You are currently viewing დოკუმენტი: ანტიოქიის ეკლესიის ხელმოწერა…

დოკუმენტი: ანტიოქიის ეკლესიის ხელმოწერა…

Download article eBook

 კონსტანტინეპოლის საპატრაირქოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მთავარდიაკონმა იოანე ხრისავგისმა, რომელიც, ამავდროულად არის კრეტის კრების პრეს-ბიუროს ხელმძღვანელი, 16 ივნისს გავრცელებულ ვიდეოში (“Many Questions, Simple Answers“) განაცხადა, რომ ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ მოაწერა ხელი დოკუმენტს 2016 წელს კრების მოწვევასთან დაკაშირებით და დათანხმდა მასში მონაწილეობის მიღებაზე და აქედან გამომდინარე მისი გადაწყვეტილებები იქნება სავალდებულო.

„ყველა ეკლესიამ გადაწყვიტა დიდი და წმიდა კრების მოწვევა არაერთხელ, 2 წლის განმავლობაში. ისინი იწონებდნენ დოკუმენტებს, წესებს და გადაწყვეტილებებს და დათანხმდნენ სინაქსისს წმიდა და დიდი კრების გამართვამდე სულთმოფენობის ტრაპეზზე. ყველა ეკლესიამ ასევე ხმა მისცა კრების სავალდებულო ხასიათს – შესაბამისად, დიდი და წმიდა კრების გადაწყვეტილებები იქნება ვალიდური და ავტორიტეტული ყველა ეკლესიისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც შეიცვალა აზრი დასწრებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებები სავალდებულო და ავტორიტეტულია, რადგან ისინი მოდის დიდი და წმიდა კრებისგან, რომელიც მოიწონეს და მოიწვიეს პანორთოდოქსული კონსენსუსის საფუძველზე“, – განაცხადა დიაკონმა იოანემ (იხ. სრულად). „დოკუმენტი: ანტიოქია არასდროს დათანხმებია წმინდა კრების ჩატარებას“ – ამ სათაურით აქვეყნებს ბერძნული სააგენტო „romfea.gr“ სტატიას, სადაც მოჰყავს დოკუმენტის ფაქსიმილია, რომელიც მომზადდა 2016 წლის იანვარში, შამბეზიში, ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენელთა სინაქსისზე, სადაც ანტიოქიის პატრიარქის წარმომადგენელის (თავად პატრიარქი, იოანე X შეკრებას არ ესწრებოდა) ხელმოწერა იკითხება შემდეგი სახით: „ანტიოქიის ეკლესია საწინააღმდეგო აზრზეა და ამიტომაც თანახელმომწერი ვერ იქნება“.  რის შესახებაც ანტიოქიის ეკლესიის, ა.წ. 7 ივნისის წმინდა სინოდის განჩინებაშიც ვკითხულობთ: „ …მიუხედავად იმისა, რომ ანტიოქიის ეკლესიას ხელი არ მოუწერია ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების სინაქსისის გადაწყვეტილებაზე ფანარაში 2014 წლის მარტში, მან მაინც მიიღო მონაწილეობა დიდი კრების მოსამზადებელი კომისიების მუშაობაში კრებისწინა მეხუთე თათბირზე შამბეზში 2015 წელს და ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების სინაქსისში შამბეზში 2016 წელს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ უკნასკნელი თათბირების არც ერთ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია, დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების მოსამზადებელი კომისიების მუშაობაში მაინც მონაწილეობდა იმ მიზნით, რომ შეწეოდა ერთობლივ მართლმადიდებლურ შრომას, რასაც ის აკეთებს ათწლეულების განმავლობაში იმის სასოებით, რომ გადაიჭრება ყველა დაგროვილი პრობლემა დიდი კრების მოწვევამდე“ (იხ. სრულად).


მოამზადა ალექსანდრე ჩომახიძემ
წყარო: romfea.gr