You are currently viewing „პროტესტანტიზმიდან მართლმადიდებლობამდე“

„პროტესტანტიზმიდან მართლმადიდებლობამდე“

Download article eBook

                                                         

 

გთავაზობთ სატელევიზიო გადაცემათა ციკლის „ჩემი გზა ღმერთამდე“ («Мой путь к Богу») ქართულ თარგმანს. გადაცემაში მღვდელი გიორგი მაქსიმოვი ესაუბრება მართლმადიდებლობისკენ მოქცეულ ადამიანებს. ამჯერად მამა გიორგისთან სტუმრადაა – დეკანოზი სტანისლავ რასპუტინი, წარსულში „ხსნის არმიის“ წევრი, ამჟამად მართლმადიდებელი მღვდელი და მისიონერი. მამა სტანისლავი ისაუბრებს თუ როგორ მივიდა ღმერთამდე და მისიონერობის აუცილებლობაზე ყველა მართლადიდებელი ქრისტიანისთვის.
კენოზისი მომავალშიც შემოგთავაზებთ ქართულ თარგმანს ამ ციკლიდან.

 მღვდელი გიორგი მაქსიმოვი:  მამა სტანისლავ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში მოინათლეთ როგორც ყველა, თქვენი რწმენაში მოსვლა ზრდასრულ ასაკში მოხდა, შეგიძლიათ მოგვიყვეთ როგორ დაიწყო ყველაფერი?

მღვდელი სტანისლავ რასპუტინი: ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ პერესტროიკის“ დასასრულს მომნათლეს 4 წლის ასაკში. მოვინათლე სახლში. დედამ და დეიდამ, რომლებმაც ჩემი მონათვლა გადაწყვიტეს, არც ესმოდათ თუ რა საჭირო იყო საერთოდ ნათლობა. მე კარგად მახსოვს, როგორ თქვა მღვდელმა, რომ მეორე დღეს აუცილებლად უნდა ვზიარებოდი. მახსოვს, როგორ მტკიოდა ტაძარში ფეხები და როგორ ვთხოვე დეიდას წავეყვანე, მანაც წამიყვანა და აღარც ვეზიარე. არც ჩემი ნათესავები ცხოვრობდნენ ეკლესიურად, ასე რომ როგორც ამბობენ მდინარის დინებას გავყევი და მოზარდობამდე ათეისტური შეხედულებებით ვიზრდებოდი. ვკითხულობდი ძალიან ბევრ პოპულარულ სამეცნიერო ლიტერატურას,  ძალიან მიყვარდა ბიოლოგია და ევოლუციის თეორია ჩემი მსოფლმხედველობის ფუნდამენტს წარმოადგენდა და იმ დარწმუნების საფუძველს, რომ მეცნიერებას, თუ ყველა კითხვაზე არა უმეტესსზე მაინც შეუძლია პასუხის გაცემა.  გარდა ამისა, ვიყავი ჩვეულებრივი მოზარდი, ვუსმენდი „მძიმე“ მუსიკას, დავდიოდი დისკოთეკებზე და ასეთი იყო ჩემი წრეც.  ერთხელაც, ჩემი მეგობარი ამ წრიდან მოულოდნელად შეიცვალა. ის აღარ იგინებოდა, რაც ძალიან შესამჩნევი იყო, განსაკუთრებით იმ გარემოში სადაც სულ გინებით საუბრობდნენ. მე ვკითხე მას რა იყო ამ ცვლილების მიზეზი და მან მიპასუხა:
– „იცი, მე მორწმუნე გავხდი და ეს უბრალოდ აღარ მჭირდება“.
მაშინ ვიფიქრე, რომ ის გაგიჟდა, რომელიღაც სექტაში მოხვდა და შველა სჭირდებოდა, მაგრამ მე მაინც მისი მეგობარი ვიყავი.  ერთხელაც ვუთხარი:
– „მოდი, მეც წამოვალ სადაც შენ დადიხარ“.
მან მითხრა, რომ რაღაც შეკრებებს ესწრებოდა, ეს იყო ქრისტიანული საზოგადოება „ხსნის არმია“ ქალაქ პეტროზავოდსკში. მეც დავიწყე მასთან ერთად შეკრებებზე სიარული, მახსოვს პირველად ძალიან არ მომეწონა, ვნახე ადამიანები, რომლებიც როგორც მომეჩვენა ჩაციკლულები იყვნენ ღმერთზე და რელიგიაზე. „სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საუკუნეში, საერთოდ როგორ შეიძლება ასეთ სასაცილო საკითხებზე ფიქრი და საუბარი და მითუმეტეს ამ ყველაფრით ცხოვრება?“ ვფიქრობდი ჩემთვის. ასე რომ, არ მომეწონა. მაგრამ იქ მიმიზიდა იმან, რომ ის ხალხი სხვანაირები იყვნენ, სხვანაირად გიყურებდნენ, სხვა ღირებულებები ჰქონდათ, კეთილები იყვნენ. დავიწყე სხვადასხვა შეკრებებზე და ღონისძიებებზე სიარული. მიზანი, რათქმაუნდა მათი გადარწმუნება და მათთან კამათი იყო. მახსოვს მრავალსაათიანი კამათები თემაზე „შესაქმე თუ ევოლუცია?“ ისინი სულ მეუბნებოდნენ:

– „რა გიშლის ხელს? თვითონ თხოვე ღმერთს, რომ შეხვდე მას“.

– „რატომ გავაკეთო ეს როდესაც გულწრფელად არ მწამს მისი არსებობის?“

– „რას კარგავ? თუ ღმერთი არის, ის როგორღაც მიპასუხებს, თუ არ არის მაშინ არაფერი  მოხდება“.

გავიფიქრე: „მართლაც არაფერს არ ვკარგავ“ და მივმართე ღმერთს საკუთარი სიტყვებით: „ღმერთო, თუ მართლა არსებობ, შემოდი ჩემს ცხოვრებაში და გამოაცხადე შენი თავი“. იმ მომენტში, არაფერი მოხდა, როგორიც ვიყავი ისეთი დავრჩი, მაგრამ ზუსტად ერთ კვირაში ჩემი ცხოვრება და მსოფლმხედველობა რადიკალურად შეიცვალა.

– როგორ?

Священник Станислав Распутин

– მოულოდნელად წმინდა წერილის წაკითხვის სურვილი გამიჩნდა, არ ვიცოდი რატომ და ვითხოვე ბიბლია. როგორც მახსოვს, ბოლო ხმაზე ჩავრთე მაშინდელი ჩემი საყვარელი ჯგუფის სიმღერა და შეუსვენებლად ვკითხულობდი წმინდა წერილს. უცებ მივხვდი, რომ მიყვარს საკუთარი მშობლები.  შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ გავაცნობიერე, რომ მშობლები ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანები არიან. მეგობრებისადმი პატივისცემის გრძნობა გამიჩნდა, შემზიზღდა ბილწსიტყვაობა, ძალადობრივი მეთოდებით კონფლიქრების მოგვარება. მოკლედ, შეიცვალა ჩემი მსოფლმხედველობა. გავხდი „ხსნის არმიის“ აქტიური წევრი, ვმონაწილეობდი ახალგაზრდულ შეკრებებზე და ვქადაგებდი კიდეც ღვთისმსახურებებზე, რომლებიც სპეციალურად ახალგაზრდებისთვის იყო ორგანიზებული.

 ღმერთის არსებობის შესახებ კითხვა აღარ გაწუხებდათ?

– მეტსაც გეტყვით – ჩემი ლოცვიდან ერთი კვირის შემდეგ, ვერც წარმომედგინა, ღმერთის არ არსებობა  და როგორ არ უნდა გწამდეს მისი არსებობის.
იცით, როცა ღმერთს შეხვდები პირისპირ, უკვე აღარ გჭირდება არავითარი ინტელექტუალური დასაბუთება. გავხდი „ხსნის არმიის“ აქტიური წევრი, ჩემთვის ყველაფერი მშვენივრად იყო, ქარიზმატული ქადაგებები და ა.შ. ოთხი თვის შემდეგ, უკვე შემომთავაზეს ჩვენი ახალგაზრდული კორპუსის ლიდერობა –  უეცრად  ღმერთმა მითხრა: „მართლმადიდებლურ ეკლესიაში უნდა გადახვიდე“. ჩემთვის ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი იყო.

– და როგორ გითხრათ?

– ეს არ იყო რაღაც ხმა, რომელიც ჩამესმა და არც გონებაში მოსული აზრი. ეს ძალიან რთული ასახსნელია, თუ ადამიანმა საკუთარი გამოცდილებით არ შეიგრძნო. მაქსიმალურად შესაბამისი ანალოგი რომ ავიღოთ შეიძლება ითქვას, რომ მთელი ჩემი არსება აღიქვამდა იმას, რომ ღმერთი მელაპარაკება. თითქმის ყველა უჯრედი. თანაც ვხვდებოდი, რომ ეს აზრი და სურვილი ჩემი არ იყო. ძალიან ბევრი მითი ვიცოდი მართლმადიდებლურ ეკლესიაზე.  გვასწავლიდნენ, რომ ესაა ეკლესია, სადაც ღმერთი მკვდარია, სადაც ადამიანები კერპებს ეთაყვანებიან, სადაც საერთოდ არ აქვთ ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან. ამიტომაც, ვფიქრობდი, რომ ღმერთი შეცდა. მე ხომ ყველაფერი კარგად მქონდა პროტესტანტებთან, იქ იყვნენ ჩემი ახალი მეგობრები, ჩემი მოწოდება და ჩემი მსახურება. რაში მჭირდებოდა ახალი ეკლესია? მით უმეტეს, როგორც მაშინ მეჩვენებოდა, ისეთი, რომელიც ცუდია და მკვდარი? მაგრამ ღმერთმა მითხრა: „მანდ უნდა წახვიდე“. თავდაპირველად მივედი ტაძარში, შევხვდი მღვდელს, მახსოვს ძალიან ვეჩხუბე, კერპთაყვანისმცემელი ვეძახე. მაგრამ მერე, როდესაც მართლმადიდებელი გავხდი რათქმაუნდა ბოდიში მოვუხადე.  ასე რომ, ამ დროის განმავლობაში ღმერთი სულ მეუბნებოდა მართლადიდებელი გავხმხდარიყავი და მეც წინააღმდეგობის გაწევა დავიწყე: ვამდობდი, რომ არ წავიდოდი მანდ, იქ არავის ვიცნობ, არაფერი მაინტერესებს. ეს ყველაფერი რვა თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ღმერთი მტკიცედ მეუბნებოდა: „მართლმადიდებლურ ეკლესიაში უნდა გადახვიდე“ . მეც დანებება დავიწყე და ვუთხარი: „კარგი, იქ ვივლი“.  მართლმადიდებლურ ეკლესიაში საღამოს მსახურებებს ვესწრებოდი თავიდან ბოლომდე, გულწრფელად ვლოცულობდი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მესმოდა. კვირას დილაობით კი „ხსნის არმიის შეკრებებზე“ დავდიოდი.  ერთადერთი რასაც ვგრძობდი მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეს იყო რაღაც სისავსე. მაგრამ გონება მეუბნებოდა: „აქ რას აკეთებ? არავის იცნობ, შენთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობენ. იქ კი შენი მეგობრები არიან, ყველაფერი გასაგებია, იქაა შენი გზა და ზრდა“.
მეორე დღეს მივდიოდი „ხსნის არმიაში“, ჩემთვის იქ ყველაფერი კარგად იყო, ხალხიც მომწონდა, მაგრამ სისავსე მაკლდა. როგორც იქნა, რვა თვის შემდეგ, ასეთი შინაგანი ბრძოლის შემდეგ ვთქვი: „კარგი, ღმერთო,  გინდა, რომ იქ გადავიდე? გადავალ!“. ეს ნაბიჯი რწმენიდან, ღმერთზე მინდობით იშვა. ეს იყო 2000 წლის 28 ივლისი. პასტორებს წინასწარ ვუთხარი რომ, მოწოდებული ვარ მართლმადედებლურ ეკლესიაში გადავიდე. რა თქმა უნდა, ბევრს ეს არ ესმოდა, მეუბნებოდნენ: „როგორ? სად მიდიხარ? დაფიქრდი“. მაგრამ პასტორებმა სიბრძნე გამოიჩინეს და მითხრეს: „თუ მართლა გჯერა, რომ ღმერთი მოგიწოდებს, – წადი“.  მაგ დღეს შეკრებაზე გამოაცხადეს: „ჩვენი ძმა მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადადის“. მეც წამოვედი იქედან.

 ამის შემდეგ დაიწყეთ ცხოვრება როგორც მართლმადიდებელმა ქრისტიანმა?

– დიახ. მახსოვს პირველი აღსარება, პირველი ზიარება. მახსოვს, როგორ აღმოვაჩინე წმიდა მამათა სამყარო, მანამდე სამწუხაროდ ჩემთვის ძალიან ბევრი რამ იყო გაუგებარი მართლმადიდებლობაში. პირველ თვეებში პირჯვარსაც არ ვიწერდი და არც ხატებს ვემთხვეოდი, არ ვიცოდი რა საჭირო იყო ეს, მაგრამ რაც უფრო მეტად ჩავერთე ეკლესიურ ცხოვრებაში, მით უფრო გასაგები გახდა ყველაფერი ჩემთვის. ჩემი ეკლესიური ცხოვრების გამოცდილებით ვაცნობიერებდი მართლმადიდებლობის მთელ სიღრმეს.

– როგორ შეაფასებდით იმ განსხვავებას რაც პროტესტანტებთან გქონდათ, იმასთან რაც მართლმადიდებლობაში შეიძინეთ?

– იცით, სიტყვები თითქმის ყველაფერი იგივე იყო: „ღმერთი“, „ხსნა“ – მაგრამ სიღრმის გარეშე. როდესაც დავიწყე სულიერი ცხოვრება – „ზიარება“, „აღსარება“, ჩემთვის გაიხსნა სიღრმე და საუნჯე ყველა იმ სიკეთისა რაც მართლმადიდებლობაშია.

–  რა იყო ყველაზე რთული?

  მართლმადიდებლური სწავლების მიღება ღმრთისმშობელზე.

–  ბევრი ყოფილი პროტესტანტი ამბობს ამას.

– დიახ, იცით, მე გულწრფელად ვლოცულობდი: „ღმერთო, გამინათე გონება, არ მესმის ეს“.  არა მხოლოდ არ მესმოდა, არამედ შინაგანად ვერ ვიღებდი ამას და ღმერთმაც სასწაულებრივად შემაცნობინა ეს შინაგანად. მახსოვს, ერთხელაც მივდიოდი მაღაზიაში, შემოდგომის ღრუბლიანი ამინდი იყო, უეცრად სულში სიხარული ვიგრძენი და ვკითხე საკუთარ თავს: „რა მიხარია?“ აღმოჩნდა, რომ მიხარია, ის,  რომ მივხვდი თუ რატომ მივაგებთ ამხელა პატივს ღმრთისმშობელს. ეს იმდენად ორგანულად გასაგები გახდა ჩემთვის, რომ ვთქვი: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელი, შეგვეწიე ჩვენ!“ ასეთი ლოცვა აღმომხდა. ეს იყო ჩემთვის უკანასკნელი ბარიერი, რომლის გადალახვის შემდეგაც არანაირი საფუძველი აღარ მქონდა ჩემს პროტესტანტულ წარსულს ჩავჭიდებოდი. ახლა ულვე. 15 წელი ეკლესიური ცხოვრებით, ვხვდები, რომ ის სიღრმე რაც აქ აღმოვაჩინე არსად არ არის, ის მხოლოდ მართლმადიდებლობაშია.

–  რაც შეეხება, ღვთის სიტყვას. ზოგიერთი პროტესტანტები ამბობენ:  „ჩვენთან ყველა ადამიანს შეუძლია განმარტოს. აქვს თავისუფლება განავითაროს საკუთარი გონება. მართლმადიდებლობაში კი მხოლოდ წმინდა მამებზე დაყრდნობით უნდა განმარტო, მათზე უნდა მოახდინო ორიენტირება, შენი გონება კი შეზღუდულია“. ამრიგად, ყველას ექმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ თვითგამოხატვის თავისუფლებას ვკარგავთ და რისი გულისთვის? იმისთვის, რომ  ძველმა ადამიანებმა, რომლებიც ადრე ცხოვრობდნენ რაღაც თქვეს? როგორ დაგვეხმარება ეს ბიბლიის უკეთ გაგებაში? თუ გქონიათ ასეთ შეხედულებებთან შეხება და რას პასუხობთ ხოლმე?

– რა თქმა უნდა, ყოფილა ასეთი შემთხვევები. უფრო მეტიც, თავიდან ვგრძნობდი რაღაც შებოჭილობას, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ ილუზიაა. თქვენ სწორად თქვით, რომ პროტესტანტიზმში ყველას აქვს თავისუფლება ააშენოს შენობა იმ საფუძველზე, რომელსაც ის ხედავს. ყველას გვავალებენ სახლის აშენებას, მაგრამ ჩვენ არ ვართ პროფესიონალი მშენებლები, ჩვენ, რა თქმა უნდა, საკუთარი ძალების შესაბამისად ვეცდებით, მაგრამ ის სახლი, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ…

– უკეთეს შემთხვევაში ბუნაგი გამოვა (იცინის)

– დიახ ბუნაგი,  უფრო მეტიც, სულ მცირე ნიავზეც კი ჩამოინგრევა. როდესაც მშენებელი სახლს აშენებს, ის იყენებს იმ გათვლებს და მეთოდებს, რომლებიც მანამდე პროფესიონალებმა შეიმუშავეს და თუ არ ენდობა მათ და თავს მათზე მაღლა დააყენებს, შედეგი სამწუხარო იქნება. პროტესტანტიზმში ყველა პატარა რომის პაპია. კათოლიკებში არის დოგმატი იმის შესახებ, რომ პაპს აქვს უმაღლესი ძალაუფლება რწმენის საკითხების გარკვევაში. პროტესტანტიზმში ყველა პასტორს და ყველას ამგვარი ხედვა აქვთ საკუთარ თავთან მიმართებაში. ამის საფუძველი, რა თქმა უნდა, სიამაყეა.
წმინდა მამათა მემკვიდრეობის შესწავლის დაწყებით, აღმოვაჩინე საოცარი სიღრმე წმინდა წერილისა, რომელსაც საკუთარ, ადამიანურ ცოდნაზე დაყრდნობით ვერასდროს ჩავწვდებოდი. იქ თითქოს თავისუფლება იყო, მაგრამ სიღრმე და შედეგი არა. აქ კი თითქოს რაღაც საზღვრებში გიწევს ცხოვრება, მაგრამ ეს საზღვრები იმდენად უსასრულოა, რომ ვერასდროს ამოწურავ მას და ვერასდროს შეზღუდები, ესაა პრინციპული განსხვავება მართლმადიდებლობასა და პროტესტანტიზმს შორის.

– თქვენმა მეგობრებმა და ნაცნობებმა „ხსნის არმიიდან“ როგორ მიიღეს თქვენი არჩევანი? რომელიმე გამოგყვათ? ვინმესთან შეინარჩუნეთ ურთიერთობა?

– დღესაც თითქმის ყველა მაშინდელ მეგობართან კარგი ურთიერთობა მაქვს. რა თქმა უნდა, კითხვებს მისვავენ და ცვლილებებსაც ხედავენ. ვერ ვიტყვი, რომ ბევრი გამომყვა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც გაგონილი ჰქონდათ ჩემს შესახებ, მოდიოდნენ, ისმენდნენ ჩემი მოქცევის ისტორიას და ისინიც მართლმადიდებლები ხდებოდნენ. მაგრამ კონკრეტულად იმ წრიდან თითქმის არავინ გადმოვიდა. შესაძლოა იმიტომ, რომ მაშინ არ მქონდა არც დრო და არც სურვილი უკან დაბრუნების და დამოწმებისა.
ახლა ვარ მისიონერული განყოფილების ხელმძღვანელი და ვცდილოვ პროტესტანტებთან მეგობრობას, იმიტომ რომ ისინი მართლაც გულწრფელნი არიან, რომლებსაც უბრალოდ სხვანაირად ცხოვრება სურთ, ბევრი მათგანი ხვდება, რომ მართლმადიდებლობა ისეთი არ არის, როგორიც ეგონათ.
ისინი ეწინააღმდეგებიან არა ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას, არამედ კარიკატურას, რომელიც მათსავე გონებაში ცხოვრობს და ჭეშმარიტი მართლმადიდებელის ცხოვრების წესის შემხედვარეთ უკვირთ და ამბობენ: „ეს როგორ? ჩვენ ყველაფერი სხვანაირად გვეგონა“

–  იმ მაყურებლებს,რომლებიც თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილების პირველ საფეხურებთან არიან ახლოს, შესაძლოა ევოლუციის თეორიასთან დაკავშირებით ჰქონდეთ რაღაც კითხვები. ადრე ეს თეორია თქვენი ათეიზმის საფუძველს წარმოადგენდა, როგორ გადაწყვიტეთ ეს საკითხი? ბევრი ადამიანის ცნობიერებაში  ეს საკითხი ასე გამოიყურება: „რა არის აქ სალაპარაკო? მეცნიერებამ ყველაფერი დაამტკიცა: ადამიანები მაიმუნისგან წარმოიშვნენ, ან უფრო შესაძლებელია საერთო წინაპრისგან და არანაირი ღმერთი აქ არ არის საჭირო“. როგორ გაუმკლავდით თქვენ ამას?

– მართლაც, ეს იყო ქვაკუთხედი ჩემს ქრისტიანულ გამოცდილებაში. ქრისტესკენ მოქცევის პირველივე თვეებში, ამ საკითხის დამოუკიდებლად შესწავლა დავიწყე.   წიგნები, რომლებსაც ჩვენ ვკითხულობთ ევოლუციის თეორიის შესახებ,  ევოლუციონისტების მიერაა დაწერილი და ხელს გვიშლის დავინახოთ სრული სურათი. მეც დავიწყე ალტერნატიული წყაროების მოძიება, რომლებიც იგივე პრობლემაზე საუბრობენ, თანაც მეცნიერული თვალსაზრისით და დამოუკიდებლად შესწავლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ევოლუციის თეორიაში უამრავი რამ თეთრი ძაფით იყო ნაკერი. ეს თეორია იმდენად შეუმდგარია, რომ მეცნიერულსაც ვერ უწოდებ. წლიდან-წლამდე ვიღრმავებდი ცოდნას ამ საკითხში და არც ისე დიდი ხნის წინ დავკავდი მეცნიერების და რელიგიის შეთავსების თემაზე მუშაობით. უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მსოფლიოს ის სურათი, რომელიც მატერიალისტურ და ევოლუციანისტურ ცნობიერებას გვთავაზობს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, როგორც მეცნიერული ასევე მითუმეტეს, რელიგიური თვალსაზრისითაც.


– ვიცი, რომ თქვენ დაკავებული ხართ მისიონერული საქმიანობით, როგორც კარელიაში, ასევე ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. იყავით მისიონერულ მოგზაურობებში ინდოეთში და ფილიპინებზე. გეხმარებათ თქვენი გამოცდილება სხვა ადამიანებისთვის მართლმადიდებლობის გაცნობაში?

–  რა თქმა უნდა, მეხმარება და მეტსაც გეტყვით, მე ვმადლობ ღმერთს, რომ სულიერი ცხოვრების პირველ პერიოდში პროტესტანტიზმში ვიყავი, იმიტომ რომ, ესაა გამოცდილება იმ ხალხთან ურთიერთობისა, რომლებიც სხვა მხარეს არიან და ახლა, როდესაც ფილიპინებში ან ინდოეთში ჩავდივარ პროტესტანტებთან ურთიერთობა მიადვილდება და ადვილად ვუგებ მათ. ვიცი რა კითხვები ტანჯავენ მათ როდესაც მხედავენ, ვხვდები რას ეძებენ, იმიტომ, რომ ყველა ქრისტიანი ძიებაშია –  ღმერთთან ურთიერთობის სისავსის ძიებაში, რომელსაც ისინი ვერ პოულობენ. ცხოვრების ასკეტური მხარე პროტესტანიზმში საერთოდ არ არის განვითარებული. ევქარისტიული  საიდულოების გაგება პროტესტანტიზმის უმეტეს კონფესიაში ან ბუნდოვანია ან საეროდ არ არსებობს. არც ისე დიდი ხნის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაც ერთერთი ბაპტისტური ეკლესიის პასტორს ვკითხე: „რა არის ევქარისტია? თქვენ გჯერათ, რომ ეს ქრისტეს ჭეშმარიტი ხორცია?“ ის მეუბნება: „არა, ეს სიმბოლოა“. შემდეგ მის მიმდევრებს ვეკითხები იგივეს და ისინი მპასუხობენ: ჩვენ გვწამს, რომ ეს ქრისტეს ჭეშმარიტი ხორცია. „მე ვეუბნები: „თქვენ საერთოდ როგორ ცხოვრობთ? როგორ არსებობთ როგორც ეკლესია? როდესაც მრევლს ერთის სწამს და პასტორი საერთოდ სხვას ქადაგებს?“ ვიცი, როგორ ვაჩვენო მათ ლიტურგიკული ცხოვრების სისავსე. მადლობა ღმერთს, რომ მომცა მადლი და დამაყენა მწყემსად, მსახურად, მღვდლად – ღვთის მადლით ვაკეთებ ყველაფერს. მე შემიძლია პროტესტანტებს ვაჩვენო ცხოვრების ის მხარეები, რომლებიც პროტესტანტული აზროვნებისთვის დახურულია, იმ გამოცდილების გამოყენებით რაც წარსულში მქონდა.

– რაც შეეხება თქვენს, როგორც სასულიერო პირის მოღვაწეობას. ვფიქრობ, ჩვენი მაყურებლების ნაწილს აინტერესებს თუ როგორ ჩნდება ადამიანში მღვდლობის სურვილი? როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე და რას ნიშნავს თქვენთვის დეკანოზის ხარისხში მსახურება?

– როგორც კი მორწმუნე გავხდი, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც პროტესტანტი ვიყავი, მივხვდი, რომ ცხოვრების ნამდვილი მიზანი მხოლოდ ღვთისმსახურებაშია. მე გულწრფელად ვეძებდი გზებს თუ როგორ მემსახურა ღმერთისთვის და როდესაც მართლმადიდებელი გავხდი ჩემი ეს მისწრაფება ღვთის მადლის მოქმედებით კიდევ უფრო გაძლიერდა.  საერო განათლებით იურისტ-თეორეტიკოსი ვარ, ვასწავლიდი უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტებთან ცოცხალი ურთიერთობის გამო სამასწავლებლო საქმიანობა ძალიან მომწონდა, მაგრამ ჩემი ღვთისმსახურების სურვილიდან გამომდინარე თავდაპირველად ახალგაზრდებთან ერთად ვეწეოდით სოციალურ მსახურებას, შევისწავლიდით წმინდა წერილს და თანდათანობით ეს ყველაფერი მისიონერულ მსახურებაში გადაიზარდა. როცა ვუყურებდი ჩემს გარშემო მყოფ მისიონერ სასულიერო პირებს, ვხედავდი თუ როგორ იცვლებოდა ადამიანების ბედი და მივხვდი, რომ მინდოდა ღვთისმსახური ვყოფილიყავი, რაც არ უნდა ყოფილიყო. როდესაც ეპისკოპოსმა ჩემი ეს მისწრაფება დაინახა შემომთავაზა მღვდელი გავმხდარიყავი. ამ ყველაფერზე მეუღლესთან ერთად მოვილაპარაკე. ის დიდი ხნის განმავლობაში ბაპტისტური კონფესიის წევრი იყო და შემდგომში მანაც შეიცნო მართლმადიდებლობის სისავსე. მოლაპარაკების შემდეგ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ მღვდლობა – ესაა მსახურება, სადაც შესაძლებელია ღვთისმსახურების მთელი სისავსის რეალიზება.  ეს იყო გაცნობიერებული გადაწყვეტილება, იმ მიზნებთან და ღირებულებებთან შეთანხმებით, რომლებიც ჩვენ ოჯახში იყო.

– ქიროტონიის შემდეგ, რა შეიცვალა თქვენთვის ღმერთთან და ადამიანებთან ურთიერთობაში? 

– პირველ რიგში, ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებსაც უფალი მიგზავნის და რათქმაუნდა ლიტურგიის შესრულების და ტრაპეზის წინ დგომის სიხარულს ვერაფერი შეცვლის დედამიწაზე. ესაა პრინციპული მომენტი.

 თქვენ ახსენეთ მისიონერული საქმიანობა, ასეთი კითხვა მაქვს: როდესაც ხვდებით ადამიანებს კარელიაში და ინდოეთში, როგორ ეწყობა თქვენი ურთიერთობა იმათთან, ვინც საერთოდაც არ თვლის, რომ აკლიათ რაღაც?

– მე ყოველთვის ვიყენებ პავლე მოციქულის პრინციპს: „ვიქმენ ჰურიათა თანა ვითარცა ჰურია… უსჯულოთა თანა ვითარცა უსჯულო – არა უშჯულოი ვიყავ ღმრთისა, არამედ შჯულიერი ქრისტესი – ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაითა ყოველნი ვაცხოვნნე“. (1 კორ. 9:20-22[1]).სასაუბრო ენა ყველასთან ინდივიდუალურად ირჩევა.  პროტესტანტებთან პირველ რიგში, ეკლესიის და წმინდა წერილის შესახებ ვსაუბრობ. ამის შემდეგ, საუბარი მიმყავს იქამდე, რომ ეკლესია უნდა იყოს ერთიანი, სხვანაირი ის არ არსებობს და წმინდა წერილის განმარტება უნდა იყოს ეკლესიის სწავლებასთან თანხმობაში და არა პირად მოსაზრებაზე დაფუძნებული. თუ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს ვესაუბრები, როგორც მისიონერი, მე უნდა ვიცნობდე მათ. დავუშვათ, თუ ინდოელს ვესაუბრებით, მარადისობიზე ლაპარაკი რთულია, რადგან ის წარმოიდგენს თავის კარმას, რეინკარნაციის ციკლს და ა.შ… როდესაც საუკუნო ცხოვრებაზე ვეტყვით, მისთვის ეს ჯოჯოხეთის ტოლფასია. ამიტომაც ძალიან ფაქიზები უნდა ვიყოთ, როდესაც სხვა კულტურის ადამიანებს ვესაუბრებით და ყველასთან ინდივიდუალური მიდგომა უნდა ვეძებოთ.
არასოდეს არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც არ აქვს სულიერი წყურვილი, უბრალოდ ისინი სხვადასხვა გზებით იკმაყოფილებენ ამ წყურვილს, მაგრამ იმ სიცარიელეს, რომელიც ადამიანშია ღმერთის გარდა ვერავინ და ვერაფერი ამოავსებს. ეს „სუროგატები“, რომლებსაც ადამიანი ეძებს ცხოვრებაში – ან ცრუ რელიგიურობა, ან რაღაც ინტელექტუალური გამდიდრება, ან გრძნობითი და ფიზიკური სიამოვნებები, ქმნიან სისავსის ილუზიას, მხოლოდ ზედაპირულ დონეზე.
როდესაც ადამიანი, საკუთარ თავთან განმარტოვდება, როდესაც არ უწევს მას არავის წინაშე თავის წარმოჩენა, ის ხვდება, რომ მას არ გააჩნია შინაგანი სისავსე და მე, როგორც მისიონერი, ვცდილობ ყველა ადამიანს ვაჩვენო, რომ არსებობს ეს სისავსე – ღმერთი და ეკლესიაში შენ გაქვს შესაძლებლობა გახდე მისი ნაწილი.

– როგორ უხსნით პროტესტანტებს ეკლესიის მნიშვნელობას? მართალი გითხრათ, ყველა პროტესტანტს ვისაც კი შევხვედრივარ, დარღვეული აქვთ ცნება, თუ რა არის ეკლესია.  მათი აზრით – აი ჩვენ შევიკრიბეთ – პეტრე, ვასილი, ივანე, მაშა – ჩვენ ვართ ეკლესია, მაგრამ სიმადვილეში ეს საერთო ინტერესების წრეა. ასე ესმით მათ ეკლესია.

– პირველ რიგში დავიწყებ ამა თუ იმ სტრუქტურების მადლმოსილების საკითხის შესახებ საუბარს, რომლებსაც ისინი ეკლესიას უწოდებენ. მაგალითად, ავიღოთ ევქარისტიის საკითხი. თუ თქვენ არ აღიქვავთ ევქარისტიას, როგორც საიდუმლობას, როგორც შეჭმარიტ ურთიერთობას ღმერთთან, მაშინ სად მივყავართ თქვენს სიმბოლოს? თუ გიჩვენებთ ჩაის სიმბოლოს, განა დააკმაყოფილებს ეს თქვენს წყურვილს? თუ გიჩვენებთ წყლის სიმბოლოს და დაგიწერთ – H2O – განა დაგაკმაყოფილებთ ეს როდესაც გწყურიათ? რა თმქა უნდა, არა. ეკლესიის ერთიანობასა და სისავსეზე პროტესტანტებთან საუბრისას, პირველ რიგში ვცდილობ ლიტურგიკული მხარე ვუჩვენო მათ.

– უნდა ითქვას, რომ მორწმუნე ადამიანებს და მით უმეტეს ურწმუნოებს, როდესაც ესმით მისიონერობის შესახებ. უჩნდებათ კითხვები:  რა საჭიროა ეს ყველაფერი? რისი გულისთვის?  ხომ არ ჯობია მხოლოდ საკუთარი შინაგანი სულიერი ზრდით დავკავდეთ, თქვენ რა გიბიძგებთ  მისიონერობისკენ?

– სახარება. სახარებაში უფალი ჩვენი იესო ქრისტე პირდაპირ მოგვიწოდებს ქადაგებისკენ.  მართლმადიდებლობაში ჩემი მოსვლის პირველ წლებში, არც ისე იშვიათად თვლიდნენ, რომ ჩემი ეს მისწრაფება, პროტასტანტული გავლენის შედეგია, მაგრამ ეს ხომ ადამიანის ჭეშმარიტი მოთხოვნილებაა – დაამოწმოს საკუთარი რწმენა. ქადაგება მხოლოდ სიტყვიერი არ არის. გმირობა, გულმოწყალება –  ესეც ხო ქადაგებაა. ჩემი აზრით, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა იყოს მისიონერი თავის ადგილზე. ჩვენ ყველას გვყავს ოჯახი და ჩვენი ოჯახის წევრებიდან ყველა არ არის მორწმუნე. ჩვენ გვაქვს, სამსახური, სასწავლებელი – ადამიანები, რომლებიც ჩვენს გარშემოა. ვინ გააცნობს მათ ქრისტეს? ვინ იქნება მათთვის ცოცხალი მოწმე? განა ეს არ არის მისიონერული მსახურება? სირცხვილით და ამ ტალანტის დამარხვით, პასუხს ვაგებთ საშინელ სამსჯავროზე, როდესაც ქრისტე გვკითხავს: „შენ გქონდა შესაძლებლობა, მაგ ადამიანისთვს ჩემზე მოგეყოლა, რატომ არაფერი უთხარი?“ ჩვენ ხომ არ ვამბობთ იმას, თუ რა მოეწონება ადამიანს და რა არა, არამედ იმაზე – იცოცხლებს თუ  არა ეს ადამიანი მარადიულად. მისიონერობის მიზეზი – ადამიანის სულის გადარჩენის საკითხია.

– ბევრს ეს საშიშროება აჩერებს: „როგორ მიიღებენ ამას ჩემი ახლობლები? იქნებ არ მოეწონოთ? იქნებ ამან გააცივოს ჩვენი ურთიერთობა? იქნებ იფიქროს, რომ ჩემ აზრს თავს ვახვევ? ყოფილხართ ასეთ გაურკვევლობაში?“

–  პრაქტიკულად არ ვყოფილვარ, იმიტომ, რომ დარწმუნებულობა ღმერთის არსებობის შესახებ ჩემი გონების მიერ წარმოქმნილ ყველა ბარიერს არღვევდა.

– არ გეშინოდათ ქადაგების?

–  საერთოდ არ მეშინოდა.  უფრო მეტიც, როდესაც სკოლაში მივედი, საზოგადოებათმცოდნეობის გაკვეთილზე, გამოვედი  და ვთქვი: „უფლება მომეცით ვილოცო“ და ასე მთელი კლასის წინაშე ხმამაღლა ვილოცე. ეს იყო პირველი რაც გავაკეთე მოქცევის შემდეგ, რამაც რათქმაუნდა, სხვებში უცნაური გრძნობა გამოიწვია. ხშირად ეშინიათ: „რას იფიქრებენ ჩემზე? როგორ შემომხედავენ? იქნებ გაწვიტონ ჩემთან ურთიერთობა?“ მაგრამ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას აპირებთ.  თუ იცით, რომ ადამიანი სახიფათო დაავადებითაა დაავადებული და დახმარება შეგიძლიათ, ამ შემთხვევაში გაჩუმება დანაშაულია. შეიძლება მას არ მოეწონოს ეს ცნობა, მაგრამ საბოლოო შედეგი –  ადამიანის განკურნებაა. რამდენჯერ იყო. რომ მოსულან სხვადასხვა პრობლემებით, ოჯახური და სხვა, პირველი რასაც ვეკითხები: „მზად ხართ სიმართლის მოსასმენად?“ იმიტომ, რომ როდესაც ფსიქოლოგთან მიდიან ის მათ იმას ეუბნება, რისი მოსმენაც უნდათ. ამით ხურავენ პრობლემას. ადამიანებს არ უნდათ, რომ დისკომფორტი შეექმნათ.  მე კი ვეუბნები მათ, რომ სიმართლეს ვეტყვი, მოეწონებათ ეს თუ არა. შემდეგ ისინი თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას. გინდა იცხოვრე ისე, როგორც ღმერთი ამბობს, თუ არ გინდა – ნუ იცხოვრებ, მაგრამ მე ვაფრთხილებ ადამიანს ყველა მოსალოდნელი მოვლენების შესახებ, რომლებიც ამ თუ იმ გადაწყვეტილებას მიღებას შეიძლება მოყვეს. მერე ვეღარ იტყვის: „მე არ გამაფრთხილეს“.

– რა თქმა უნდა, თუ დავინახავთ, რომ ადამიანი უფსკრულის პირას მიექანება, ისე რომ თვითონ ვერ ამჩნევს ამას, ნებისმიერი მივა და დაუყვირებს: „ფრთხილად!“ შეიძლება ხელიც კი ჩასჭიდოს, რომ არ ჩავარდეს. როდესაც ვაცნობიერებთ, რომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, მაშინ ღირს გარისკვა.
დიდი მადლობა ამ საუბრისთვის, შეგეწიოთ უფალი თქვენს მისიონერულ და სამოძღვრო ღვაწლში.

სპეცილურად გვერდისთვის თარგმნა: გიორგი გელაშვილმა
წყარო