You are currently viewing წმინდა სინოდის სხდომის ოქმი (22.12.2015)

წმინდა სინოდის სხდომის ოქმი (22.12.2015)

Download article eBook

  
წმ.სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II.
წმინდა სინოდის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). განიხილეს შემდეგი საკითხები:  1. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავჯდომარის, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება წმიდა და დიდი კრებისთვის მართლმადიდებელ ეკლესიათა მოსამზადებელი სამუშაოების მსვლელობის შესახებ;

2. სხდომამ იმსჯელა წმინდანთა კანონიზაციის თაობაზე და დაადგინეს:

ა) წმინდანთა დასში შეირაცხოს კვართისმიმრქმელ წმ. სიდონიას დედა (I ს.) და ეწოდოს: „მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს მცხეთას ვნებული და პირველმარტვილი“. მისი ხსენება აღინიშნოს წელიწადში ორჯერ, – ვნების შვიდეულის პარასკევს და 1(14) ოქტომბერს. შეიქმნას ხატი და დაიწეროს მსახურება. ელიოზის დის, კვართისმიმრქმელ წმ. სიდონიას ხსენების დღედ განწესდეს 1(14 ოქტომბერი), სვეტიცხოვლობა.
ბ) წმინდანთა დასში შეირაცხოს XIX საუკუნეში სამხრეთ საქართველოში მოღვაწე მღვდელი პეტრე ხმალაძე და ეწოდოს „წმ. პეტრე აღმსარებელი“. მისი ხსენების დღედ დადგინდეს 1 (14) იანვარი, შეიქმნას ხატი და დაიწეროს მსახურება.
გ) წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენება განისაზღვროს წელიწადში ორჯერ: 20 ივლისს (ახალი სტილით: 02.08), ილიაობის დღესასაწაულზე და 30 აგვისტოს (ახალი სტილით: 12.09), მისი გარდაცვალების დღეს.

3. წმინდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოხსენება საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. მან აღინიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის კანონიკური საზღვრები, ჩვენი ეკლესიის საუკუნოვანი ტრადიციის შესაბამისად, განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ 1917 წლის 25 მარტს, როდესაც აღდგა ავტოკეფალია. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ჩატარებული ყველა საეკლესიო კრება იგივე საზღვრებში ცნობდა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას და ვცნობთ ჩვენც. ამასთან ამ საზღვრებში ჩვენი წმინდა სინოდის მიერ ეტაპობრივად მიმდინარეობს ისტორიულად არსებული ჩვენი კანონიკიური ეპარქიების გაცოცხლება ტიტულოვანი მღვდელმთავრების სახით. გამოსაცემად მომზადდა თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში არსებული ეკლესია-მონასტრების თითქმის სრული აღწერილობა. უნდა დაჩქარდეს საზღვარგარეთ, ისტორიულად არსებულ ჩვენს ეპარქიებში, ქართული კულტურის ძეგლებისა და ეკლესია-მონასტრების აღწერის პროცესიც. წმინდა სინოდმა დაადგინა: დაევალოს მღვდელმთავართ და საქართველოს საპატრიარქოს უმაღლეს სასწავლებლებს, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში ისტორიულად შემავალ ეპარქიებში არსებული ეკლესია-მონასტრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მასალების მომზადება კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე შექმნილი, სამთავრობო და საეკლესიო წარმომადგენელთაგან შემდგარი, ორმხრივი კომისიისთვის.
ა) ეთხოვოს საქართველოს კულტურის სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, სახელმწიფო არქივს, მეცნიერებათა აკადემიას, უნივერსიტეტებს, ინსტიტუტებსა და ცალკეულ მკვლევართაქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ საქმეში.
ბ) ეთხოვოს ხელისუფლებას ორმხრივი კომისიის დროულად ამოქმედებისათვის ზრუნვა.

4. წმ სინოდმა მოისმინა, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარის, რუსთველი მიტროპოლიტი იოანეს (გამრეკელი) წლიური ანგარიში საქართველოს საპატრიარქოს სკოლების 2014-2015 სასწავლო წლის შედეგების შესახებ. ითქვა, რომ გასულ სასწავლო წელს საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა 30-მა მოსწავლემ, ვერცხლის მედალი მიიღო 35-მა, მაღალი შეფასებით (9,5) ატესტატი გაიცა 63 ახალგაზრდაზე. კურსდამთავრებულთაგან 84% გახდა უმაღლესი სასწავლებელის სტუდენტი. მიტროპოლიტმა იოანემ ასევე ისაუბრა საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის 2015 წლის საქმიანობის თაობაზე. წმინდა სინოდმა იმსჯელა ახალი საგნის, – „მე და საზოგადოების“ შესახებ და დაადგინა: წარმოდგენილი პროექტი შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს და აუცილებელია მისი საჯარო განხილვა, რათა გათვალისწინებული იყოს საზოგადოების და სხვა ტრადიციული რელიგიური ჯგუფების აზრიც.

5. სხდომაზე განიხილეს საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულებების დაფინანსების საკითხი. დაადგინეს: სინოდალური კომისიის მიერ ყოველწლიურად მოხდეს სასწავლო დაწესებულებების ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება.

6. წმიდა სინოდმა იმსჯელა მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) შესახებ, რომელიც მუდმივად ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის იერარქებზე. იგი იყო დაბარებული საქართველოს საპატრიარქოში, მაგრამ არ გამოცხადდა. დაადგინეს: კონსტანტინეპოლის II კრების 6-ე[1] და კართაგენის კრების მე-19[2]კანონების საფუძველზე, მღვდელმონოზონ ილიას (ვაშაკიძე) აეკრძალოს მღვდელმოქმედება.