You are currently viewing წმიდა იოანე სინელის რჩეული გამონათქვამები

წმიდა იოანე სინელის რჩეული გამონათქვამები

Download article eBook

 

თავი პირველი
ერიდან გამოსვლისთვის

16. ყველამ, ვინც ამქვეყნიური საქმეები დატოვა, ან ცოდვათა სიმრავლის, ან ცათა სასუფევლის, ან ღვთის სიყვარულის გამო გააკეთა ეს. და თუ ამ სამიდან არც ერთი იყო მათი განზრახვის მიზეზი, მაშინ ამ უკანასკნელთა სოფლიდან გასვლა უგუნურება ყოფილა. თუმცა კეთილი მეუფე ყოველი საქმის დასასრულს ელოდება, თუ როგორი იქნება ის.
24. კეთილი საძირკველი არის სათნოების შემდეგი სამი სვეტი: უმანკოება, მარხვა და სიწმიდე.
41. ვინც ერშია, დაუქორწინებელია და მხოლოდ ამა სოფლის საქმეებით არის შეკრული, იმ კაცს ჰგავს, ვისაც მხოლოდ ხელები აქვს შეკრული. ამიტომ, როცა მონაზვნობას მოისურვებს, ამ გზას დაუბრკოლებლად შეუძლია შეუდგეს. დაქორწინებული კი ხელფეხშეკრულს ჰგავს.
სათნოებათა კიბის პირველი საფეხური: ვინც მასზე ავიდა, უკან აღარ ჩამოვიდეს.

თავი მეორე

ჩვენი ნეტარი მამის, იოანეს თქმული ამა სოფლისა და მისი საქმეების სიძულვილისთვის

2. დიდი სირცხვილი იქნება, თუ ყოველივე ზემოთქმულზე უარს ვიტყვით მას შემდეგ, რაც კაცმა კი არა, უფალმა მოგვიწოდა და ისეთ საქმეებზე ვიზრუნებთ, ვერაფერს რომ გვარგებს ჭირის, ანუ სიკვდილის ჟამს.
10. ერისკაცების მიერ დარგული ბევრი და სხვადასხვაგვარი სათნოების ნერგი მინახავს, ამპარტავნების მიერ ისე რომ ირწყვებოდა, როგორც ბინძური წყაროსგან, თავმომწონეობის მიერ რომ იყო შემოთოხნილი და მისი ქვიშიანი ძირი სკორეთი რომ იყო გაპოხიერებული. მაგრამ როცა ხრიოკსა და კაცთაგან უვალ ადგილზე გადაურგავთ, ამპარტავნების მყრალი წყლით მორწყულნი მეყვსეულად გამხმარან, რადგან ამგვარ მორწყვას დაჩვეული ნერგი ჭეშმარიტი მოღვაწეობის გამოსაცდელ ხრიოკსა და უწყლო მიწაზე ვეღარ ხარობს.
11. ვინც საკუთარი ნებით მოიძულა სოფელი – მწუხარებას განრიდებია; ხოლო ვისაც ჯერ კიდევ უყვარს რაიმე ხილული – კვლავ მწუხარებაშია.
17. ზეციურ ქორწილში გვირგვინით ვერავინ შევა, თუ პირველ, მეორე და მესამე უარყოფას არ აღასრულებს: პირველი არის ამა სოფლისგან, ქონებისა და ნათესავებისგან განშორება; მეორე – საკუთარი ნების უარყოფა; ხოლო მესამე – ამპარტავნებისგან განშორება, რასაც მორჩილება მოაქვს.

 

თავი მესამე

უცხოობისთვის

1. უცხოობა არის მშობლებისა და ყოველივე იმის უკანმოუხედავად დატოვება, რაც ერში ჩვენს კეთილ ზრახვებს წინ აღუდგებოდა და აბრკოლებდა.
9. მრავალმა მოიწადინა ზარმაცების ცხონება, მაგრამ მათთან ერთად წარწყმდა, როცა დროთა ვითარებაში მათი სულიერი ცეცხლი ჩაქრა და მხურვალება გაგრილდა.
17. როგორც ცეცხლს, ისე გაექეცი იმ ადგილს, სადაც ცოდვით დაეცი.
52. დიდებისმოყვარეობის ეშმაკები ძილში წინასწარმეტყველებენ. ისინი მომავალს გვაუწყებენ, მაგრამ მომავალი მართლა კი არ იციან, არამედ იტყუებიან: ან რაიმე სხვა საშუალებით იგებენ, რაც მოხდება; ან სადმე, სხვა ადგილას გაიგონებენ მის შესახებ, ან ნახავენ და რამდენადაც ხრიკები სჩვევიათ, მაშინვე მოდიან და გვიამბობენ. თუ მათი სიტყვისამებრ მოხდება – გაიხარებენ, და თუ არ მოხდება – არას ინაღვლებენ.

 

თავი მეოთხე

წმიდა და ნეტარი მამის, იოანეს თქმული ყოვლადქებული და მშვენიერი მორჩილებისთვის

10. როცა დავაპირებთ, მდაბალი ზრახვებითა და საღმრთო ცხოვრებით ქედი მოვუდრიკოთ უფალს, თუ გონიერება და სიბრძნე გვაქვს, თავდაპირველად ესეც გამოვიძიოთ, გამოვიკვლიოთ და ვთქვათ: გამოვცადოთ წინამძღვარი, ვისაც უნდა გავყვეთ, რათა მესაჭის ნაცვლად მენავესთან არ მივიდეთ, მკურნალის ნაცვლად – სნეულთან, უვნებლის (აქ და ყველგან, უვნებელი – ვნებებისგან თავისუფალი – რედ.) ნაცვლად – ვნებულთან და შუაგულ ზღვაში ისე არ შევიდეთ, როგორც ნავსაყუდელში, და არ დავიხრჩოთ.
63. ნეტარია, ვინაც სრულიად მოაკვდინა საკუთარი ნება და სრულიად მიენდო თავის მოძღვარს, რადგან ჯვარცმულის მარჯვნივ დადგება.
65. ვინც აღსარებით განაქიქებს ყოველგვარ გველს, ანუ ვნებებს, მას ჯეროვანი სარწმუნოება მოუპოვებია; ხოლო ვინც მათ უგზოობაში მალავს, თავს იკლავს.
67. ყველამ, ვისაც საკუთარი ნათქვამის დამტკიცება სურს, თუნდაც რომ სიმართლეს ამბობდეს, იცოდეს, რომ ეშმაკისეული სენითა და ვნებით შეუპყრია მტერს.
72. ვისაც ყოველთვის ახსოვს, რომ აღსარება აქვს სათქმელი, მისთვის ეს ფიქრი გახდება ყოველგვარი ცოდვის აღვირი; ვინც აღსარებაზე არ ფიქრობს, უშიშრად სცოდავს, როგორც სიბნელეში.
113. როგორც მაცოცხლებელ წყალს, ისეთივე მონდომებით დაეწაფე ყვედრებას ყველას ხელიდან, ვინც კი მოინდომებს, შეგასვას სიბილწისგან განწმენდელი წამალი. აი, მაშინ გამობრწყინდება შენი სულის სიწმინდე და ღვთიური ნათელი შენს გულს არ მოაკლდება.
165. მორჩილება ჩვენი ვნებების ბუნებისა და სახეობიდან გამომდინარე უნდა ვეძიოთ.

 

თავი მეხუთე

მისივე თქმული სინანულისთვის

1. სინანული ნათლისღების განმაახლებელია. სინანული არის ღვთის წინაშე ახალი ცხოვრების აღთქმის დადება.
27. ცოდვით დაცემამდე ეშმაკები გვეუბნებიან: „ღმერთი ცოდვათა მიმტევებელია”; დაცემის შემდეგ კი გვეუბნებიან: “ღმერთი მართლმსაჯულია”.
37. ცოდვათა მიტევების ნიშანი ისაა, როცა ადამიანს ყოველთვის მოვალედ მიაჩნია საკუთარი თავი.
46. ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველა, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც დავეცით, რათა უღმერთო ორიგენეს სენი არ დაეუფლოს ჩვენს გულებს. ეს ბილწი ადამიანი ღვთის კაცთმოყვარეობას აყენებს წინ და ავხორცებისა და ზარმაცებისთვის მისაღებია ხოლმე მისი სწავლება.

თავი მეექვსე
მისივე თქმული სიკვდილზე ფიქრისთვის

2. სიკვდილზე ფიქრი ყოველდღე სიკვდილია.
14. სიკვდილის ხსენება საჭმელს გემოს უკარგავს და რაჟამს ეს თავმდაბლობით მოხდება, მასთან ერთად ვნებებიც აღიკვეთება.
27. სიკვდილი იმას ახსოვს, ვინც ყოველი ხორციელი საქმისთვის მკვდარია;
30. შეუძლებელია, ადამიანმა ერთი დღეც კი ღვთის სათნოდ გაატაროს, თუ ყოველდღე არ იტყვის: “დღეს ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი დღეა! აი, მივდივარ საშინელ საყდარსა და სასამართლოში სიმართლის მსაჯულთან შესახვედრად.”

თავი მეშვიდე
ჩვენი წმიდა მამის, იოანეს თქმული გლოვისთვის

14. თუ თავმდაბლობას ისე ვერაფერი შეეწევა, როგორც გლოვა, მაშინ ცხადია, რომ მას ვერც სხვა რამ წინაღუდგება ისე, როგორც სიცილი.
17. ძრწოლით დადექი ლოცვაზე, ისევე როგორც დასჯილი ავაზაკი დგას ხოლმე მსაჯულის წინაშე, რათა შენმა გარეგნობამ და შინაგანმა განწყობილებამ მართალი მსაჯულის გულისწყრომა დაშრიტოს.
22. ეშმაკებს ისე აძრწუნებთ მწუხარება, როგორც ქურდებს – ძაღლები.
26. საწოლში დაწოლისას საფლავში წოლა წარმოიდგინე და ცოტას დაიძინებ; სუფრასთან ჯდომისას საშინელი მატლებიანი საუკუნო ტრაპეზი წარმოიდგინე და მოზომილად, ცოტას შეჭამ.
32. თუ ვერ ტირიხარ, იმაზე იტირე, რომ არ ტირიხარ;
45. არ ენდო ცრემლებს, სანამ სრულიად არ განგწმენდს.
91. საყვარელნო, სიკვდილის ჟამს იმის გამო კი არ მოგვთხოვენ პასუხს, თუ რატომ არ ჩავდიოდით სასწაულებს, არ ვღვთისმეტყველებდით ან ვერ ვხედავდით უხილავს, არამედ ღვთის წინაშე იმაზე ვაგებთ პასუხს, თუ რატომ არ ვგლოვობდით ყოველთვის.

თავი მერვე
მისივე თქმული ურისხველობისა და გულისწყრომისთვის

2. ურისხველობა ისაა, როცა ადამიანი ისევე ვერ იცხრობს ყვედრებისა და დამცირების სურვილს, როგორც დიდებისმოყვარე კაცი ვერ ძღება ქებით.
20. რამდენადაც სულიწმიდა სულის დამამშვიდებელია და დამაწყნარებელი, იმდენად სულის შემაშფოთებელი და ამამღვრეველია გულისწყრომა. აი, ამიტომ ვერაფერი აბრკოლებს სულიწმიდას გულისწყრომაზე მეტად.
31. თუ ძმის თვალიდან ბეწვის ამოღება გსურს, ფრთხილად იყავი, რომ საექიმო იარაღის ნაცვლად ისარი არ გამოიყენო. ისარი მკაცრი პასუხი და უხეში მოპყრობაა, ხოლო საექიმო იარაღი – მშვიდად შეგონება და მოთმინებით მხილება.

 

თავი მეცხრე
ჩვენი ნეტარი მამის, იოანეს თქმული გულღვარძლიანობისთვის

 

4.ვინც მრისხანებას სძლია, მას გულღრძოობაც მოუკლავს;
10. თუ ღვარძლიანი ხარ, შენი ღვარძლი ეშმაკებისკენ მიმართე. თუ შენში მტრობაა, ყოველთვის საკუთარი ხორცის მტერი იყავი.
15. ის კი არ იყოს შენთვის ამ ვნებისგან სრული განკურნების ნიშანი, როცა შეურაცხმყოფელისთვის ილოცებ, ან საჩუქრით გაახარებ, ან ტრაპეზზე მიიწვევ, არამედ ის, როცა შეიტყობ, რომ რაღაც სულიერ ან ხორციელ განსაცდელშია, და შენ ამ უკანასკნელზე ისევე შეწუხდები და იტირებ, როგორც საკუთარ თავზე. იცოდე, აი, მაშინ ხარ ღვარძლისგან თავისუფალი.
20. ცოდვათა შენდობის მოსაპოვებლად ძლიერ უშრომია ბევრს, მაგრამ უბოროტო ადამიანს გაუსწრია მისთვის.

თავი მეათე
მისივე თქმული ძვირის თქმისა და განკითხვისათვის

4. თუ მოყვასი გიყვარს, ილოცე მისთვის და ნუ აძაგებ, რადგან ლოცვით ღმერთი შეეწევა და შეიწყალებს.
7. მინახავს ადამიანები, ცხადად რომ შეუცოდავთ, მაგრამ ფარულად შეუნანიათ. რომლებიც მეძაობისთვის განმიკითხავს, განწმენდილან რა სინანულით, წმიდა აღმოჩენილან ღვთის წინაშე.
13. „რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ” (მათე 7. 2), მაშინ ცხადია, რომ ჩვენც იმავე ხორციელსა თუ სულიერ ცოდვაში ჩავვარდებით, რაშიც ბრალს ვდებთ და რის გამოც განვიკითხავთ მოყვასს.
16. ეშმაკები მზაკვარნი არიან: ისინი ჩვენს ცოდვაში ჩაგდებას ცდილობენ; მაგრამ თუ ეს ვერ მოახერხეს, მაშინ ცოდვილთა განკითხვას ჩაგვაგონებენ და უკეთურნი მეორის საშუალებით პირველს შებილწავენ.
19. განკითხვა მხოლოდშობილი ძის ღირსების მიტაცებაა და სულის დამღუპველია.

თავი მეთერმეტე
ჩვენი წმიდა მამის, იოანეს თქმული დუმილისა და მრავლისმეტყველებისთვის

5. ვისაც საკუთარი დაცემა შეუცნია, ის საკუთარ ენასაც იცავს. ვინც ბევრს ლაპარაკობს, მას საკუთარი თავი სათანადოდ ვერ შეუცნია.
9. „მრავლისმეტყველებას ორი რამ იწვევს: ან აღზრდა და ცუდი ჩვევა. ენა სხეულის ორგანოა. რასაც მიეჩვევა, იმას გააკეთებს; ან – ამპარტავნება და ზოგჯერ – ნაყროვანება. ეს უმთავრესად მოღვაწეებთან გვხვდება. ამიტომ ბევრს ამოუდია მუცლისთვის შიმშილის ლაგამი და ამის წყალობით ენაც დაუდუმებია”.

თავი მეთორმეტე
მისივე თქმული ტყუილისთვის

1. რკინა და ქვა შობს ცეცხლს, ხოლო მრავლისმეტყველება და განცხრომა – ტყუილს.
2. ტყუილი სიყვარულს რყვნის.
5. მინახავს ადამიანები, ტყუილით რომ ხარობდნენ, მხიარული და ამაო საუბრით სიცილს იწვევდნენ და მგლოვიარეთა წესს რყვნიდნენ.
6. როცა ეშმაკები შეამჩნევენ, რომ სიცილსა და ხუმრობაში მყოფთაგან ვინმე შეკრებილთა გაცლას დააპირებს, ასეთს ცდუნების მიზნით მზაკვრულად ორ აზრს ჩააგონებენ: პირველი – „არ შეაწუხო მოსაუბრე!” და მეორე – „არ გაამჟღავნო, სხვებზე მეტად რომ გიყვარს ღმერთი!”
7. არ დააყოვნო და გაიქეცი ასეთებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოცვის დროს სიცილისა და განცხრომის მომგვრელი აზრები მოგივა და დაგაბნელებს.
8. არათუ გაიქეცი, არამედ, თუ შეგიძლია, ჩაშალე კიდეც ბოროტი საუბარი და შეკრებილებს სიკვდილი და განკითხვის დღე შეახსენე. უმჯობესია, მცირეოდენი სიამაყე შეგეპკუროს, ოღონდაც სარგებელი მოუტანო საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
10. ინც ღვთის შიში მოიპოვა, მისთვის უცხოა ტყუილი, რადგან მას საკუთარი შინაგანი და მიუკერძოებელი მსაჯული ჰყავს – სინდისი.

თავი მეცამეტე
მისივე თქმული მოწყენილობისთვის

2. მოწყენილობა არის სულის სისუსტე, გონების დაუძლურება, მოღვაწეობის უგულებელყოფა, მონაზვნობის შეძულება, ერისკაცთა მონატრება. მოწყენილობა ღმერთს უმოწყალობასა და არასახიერებაში სწამებს ცილს. ის სუსტია ფსალმუნებაში, უძლურია ლოცვაში, დაუღალავი – ხორციელ მსახურებაში, დაუზარელი – ხელსაქმეში და პირმოთნე – მორჩილებაში.
11. ლოცვაზე როცა ვდგებით, საჭირო საქმეებს გვახსენებს და ეს პირუტყვი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა ჩვენც ისევე განგვაშოროს ლოცვას, როგორც პირუტყვი გაჰყავთ ხოლმე კავით.
19.სხვა ვერაფერი მოუტანს მონაზონს იმდენ გვირგვინს, რამდენსაც მოწყენილობა, როცა მას არ ემორჩილებიან.

თავი მეთოთხმეტე
მისივე, ჩვენი წმიდა მამის, იოანეს თქმული ნაყროვანებისთვის

3. ნაყროვანება ახალ-ახალ საჭმელს იგონებს და გემოთმოყვარეობის წყაროს წარმოადგენს.
6. სიმაძღრე სიძვის მამაა, ხოლო მუცლის დამშევა – სიწმინდის წინამძღვარი.
20. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ბევრი საჭმელი, რომელიც მუცელს ბერავს, ხორცთა აღძვრასაც იწვევს.
28. მუცელს საუკუნო ცეცხლზე ფიქრით ამოსდე აღვირი.
32. ვინც მუცლის მაამებელია და ჰგონია, სიძვის ეშმაკს სძლია, იმ კაცს ჰგავს, ცეცხლს ზეთით რომ აქრობს.
50. ვნებათა მთავარი მუცლის სიმაძღრეა.
56. მარხვა ადამიანური ბუნების იძულება და პირის გემოს უარყოფაა.

თავი მეთხუთმეტე
მისივე თქმული უხრწნელი სიწმინდისა და ქალწულებისთვის, რომელსაც ხრწნადი კაცნი შრომითა და ოფლით მოიპოვებენ

2. სიწმინდე უსხეულო არსებების ბუნების გათავისებაა.
9. სრული სიწმინდის კანონი და ზღვარი ის არის, როცა გონება უცვლელია ნებისმიერი სხეულის მიმართ და მისთვის ერთია სულიერი თუ უსულო, მეტყველი თუ უტყვი.
14. ის კი არ არის წმინდა, ვინც თიხა უბიწოდ დაიცვა, არამედ იგი, ვინც მისი ყოველი ასო სულს დაუმორჩილა.
26. დამწყებნი შვებისა და განსვენების გამო ეცემიან ხორციელად; საშუალოდ წარმატებულნი – სიამაყის გამო (ახალმოსულებიც ეცემიან სიამაყისგან), ხოლო სრულყოფილებასთან მიახლებულნი მხოლოდ მოყვასის განკითხვის გამოისობით ეცემიან.
47. ეშმაკებს ისე არაფერი ახარებთ, როგორც სიძვის სიმყრალე, და არც ერთი ვნება უყვართ ისე, როგორც სხეულის შეგინება.
60. თევზი ანკესს გაურბის, ხოლო ავხორცი სული – დაყუდებას.
98. საყვარელნო, ესეც იცოდეთ! ღმერთმა ჩვენდამი დიდი ზრუნვისა და წყალობის გამოისობით დედაკაცებს თითქოს აღვირი ამოსდოო და მიმადლა შიში, რიდი და სირცხვილი. დედაკაცებს მამკაცებთან ძალით რომ შესძლებოდათ მისვლა, ვერც ერთი ხორციელი გადაურჩებოდა მათ.

თავი მეთექვსმეტე
მისივე თქმული ვერცხლისმოყვარეობისთვის

2. ვერცხლისმოყვარეობა არის კერპთა თაყვანისცემა, ურწმუნოების ასული და უძლურების წინასწარმეტყველი. მას სიბერის ცრუ შიში აქვს, არის შიმშილის მაუწყებელი, უწვიმობის მაცნე და ყოველგვარი ბოროტების დედა.
8. ვინც ეს ვნება დაამარცხა, მას საზრუნავი მოუკვეთავს; ხოლო მის მიერ შეკრული წმინდა გულით ვერასდროს ილოცებს.
9. ვერცხლისმოყვარეობის დასაწყისი არის მოწყალებაზე ფიქრი, ხოლო დასასრული – გლახაკთა სიძულვილი.

თავი მეჩვიდმეტე
მისივე თქმული უპოვარებისთვის

1. უპოვარება არის ურვისგან განშორება, უზრუნველი ცხოვრება, დაუბრკოლებელი მოგზაურობა.
8. ვისაც ზეციური სიტკბოება განუცდია, ის ადვილად უარყოფს ქონებას; ქონებით ის ხარობს, ვისაც ამ სიტკბოების გემო არ უნახავს.
10. ჰოი, მონაზვნებო, ნუ ვიქნებით ფრინველებზე ნაკლებად მორწმუნენი! ისინი არც ზრუნავენ და არც აგროვებენ, არამედ მათი გამომზრდელის – უფლებათა უფლისა – სწამთ.
12. ზღვას არ დაელევა ღელვა, ხოლო ვერცხლისმოყვარეს – მრისხანება და მწუხარება.
16. „ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვეცხლის მოყვარეობაჲ“ (1 ტიმ. 6, 10), და ასეცაა, რადგან მისგან არის სიძულვილი, ქურდობა, კაცისკვლა, შფოთი, მტრობა, ღვარძლი, შეუბრალებლობა და შური.

თავი მეთვრამეტე
ჩვენი წმიდა მამის, იოანე სინელი იღუმენის მიერ თქმული გულქვაობისა და უგრძნობელობისთვის, რაც ხორციელ სიკვდილამდე სულიერ სიკვდილს წარმოადგენს

5. ბევრი მინახავს ისეთი, სიკვდილისა და საუკუნო ტანჯვის გაგონებაზე ცრემლები რომ დაუღვრია, მაგრამ სანამ ჯერ კიდევ ცრემლიანი ჰქონია თვალები, სასწრაფოდ სუფრაზე გაქცეულა;

თავი მეცხრამეტე

მისივე თქმული ძილისთვის და სხვებთან ერთად ლოცვისთვის

9. ლოცვის დროს არავინ არ უნდა აკეთოს საქმე.

თავი მეოცე
მისივე თქმული ხორციელი სიფხიზლისთვის, რისგანაც სულიერი სიფხიზლე იშვება

2. ფხიზელი თვალით გონება იწმინდება, ხოლო ბევრი ძილით გული ქვავდება და სული ბნელდება.
3. ფხიზელი მონაზონი სიძვის მტერია, ხოლო მძინარა – მისი მეგობარი.
16. ლოცვის ჟამს დემონი ადამიანს ხელსაქმეს ახსენებს ძილის განსადევნად.
23. ხშირად ძილში ფსალმუნების სიტყვებს ჩვეულებიდან გამომდინარე ვამბობთ, ხშირად ეშმაკები აკეთებენ ამას, რათა ამპარტავნებაში ჩაგვაგდონ.

თავი ოცდამეერთე
მისივე თქმული შიშისთვის

1. შიში პატივმოყვარე სულში აღძრული ბავშვური ჩვეულებაა.
8. ყოველი მფრთხალი პატივმოყვარეა. მაგრამ განა ყველა თავმდაბალია, ვისაც არ ეშინია?! – არც ავაზაკები და საფლავის მძარცველები ფრთხებიან ადვილად.
10. უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით ტანჯე მტრები, რადგან მასზე ძლიერი საჭურველი არც ცაში მოიპოვება და არც მიწაზე.
18. ვინც ღვთის მონაა, მას მხოლოდ თავისი მეუფის ეშინია; ხოლო ვისაც მისი არ ეშინია, მას საკუთარი ჩრდილიც კი აფრთხობს.

თავი ოცდამეორე
ჩვენი წმიდა მამის, იოანეს მიერ თქმული პატივმოყვარეობისთვის

8.ყოველგვარ საქმეში გვხვდება პატივმოყვარეობაც: როცა ვმარხულობ – გონებაში ვამაყობ; როცა იმ მიზნით ვიხსნილებ, სხვებმა რომ არ შეიტყონ ჩემი მარხვა, ისევ ვამაყობ, ამჯერად იმიტომ, რომ ბრძნულად მოვიქეცი; კარგი ტანსაცმლით შემოსვისას – ვამაყობ, ძველით შემოსვისას – ისევ ვამაყობ;
9. პატივმოყვარე კერპთმსახურია ქრისტიანობაში. ჰგონია, ღმერთის სწამს, და სინამდვილეში, ღმერთის კი არა, ადამიანების მაამებლობას ესწრაფვის.
20. ის კი არ აჩვენებს თავმდაბლობას, ვინც თავად იმდაბლებს თავს (ვინ არ გამოიჩენს მოთმინებას საკუთარი თავის მიმართ?!), არამედ ის, ვისაც სხვები ლანძღავენ, მაგრამ ითმენს და ამ უკანასკნელთა მიმართ სიყვარული არ უმცირდება.
24. მას შემდეგ, რაც მცირე ხანს მშვიდად გავატარებთ უდაბნოში დაყუდებით, მტერი სოფელში დაბრუნებას გვირჩევს და გვეტყვის: „წადი წარწყმედული სულების გადასარჩენად და საცხონებლად!”
35. პატივმოყვარე ადამიანი გარეგნულად და სხეულით მონაზვნებთან იმყოფება, ხოლო გონებითა და საქმით – ერისკაცებთან.
48. თავის მოყვარეებს ღმერთი პატივმოყვარეობისგან ხშირად იცავს მათზე მოწეული ყვედრებისა და დამცირების გზით.
53. რაჟამს ჩვენი მაქებარნი, უკეთ რომ ვთქვათ, მაცდურნი, ქებას დაგვიწყებენ, მაშინ ჩვენი ფარული ცოდვები და უსჯულოებათა სიმრავლე გავიხსენოთ, და ასე მივხვდებით ჩვენს უღირსებას.

თავი ოცდამესამე
ამპარტავნებისთვის, სადაც გმობაზეც ლაპარაკობს

5. სადაც დაცემაა, იცოდე, რომ იქ თავდაპირველად ამპარტავნებამ დაიმკვიდრა
7. ამპარტავანი მონაზონი არასდროს გამოიჩენს თავმდაბლობას.
20. უდიდესი უგუნურებაა ღვთის მადლითა და ნიჭით ამპარტავნება.
8. ამპარტავანი იმ ბროწეულს ჰგავს, გარედან რომ საღია და შიგნით – დამპალი.
4. ვინც ამპარტავნების საპყრობილეშია ჩავარდნილი, მან სიბნელისგან დასახსნელად ტირილით ბევრი უნდა ევედროს ღმერთს, რადგან ასეთს ადამიანი ვეღარ უშველის და მხოლოდ ღმერთი თუ შეეწევა.

6. ამპარტავნება ამბობდა, ენითუთქმელი გმობის ბოროტი მისი ნაშიერი ყოფილა

თავი ოცდამეოთხე
მისივე თქმული სიმშვიდისთვის, სიწრფოებისა და უმანკოებისთვის, რომლებიც ადამიანური ბუნებიდან კი არ წარმოდგებიან, არამედ გულმოდგინე შრომით მოიპოვებიან, ასევე ცბიერებისთვის

38. დაცემას ხშირად მოუქცევია ცბიერი ადამიანები, მათდა უნებურად მოუტანია რა მათთვის ცხონება და უმანკოება.
28. სიმარტივე და სიწრფელე თავმდაბლობის გარეშე არ არსებობს.
29 ცბიერი და მზაკვარი ადამიანი საიდუმლოთა ცრუ მცნობელია: იკვეხნის, რომ სიტყვების მიხედვით აზრთა გაგება შეუძლია, ხოლო გარეგნობის მიხედვით – გულისნადებისა.

თავი ოცდამეხუთე
მისივე თქმული ვნებათა მკვლელი და გამანადგურებელი სანატრელი თავმდაბლობისთვის

10. თავმდაბალი მონაზონი არ იძიებს იმას, რაც დაფარულია და მიუწვდომელი; ამპარტავანი კი ღვთის სამართალსაც იკვლევს.
16. სინანული სულს აღადგენს და აღამაღლებს, ცრემლები ცის კარზე რეკს, ხოლო თავმდაბლობა ამ კარს აღებს.
18. თავმადაბლობა რომ არ არსებობდეს, ჩვენი შრომაც ფუჭი იქნებოდა.
20. თავმდაბლობაა ერთადერთი სათნოება, რომელსაც ეშმაკები ვერ იჩემებენ.
40. როგორც შეუძლებელია თოვლისგან ცეცხლის დანთება, ისევე შეუძლებელია მწვალებელთა შორის თავმდაბლობის პოვნა.
41. ეს სათნოება მხოლოდ მართლმორწმუნეებს ხელეწიფებათ, თანაც იმათ, ვინც წმიდა და ღვთისმოყვარეა.
44. ზოგიერთისთვის ძველი ცოდვები შენდობის შემდგომაც კი მუდამჟამ დამდაბლების მიზეზს წარმოადგენს და მათი საშუალებით ბოროტი ამპარტავნების ქედს მუსრავს.
71. ვინც ღვთისგან რამეს ითხოვს და თავს უღირსად მიიჩნევს, უფრო მეტს მიიღებს.

თავი ოცდამეექვსე
მისივე, ნეტარი იოანეს თქმული დიაკრისისათვის, ანუ ცოდნისა და აზრთა, ვნებათა და სათნოებათა განსჯისათვის

32. ხშირად წამალი, რომელიც ერთს კურნავს, მეორეს ჰკლავს.
39. მონაზონთა ნათელი ანგელოზები არიან, ხოლო კაცთა ნათელი მონაზვნები არიან.
40.გულქვაობა წარმოდგება სიმაძღრისგან, ულმობლობისა და ცუდი მიდრეკილებებისგან. ცუდი მიდრეკილებები კი შედეგია ან სიძვისა, ან ვერცხლისმოყვარეობისა, ან ნაყროვანებისა, ან დიდებისმოყვარეობისა, ან სხვა მრავალთა.
47. ცბიერებას შობს სიამაყე და მრისხანება, პირმოთნეობას – ურჩობა, თავნებობა და თავმომწონეობა.
49. ხელმწიფეთა და მხეცთადმი შიში იყოს ჩვენთვის ღვთის შიშის მაგალითი, ხოლო ხორციელი სიყვარული – ღვთისადმი ტრფიალებისა.
53. ზოგჯერ უძლურება ცოდვათა განწმენდის მიზნით შეგვემთხვევა, ზოგჯერ კი – გონების დასამდაბლებლად.
59. რამდენადაც ჭიდან წყლის ამოღებისას ხშირად ბაყაყიც ამოგვიყვანია, იმდენად სათნოებების აღსრულებისას ამ უკანასკნელთ მრავალგზის ფარულად ვნებებიც ერევა. ვიცოდეთ: უცხოთა შეწყნარებას ხშირად თან ერთვის ნაყროვანება, სიყვარულს – სიძვა, ცოდნას – მზაკვრობა, სიბრძნეს – ცბიერება, სიმშვიდეს – სიზარმაცე, მცონარება და ურჩობა, დუმილს – სიამაყე, სიხარულს – ქედმაღლობა, სასოებას – უყურადღებობა, დაყუდებას – მოწყენილობა და სიზარმაცე, უმანკოების დაცვას – სიმკაცრე, თავმდაბლობას – კადნიერება; ხოლო ყოველივე ამათ ბორკილივით ადევს ამპარტავნება.
60. საყვარელნო, ნუ დავმწუხრდებით, თუ ღმერთს რამეს ვთხოვთ და გარკვეული ხნის განმავლობაში არ გვისრულებს. უფლის სურვილი ის არის, რომ ყოველი ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვნებებისგან. როცა ღვთისგან რამეს ითხოვენ და მაშინვე ვერ ღებულობენ, ეს იმიტომ ხდება, რომ იმ დროს უღირსად ან სიამაყით ითხოვენ, და მათი თხოვნა მაშინვე რომ დაეკმაყოფილებინა, გაამაყდებოდნენ, ან გაზარმაცდებოდნენ.
61. ყველამ იცის, რომ ეშმაკები და ვნებები გარკვეული ხნით ან სამუდამოდ გვშორდებიან, მაგრამ ცოტამ იცის, თუ რატომ გვშორდებიან ისინი.
ზოგიერთს, არა მარტო მორწმუნეს, არამედ ურწმუნოსაც, ერთის გარდა, ყველა ვნება განეშორება. ეშმაკები ამ ერთს ტოვებენ, როგორც ყოველგვარი ბოროტების წინამძღვარსა და დანარჩენ ვნებათა ადგილის შემავსებელს. ეს უკანასკნელი იმდენად უკეთურია, რომ ანგელოზებიც კი ეშმაკებად უქცევია.
99. არაფერი ისე არ ანადგურებს სიყვარულს და ბადებს სიძულვილს, როგორც სითამამე.
102. ვინც სულიერად სუსტია, ის ხორციელი გასაჭირისა და განსაცდელის მიხედვით ხვდება, რომ ღმერთმა მოხედა;
106. დაწყება დღისა უფალს მიეცი, რათა გათენებისთანავე ღვთიური, და არა ეშმაკეული ფიქრები დამკვიდრდეს შენში; რადგან ვინც პირველი მოვა შენთან, იმისი იქნება ის დღეც.
115. ვისაც ღვთის ნების შეცნობა სწადია, საკუთარი ნება უნდა მოაკვდინოს, რწმენით მარტივი და წრფელი გულით ილოცოს, შემდეგ სულიერ მამებს ან ძმებს დაეკითხოს და მათი ნათქვამი, თუნდაც მის აზრებს ეწინააღმდეგებოდეს, როგორც ღვთის პირიდან გამოსული, ისე მიიღოს.
134. რთულია და ძნელი ღვთის სამართლის უფსკრულის გამოძიება. მისი მაძიებელნი სიამაყის ნავით დაცურავენ.
175. ღმერთს ბოროტება არც გაუჩენია და არც შეუქმნია. ამიტომ, ცდებიან, როცა ამბობენ, რომ ზოგიერთი ვნება სულისთვის ბუნებრივია. ეს უკანასკნელნი ვერ ხვდებიან, რომ ჩვენში ბუნებრივად არსებული სიკეთე, რომელიც ჩვენდა სასარგებლოდ მოგვეცა, ვნებად ვაქციეთ. მაგალითად: თავისთავად თესლი შვილოსნობისთვისაა განკუთვნილი, ჩვენ კი სიძვის მიზეზად ვაქციეთ; ბუნებრივად მრისხანების უნარი ეშმაკთა საწინაღმდეგოდ მოგვენიჭა, ჩვენ კი მოყვასისკენ მივმართეთ; შურიც ბუნებრივადაა ჩვენში, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბოროტება შეგვშურებოდა, არამედ სიკეთის მოშურნეები ვყოფილიყავით; სურვილიც ბუნებრივია, მაგრამ სასუფეველის სურვილი, და არა ცოდვისა. ბუნებრივად გვახასიათებს სიამაყეც, რაც ეშმაკებთან უნდა გამოგვეჩინა, ჩვენ კი იქ ვამაყობთ, სადაც საჭირო არ არის; სიხარულის უნარიც ბუნებრივია, მხოლოდ უფლითა და მოყვასის სიკეთით უნდა გვეხარა, ჩვენ კი ბოროტებით ვხარობთ. ბუნებრივად გვახასიათებს ძვირის ხსოვნის უნარიც, რაც სულიერი მტრების, და არა ძმების მიმართ უნდა წარგვემართა.
206. სიძვის მოყვარულთა მკურნალი ადამიანია, ბოროტთა – ანგელოზი, ხოლო ამპარტავანთა – მხოლოდ უფალი.
სხვა სათნოებებზე
17. როგორც ძალიან მსუქანი მწყერი ვერ აფრინდება ცაში, ისევე ცამდე ვერ ამაღლდება ის, ვინც ხორცს ასუქებს.
22. როგორც სკორეში დამალული კვერცხიდან იბადება მართვე, ისე გაუმჟღავნებელი ზრახვები საქმედ გადაიზრდება.
34. როგორც თოვლისგან არ დაინთება ცეცხლი, ისე ზეციურ დიდებას ვერ მიემთხვევა ის, ვინც ამქვეყნიურ დიდებას ეძიებს.
66. სინდისი ბოროტების მამხილებლად მოგვეცა ღვთისგან. ის ჩვენი მცველია და ნათლისღების შემდგომ უფრო ძლიერდება.