ხარება – ეს არის დღე კეთილი უწყებისა, იმის შესახებ, რომ კაცობრიობაში გამოჩნდა ქალწული ღმერთის ისეთი რწმენით, მორჩილებითა და ნდობით, რომ მას შეუძლია შვას ძე ღვთისა. მაცხოვრის განკაცება ერთის მხრივ არის საქმე საღმრთო სიყვარულისა და საღმრთო ძალისა, მაგრამ ამასთანავე ძე ღვთისას განკაცება არის საქმე ადამიანის თავისუფლებისა. წმინდა გრიგოლ პალამას თქმით, განკაცება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თავისუფალი, ადამიანური თანხმობის გარეშე იმდენადვე შეუძლებელი იქნებოდა, რამდენადაც საღმრთო შემოქმედების ძალის გარეშე და ამ დღეს, ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელში ვჭვრეტთ ქალწულს, რომელმაც შეძლო მთელი სულით, მთელი გულით და მთელი გონებით ნდობა საღმრთო განგებულებისა.
კეთილი უწყება კი ჭეშმარიტად საშინელი იყო: ანგელოზის გამოჩენა და ეს მისალმება: „კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა“. – ამ სიტყვებს შეუძლებელია არ გამოეწვია არა მხოლოდ გაოცება, არა მხოლოდ კრძალვა – არამედ ძრწოლაც ყოვლადწმიდა ქალწულის სულში – როგორ შეიძლება ეს მოხდეს, მას ხომ ქმარი არ შეუცვნია.
და აი აქ წამსვე ვამჩნევთ სხვაობას ღრმადმორწმუნე, მაგრამ დაეჭვებულ წინამორბედის მამის ზაქარიასა და ღვთისმშობლის რწმენას შორის. ზაქარასაც ჰქონდა გამოცხადება, რომ თავის ცოლთან, ასაკის მიუხედავად, ბუნებრივად შეეძინება შვილი. ამაზე ზაქარიამ მიუგო: როგორ შეიძლება ეს მოხდეს? ეს შეუძლებელია! რით დამიმტკიცებ ამას? რა რწმუნება შეგიძლია მომცე?… ღვთისმშობელი კი ამ კითხვას ასე სვამს: ეს როგორ შეიძლება მოხდეს, მე ხომ ქალწული ვარ? და ანგელოზის სიტყვაზე, რომ ასე იქნება, ის მხოლოდ ამბობს სიტყვებს, რომლითაც მთლიანად აძლევს თავს საღმრთო განგებას: აჰა მხევალი უფფლისა, მეყოს მე სიტყვისაებრ შენისა.
ადამიანური გაგებით მხევლობა, მონობა ეს ნიშნავს იმას რომ საკუთარი ცხოვრება მისცე სხვას… მან ნამდვილად მისცა, ნამდვილად შესწირა ღმერთს საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ბედი, საკუთარი ნება – მიიღო რა რწმენით – შეუეჭვებელი ნდობით – უწყება იმის შესახებ, რომ ის იქნება დედა განკაცებული ძე ღვითსა. მასზე ამბობს მართალი ელისაბედი: „ნეტარია რომელსაც სწამს, რადგან აღსრულდება უფლის მიერ მისთვის“ ნათქვამი.
ღვთისმშობელში ჩვენ ვხედავთ გასაოცარ უნარს – ბილომდე ნდობას უფლისა. ეს უნარი არ არის ბუნებრივი, არ არის ნატურალური – მისი გამომუშავება შეიძლება მხოლოდ სუფთა გულის და ღმერთისადმი სიყვარულის მოსაგრეობით. მოსაგრეობით, რადგანაც მამები ამბობენ: „დაღვარე სისხლი და მიიღებ სულს…“ ერთი დასავლელი მწერალი ამბობდა, რომ განკაცება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ებრაელმა ქალწულმა მთელი გონებით, გულითა და სულით ისე შეძლო ღმერთის სახელის წარმოთქმა, რომ ის ჩაისახა მასში.
აი კეთილი უწყება, რომელიც დღეს ჩვენ გავიგონეთ სახარებაში: ადამიანთა მოდგმამ დაბადა და მიართვა ღმერთს ქალწული, რომელსაც შეეძლო თავისი სამეფო, ადამიანური თავისუფალებით გამხდარიყო დედა ძე ღვთისა, რომელიც თავადაც თავისუფალი ნებით შეეწირა კაცობრიობის გამოსახსნელად.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
7 აპრილი. 1981 წ.
თარგმნა ბექა ებრალიძემ
წყარო: jtheologians.wordpress.com
სურათის ავტორი: გოჩა კაკაბაძე