეში ყოვლისშემძლე, სხვა ვინ შეიძლება იყოს ამის მიზეზი? და ამიტომ ჩემი შინაგანი ყური ყოველთვის რეალურზე და ამავდროულად შეუცნობელზე იყო კონცენტრირებული.

ვერასოდეს შევძლებ სიტყვით გამოვხატო იმ დღეების თავისებური სავსება და სიუხვე, როდესაც უფალმა, ჩემი პროტესტების მიუხედავად, თავისი ძლიერი მკლავით და თითქოს მრისხანებითაც, ამიტაცა და მის მიერ შექმნილი სამყაროს უსასრულობაში დამნთქა. რაც არ უნდა ითქვას, ეს ყველაფერი მაინც სიმკაცრეს ჰგავდა, მაგრამ ამ გზით ჩემთვის სხვაგვარი ყოფის ჰორიზონტებმა გამოანათა. მათთან შეუგუებლობის გამო ჩემ განცდებთან დაკავშირებული პერიპეტიები მძიმე ხასიათს ატარებდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო „აგონიაში გასეირნება“.

გერმანიასთან ომი რუსეთისათვის სამწუხარო დასასრულისკენ ვითარდებოდა. ამ პერიოდში უკვე ახალი, ბევრი თვალსაზრისით საერთაშორისოზე უფრო მძიმე, სამოქალაქო ომი დაიწყო. ადამიანის ყოფიერების ტრაგიზმი ჩემს პიროვნულ სულში შეიზარდა და სადაც არ უნდა ვყოფილიყავი სიკვდილზე ფიქრი არ მტოვებდა. გახლეჩას უცნაურად შევიგრძნობდი: ჩემი სული ისეთ შეუცნობელ სფეროში იყო მიქცეული, რომლის სიტყვებით გამოხატვა ყოვლად შეუძლებელია, ხოლო ჩემი ცნობიერება და სამშვინველი თავისი ყოველდღიურობით იმგვარ ყოფაში იყო, როგორითაც ყოველი ადამიანია დაკავებული.

მე ვაჩქარებდი ჩემს ყოფნას: ყოველ საათს ვუფრთხილდებოდი, ვცდილობდი არა მხოლოდ ხელოვნებაში, არამედ ყველაფერში მაქსიმუმი შემეცნო; ჩემს ვრცელ და მშვიდ ატელიეში ბევრს ვმუშაობდი როგორც ფერმწერი. რამდენიმეჯერ ვიმოგზაურე რუსეთსა და ევროპაში; თვეობით ვცხოვრობდი იტალიასა და გერმანიაში, ბოლოს საფრანგეთში დავსახლდი. ვხვდებოდი ბევრს, ძირითადად ხელოვნებასთან დაკავშირებულ ადამიანებს, მაგრამ არასდროს არავისთვის იმ „პარალელური“ ცხოვრების გამო, რაც ჩემს სულში ხორციელდებოდა, სიტყვა არ მითქვამს: ასეთი გახსნილობისკენ შინაგანად არაფერი მიბიძგებდა. ის, რაც ხდებოდა, ჩემზე უფრო მაღალ საწყისთან იყო დაკავშირებული და პროცესები ნების მიღმა, ანუ ჩემი ინიციატივის გარეშე ვითარდებოდა: მე არ მესმოდა ეს ყველაფერი, იმას კი ვგრძნობდი, რომ სიწმინდესთან მქონდა შეხება.

მე მიპყრობდა ხილული სამყაროს ბრწყინვალება და მისივე აღქმის უცნაურობა. ის, რაც სათუთი გრძნობების შეცნობის საშუალებას მიქმნიდა, ჩემი შემოქმედებითობა იყო, აქ მე უჩინოს და დროის მიღმიერს ვესწრაფოდი. ბოლოს დადგა წუთები, როდესაც ჩემში მხატვრის გატაცებებმა სიკვდილის გაძლიერებულ შეგრძნებებში ჩაძირვა დაიწყო. ბრძოლა არც ხანმოკლე და არც მსუბუქი არ აღმოჩნდა. ორმხრივი ბრძოლის ველს თავად მე წარმოვადგენდი: სიკვდილის ცოდნის მადლი დედამიწისკენ არ მექაჩებოდა, ზემოთ, მაღალი სფეროებისკენ მიხმობდა, ხოლო შემოქმედებით პროცესს თითქოს რაღაც უცნაურად ტრანსცენდირებულ მიწიერებასთან და ამავე დროს ამაღლებულსა და უსასრულოსთან სურდა შეხება. ყველა მცდელობა ამაო იყო: აშკარად ჩანდა უთანასწორობა და ჩიხური მდგომარეობა. ბოლოს მაინც ლოცვამ გაიმარჯვა. საკუთარი პიროვნება დროებითობაში მოქცეულ ფორმასა და მარადისობის სივრცეს შორის მყოფად შევიგრძენი. ეს მარადისობა ჩემსკენ თავისი „უარმყოფელი“ სახით იყო მობრუნებული: ყველაფერი სიკვდილით იყო შეფუთული.

აქ შეუძლებელია ყველა იმ ფორმაზე საუბარი, რაც განჭვრეტილი ყოველგვარი სიცოცხლის გაქრობის სახით ჩემსავე სულში იბეჭდებოდა. აშკარად მახსოვს იმ დღეებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი შეგრძნება: „ვუზივარ მაგიდას, ვკითხულობ; თავი ხელებში მაქვს ჩარგული, მოულოდნელად ჩემს ხელებში თავის ქალას ვგრძნობ და მე ამ ქალას გარედან გონების თვალით ვათვალიერებ. ფიზიკურად მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა და საკმაოდ ჯანსაღი ვიყავი. არ მესმოდა ჩემში მიმდინარე მოვლენების შინაარსი და ამიტომ განცდებიდან, რომლებიც ჩემი მშვიდი შემოქმედებითი პროცესისათვის, ჩემი აზრით, მავნებელი იყო, თავის დახსნას ვლამობდი. მე მშვიდად ვეუბნებოდი საკუთარ არსებას: „დაწყნარდი, შენს წინაშე მთელი ცხოვრებაა; დაახლოებით ორმოცი, შესაძლებელია, ორმოცდაათი წელიც… მერე?“ ჩემდაუნებურად პასუხიც არ აყოვნებდა: „ათასი წელიც რომ იყოს… რა მერე?“ ჩემს ცნობიერებაში ეს ათასი წელიც სწრაფად, ჩემი თვალსაზრისის ჩამოყალიბებამდე ქრებოდა.

ყველაფერი ხრწნადი ჩემთვის უფასურდებოდა. როდესაც ადამიანებს ვაკვირდებოდი, უწინარეს ყოვლისა, მათზე სიკვდილის ძალას და მათში მოკვდავობის ნიშანს ვხედავდი. მე განვიცდიდი და გული თანაგრძნობით მევსებოდა. „მოკვდავებზე“ არც ძალაუფლებას ვესწრაფოდი და არც სიყვარულს ველოდი „მოკვდავებისგან“. მძულდა მატერიალური ფასეულობები და პატივს არც ინტელექტუალურს მივაგებდი, ჩემში აღძრულ კითხვებს ვერც ერთი და ვერც მეორე ვერანაირად ვერ პასუხობდა. ამ დროს ჩემთვის ბედნიერი ცხოვრებით უზრუნველყოფილი საუკუნეები რომ შემოეთავაზებინათ, უარს ვიტყოდი. ჩემი სული მარადისობის ძიებით იყო დაკავებული. მარადისობა… როგორც შემდეგ გაირკვა, მარადისობა ჩემს წინაშე იყო და ჩემი გარდაქმნის პროცესს ახორციელებდა. მე ბრმა და უგუნური ვიყავი. მარადისობა სულის კარზე მიკაკუნებდა, ხოლო შიშით შეპყრობილი ჩემივე სული საკუთარ თავში იყო ჩამძვრალი. ეს უცნაური მდგომარეობა იოანეს გამოცხადებიდან მაცხოვრის ერთ მოწოდებას მახსენებს. უფალი ბრძანებს: „გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო. ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე. აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის – ჩემთან“ (გამოცხ. 3:18-20[4]).

მე ღრმა განცდებში ვიყავი ჩაფლული. გამოსავალს ლოცვის გარდა ვერაფერში ვხედავდი. ლოცვა ამ დროს ჩემში თავისთავად გამოვლინდა; ეს იყო ლოცვა შეუცნობლის, უფრო სწორად, ჩემს მიერ დავიწყებულის მიმართ. მგზნებარე, ბუნებრივმა ლოცვამ მე თავის წიაღში გამიტაცა და მრავალი წლის მანძილზე არც სიზმარში და არც ცხადში არ მივუტოვებივარ. ხანგრძლივი იყო ჩემი თვითგვემაც. მე დავცარიელდი, დაიშრიტა ჩემი ძალები. ამ დროს ძალიან მოულოდნელად ჩემს წინ არსებული სქელი ტყვიის კედელი წვრილმა ნემსმა გააპო და წვრილ ღრიჭოში უფლის შუქმა შემოანათა.

ხშირ შემთხვევაში ავადმყოფმა არ იცის, რა დაავადებითაა შეპყრობილი, ექიმს თავისი სუბიექტური შეგრძნებების შესახებ უყვება და მისგან ობიექტურ დიაგნოზს ელის. მეც სწორედ ასე, ჩემი „სუბიექტური“ განცდების შედეგად დაგროვებული გამოცდილების ისტორიას მოგითხრობთ.

moni-varlaam-meteora_04 (1)

სიკვდილის ცოდნა (ხსოვნა) ჩვენი სულის გამორჩეული მდგომარეობაა და ის არაფრით არ ჰგავს არცერთ სხვა ცოდნას იმის შესახებ, რომ რომელიმე დღეს ჩვენ უნდა მოვკვდეთ. სიკვდილის ცოდნის საოცარი ძალა ჩვენს სულს მიწიერების მორჩილებისგან ათავისუფლებს. ამ დიდი მადლის შესახებ წმინდა მამათა სწავლებაში ამოვიკითხე. ეს არის ზეცით მოსული ძალა და ის ვნებებზე მაღლა გვაყენებს, გვათავისუფლებს წუთიერი შეგრძნებების და გატაცებების ტყვეობიდან. სიკვდილის ცოდნა, თუნდაც ნეგატიური ფორმით, მაგრამ მაინც ბუნებრივ წმინდა ცხოვრებასთან გვაზიარებს. ეს ცოდნა მარადისობასთან გვაერთიანებს.

სიკვდილის ცოდნით ჩვენ ვღებულობთ უვნებო ყოფის გამოცდილებას. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ღმერთის სრულფასოვანი სიყვარული; ღმერთის სიყვარულს ნამდვილი უარყოფითი, ანუ სიყვარულის საპირისპირო მხარე არ გააჩნია. ღმერთის სიყვარული აღკვეთს ვნებების ძალას, რის შედეგადაც მთლიანად იცვლება ჩვენი ცხოვრების ძირითადი თავისებურებები და ნივთთა ბუნება. სიკვდილის ცოდნა, ამ ცოდნის განცდა, სამყაროს დასრულების მტკიცებულებაა. ადამიანი ღვთის ხატია და უსასრულოა, მას საკუთარ არსში ღმერთიც შეუძლია დაიტიოს და მთელი ღვთის ქმნილი უსასრულობაც. სწორედ ეს არის ჩვენში ღვთის მიერ ბოძებული იპოსტასური პრინციპის კონკრეტიზაციის დასაწყისი. ეს ცოდნა ჩვენს სულს ქრისტიანობის უფრო რეალური აღქმისათვის და იმ ღვთისმეტყველებისათვის ამზადებს, რის საფუძველშიც სხვაგვარი ყოფიერების გამოცდილება გამოვლინდება.

როდესაც სიკვდილის ცოდნის ძალით მთელმა ჩემმა არსებამ მარადიულ სივრცეში გადაინაცვლა, მაშინ, ჩემს ბავშურ ძიებებს, ანუ ხელოვნებით გატაცებას, რასაც მე უბრალოდ ვემონებოდი, ბუნებრივი წერტილი დაესვა. სავალალო და ვიწროა ჩვენი რწმენის თვალსაწიერი: როდესაც გვემული გონი დროის მიღმიერ ინტესივობაში გაირინდება, მთელი ჩვენი მიწიერი ცხოვრების სახის – ჩვენი სხეულის დაღარულობა, ყველა დონეზე, სწორედ მაშინ გამოვლინდება. ამ ყოფითობის ჭვრეტის სანაცვლოდ, გულის სიღრმეში უკვე მზად გვაქვს უჩვენოდ ქმნილი აზრები; ამ აზრებში ღმერთთან შემდგომი მიახლოების წინაპირობაა დაუნჯებული. ეს უდიდესი მადლი ჩვეულებრივი სიტყვებით არ გამოითქმის. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მისი აღქმისთვის საჭირო ნიჭის ასიმილირება ყოველმხრივი ქანცგამოლეულობის შემდეგ ხდება. მხოლოდ ამის შემდეგ სავსებით მოულოდნელად გამოჩნდება ყველა ჭრილობის განმკურნებელი – უქმნელი შუქი. ამ ნათლით განათებულ „ვიწრო“ ბილიკზე განვლილი გზა ადამიანს დამაშვრალ ქრისტეს მიამსგავსებს, რის შემდეგაც მას ებოძება ღმერთის ძეობა.

იმის შესაბამისად, რამდენადაც აბსოლუტური ყოფიერება განგვიცხადდება, სულ უფრო მეტად აღვიქვამთ ჩვენს არარაობას და უწმინდურებას. ეს შეგრძნება მძიმე გადასატანია. თუმცა ვწუხვარ, რომ ღრმა სიბერეში ნეტარების შეგრძნება ჩემში შენელდა. უფალმა მომმადლა მისი წყალობის ნაკადთა გარემოცვაში მეცხოვრა, მაგრამ მე არაფერი მესმოდა: მიუხედავად ამისა მან საბოლოოდ ბნელში მაინც არ მიმატოვა. ღმერთში ყველაფერი განსაკუთრებულადაა: უფალმა ნეტარი სილუანეს ფეხთით დამაყენა, და ამ მიყვანებამ მე აშკარად დამანახა, რომ მთელი ჩემი განვლილი გზა და ამ გზაზე ნაფიქრალი მისი სწავლების მისაღებად საჭირო სამზადისი იყო.
ნეტარი იყოს სახელი უფლისა უკუნითი უკუნისამდე.

 არქიმანდრიტი სოფრონ სახაროვი
თარგმნა: როლანდ-რომილე ჩხეიძემ

 თავი II – «ღვთისმოშიშების შესახებ»
თავი III –  «სინანულისა და აღსარების შესახებ»
თავი IV – «აღსარებისა და სულიერი ბრძოლის შესახებ»
თავი V – «სულიერი მგლოვარების შესახებ»
თავი VI – «შეურყეველის ძიებაში გამოვლენილი მერყეობები»
თავი V –  „კურთხევაა იცოდე გზა“ (I ნაწილიII ნაწილი; III ნაწილი)
თავი VIII – «შეჯამებული სულიერი ცხოვრება»
თავი IX – «სულიერი თავისუფლების შესახებ»
თავი X – «შთაგონების შესახებ»
თავი XI – «დამაშვრალობისა და ღვთისაგან მიტოვების შეგრძნების შესახებ»
თავი XII – «თვითსიძულვილამდე სიყვარულის შესახებ»
თავი XIII – «უქმნელი ნათლის შესახებ»
თავი XIV – «პიროვნული საწყისები ღვთაებრივ მყოფობასა და ადამიანურ ყოფნაში»
თავი XV – «ლიტურგიული ლოცვა»
თავი XVI – «ლიტურგიული ენა»
თავი XVII – «გეთსიმანიის ლოცვა»
თავი XVIII – «ლოცვა, რომელშიც ღმერთი-ჭეშმარიტება ვლინდება»