You are currently viewing „ღვთის შემეცნების გზები“

„ღვთის შემეცნების გზები“

Download article eBook

 

წიგნიდან: კატეხიზისი. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი

  

თავი I – „მართლმადიდებლური კატეხიზისი“
თავი II – „ყოველი ქრისტიანისათვის ქრისტიანული სწავლების ცოდნის აუცილებლობის შესახებ“

 

თავი III
„ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ“

ნაწილი I – ღვთის შემეცნების გზები

„ღვთის შემეცნების ბუნებრივი და ზებუნებრივი გზები“

საბუნებისმეტყველო მეცნიერულ ცოდნას ადამიანი ბუნებაზე დაკვირვების, მისი კვლევისა და ექსპერიმენტირების საშუალებით, ხოლო ისტორიულ ცოდნას ისტორიული ძეგლებისა და შესაბამისი დოკუმენტების შესწავლის გზით ღებულობს. ჩნდება კითხვა: როგორ უნდა მოიკვლიოს ადამიანმა ცოდნა ღმერთის შესახებ? მატერიალისტი სწავლულები, ადამიანის ცნობიერებაში ღვთის რწმენის გაჩენას, გარემო სამყაროს დამახინჯებულად და სინამდვილის ფანტასტიკურ ფორმებში ასახვას უკავშირებენ. ასეთი თეორია პრაქტიკულად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ადამიანმა შეიძლება სინამდვილე არასწორად აღიქვას, მაგალითად, ბაწარი შეიძლება გველად მოეჩვენოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მისთვის დაახლოებით მაინც უნდა იყოს ცნობილი, როგორ გამოიყურება გველი. უკიდურეს ჩრდილოეთში მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც ამ სითბოსმოყვარე რეპტილიებთან შეხება არ ჰქონიათ, ასეთ შეცდომას არასოდეს დაუშვებენ. შესაბამისად, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ბუნებრივ მოვლენაში რაღაც ზებუნებრივი დაინახო, აუცილებელია ამ ზებუნებრივ არსებაზე წინასწარ რამენაირი წარმოდგენა მაინც გაგაჩნდეს. ამიტომ, ძნელი არ არის, დავასკვნათ: ღმერთის შესახებ ჩვენი ცოდნის მთავარი წყარო მხოლოდ თავად ღმერთი შეიძლება იყოს. თუმცა ადამიანის შემეცნების ობიექტი მხოლოდ ის სივრცეა, რომელშიც თავად ადამიანი იმყოფება, ხოლო ღმერთი ვინაიდან ამ სამყაროს უშუალო შემომქმედია, თავის მიერ შექმნილი სამყაროს ნაწილი არ შეიძლება იყოს: „ერთ არს ღმერთი და მამაი ყოველთაი, რომელი ყოველთა ზედა არს“ (ეფ. 4:6)[1], – ნათქვამია წმინდა წერილში. ფილოსოფიური ენით, რომ ვთქვათ, ღმერთი სამყაროსთან მიმართებაში ტრანსცენდენტური, ანუ ამქვეყნიურობის მიღმიერია. ღმერთის შესახებ გარკვეული წარმოდგენა, რა თქმა უნდა, ადამიანს თვითონაც შეიძლება შეექმნას, მაგალითად, ისევე როგორც მხატვრის ნამუშევრების დათვალიერების დროს ჩვენ შეიძლება მხატვრის შესახებაც შეგვექმნას წარმოდგენა. ამ პრინციპით სამყაროში არსებული სილამაზის, ჰარმონიის, მიზანშეწონილობისა და სხვა სიკეთეების შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ღმერთი შევიცნოთ, მაგრამ ეს მაინც მხოლოდ ჩვენს თვალსაზრისზე აგებული შეხედულება იქნება. თავისი შინაარსით ასეთი ცოდნა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის სულის რეაქცია, რომელიც II-III სს-ში მცხოვრები ქრისტიანი აპოლოგეტის, ტერტულიანეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი თავისი ბუნებით ქრისტიანია. ღვთის მიერ ქმნილი სამყაროს საშუალებით ღმერთის შესახებ ცოდნის მოპოვებას, ბუნებრივი გზით ღვთის შემეცნებას უწოდებენ.

 „ ბუნებრივი ღვთისშემეცნების ორი განსხვავებული გზა “

ა) კოსმოლოგიური დაკვირვების გზა, როდესაც ადამიანი სამყაროს ჭვრეტის პროცესში მიდის დასკვნამდე, რომ ხილული სამყარო არ შეიძლება არ იყოს ქმნილი და მას უეჭველად უნდა ჰყავდეს შემომქმედი. წმინდა წერილში არაერთხელ არის მითითებული, რომ ღმერთის შეცნობის პროცესში გარკვეულ წარმატებებს მის ქმნილებაზე დაკვირვების შედეგად შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა, მაგალითად დაწერილია:
„ამაონი არიან ბუნებით ყველანი, ღვთის უმეცრებაში მყოფნი, რომელთაც ხილულ სიკეთეგან ვერ შეძლეს შემეცნება არსებულისა და ვერც საქმეთა მიხედვით გამოიცნეს ხელოვანი; არამედ ან ცეცხლი, ან ქარი, ან სწრაფი ჰაერი, ან ვარსკვლავთა წრე, ან წყალი, ან ცის მნათობები მიიჩნიეს სამყაროს განმგებელ ღმერთებად “ (სიბრძ. 13:1-2).
„და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება (რომ. 1:20)[2]
„ჩვენ ვერასოდეს ვუწოდებთ ბრძენს, ვისაც არ ძალუძს ან არ სურს ღმერთი შეიცნოს მისი ქმნილების ჭვრეტის შედეგად“, _ გვასწავლის მაქსიმე აღმსარებელი.
წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, სამყაროს ჭვრეტდე და მის შემოქმედს ვერ ხედავდე – ნიშნავს, შუადღის ნათელში ვერაფერი დაინახო.
ბ) თვითშემეცნების გზა. როგორც წმინდა იოანე დამასკელი (VIII ს.) ბრძანებს: „არ დაგვტოვა ჩვენ ღმერთმა სრულ უცოდნელობაში, რადგან მის მიერ ბუნებითად არის შთათესილი ყველაში ცოდნა იმისა, რომ არსებობს ღმერთი“ (მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი პირველი[3]).
ამიტომ თუ საკუთარ არსს ჩაუკვირდები, „შენ არ გექნება აუცილებლობა ეძებო სამყაროს შემომქმედი მის ქმნილებაში, რადგან თვითშემეცნების შედეგად, მცირედშიც იხილავ დიდ სიბრძნეს შენი შემომქმედისას“.
„თავისი ბუნებით ნამდვილ გაუგებრობაში არიან ის ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონიათ ღმერთის შეგრძნება, რომლებმაც ხილული სრულყოფილებისა და საქმეების ნამდვილი მიზეზი ვერ დაინახეს“.
„უფლის მარადჟამიერი ძალა და ღვთაებრიობა, აშკარად მოჩანს მის შესაქმეში, დაბადებიდან მოყოლებული მის ქმნილებათა არსობაზე დაკვირვებაში~, გვასწავლის წმინდა ბასილი დიდი.
ნაწილი პირველი

„ღვთის შემეცნების ზებუნებრივი გზა“

ღვთაებრივი გამოცხადება, როგორც ღვთის შემეცნების საშუალება

ღვთის შემეცნების ბუნებრივი გზა წარმოადგენს ღმერთის შეცნობის მხოლოდ საწყის და არასრულყოფილ საშუალებას. ასეთმა ხერხმა შეიძლება, ჯერ ერთი, მხოლოდ ზოგადი და ბუნდოვანი წარმოდგენა შეგვიქმნას ღმერთის, როგორც სამყაროს შემოქმედისა და განმგებლის შესახებ და მეორე, ამ ხერხით სარგებლობა მხოლოდ ისეთი ადამიანისათვის არის შესაძლებელი, რომელსაც ღმერთის შესახებ გარკვეული წარმოდგენა უკვე გააჩნია. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ღვთის ბუნებრივი შემეცნების ხერხით სარგებლობა მხოლოდ ზებუნებრივი ხერხის გამოყენების, ანუ ისეთი ხერხის საფუძველზეა შესაძლებელი, რომლის დროსაც ადამიანს თავად ღმერთი აწვდის გარკვეულ ცოდნას საკუთარი პიროვნების შესახებ. ამ მეთოდს უწოდებენ ცოდნის მიღებას ღვთაებრივი გამოცხადების საშუალებით. „ვრცელ კატეხიზისში“ ვკითხულობთ: „იმას, რასაც ღმერთი თავად გვაუწყებს, რათა ჩვენი რწმენა სწორი და გამომხსნელი ძალის მქონე იყოს და ამავე დროს ღირსეული თაყვანი მივაგოთ უფალს, ღვთაებრივ გამოცხადებას უწოდებენ“.
მართლმადიდებლურ რწმენასთან დაკავშირებული სწავლების საფუძვლები სათავეს სწორედ ღვთაებრივი გამოცხადებიდან იღებს.
უმთავრესი ყურადღება უნდა მივაქციოთ სიტყვას გამომხსნელი. ღვთაებრივი გამოცხადების უმთავრესი და საბოლოო მიზანი ადამიანის სიკვდილის ტყვეობიდან გამოხსნა-გადარჩენაა. ამიტომ უფალი იმ რაოდენობის ცოდნას გვაწვდის, რამდენიც ჩვენი გამოხსნის საქმისათვის იქნება სასარგებლო.

 ღვთაებრივი გამოცხადების მაუწყებლები და გამოცხადების იესო ქრისტეში აღსრულება

ადამიანების სამშვინველისა და სხეულის ცოდვიანობისა და უწმინდურების გამო ღმერთთან პირისპირ ურთიერთობა ყველას არ ძალუძს და ყოველ ცალკეულ პიროვნებას არ გააჩნია უნარი უშუალოდ ღმერთისაგან მიიღოს გამოცხადება. ამიტომ ღმერთმა საკუთარი სწავლების გადასაცემად ისეთი პიროვნებები გამოიყენა, რომლებსაც შესწევთ ძალა, ღვთაებრივი გამოცხადება მიიღონ და ეს ცოდნა დაინტერესებულ ადამიანებს გაუზიარონ.
ასეთ პიროვნებებს მიეკუთვნება ადამი, ნოე, აბრაამი, მოსე და ძველი აღთქმის ყველა ის წინასწარმეტყველი, რომლებიც ღვთაებრივი გამოცხადების საწყისებს ახმოვანებდნენ. ღვთაებრივი გამოცხადება არ არის ერთჯერადი აქტი, ის ხანგრძლივი პროცესია. ძველი აღთქმის ჟამი იმით გამოირჩევა, რომ იქ აშკარად ჩანს ღვთაებრივი გამოცხადების თანმიმდევრული მოწოდება იმისათვის, რათა ქრისტეს მობრძანებამდე კაცობრიობა შესაბამისად მომზადებულიყო. ახალ აღთქმაში ჩვენ ვხედავთ პროცესის დასრულებას და ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა აღსრულებას უფალი იესო ქრისტეს მიწიერ ცხოვრებაში, ჩვენი გამოხსნისათვის საჭირო სწავლება და ღვთაებრივი გამოცხადება მთელი სისრულით… ღმერთის განკაცებაში იქნა წამოდგენილი.
დაწერილია: „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა“ (იოან. 1:18)[4].
„…არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას“ (მთ. 11:27)[5].

,,ახალი აღთქმის გამოცხადების უნივერსალურობა“

იესო ქრისტეში ახალი აღთქმის გამოცხადებას ყოველი ადამიანისათვის, საჭირო და გამომხსელი მნიშვნელობა აქვს, რადგან უფალს ,,ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმ. 2:4)[6]
ამაღლებამდე, როდესაც იესო ქრისტე თავის მოციქულებს საქადაგებლად გზავნიდა, ბრძანებდა:
,,მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე“ (მთ. 28:19-20)[7].
ამრიგად, იესო ქრისტეს ღვთაებრივი გამოცხადება მიმართულია ყოველი ერისადმი და ეს მიმართვა არც ერთ დროს არ დაკარგავს თავისი მოქმედების ძალას.

,,ახალი აღთქმის გამოცხადების სისრულე

იმის გამო, რომ იესო ქრისტემ თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე მთელი სიმრთელითა და სისრულით წარმოაჩინა ღვთაებრივი გამოცხადება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ყველაფერი გაგვაჩნია, რაც საჭიროა გამოხსნისათვის. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ,,მრავალგზის და მრავალგვარად“ (ებრ. 1:1)[8] საუბრობდნენ, რადგან ყოველი მათგანი მხოლოდ იმ მცირე ინფორმაციას ახმოვანებდა, რომელიც მას, როგორც ადამიანს ღმერთისგან შეეძლო მიეღო. იესო ქრისტეში გამოცხადება არ არის ფრაგმენტული, მასში ცოდნა მთლიანია და სრული, რადგან ქრისტე არ არის ის ადამიანი, რომელმაც ღმერთის შესახებ ზოგიერთი რამ იცის, ქრისტე თავად არის ღმერთი. ეს უკვე ღმერთის შეცნობის საქმეში ჩვეულებრივი ადამიანური გამოცდილების შედეგად მოპოვებული ცოდნის მოწმობა კი არ არის – იესო ქრისტეში თავად ღმერთი ცხადდება და ღმერთი თვითონ მიწმობს საკუთარი პიროვნების შესახებ.

უფალი ასწავლიდა თავის მოწაფეებს,  „…გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან“ (იოან. 15:15)[9] როდესაც მოციქულები იესო ქრისტეს სწავლებას ქადაგებდნენ, ცდილობდნენ, განეცხადებინათ „ღვთის მთელი ნება“ (საქმ. 20:27)[10]. ამიტომ ქრისტეს შემდეგ ახალი გამოცხადება ან რომელიმე მესამე აღთქმის არსებობა შეუძლებელია. ყველა, ვინც ცდილობს ღვთივგანცხადებულ იესო ქრისტეს სწავლებაში რაიმე შეცვალოს ან რაიმე დაუმატოს ამ სწავლებას, ანათემირებულია პავლე მოციქულის მიერ: „თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს“ (გალ. 1:8)[11].
ვრცელი კატეხიზისის თანახმად, ღვთაებრივი გამოცხადების შენახვისა და გავრცელების ორი ხერხი არსებობს, ესენია: წმინდა გადმოცემა და წმინდა წერილი. დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი
თარგმნა: როლანდ-რომილე ჩხეიძემ

ნაწილი ΙΙ – „წმინდა გარდამოცემა და წმინდა წერილი“