You are currently viewing ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება, წმინდა და დიდი კრების ერთი დოკუმენტის შესახებ

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება, წმინდა და დიდი კრების ერთი დოკუმენტის შესახებ

Download article eBook

  „ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი“ 

ცვლილებების შესახებ კრებისწინა დოკუმენტში – „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“

 

2016 წლის 21 აპრილს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა გამართა სხდომა ბულგარეთის პატრიარქის, ნეოფიტეს თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილული იქნა მოახლოებულ სრულიად მართლმადიდებელთა კრებასთან დაკავშირებული საკითხები და დოკუმენტები. კერძოდ, წმიდა სინოდმა განიხილა ლოვჩანის მიტროპოლიტ გაბრიელის წერილი ლოვჩანის ეპარქიის მღვდელმსახურთა ხელმოწერებით იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელსაც ჰქვია „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“, ასევე, პლოვდივის მიტროპოლიტ ნიკოლოზის წერილი დანართით, რომელიც შეიცავს პლოვდივის ეპარქიის 240 მღვდელმსახურის ხელმოწერას. აღნიშნული მღვდელმსახურები საკუთარი ხელმოწერით ადასტურებენ ლოვჩანის ეპარქიის პოზიციის მხარდაჭერას ზემოთ ხსენებულ დოკუმენტთან მიმართებით. საბოლოოდ, წმიდა სინოდმა მიიღო საგანგებო დებულება.

წმიდა სინოდის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნებულია მის ოფიციალურ საიტზე, ნათქვამია:

დოკუმენტში მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“, აუცილებელი ცვლილებების შეტანის საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, წმიდა სინოდმა მიიღო შემდეგი დებულება: 

დოკუმენტის „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ მე-4 პუნქტთან[1]  მიმართებით:

მართლმადიდებელ ეკლესიაში გამოთქმა „ყველას შეერთებით“  ყოველთვის აღიქმებოდა ისე, რომ ვინც მწვალებლობასა და განხეთქილებაში აღმოჩნდა, ჯერ უნდა დაუბრუნდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და დაემორჩილონ წმიდა ეკლესიას, და შემდეგ, სინანულის გზით, შეიძლება იქნენ ეკლესიაში მიღებულნი.

მე-5 პუნქტთან[2]  მიმართებით: „თანამედროვე ორმხრივი საღვთისმეტყველო დიალოგები… მიზნად ისახავს „ქრისტიანთა დაკარგული ერთობის“ მოძიებას…“:

აქ საჭიროა დაზუსტება, რომ წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც არის ერთი და კათოლიკე, არასდროს დაუკარგავს ქრისტიანთა შორის ერთობა სარწმუნოებაში და ზიარება სულიწმიდაში, და ასე გაგრძელდება ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე, როგორც ამის შესახებ უფალმა თავად ბრძანა, რომ „ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას (მათე 16:18), ასე რომ, ეს ერთობა საუკუნოდ გაგრძელდება.

მე-6[3] , მე-16[4]  და სხვა პუნქტებთან მიმართებით:

გარდა წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, არ არსებობს სხვა ეკლესიები, არამედ მხოლოდ – ერესები და განხეთქილებები, და მათი მოხსენიება „ეკლესიებად“ ღვთისმეტყველურად, დოგმატურად  და კანონიკურად სრულიად არასწორია.

მე-12 პუნქტთან[5]  მიმართებით:

მე-12 პუნქტში ნახსენებია, რომ „საღვთისმეტყველო დიალოგები ყველასთვის ერთ საერთო მიზანს ისახავს, კერძოდ, ერთიანობის საბოლოო აღდგენას მართალ სარწმუნოებასა და სიყვარულში“. ეს სრულიად არასწორი და მიუღებელია. იმიტომ, რომ აუცილებელია დაზუსტება და ხაზგასმა იმისა, რომ მართალ სარწმუნოებაში დაბრუნება ეხებათ ერეტიკოსებსა და განხეთქილებაში მყოფთ, და არანაირად არ ეხება მართლმადიდებელ ეკლესიას.

დიდება ღმერთს, რომ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია 1998 წელს გამოვიდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან, რითაც გამოვხატეთ უკმაყოფილება მისი საქმიანობით, რადგან ჩვენი ეკლესია ვერ იქნება იმ ორგაზიციის წევრი, რომელშიც ის ითვლება „მრავალ ეკლესიათა შორის ერთ-ერთად ან ერთი ეკლესიის ერთგვარ ფილიალად, და რომლებიც ისწრაფვიან და იბრძვიან გაერთიანებისათვის ამ  ეკლესიათა მსოფლო საბჭოს საშუალებით“.

ერთია უფალი, ერთია ეკლესია, – როგორც ნათქვამია სარწმუნოების სიმბოლოში.

მიღებული დებულება წარმოდგენილი და დაცული იქნება როგორც უცვლელი პოზიცია ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლისიისა შემდეგი დოკუმენტის ტექსტთან მიმართებით: „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდ და წმიდა კრებაზე კუნძულ კრეტაზე 2016 წელს.

სოფია, 22 აპრილი 2016წელი

თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ
წყარო: bg-patriarshia.bg