You are currently viewing წმინდა გრიგოლ პალამას მიმართვა მრევლს, ღვთისმშობლობის დღესასწაულზე…

წმინდა გრიგოლ პალამას მიმართვა მრევლს, ღვთისმშობლობის დღესასწაულზე…

Download article eBook

  ადამიანის ცხოვრებაში ნებისმიერი დრო და ჟამი შეიძლება მივიჩნიოთ ახალი, სულის მხსნელი ცხოვრების დასაწყისად. სწორედ ამას გულისხმობდა წმინდა პავლე მოციქული, როდესაც ამბობდა: ,,აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.  და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა, არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ (რომ. 13. 11-14).

მაცხოვრის შობიდან ყოველი ჟამი შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის სულის გადასარჩენად. როგორც კი ირიჟრაჟებს და მზე თავის ცხოველსმყოფელ სხივებს მოჰფენს არემარეს, ადამიანები ყოველდღიურ საქმიანობას იწყებენ. დავით მეფე წინასწარმეტყველიც ხომ ამბობს: ,,აღმოუბრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თჳსთა დაადგრიან. გამოვიდეს კაცი საქმესა თჳსსა და შრომასა თჳსსა მიმწუხრადმდე” (ფს. 103. 22-23). ასევე, ოდეს აღმობრწყინდება მზე სიმართლისა, ყოველი წუთი სულიერი ცხოვრების დასაწყისია.

მეფე-დავით წინასწარმეტყველი უფალს ესავს და ღაღადებს: ,,ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა. ჵ, უფალო, მაცხოვნე მე, ჵ, უფალო, წარმიმართე მე” (ფს. 117. 22-24).

გრძნობადი მზე ჩამავალია, ღამის წყვდიადი ისადგურებს მისი ჩასვლისას. მზე სიმართლისა კი, წმინდა პავლე მოციქულის თქმით, აბრწყინვებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად  (იოან. 1.9). ამასთან იაკობ მოციქულიც ბრძანებს: ,,ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ” (იაკ. 1.17).

ამჟამად შემოდგომაა, პირველი თვე, სექტემბერი, რომელსაც ახალი წლის დასაწყისად მივიჩნევთ. შემთხვევითი როდია, რომ ბარაქიანი შემოდგომის დასაწყისში ვდღესასწაულობთ ჩვენი სულების ცხონებისა და მარადიული გადარჩენის დასაბამსა და დასაწყისს – ყოვლადწმინდა ქალწულის და უფალ იესუ ქრისტეს დედის, მარიამ ღმრთისმშობლის დაბადებას, რომლისგანაც უთესლოდ განხორციელდა ძე ღმრთისა, ცოდვით დაცემულ ადამიანთა მოდგმის გადამრჩენელი.

დღეს, სწორედ ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე, რომელსაც ეგზომ დიდი სიხარულითა და უსაზღვრო ზეიმურობით აღვნიშნავთ, ჩვენს თვალსაწიერზე ახალი სამყარო, საუცხოო სამოთხე გადაიშალა…

დღეს განგვიცხადდა ესაია წინასწარმეტყველის წინასწართქმული: ,,და იყოს მას დღესა შინა ძირი იესესი” (ესაია 11.10), რომლისგანაც ,,აღმოყვავილდა”  სამოთხეში დანერგული ნორჩი კეთილი. ეს ის ძირია, რომელმაც სამარადისო სიცოცხლეს დაუდო დასაბამი, დაამშვენა ცათა სასუფეველი…

ძმანო და დანო! ტაძრად მოსულო მრევლო, გევედრებით ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს შესწიროთ ძღვენი მისი დაბადების დღის აღსანიშნავად. ეს საჩუქარი თქვენი გულისშემუსრვილება, გულმხურვალე ლოცვა და მარხვა იქნება. ქმრებო და ცოლებო, მოხუცებულნო და ყრმანო, მდიდარნო და ღარიბ-ღატაკნო, აზნაურნო და უაზნონო, ყველას, ასაკისდა მიუხედავად, გირჩევთ ნუ გაბერწდებით, ნუ დარჩებით ამ მაცხოვრებელი თესლის, უფლის სიტყვის გარეშე. დაე, თითოეული თქვენგანი ეზიაროს ზეციურ საზრდოს, სულისა და ხორცის განმაძლიერებელს. დაე, უფლის რწმენა და სიყვარული განგვიცხადდეს, რამეთუ უფალი ამბობს: ,,არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ” (მათ. 7.21). ასევე: ,,ხოლო შენ წარვედ და მიმოსდევ სასუფეველი ღმრთისაჲ” და “არავინ დასდვის ჴელი საჴნველსა, და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა” (ლუკა, 9. 60,62).

ქალწულნო და მონაზონნო! სინანულითა და მორჩილებით შეუდექით უფალ იესუს, მოემზადეთ ქრისტეში ცხოვრებისათვის, საუკუნო ცხოვნებისათვის. ქალწულმა, რომელმაც თავის უბიწო წიაღში შვა უქორწინებლად ძე ღმრთისა, მას მიენდეთ რწმენითა და იმედით აღიჭურვეთ, ემსახურეთ უანგაროდ და საქმეებით განადიდეთ. გულისშემუსრვილებითა და გულმხურვალე ლოცვის აღვლენით მარადჟამს შეინარჩუნეთ სულიერი და ქალწულებრივი ცხოვრების წესი. რამეთუ ღმრთისმშობლის კვალდაკვალ მავალნი ზეციური მეუფის ხელთუქმნელ ტაძარში, უკვდავებისა და მარადიული ცხოვრების სამკვიდრებელში დაივანებენ.

და თქვენც, რომლებიც ქორწინებისათვის განმზადებულხართ, ნუ ჩაგითრევთ ამა სოფლის მღვრიე მორევი, რამეთუ თქვენთვის ღმრთისმშობელი – თავად მაგალითი ცოლ-ქმრობისა, სწორედ დღეს იშვა. სანიმუშოდ გქონდეთ მართალ ანნას და იოაკიმის უმწიკვლო ცხოვრებაც, ერთგულება ღვთისა და კაცის წინაშე. თუკი მავანი ხიბლში ჩავარდნილა სოლომონის სიბრძნე გაიხსენოს: ,,ჰასაკ სიბერისა ცხოვრება უბიწო” (სიბრძნე სოლ. 4.9). ეკრძალენით თავქარიან, ქარაფშუტა, გაუტანელ, წარმავალსა და ფუჭ ცხოვრებას. მარადჟამს გახსოვდეთ ლუკა მახარებლის სიტყვები: ,,ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქუენი ყოვლისაგან ანგაჰრებისა, რამეთუ არა ნამეტნავისაგან ვისამე არნ ცხორებაჲ მისი ნაყოფთა მისთაგან” (ლუკა, 12.15).

ვინც ხელმოკლედ ცხოვრობთ და ძლიერ განიცდით სიდუხჭირეს, მოთმინება შეინარჩუნეთ, უფალს მიენდეთ, გქონდეთ მისი გულმოწყალების იმედი, რამეთუ თავად ჩვენი უფალი გვეუბნება: ,,ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ” (მათე, 5.3).

მთავარნო, ,,მართალი სამართალი საჯეთ” (ზაქ. 7.9) და თქვენს ხელქვეითებზე ნუ აღმართავთ ხელს. სამართლიანად ასწონ-დასწონეთ და ისე განსაჯეთ ყოველი საქმე. გახსოვდეთ, რომ ქრისტესმიერი ძმები ხართ. ნურც ეკლესიისა და საეკლესიო მამათა სწავლების წინააღმდეგ აღსდგებით, რამეთუ კეთილგონიერი და ბრძენი ადამიანების გამოცდილებას ეფუძნება. თქვენც, უაზნონო, ერთგულად ემსახურეთ აზნაურთ, რათა მარადიული სასუფევლის კარნი განგეხვნეთ.

ყველას გირჩევთ და მოგიწოდებთ, რომ დედა-ღმთისმშობელს, ქალწულ მარიამს გულისშემუსრვილება და სხეულის უმანკოება უჩვენოთ მარხვისა და ლოცვის დაცვით. მარად გახსოვდეთ, რომ მარხვითა და ლოცვით განწმენდილი, ბერწი იოაკიმ და ანნას სხეულში ყოვლადწმინდა დედა-ღვთისა ჩაისახა….

თუკი გვსურს, ძმანო, არა დავეცნეთ, არამედ ცათა სასუფეველი დავიმკვიდროთ, საღვთო სიმაღლეებს შევსწვდეთ, განვუდგეთ და განვეშოროთ ადამიანთა მოდგმის უბოროტეს მტერს – სატანას, ამა სოფლის თავადს, ლოცვითა და მარხვით განვიწმინდოთ ხორცნი და სულნი, რათა წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ ვსცხონდეთ. ყოველივე ეს ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მოხუცებულმა დედ-მამამ განახორციელეს. იოაკიმს და ანნას წმინდა ცხოვრებით ცხოვრებამ, ლოცვამ და მარხვამ მწუხარება სიხარულით შეუცვალა, წინაპართა კრულვას განარიდა და ამქვეყნად იესო ქრისტეს დამბადებელი – მარიამ ღმრთისმშობელი მოუვლინა, რომლისგან შობილსაც შვენის პატივი და დიდება და თაყვანსიცემა თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

გამოკრებილი წმ.გრიგოლ პალამას ქადაგებიდან (,,ყოვლადწმინდა მარიამის, ქალწულისა და დედა-ღმრთისმშობლის შობისათვის)

ძველი ბერძნულიდან თარგმნა მაია ინდუაშვილმა

წყარო:library.church.ge