You are currently viewing «სულიერი მგლოვარების შესახებ»

«სულიერი მგლოვარების შესახებ»

Download article eBook

    წიგნიდან: „ღმერთი როგორიც არის“

 I თავი – «სიკვდილის ცოდნის (ხსოვნის) მადლი»
ΙΙ თავი – «ღვთისმოშიშების შესახებ»
ΙII თავი – «სინანულისა და აღსარების შესახებ»
IV თავი – «აღსარებისა და სულიერი ბრძოლის შესახებ»

 V თავი

„სულიერი მგლოვარების შესახებ“ 

„ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ” (მათე 4:5). აი, ჩემს გულს ბრძოლაში ვხედავ, მაგრამ როგორ მოვუთხრო თანამოძმეებს იმ წმინდა მგლოვარების შესახებ, რომელსაც განვიცდი? ჩემთვის წინასწარ არის ცნობილი, რომ ისინი ზრდასრული ადამიანისგან ყოველგვარ ტირილს და გლოვას სამარცხვინოდ მიიჩნევენ. მართლაც, სასირცხვოა ტირილი, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე წარმავალ საკითხებს: კარიერას, ქონებას, პრივილეგიებს, სოციალურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას და სხვა ამგვარ საკითხებს შეეხება. მაგრამ მგლოვარება, რომლის შესახებაც უნდა გესაუბროთ, ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას ეხება: ამ მგლოვარებაში ყოფიერების სხვა სიბრტყე იგულისხმება. ასეთი მგლოვარება და ტირილი ჩვენში მხოლოდ მაშინ აღიძვრება, როდესაც ღმერთის სრულიად წმინდა სული შეგვეხება. წარმოიდგინეთ: უფალი გვეწვია… გული უხრწნელი სიყვარულით აღგვივსო, ხოლო გონებას ახლებურად ხედვის ნიჭი მიანიჭა… მან ჩვენი სული ყოფიერების უქმნელ სივრცეებში აიტაცა. ყველა ვნებულისა და გაჭირვებულის გამო ჩვენს ფაქიზ არსებას გეთსიმანიის ლოცვის თანამგრძნობელი ცეცხლი მოედო და ეს უკანასკნელი მთლიანად მოიცვა მობრძანებული სიყვარულის ძალაუფლებამ. ასეთი იყო მოციქულებისა და იმ ჩვენი წმინდა მამების მგლოვარება, რომლებმაც კურთხევა თავად უფლისგან მიიღეს. ეს ჭეშმარიტი ცეცხლი, რომელიც ჩვენს გულებს მოედო, დედამიწაზე თავად ქრისტეს მიერ იქნა გაჩაღებული: „და იყო იგი ღუაწლსა შინა, უმეტესღა ილოცვიდა და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისაჲ გარდამომავალი ქუეყანასა ზედა.” (ლუკა 22:44; შედრ: 12:49[1]).

ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც ღმერთისგან გამომავალი ნათელი ძალა ჩვენზე ასეთ ნაკადად გადმოიფრქვევა: არსებულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ბუნებისათვის გაუსაძლისია ამგვარ ცეცხლთან შეხება. მიუხედავად ამისა, როგორც წესი, ჩვენი აღდგენა უქმნელი ნათლის გამოცხადებით იწყება და სწორედ ამ საშუალებით ჩვენთვის თვალსაჩინო ხდება ღმერთთან განშორების საიდუმლო. ასეთ შემთხვევაში, ღმერთისგან ჩვენი განდგომის გამო, გულს მწუხარე სიყვარულის გრძნობა ეუფლება და აღძრულ საკუთარ გრძნობებს გლოვის გარდა სხვა არანაირი გამოსავალი აღარ რჩება.

მხოლოდ გულუბრყვილობის გამო შეიძლება მიიჩნიო, რომ შეიძლება ქრისტეს გზას უცრემლოდ გაჰყვეს ადამიანი. აიღე მშრალი კაკალი, დადე მძიმე პრესის ქვეშ და დაინახავ, როგორ გამოჟონავს სითხე. როდესაც უფლის სიტყვის უხილავი ცეცხლი ჩვენს გულს ყოველი მხრიდან მოედება, მაშინაც თავის უტყვ ეგოიზმში, და რაც უარესია, თავის გაამპარტავნებულ სპაზმებში მოქცეულ ჩვენს გაქვავებულ გულში რაღაც მსგავსი ხდება. მაგრამ ეს არის ჭეშმარიტად ისეთი ცეცხლი, რომელსაც ყველაზე მაგარი მეტალისა და ქვის გალღობაც კი ძალუძს „მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ იფეთქოს!” (ლუკა. 12:49.).

ვისაც სიცოცხლის მანძილზე ამ ცეცხლის მოახლოება არ შეუგრძნია, ვერ გაიგებს, რის შესახებ მიმდინარეობს აქ საუბარი. სახარებაში გადმოცემული ქადაგების პირველ სიტყვებში ვკითხულობთ: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი” (მათე 4:17) და აქ აშკარად ჩანს ჩვენი ცხოვრების რადიკალურად შეცვლისაკენ მოწოდება. ამ ცვლილების განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ზეციური ნათლის ცეცხლს, რომელმაც ჩვენი გული უნდა დაარბილოს, უშუალოდ ჩვენს ცეცხლოვან სურვილს შევაგებებთ, და შემდეგ ეს ლბილი გული ღვთიური საგნით განიმსჭვალება.

სულიერი მგლოვარება თავისი ბუნებით განსხვავდება მშვინვიერი ტირილისაგან. ის, რაც სულიერია, ღმერთზე უწყვეტ ფიქრთან და მასთან განშორების გამო მტკივნეულ გლოვასთან არის დაკავშირებული. მაშინ, როდესაც სულიერი გლოვა ადამიანს მომაკვდინებელი ვნებებისაგან ასუფთავებს და ცხოველმყოფელს ხდის. მგზნებარე მშვინვიერი ტირილი ახშობს და ანადგურებს სხეულს, სულიერ გლოვაში კი ცრემლის ფრქვევით ჩვენი გონი გრძნობადი წარმოდგენებისგან იწმინდება, ამ გზით ჩვენს სამშვინველში სულიერი გამბედაობა ძლიერდება და ადამიანი ყოველგვარ განგაშზე, შფოთსა და შიშზე მაღლა დგება. რაც უფრო ღრმაა ჩვენი გლოვა, მით უფრო საფუძვლიანად ვთავისუფლდებით მოჩვენებითი, ბუნებრივი სურვილებისა და ისეთი გამანადგურებელი გრძნობებისაგან, როგორიც არის ამპარტავნება და მრისხანება.05_(16)

მგლოვარების გარეშე ჩვენი ფერისცვალებაც შეუძლებელია და ვინც ასე არ ფიქრობს, ის ვერ გრძნობს, რა მომაკვდინებელი ძალაუფლება აქვს ცოდვას ჩვენზე. პირველადი მწარე აღსარების შემდეგ გლოვაში ღვთის სიყვარულით გამოწვეული ცრემლი ჩნდება. ეს კი უკვე ნიშანია, რომ ჩვენი ლოცვა შესმენილია და მისი მოქმედებით უკვე ახალ უხრწნელ ცხოვრებაში გადავინაცვლებთ.

სულიერი გლოვა ზეციური მოვლენაა. ვცდილობ და არ შემიძლია გავიხსენო – მიტირია თუ არა სრულწლოვან ასაკში? ნიშანდობლივია, რომ ეპოქა, რომელშიც ვცხოვრობდი მძიმე მოვლენების ფონზე მიმდინარეობდა. მე მრავალჯერ ვმდგარვარ არათუ მძიმე, არამედ სასიკვდილო განსაცდელის წინაშეც. როდესაც ჭეშმარიტი ნათელი გამომეცხადა და ჩემი ცოდვიანობის სიმძიმე შევიგრძენი, მაშინ დავიწყე უნებლიეთ გლოვა-გოდება: ეს შეგრძნება ჩემზე ძლიერი იყო, დამეუფლა უიმედობა და არ შემეძლო ამ შეგრძნების შეჩერება. თავიდან ჩემს დაცემულობას დავტიროდი. მოგვიანებით ვგოდებდი იმ ადამიანების გამო, რომლებმაც არ იცოდნენ ღმერთი და თანაგრძნობით შეპყრობილი ვხედავდი უღმერთობით გამოწვეულ მათ სავალალო მდგომარეობას. ათონის მთაზე, მით უმეტეს (მეორე) ომის დროს უდაბნოში, მთელი მსოფლიოს გამო გულამოსკვნილი ტირილი მეუფლებოდა. დიდი ხნის მანძილზე ჩემს გონებაში მუდმივად მეორდებოდა სიტყვები: „საშინელებაა ცოცხალი ღმრთის ხელში ჩავარდნა!” (ებრ. 10:31) და მძიმე რამ არის უღმერთოდ დარჩენა. ღვთის სიყვარულის გარეშე ყველაფერი უაზრობაა: სამშვინველი გრძნობს ბნელეთში კვდომას[2]. ამ გრძნობით გამოწვეული შიში და სიბნელე იმით ძლიერდება, რომ ის არა მხოლოდ ჩემ გარშემო, თავად ჩემშიცაა. როდესაც უქმნელი ნათელი ჩემი შინაგანი ჯოჯოხეთისგან მათავისუფლებს, ჩემგან ყოველი ვნება გამოდის, და მე მესმის, რომ ჩემს ყოვლისმპყრობელ უფალს შეუძლია მის ხატად – ყოველგვარი გარე ძალაუფლებებისა და ბოროტებისგან შეუვალ თავისუფალ მეუფედ – მეც მქნას.

გლოვის ხასიათის ცვლილება ჩემი შინაგანი მდგომარეობის შეცვლას უკავშირდება. დროდადრო გულიცა და გონებაც საოცარ სიმშვიდეს განიცდის და სიყვარულის შეგრძნების გამო ცრემლიც „ტკბება”. მაგრამ, როდესაც ღვთაებრივი სული გამეყრება და უკვდავების სუნთქვას ვეღარ შევიგრძნობ, მაშინ ერთგვარი სევდა და შიში მეუფლება. ამ დროს ლოცვა გულის განმლევ სასოწარკვეთილებას ემსგავსებოდა, და იყო შემთხვევები, რომ საათობით მიწაზე გულდაღმა ვეგდე. ქანცგამოცლილი მკვრივ საწოლზე გადავდიოდი; ვიწექი და ცრემლი არ მიწყდებოდა, გონება სდუმდა და ჩემი აზრი სასოწარკვეთაში იკარგებოდა.

საერთოდ, ეს ამბები უბრალო სიტყვებით მსურდა გადმომეცა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ამ „მოვლენების” ადამიანზე აღმატებულ, ღვთივ ბოძებულ ძალოვანებას, მკითხველი ვერ შეიგრძნობდა.
„ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს” (იოან. 4:24). მაცხოვრის სიტყვები „სულითა და ჭეშმარიტებითა” ორი თვალსაზრისით უნდა გავიგოთ: „ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის” (იოან. 15:26), და სულითა და ჭეშმარიტებით, რომელიც მონანიე ადამიანისათვის არის დამახასიათებელი – „თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან. თუ ვიტყვით, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში” (1 იოან. 1:8-10). სულიწმიდა გადმოდის ადამიანზე და პიროვნება, როგორც ღვთის ხატი, ღვთაებრივი ჭეშმარიტების გავლენით თავად ხდება ჭეშმარიტი.

ღმერთთან, რომელიც სიყვარულია, ჩვენი ერთად ყოფნა გულისხმობს ორის – ადამიანისა და ღმერთის – ნების ურთიერთშერწყმას. შეერთება სიყვარულის სისავსეში ხორციელდება. ღმერთი – პიროვნული სული და ადამიანი – პიროვნება (პერსონა) მარადიულ ღვთაებრივ ცხოვრებაში ერთიანდებიან და ამ გზით ჩვენ ღმერთს შევიმეცნებთ. ქრისტიანული შთაგონების საბოლოო მიზანი ასეთი სიყვარულის მიღწევაა. მიზნის მიღწევას წინ ხანგრძლივი და რთული გზა უდევს. ამ გზაზე ღმერთის დიდებული ძალების თანადგომის გაგება ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება და გარკვეულ მომენტებში, როდესაც პიროვნება მძიმე სინანულშია, მას ამ შეგრძნების ნიჭი თავად უფლისგან ღვთაებრივი ნათელის სახით ეძლევა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ღვთაებრივი წვევა არ ნიშნავს ღვთის მარადიულ თანადგომას. ეს ჯერ კიდევ ისეთი „დაუმსახურებელი სიმდიდრეა”, რომელიც ადამიანმა თავისი ახალი ცოდვების გამო, შეიძლება კვლავაც დაკარგოს. ასეთი მადლის და ყველაფერი იმ სიკეთის შენარჩუნება, რაც ღვთის წყალობით მოგვეცა, მხოლოდ მრავალწლიანი გოდებით არის შესაძლებელი [3]. ვინც სხვაგვარად ფიქრობს, მას ჩვენი მამები არ დაეთანხმებოდნენ. ჩვენ კი ვცდილობთ, მათ მიერ გაკვალულ გზას გავყვეთ და მათ მიერ მემკვიდრეობით გადმოცემული ცხოვრებით ვიცხოვროთ. ღვთაებრივი გზა ასეთია: ის წრფელად მონანიეს წარუდგება და მის სიყვარულს ადამიანი უქმნელ ნათელში დროის შეგრძნების გარეშე იღებს. ჩვენ კვლავაც ვიმეორებთ სიტყვას – სიყვარული, მაგრამ ონტოლოგიურად მასში უკლებლივ სიყვარულს, უსასრულო სიდიადეს და უზომო თავმდაბლობას, ყოვლისმპყრობელ მშვენიერებას და ზეამქვეყნიურ სიმშვიდეს ვგულისხმობთ. ღმერთის სტუმრობა ადამიანს, ღმერთთან მოზიარედ – ენითგამოუთქმელ მიწიერ სიტყვად აქცევს. ჩვენ ერთი სურვილი გვამოძრავებს: შემეცნებული ღვთაებრივი სიყვარული ისე გავითავისოთ, რომ ის ჩვენს განუყრელ და მარადიულ ბუნებად გადაიქცეს.

როდესაც ღმერთი ხედავს, რომ მის მოყვარულ სულს მთელ სამყაროში უკვე ვეღარაფერი მოაქცევს [4], მაშინ იწყება, ის მძიმე გამოცდა, რომლის გარეშეც ქმნილი და უქმნელი ყოფიერების ხატი და სიღრმეები ვერ შეიცნობა. „უმოწყალოა“ ეს მდგომარეობა: რაღაც მომენტში უხილავი მახვილი საყვარელ უფალს და მის მიუჩრდილებელ ნათელს ჩამოგაშორებს, ამ შემთხვევაში ადამიანი, თავის არსში, ყოველმხრივად და სრულად განიგმირება. მისთვის სრულიად უცნობი ხდება: რაში მდგომარეობს, გეთსიმანიის ლოცვის მსგავსი შეგრძნების მიზეზი, რომელიც თითქოს ღმერთთან უკვე საბოლოოდ დამკვიდრებული „სიყვარულით შეკავშირებას“ მოულოდნელად ჯოჯოხეთური უღმერთობით ჩაენაცვლება. ამ გაუგებრობის პასუხს პავლე მოციქულის ეპისტოლეში ვპოულობთ: „ვისმა ხმამაც ქვეყანა შესძრა მაშინ, ხოლო აწ ამგვარად გვამცნო: „ერთხელ კიდევ შევძრავ არა მარტო ქვეყანას, არამედ ცასაც„. ხოლო ეს „ერთხელ კიდევ„ გვაუწყებს შეძრულის, როგორც შექმნილის, შეცვლას, რათა უცვლელად ეგოს შეუძვრელი. ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვიღებთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით. რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი“ (ებრ. 12:26-29). მაგრამ ამ შეგრძნებამდე და შემდეგაც ჩვენ გვაქვს თავად მაცხოვრის მაგალითი: გოლგოთაზე ჯვარცმული უფალი მამას ვედრებით მიმართავდა: „ელი, ელი, ლამა საბაქთანი? რაც ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე?“ (მათ. 27:46).

img12-01

ამრიგად, ჩვენთვის ღვთის სიყვარულის საიდუმლო განცხადდა და შევიტყვეთ, რომ სრული დაუძლურება წინმსწრებია სრული სრულყოფილებისა.

იესო ქრისტემ ადამიანის სამშვინველში სიყვარულის ცეცხლი ჩააფინა, ეს სიყვარული საოცარი თავისებურებით ხასიათდება: ის არის საწინდარი ყველასათვის მიუწვდომელი სიღრმეებისა და სიმაღლეების დაპყრობისა; ის მისცემს მორწმუნეს ძალას, მოერიოს ყოველგვარ ტანჯვა-წამებას და სიკვდილს; ეს ცეცხლი მას მრავალგზის გაატარებს აღუწერელ უსაზღვროებაში, სადაც მორწმუნე საყვარელი ღვთაებრივი ნათლის მოლოდინში დიდ ტკივილთან ერთხანს „მარტო“ დარჩება.

ასეთია ლუციფერის შხამით მოწამლული ჩვენი ბუნების განწმენდის პროცესი. მაცხოვრის გზას შედარებითობიდან და მუდმივი ორჭოფობიდან შეუფარდებლობისა და ურყევობის სამფლობელოსკენ მივყავართ. სრულყოფილი მამობრივი სიყვარულისგან მოწყვეტილ ადამიანის სულს შფოთი და მოუსვენრობა ახასიათებს და ეს მდგომარეობა შეიძლება დაცემით დასრულდეს. ღვთის ხატი – ადამიანი – წმინდა, დაურღვეველი, უცილობელი და აბსოლუტური სიკეთის ძიებაშია. ვის ძალუძს ნათლად გადმოგვცეს, როგორია ღვთის სიყვარული? სად შეიძლება მოვიძიოთ სიტყვები, რომლის დახმარებითაც იმ მწუხარების თუნდაც აჩრდილს ვიხილავთ, რასაც ღმერთთან განშორების ჟამს განიცდის სული?

თუ არა ღვთის სიყვარულს, სხვა არაფერს ძალუძს ქრისტიანის გული ცრემლით განწმიდოს. წმინდა წერილი გვაუწყებს, რომ იესომ „შეიყვარა თავისიანები, რომლებიც იყვნენ ამ ქვეყნად, და შეიყვარა ისინი აღსასრულამდე“ (იოან. 13:1). ახლა მხოლოდ „აღსასრულამდე“ ხდის გასაგებს გეთსიმანიის ლოცვას, სადაც იესოს „ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას“ (ლუკ. 22:44). იქ, სადაც არ არის სიყვარული, – ასკეტურმა ღვაწლმა ინტენსიური მედიტაციები, ხანგრძლივი მარხვები, ამქვეყნიურობას განშორებისა და უმძიმეს პირობებში ცხოვრების სახეც რომ შეიძინოს, – ცრემლი მაინც ვერ იქნება. ამის მაგალითი მრავალია როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური ქრისტიანობის ისტორიაში.

როდესაც მთელი ჩვენი არსება ჩვენივე მოკრძალებული სულის მორჩილებაში გადადის, მაშინ ცრემლები გულის წიაღიდან მოედინება. სწორედ ამ მგლოვარების შესახებ ბრძანებს უფალი: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ“ (მთ. 5:3-4). რით იქნებიან ნუგეშინის-ცემულნი?, ამ შემთხვევაში იმ ნუგეშით, რაც სულიწმიდისგან მომდინარეობს და ვისაც იესო ქრისტემ ნუგეშინის-მცემელი უწოდა; არა ფსიქოლოგიური ან ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ნუგეშინის-მცემელი, არამედ ონტოლოგიური, ანუ იმ თვალსაზრისით რაშიც ღვთაებრივი მარადიულობა იგულისხმება.

მე ახლა უარი მინდა ვთქვა იმ საერთო საღვთისმეტყველო და ასკეტიკური დებულებების „დეტალების“ ახსნა-ჩამოთვლაზე, რომლებიც ქრისტიანი ასკეტების მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას შეეხება. შევეცდები, ეს ექსკურსი ძალიან მოკლედ წარმოვადგინო. სულიერი მგლოვარება თავის ხასიათს იმ მდგომარეობის შესაბამისად იცვლის, რომელშიც მოღვაწე იმყოფება: არსებობს სიყვარულის ღმერთის სიახლოვით გამოწვეული სიხარულის ტკბილი ცრემლები, რომელიც მთლიანად მოიცავს ადამიანს. უფრო ხშირია ისეთი გლოვა, რომელშიც სიხარული და დარდი ერთმანეთთან არის შერეული. მწუხარება და სინანული სიმწარის ცრემლებით იწყება და მგლოვარების შეგრძნების წყარო ის ხდება, რომ ადამიანი საკუთარ პიროვნებას ცოდვის მონად ან მადლს მოკლებულად, ან ღვთისგან მოტოვებულად შეიგრძნობს. შესაძლებელია გლოვის მიზეზი კაცობრიობის ან საერთოდ ცოცხალი არსებების თანაგრძნობა გახდეს. ასეთ შემთხვევაში სულიერი მგლოვარება ადამიანს ყველა სისაძაგლეს ჩამორეცხავს, რომელიც შეიძლებოდა მას ყოველდღიურ ყოფაში აჰყოლოდა და ამავე დროს, პიროვნებაში ღვთაებრივი სიმშვიდისაკენ მიმართული ძალები განახლებას იწყებს. ღვთისადმი სასოებით აღძრული სიყვარულის გლოვა ადამიანს საყვარელ უფალთან აკავშირებს. ამ შემთხვევაში: გონი, სამშვინველი და სხეული ერთიანდება და უქმნელი ნათლისკენ შერწყმულ მთლიანობად მიილტვის. ამგვარი გლოვა მიწიერი ყოფიერების მჭიდრო ჯაჭვს ამსხვრევს, ადამიანის სული ცოდვიანი ვნებებისგან თავისუფლდება, ზეციურ სივრცეს უახლოვდება და მთელი არსით უკვდავების გამოცდილებას ეზიარება.

მამათა სწავლებით, ცრემლის ნაკლებობა იმის ნიშანია, რომ ღვთისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ ლოცვას ჯერ კიდევ პირველ საფეხურამდე არ მიუღწევია. იმის შემდეგ, რაც ფიზიკური ცრემლი დაგვეწურება, შესაძლოა სხვა – უსიტყვო ლოცვა მოგვეცეს და ეს იქნება ჩვენს არსში სულიწმიდის მადლის იდუმალი შეგრძნება, შეგრძნება იმ მომენტისა, როდესაც „მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში“ (ფილ. 4:7). ასეთი ჭვრეტის უნარი, როგორც წესი, ადამიანს ისეთი ლოცვის შემდეგ ეძლევა, რომლის დროსაც მან საკუთარი პიროვნება მთლიანად უფლის სიყვარულს მიუძღვნა.

calugar-sus

სულიერი მგლოვარება – ცხოვრების ისეთ სიმდიდრეა, რომელშიც სიყვარულის ძალები დაუცხრომლად მრავლდება, ეს ხდება მაშინ, როდესაც „მშვინვიერი“ მგლოვარება ანადგურებს მიწიერ არსებას. განგებამ მე ისეთ ქვეყანაში მაცხოვრა, სადაც ადამიანებს ბავშვობიდანვე ტირილისგან თავშეკავებას აჩვევენ; სადაც ტირილი, ცივილიზებული პიროვნებისათვის შეუფერებლად მიაჩნდათ და სძულთ. არ შეიძლება ასეთი კულტურის მიმართ გარკვეული პატივისცემით არ განეწყო, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი სიძულვილი მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, როდესაც ადამიანი დედამიწაზე ურყევად დადგება. ასკეტი მამებიც არ გლოვობენ დროებითი ფასეულობების დაკარგვას, მაგრამ ამასთან სულიერ მგლოვარებას ითხოვენ, რადგან მის გარეშე შეუძლებელია ვნებებით აღვსილი გულის მოლბობა. მათ მიაჩნიათ, რომ გაქვავებულ გულს არ შეუძლია სახარებისეული სიყვარულით უყვარდეს. მგლოვარე ქრისტიანის გონი მთლიანად ეძლევა ღვთაებრივ უსასრულობას. ქრისტეს მცნებებიც ამას გვამცნობენ. ის, რაც ბანალური ცხოვრების წესით მცხოვრებთათვის ამქვეყნიურობაში აუტანელია, მგლოვარესათვის ღვთის მცნებების შეუსრულებლობის შეგრძნების გამო სრულიად შეუმჩნეველი ხდება: ასეთ ადამიანს არ აწუხებს სიღარიბე, ამა სოფლის შვილებისგან არ განიცდის არც შეურაცხყოფას, არც დამცირებას და ცხოვრებისგან მოვლენილ დარტყმებს ადვილად იტანს; ეს იმის გამო ხდება, რომ ასეთი ადამიანის არა მხოლოდ გონი, არამედ მთელი მისი არსევა მიწიერზე მაღლა დგება. ის თანაუგრძნობს ადამიანებს, მათ გამო დარდობს ღვთის წინაშე, მაგრამ რადგან თავად ღვთაებრივი ჭეშმარიტების მაძიებელია, იმ ადამიანების ინტერესებს არ იზიარებს, ვინც მიწიერებით არის შეპყრობილი.

ჭეშმარიტი სულიერი მგლოვარება სულიწმიდის მადლის მოქმედების შედეგია და მადლთან ერთად ჩვენზე უქმნელი ნათელიც გადმოდის. შემდეგ მთელი სამყაროს დატევნისა და ღვთის ყოველი სულიერი ქმნილების სიყვარულის უნარს ჯერ გული იძენს და შემდეგ გონი. სულიერი მგლოვარება უსაგნო არ არის: ღვთისაკენაა მიმართული და ღმერთში მყოფი მლოცველი ადამიანი, მთელ კაცობრიობასა და სამყაროს თანაუგრძნობს. წმინდა მამები გვირჩევენ, იმისათვის, რათა ჩვენში მოქმედი სულიწმიდა რაიმე ცოდვით არ შევაწუხოთ, ნეტარებებში ყოფნის ეს ნიჭი უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არ შეიძლება ამ მდგომარეობის „კულტივირება“, ის ჩვენს ქმნილ არსებას არ ეკუთვნის და მასში არ არის მოქცეული: ეს არის მადლი, ღვთაებრივი მადლი კი ჩვენს განკარგვაში არ იმყოფება.

არის შემთხვევები, როდესაც ცრემლი ღვარად მოედინება. მაგრამ მაშინ, როდესაც თავს ღვთისაგან მიტოვებულად ვიგრძნობთ, ჩვენს არსში ყველაფერს სიმშრალე დაეუფლება და თვალში თითქოს დასერილი გულიდან ცხელი სისხლის მსგავსი ერთი წვეთი ძლივსღა დაგროვდება. ვისაც არ განუცდია ზეციური ცეცხლი, როგორც დაწერილია: „მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ იფეთქოს!“ (ლუკ. 12:49), აქ გამოთქმულის შინაარსს ის ვერ ჩასწვდება.

კვლავ გავბედავ და შეგახსენებთ, რომ ასკეტები ღვთის სამსჯავროზე ძრწოლითა დგანან: აქ საქმე სწრაფად არ ხდება. უფლის ნათელში მოქმედი მარადიულობის ან „გარესკნელის ბნელში“ (მთ. 25:30) მიმდინარე პროცესები სწრაფად არ მიმდინარეობს. ასკეტები ამქვეყნიურის მიმართ უგრძნობნი ხდებიან: მათი გონი უფალშია დაუნჯებული და როდესაც სინათლის მამისგან „სიმშვიდე“ მოდის, მგლოვიარეს სული ზეცასა სწვდება. ის ადვილად ივიწყებს ყოველგვარ ტკივილს, და სულიწმიდის მადლით იმ სიკეთედ გადაიქცევა, რომელსაც შეუძლია მტერი მართლა უყვარდეს.

ათონის მთაზე ერთი ბერი ლოცვის შესახებ საუბრობდა, მასთან დაკავშირებული გლოვის სხვადასხვა სახეობას ახასიათებდა და ადამიანზე ყოველი ასეთი გრძნობის ზეგავლენის თავისებურებებზე ყვებოდა. მან თორმეტი გრძნობა ჩამოთვალა და მეც, როგორც ყველა დანარჩენმა, მძიმე აღსარებებში შევიცანით გლოვის ეს ნაირსახეობები, მაგრამ არასოდეს აზრად არ მომსვლია დამეთვალა ჩემს მიერ შეცნობილ გრძნობათა რაოდენობა.

„ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით“ (იოველი 2:12). და „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ“, – ამ სიტყვებს უფალმა სამარადჟამო მნიშვნელობა მიანიჭა. თავად იესომაც „ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო“ (ებრ. 5:7). ყველასთვის ერთად და ყოველისთვის ცალ-ცალკე, ვინც ღვთაებრივი უკვდავებისკენ მიილტვის, იმისათვის, რათა თავი დავიხსნათ ჩვენში მოკალათებული სიკვდილად წოდებული ცოდვისგან, სწორედ ის გზა უნდა გავიაროთ, რომელსაც „ცრემლების ფრქვევით ლოცვა-ვედრება ჰქვია“. არქიმანდრიტი სოფრონ სახაროვი
თარგმნა: როლანდ-რომილე ჩხეიძემ

თავი VI – «შეურყეველის ძიებაში გამოვლენილი მერყეობები»
თავი V  „კურთხევაა იცოდე გზა“ (I ნაწილიII ნაწილი; III ნაწილი)
თავი VIII – «შეჯამებული სულიერი ცხოვრება»
თავი IX – «სულიერი თავისუფლების შესახებ»
თავი X – «შთაგონების შესახებ»
თავი XI – «დამაშვრალობისა და ღვთისაგან მიტოვების შეგრძნების შესახებ»
თავი XII – «თვითსიძულვილამდე სიყვარულის შესახებ»
თავი XIII – «უქმნელი ნათლის შესახებ»
თავი XIV – «პიროვნული საწყისები ღვთაებრივ მყოფობასა და ადამიანურ ყოფნაში»
თავი XV – «ლიტურგიული ლოცვა»
თავი XVI – «ლიტურგიული ენა»
თავი XVII – «გეთსიმანიის ლოცვა»
თავი XVIII – «ლოცვა, რომელშიც ღმერთი-ჭეშმარიტება ვლინდება»